პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დიდი ბაბუის სამადლობელი

ჩემი დიდი ბაბუა, ბებიაჩემის მამა ექვთიმე ქევანაშვილი, ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა. ექვთიმე რამდენიმე შემორჩენილი ფოტოთი მახსოვს. ფოტოებში ის პირქუშია და მკაცრი, იმდენად მკაცრი, რომ მის მიმართ თავიდან ერთადერთი გრძნობა მქონდა – მეშინოდა. 

ერთ აღდგომას, როცა უკვე მიმატება-გამოკლება შემეძლო, ექვთიმესა და მისი ცოლის კატო ბაქრაძის საფლავების თარიღები გულმოდგინედ შევისწავლე. აღმოვაჩინე, რომ კატო ექვთიმეზე თითქმის 30 წლით უმცროსი იყო. ძალიან გამიკვირდა. გამიკვირდა ისიც, რომ ექვთიმემ ორმოც წელს გადაცილებულმა შეირთო ცოლი. გაოცება დედაჩემს გავუზიარე. დედაჩემმა ამიხსნა, რომ ექვთიმე დურგალი იყო, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ბევრი ძმა ჰყავდა და ამიტომ ძალიან დიდხანს და ბევრი იშრომა საკუთარი სახლის ასაშენებლად. მხოლოდ ამის შემდეგ მოიყვანა ცოლი – ოჯახის შექმნისთვის, ალბათ, უკვე საკმაოდ ხანში შესულმა.

მერე ექვთიმეს მიმართ შიში გამიქრა, მაგრამ ვერ შევიყვარე. ერთხელ ბებიაჩემი მომიყვა, როგორ ამოუთხარა და გადაუყარა მამამ ეზოში დარგული ყვავილები. ექვთიმეს აზრით, ყვავილების ადგილი თურმე სასაფლაოზე იყო. მერე, როცა გათხოვდა, ბებიაჩემმა საკუთარი ბაღი გააშენა. ის ბაღი ჩემი ბავშვობის ბაღიც იყო. პალმაც კი გვედგა პალმისთვის სრულიად შეუსაბამო კლიმატურ პირობებში. პალმა არ იზრდებოდა, მაგრამ ბებიაჩემი აცოცხლებდა. მახსოვს, რა გულმოდგინედ ფუთავდა ზამთრობით, რომ არ გაყინულიყო. ის ბაღიც და ის პალმაც მიწისძვრის დროს დანგრეულმა სახლმა შეიწირა. როცა ბებიაჩემს იმ ბაღში ვხედავდი, წარმოვიდგენდი, როგორ უთხრის მამამისი ყვავილებს და ბებიაჩემი, პატარა გოგო, როგორ ტირის. ბებია ძალიან მიყვარდა. მამამისი – არა.

გვიან, მრავალი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ექვთიმე ყველაზე უკეთესი კაცი იყო მთელ მსოფლიოში. ერთხელ რომელიღაც ძველ საბუთზე ხელმოწერის მაგივრად ჯვარი ვნახე. წინათ ასე ხელს ის აწერდა, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა. ახლა ვერაფრით ვიხსენებ, ვისი ხელმოწერა იყო ის ჯვარი და, სამწუხაროდ, აღარც არავინაა ცოცხალი, მითხრას, იცოდა თუ არა ექვთიმემ წერა-კითხვა. შეიძლება არც იცოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი სხვა რამაა: ჩემმა დიდმა ბაბუამ იცოდა ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლების ფასი.

ექვთიმეს ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავდა. ექვთიმემ, ვისი ქონებაც არაერთხელ შეეწირა კოლექტივიზაციას, ექვთიმემ, რომელმაც მთელი ცხოვრება დურგლობაში გაატარა, ექვთიმემ, რომელიც რაჭის დამეწყრილ სოფელში ცხოვრობდა – სამივე შვილს უმაღლესი განათლება მისცა. ბებიაჩემი და მისი და-ძმა ყველაზე მძიმე პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ სტუდენტები. ექვთიმეს, რაც მთავარია, განათლებისთვის არ განუსხვავებია ბიჭი და გოგო. არ განუსხვავებია არც ქონების გაყოფისას. მამასისხლად ნაყიდი ვენახი (ასე ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე) ბებიაჩემს დაუტოვა და არა მის ძმას.

ბებიაჩემი და მისი და მასწავლებლები იყვნენ. 19-20 წლის გოგოებმა დაიწყეს სკოლაში მუშაობა და იქ დარჩნენ თითქმის სიკვიდილამდე.

ბებიაჩემი, ელენე ქევანაშვილი, ნახევარ საუკუნეზე მეტი, 53 წელი იყო ბიოლოგიის მასწავლებელი ამბროლაურის პირველ საშუალო სკოლაში. ბებიაჩემის დამ, თამარმა, თბილისის 30-ე სკოლაში, დაწყებით კლასებში, ალბათ, ათასობით ბავშვს ასწავლა წერა-კითხვა.

ახლა, როცა უკვე დიდი გოგო ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი დიდი ბაბუა. ალბათ, ბებიაჩემსაც ძალიან უყვარდა მამამისი. ალბათ, იმ გადაყრილ ყვავილებზე გული კი დასწყდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა – მამის წყალობით ყველაზე დიდი გულისწყვეტა აიცილა თავიდან. მისი თაობის ათასობით, ათიათასობით გოგოს დიდი გულისწყვეტა. იმ გოგოებისა, რომლებსაც ძალიან უნდოდათ უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ არ გამოუვიდათ და არ გამოუვიდათ უბრალო მიზეზის გამო – მამებმა ხელი არ შეუწყვეს.

მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი დიდი ბაბუის და, აბა, ამასთან ამოთხრილი ყვავილები რაღა მოსატანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი