შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ახსნა

ავტობუსში ავედით. ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაჩვენა. ცოტა დრო გვქონდა – მესამე გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავით. არც სავსე ავტობუსი იყო შესაფერისი ლექსებზე სასაუბროდ. 

ქართულის მასწავლებელმა 11-12 წლის მოსწავლეებს ლექსის დაწერა სთხოვა. საშინაო დავალება: დაწერეთ ლექსი. 

როგორ იწერება ლექსი? უკვე ჩვენს გაჩერებაზე ვიდექით, მე კი პასუხი არ მქონდა და საძაგელ სიტყვებს ამოვეფარე: „მერე აგიხსნი”. 

რა თქმა უნდა, მისი ლექსი ლექსი არ იყო. პირველი მცდელობა თითქმის ყოველთვის განწირულია. მეორეც. მესამეც. ვის შეუძლია, მარტივად აუხსნას 12 წლის გოგოს, რა არის პოეზია? ვუთხარი, რომ რაც დაწერა, ნახევარგვერდიანი ფილოსოფიური ნაშრომი იყო. ვიცოდი, რომ სიტყვა „ფილოსოფიური” გაახარებდა და მუშაობის გაგრძელების სურვილს გაუჩენდა. სულერთია, რა მიმართულებით. სიტყვა „ფილოსოფია” სულ ახალი ნასწავლი ჰქონდა და საუბრისას თუ წერისას მისი გამოყენება მოსწონდა. 

სახლში ავუხსენი, რომ მის ნაწერს პოეზიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. საინტერესო მსჯელობა იყო იმის თაობაზე, რომ წიგნების კითხვის გარეშე სიცოცხლე არ ღირს. ჰო, ასეა. მიხარია, თუ ასე ფიქრობს. ალბათ ქართულის მასწავლებელსაც გაუხარდება. მაგრამ ამას პოეზიასთან საერთო მართლა არაფერი აქვს. 
არ იფიქრო რითმებზე. გარითმული სიტყვები ლექსად ვერ იქცევა. 

არც გაურითმავი სიტყვები იქცევა ლექსად, თუ არ იცი, როგორ დაალაგო. როგორ უნდა დაალაგო? აბა, რა გითხრა. 
ხელები ჩამოვუშვით და ერთმანეთს ვუყურებდით, ერთნაირად დაბნეულები. უცებ თავში გამიელვა, იქნებ ის ლექსები წავაკითხო, რომლებიც ძალიან მომწონს-მეთქი. თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები. ზვიად რატიანი და ლელა სამნიაშვილი. სხვები. არა, გამოვიდოდა, რომ მათნაირად უნდა ეწერა, მათთვის უნდა მიებაძა. ასე გაიგებდა. 

სხვა დროს მივცემ ამ წიგნებს. როცა სხვა დავალება ექნება. 

10 წლის ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელმა ისეთი ანდაზების ჩაწერა გვთხოვა, რომლებსაც ყოველდღიურ მეტყველებაში ნაკლებად იყენებენ. ალმასის ქვების მოსაძებნად და მოსაგროვებლად გამოგვიშვა. რაც კი ჩემს ოჯახში მოვისმინე, იმდენად გაცვეთილი, ხშირად გაგონილი აღმოჩნდა, რომ მათი ჩაწერა არ მოვინდომე. მერე დედაჩემმა „დონ კიხოტის” მეორე ნაწილი გადმოიღო თაროდან და მითხრა, ამ წიგნში უამრავი ანდაზაა, ნაცნობიც და უცნობიც, უბრალოდ, ნებისმიერ გვერდზე გადაშალე და კითხვა დაიწყეო.

 

წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. 

12 წლისას მეც მჯეროდა, რომ წიგნების კითხვის გარეშე სიცოცხლე არ ღირს. ეს ახლაც მჯერა. 

მაგრამ მერე წინდაუხედავად მოვიქეცი და ლექსი დავწერე. აკროსტიქი. სტრიქონების პირველი ასოებით იმ ბიჭის სახელი გამოდიოდა, რომელიც მიყვარდა. ახალი ნასწავლი მქონდა სიტყვა „აკროსტიქი” და პირველი ასოები წითელი კალმით მოვხაზე, დანარჩენები – შავით. როგორც ჩანს, მეშინოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო. მერე რა, რომ არ ვაპირებდი, ეს ლექსი ვინმესთვის მეჩვენებინა. 

ფურცელი ოთხად გავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. 

ჩემს ოჯახში თვლიდნენ, რომ თუ 12 წლისა შეყვარებული იყავი, ეს ტრაგედია იყო. ეს ნიშნავდა ნაადრევ გათხოვებას, არასრულ საშუალო განათლებას, უმაღლესი განათლების მიღების შეუძლებლობას, ბავშვების გაჩენას სრულწლოვანების მიღწევამდე, უარის თქმას ყველაფერზე, რაც კი საინტერესო და სასიხარულოა ცხოვრებაში… როცა ლექსი იპოვეს და ყველაზე საშინელი ეჭვი საბოლოოდ დაუდასტურდათ – დიახ, შეყვარებული ვიყავი! – ყველა ღონეს მიმართეს, რომ ლექსები აღარასდროს დამეწერა. 

ცხადია, მეც მაშინებს იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა ბავშვებს განვითარების შესაძლებლობა წაართვან და მათი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს – უარი უთხრან ყველაფერზე, რაც კი საინტერესო და სასიხარულოა ცხოვრებაში. ოღონდ, რა თქმა უნდა, ლექსების წერა ასეთ მომავალს არ აახლოებს. 

ჰო, ახლა სასაცილოდ ჩანს უფროსების ის ძველი ახირება. 

დავუბრუნდეთ პოეზიას.  არ ვუხსნი, რა არის აკროსტიქი – თვითონაც მიაგნებს. არ ვუხსნი, როგორ იწერება ლექსი. ვახსენებ ზაფხულის საღამოს, გზას, რომელზეც ვსეირნობთ ხოლმე, მეზობლის თეთრ ძაღლს, რომლისაც გვეშინია, ქვებს, რომლებსაც სეირნობისას ფეხს ვაბიჯებთ, ელექტროსადენებსა და ბოძებს, რომლებზეც ისინია დამაგრებული, ქარს, ამ ელექტროსადენებს რომ არხევს ხოლმე, კაცებს და ქალებს, შინ რომ ბრუნდებიან მთელი დღის გარჯის მერე და გვესალმებიან, სატვირთო მანქანის ხმას, რომელიც თანდათან იზრდება და მერე სულ უფრო სუსტდება, ხვლიკს, რომელიც ისეთი პატარაა, რომ ალბათ სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა სამყაროს…

ვამბობ, რომ გზაზე სიარულია პოეზია. 

მეორე ლექსს წერს. გზაზე. სწორედ ამ გზაზე. მაინც მითითება გამომივიდა: აი, ამაზე უნდა წერო. აი, ასე უნდა წერო. უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით.   

არა, გზაზე სიარული არ არის პოეზია. 

ქართულის მასწავლებელს შესრულებული დავალება მოსწონს. არ ვიცი, რა ჩაიფიქრა, როცა მოსწავლეებს ლექსის დაწერა სთხოვა. მთავარია, რომ 11-12 წლის გოგო-ბიჭებს სრული თავისუფლება მისცა და არ უცდია, საკუთარი შეხედულებები, გემოვნება, შეფასებითი სისტემა მოეხვია თავზე. 

უხარია ქართულში მიღებული ქულა. მე კი ვეუბნები, რომ არ უნდა ეშინოდეს არც ლექსების, არც სიყვარულის – იმის, რისი ახსნაც შეუძლებელი გვეჩვენება.     

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი