პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქალური საკითხავი ანუ რჩევები ლიდერი ქალის აღსაზრდელად (პირველი ნაწილი)

ამის
წინათ ვენაში გახლდით სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში ქალთა მდგომარეობის
საკითხს ეძღვნებოდა. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ორმოცამდე დელეგატი  საკმაოდ მძიმე ამბებს ყვებოდა: მაგალითად, იცოდით,
რომ კენიაში, მასაების ტომში, კაცებს ცოლის მკვლელობისთვის არ სჯიან, ვინაიდან ,,შეუძლებელია
თვითმკვლელობისთვის დასაჯო ადამიანი”?! მაშინ, როდესაც ინდოეთში ქალები სპეციალური
ჯოხებით დადიან, რათა მოძალადეებს ახლოს მისვლის საშუალება არ მისცენ, ბრაზილიაში შავკანიან
ქალთა მხოლოდ ათი პროცენტისთვისაა ხელმისაწვდომი მამოგრაფია და საშვილოსნოს სკრინინგი,
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალებს ოჯახის მამრობითი წევრების
წერილობითი ნებართვა სჭირდებათ, რომ იმუშაონ, ხოლო მეზობელ თურქეთში ყოველდღე საშუალოდ
სამ ქალს კლავენ ოჯახური ძალადობის შედეგად, საქართველოში ქალთა მდგომარეობა, ერთი
შეხედვით, შეიძლება ისე სავალალოდაც არ გამოიყურებოდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ ამ თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არ ვართ და უამრავი რამ უნდა ვისწავლოთ
ჩვენ თვითონაც და ვასწავლოთ მომავალ თაობებსაც იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების მსოფლმხედველობა
ქალის როლის შესახებ თუნდაც ჩვენსავე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს გაუთანაბრდეს.

გთავაზობთ
კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილის, ისრაელის თელ აის კოლეჯის გენდერის სწავლების პროგრამის
ხელმძღვანელის, ავიგაილ მურის, კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა 20 ისრაელელი წარმატებული
ლიდერი ქალის (პარლამეტის წევრების, მსხვილი კორპორაციების დირექტორებისა და დირექტორების
მოადგილეების, უნივერსიტეტების  რექტორების,
მოსამართლეების) ინტერვიუების ანალიზის შედეგად იმ ზოგადი მახასიათებლების დადგენას,
რომელიც თანამედროვე სამყაროში ქალის წინსვლას განაპირობებს. აღნიშნული მასალის ანალიზის
საფუძველზე მეცნიერმა შემოგვთავაზა რამდენიმე რეკომენდაციაც იმის შესახებ, თუ როგორ
უნდა აღვზარდოთ გოგონები ლიდერ ქალებად, რომლებიც მაღალ სოციალურ საფეხურზე ასვლას
მოახერხებენ.

ლიდერი ქალების პიროვნული მახასიათებლები

1.
მოტივაცია

ერთ-ერთი
ყველაზე საინტერესო და განზოგადებული აღმოჩენა იყო ის, რომ ცდისპირი ქალების უმეტესობას
არასოდეს უცდია პირამიდის წვეროზე მოქცეულიყო და მაღალი თანამდებობის დასაკავებლად
განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაუხარჯავს. მათი თქმით, თანამდებობრივი წინსვლა და წარმატება
მოულოდნელად ეწვიათ, ყოველგვარი დაგეგმვისა და მიზანსწრაფულობის გარეშე.

,,ჩემი თავისთვის არასოდეს მიბრძანებია,
აქ მოვხვედრილიყო, ცხოვრებამ მოიტანა ასე, გამიმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას
აღმოვჩნდი.”

მათი
მოტივაციის წინაპირობა არ ყოფილა ამბიცია, ძალაუფლებისა ან სხვების კონტროლის სურვილი:

,,არასოდეს მინატრია ყოველივე ამას
სათავეში მოვქცეოდი… ამხელა ძალაუფლება მქონოდა.”

ქალების
უმეტესობა თვლის, რომ მათი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა მათმავე პერფექციონიზმმა,
ჩვევამ, რომ ნებისმიერი საქმე უნაკლოდ შეესრულებინათ:

,,ჩემი მოტივაცია ყოველთვის იქნება
დავიპყრო მწვერვალი, ოღონდ ჩემი საკუთარი მწვერვალი _ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი…”

,,ჩემი საიდუმლო ისაა, რომ ყოველთვის
ვავლენდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ცოტა უფრო მეტსაც.”

კიდევ
ერთი მოტივაცია წინსვლისთვის არის ღირებულებებისა და იდეალების დაცვა:

,,ჩემს თავს აღვიქვამ ქალად, რომელსაც
სამყაროს შეცვლა უნდა.”

2.
ორგანიზაციის წვლილი

ქალების
უმეტესობა თვლის, რომ მისი წარმატება განაპირობა არა იმდენად იმ ორგანიზაციამ, რომელშიც
მუშაობს, არამედ თავად მისმა პიროვნულმა ფაქტორებმა, ოჯახმა და გარემოცვამ, თუმცა ზოგი
რესპოდენტი აღიარებს ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხარდაჭერის როლს მის წარმატებაში.

,,ძალიან მნიშვნელოვანია გყავდეს
დამრიგებელი. .. რომელიც მზადაა დაგეხმაროს, არ მალავს, რომ დაინტერესებულია შენით,
გეხმარება საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში და გულწრფელად ზრუნავს შენზე.”

3.
,,ბიჭური წესებით” თამაში

კიდევ
ერთი ფაქტორი, რამაც კვლევის ცდისპირი  ქალბატონების
წარმატება განაპირობა, არის მამაკაცების სამსახურეობრივი კულტურის ნორმების ცოდნა:

,,მივხვდი, რომ თუ მინდოდა დავწინაურებულიყავი,
ბიჭების წესებით უნდა მეთამაშა.”

,,ფულის სწორად განკარგვა და მოგების
გაზრდა ბიჭების თამაშის წესია.”

თუმცაღა,
რამდენიმე მათგანმა დაამატა, რომ მათ მუშაობის მანერა განსხვავებულ, მამაკაცებისათვის
ნაკლებ დამახასიათებელ ღირებულებებს ეფუძნებოდა:

,,ვფიქრობ, მართვის ჩემეული სტილი
ნაკლებად ხისტია, ლმობიერებასა და თანამშრომლებზე ზრუნვას ითვალისწინებს.”

4.
პიროვნული მახასიათებლები

გამოკითხული
ქალები ყველაზე მეტად ახასიათებენ საკუთარ თავს ორივე, როგორც ქალური, ასევე მამაკაცური
ხასიათის შტრიხების
, ანდროგროგენული
თვისებების, მქონეებს. ,,სქესისთვის შესაფერის” თვისებებად მიიჩნევენ მართვის
,,მგრძნობიარე” სტილსა და ურთიერთობას, რომელიც დიალოგსა და სხვების მოსმენის
უნარზეა აგებული:

,,მე მგონი, მნიშვნელოვანია განვითარებული
ემოციური ინტელექტი და უნარი, ადამიანები მართო ისე, რომ მათი სიმპათია დაიმსახურო,
ეს საშუალებას გაძლევს მაქსიმუმი მიიღო მათგან.”

მეორე
მხრივ, ისინი ფლობენ საპირისპირო სქესისთვის ,,მიკუთვნებულ” თვისებებს: პრინციპულობას,
თავდაჯერებულობას, ამბიციურობას, სიმამაცეს, საკუთარი ძალების რწმენასა და თავგანწირული
შრომის უნარს:

,,მე ძალიან მიზანდასახული და შეუპოვარი
ვარ, დამოუკიდებელი, ჯიუტი…მოსაზრებული, ლოგიკურად ვაზროვნებ, შემიძლია დინების საწინააღმდეგოდ
ცურვა.”

გარდა
იმისა, რომ გენდერულად დაბალანსებულისა, ბევრი ამ ლიდერ ქალთაგან საკუთარ თავს ფემინისტად
თვლის:

,,რასაკვირველია, ფემინისტი ვარ და
ძალიანაც ვამაყობ ამით, ვინაიდან ფემინიზმი ჩემთვის  თანასწორობას ნიშნავს, ფემინისტი რომ არ ვყოფილიყავი,
რა მეშველებოდა მთელი ეს წლები.”

5. ოჯახი და წარმომავლობა

ოჯახური
ცხოვრება როგორც ადრინდელი, ისე ამჟამინდელი, გვევლინება უაღრესად მნიშვნელოვან  ფაქტორად უმაღლესი საფეხურისაკენ მიმავალ გზაზე;

მრავალი
მონაწილე ოჯახსა და ფესვებს მიიჩნევს იმ საძირკვლად, რომელზეც ამოიზარდა მათი თვითრწმენა
და მაღალი თვითშეფასება, ისევე, როგორც მათი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.

წარმატებული
ქალების უმეტესობა გამოსულია ოჯახებიდან, რომლებშიც ისინი უყურებდნენ თანასწორუფლებიან
მშობლებსა და ბებია-ბაბუებს,  შრომის ტვირთს
რომ იყოფდნენ:

''მე მუდამ ვხედავდი, როგორ გეგმავდნენ
ჩემი მშობლები  საოჯახო საქმეებს ერთად და მაშინ
შევიგნე, რომ ქალის სტატუსი ოჯახში ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც _ კაცის. იმავეს
თქმა შემიძლია ჩემს ბებია-ბაბუებზეც.”

თუნდაც
დიასახლისი, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე დედა საუკეთესო მაგალითია
ქალიშვილისთვის:

,,დედაჩემიც ძალიან დამოუკიდებელი,
თავდაჯერებული ქალი იყო, თანაც ძალიან განათლებული.”

დედა
ასევე იყო ამხნევებდა და აქეზებდა მათ:

,,დედისთვის მე პლანეტის დედოფალი
ვიყავი”.

მამაც
არანაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალიშვილისათვის თვითრწმენის ამაღლების საქმეში:

,,მე გავიზარდე სახლში, სადაც მამა
გახსნილი, პროგრესული ადამიანი იყო და ყოველგვარი წინააღმდეგობის გადალახვას მასწავლიდა…
ის ძალიან ამაყობდა ჩემით.”


(გაგრძელება იქნება)

ინგლისურიდან თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ანი კოპალიანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი