პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცალმხრივი პასუხისმგებლობების მორალი

ერთხელ, ფეისბუქზე პოეტმა ეკა ქევანიშვილმა ასეთი სტატუსი დაწერა : “მე ვარ ბუნების დამცველი და ჩემთვის მთავარია არ მოიჭრას თორმეტი ხე, ხოლო შენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, დაჩაგრული ქალი ფეხებზე მკიდია. გულგრილი ვარ.

მე ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებების დამცველი და სულ არ მაღელვებს, ვინ რას სად მოჭრის, ჩემს ეზოში საკმარისი ხეებია.

მე ვარ უმცირესობა და მინდა მქონდეს უმრავლესობის უფლებები და საერთოდ არ მაინტერესებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ვინ იზრუნებს.

მე მაღელვებს პატიმრის უფლებები და რაში მაინტერესებს, სად რა მახინჯი შენობა ააშენეს.

მე ვდარდობ ქალაქის დამახინჯებულ არქიტექტურაზე და ბოდიში, რომ გულგრილი ვარ, სადღაც ვიღაც ღარიბ პოეტს შია თუ იყინება. პოეტია რა. მაგ ამბავს არ გავაზიარებ.

მე მარტო ჩემი მეგობრების ნათქვამ-გაკეთებულ-შექმნილ-ნააზრევი მომწონს, ყველა დანარჩენი არ მაინტერესებს. არ ვაღიარებ. და ასე დაუსრულებლად, ცალმხრივად. 

ვაგროვებ ყველას ცალმხრივ ამბებს “.
ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შერჩევითი ამბები, ცალმხრივი ინტერესები, ცალმხრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე. იმისთვის, რომ ასე არ გაგრძელდეს და ეს არაემპათიური გარემო ოდნავ მაინც შევცვალოთ, ჩვენგან სულ ცოტა ყურადღების, სიყვარულის,  გულისხმიერების და ენერგიის გაღებაა საჭირო. მახსოვს, როგორი შურით შევცქეროდი “ტაქსიმის” დასაცავად გამოსულ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ტაქსიმის მოედანზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ იმ საკუთრების დასაცავად, რაც მათი იყო. საიდან იწყება  გარემოს აღქმა, რა მანძილია პირადიდან საზოგადოებრივამდე, რატომ ვუფრთხილდებით მხოლოდ სახლის ნივთებს, ჩვენი სახლის სისუფთავეს, გარეთ კი დაუდევრად მოვისვრით ათას ნაგავს, ფეხებით ვდგებით სკამებზე, ვამტვრევთ განათებულ სარეკლამო ბანერებს, უბოდიშოდ ვყრით სიგარეტის ნამწვავებს, სადაც გაგვიხარდება. ასე, მხოლოდ გარეთ ვიქცევით, სახლში – არა. 

 ჩვენ ადამიანები, ყოველდღიურად ვაზიანებთ  გარემოს, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ გვგონია ჩვენი პირადი საკუთრება და არ ველით მისგან რაიმე სარგებლის მიღებას. ჩვენ, ადამიანები, ყურადღებას არ ვაქცევთ სხვების პრობლემებს, რადგან ეს ჩვენ არ გვეხება და არ გვაწუხებს და რაც ჩვენ არ გვეხება, იმაზე დარდი არ ღირს. დარდი არ ღირს არც მოჭრილ ხეებზე, არც მშიერ პოეტებზე, თვიდან თვემდე კაპიკებით რომ გააქვთ თავი; არც სოციალურად დაუცველ ბებოებზე, პატარა, მუშტისხელა ბუშტებს რომ ყიდიან სკვერებში ათ თეთრად, არც იმ ბებოებზე მთელი ღამე ფაჩუჩებს რომ ქსოვენ თავის გადასარჩენად; არც იმ ბავშვებზე შობის ღამეს მხოლოდ რეიტუზიანი ფეხებით რომ დატანტალებდნენ ასფალტზე, ზოგს კიდევ კარდონზე სძინავს, ჩვენ კი მივდივართ ყველა, ათასობით ქალი და კაცი, რომ ვილოცოთ ჩვენი პირადი კეთილდღეობისთვის. თუ ამ სოციალური პასიურობის  და აპათიის მიზეზს იკითხავ, პასუხსაც დაუყოვნებლივ მიიღებ: ჩვენ ხომ ქვეყანას ვერ გავასწორებთ, სამართლიანობას ვერ დავამკვიდრებთ, ცხრად ხომ არ გავიჭრებით, ათასი საქმე გვაქვს და სხვა მრავალი. მერე მშვიდად ვიბანთ ხელებს და ვიძირებით ჩვენს უპრობლემო კომფორტში.

ახლა ჩვენი ეზოს ამბებს მოვყვები: ერთ დღეს ბავშვებმა ეზოში ხეს ცეცხლი წაუკიდეს. მოვიდა სამაშველო, შემდეგ პატრული, გასხიპეს ტოტებისგან ჩვენი ნაძვი და დატოვეს გულდანახშირებული. უფროსებმა ხეს ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქციეს, როცა დაიწვა.

მანამდე, ბავშვებმა მშობლებით და ძიძებით სავსე სკვერში ნაგვის ურნა ამოთხარეს. აი ასე, მიწაში ჩაბეტონებული ნაგვის ურნა ამოთხარეს. მათ არავინ მისცა შენიშვნა, მერე ურნის თავსახურს ფეხებით შედგნენ და დაჭეჭყეს. მანამდე სკამები დაამტვრიეს. 

ზაფხულში, როცა აგვისტოს ხვატი ჩამოწვება და ქალაქი სიცხისგან ირინდება, აქ ოდნავი სიო მაინც ქრის. ღია ფანჯრებიდან გემრიელი წვნიანის სუნები იღვრება, შუადღისას, მეზობლად მდებარე კორპუსიდან ვიოლინოს ხმა ისმის, ალბათ ვინმე გოგო ან ბიჭი მეცადინეობს. ჩამოწოლილ სიცხესთან ერთად ეს მელოდიებიც არ ქრება, ხანდახან საათობით გრძელდება დაკვრა. უცნაური ის არის, რომ კარგ და მზიან ამინდებში უკრავს ის ვიღაც, ან კარგ და მზიან ამინდებში ფანჯარას აღებს და ამიტომაც მესმის. დილით ადრიანად, ბებოებს და ძიძებს ბავშვები სკვერში ჩაჰყავთ, სადაც ბევრი ნაძვია. თორმეტი საათისთვის მოხუცი ცოლ-ქმარიც ჩნდება. ცოტა ხნით სკამზე ჩამოსხდებიან და არიან ასე ჩუმად, შემდეგ ისინიც მიდიან. 3-4 საათის შემდეგ სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ცარიელდება და იშვიათად თუ ვინმე შემოეხეტება სკვერში ჩამოსაჯდომად. ძაღლები და მათი პატრონებიც სადღაც ქრებიან. შუადღისას ყველა იფანტება. ძალიან ახლოს მდგარ კორპუსებს მცირე სამანქანო გზები ჰყოფთ, გვერდებზე კი ჩამწკვრივებული ნაძვები, რომლის მტვერი ღია ფანჯრიდან ქარს შემოაქვს და სახლსაც უხვად ეფინება, აივანიც მოყვითლებულია. მე კი მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ფანჯრების წინ ეს ხეები დარგო და ასანთის კოლოფებივით ახლო-ახლო მდგარ კორპუსებს შორის მწვანე ფილტვები გააჩინა.

სკვერს ერთი მხიარული დამლაგებელი ალაგებს, როცა ნამდვილად გასაბრაზებლად არის საქმე, ბრაზობს კიდეც. იქაურობა  დილით საშინელი სანახავია: ძაღლის ექსკრემენტები, ძირს დაყრილი საზამთროები, ლუდის ქილები, ცელოფნები, სიგარეტის კოლოფები, “ცივი ჩაის” ბოთლები და სხვა ათასი ნაგავი. ნაგვის მანქანა დილით, ზუსტად ცხრას რომ თხუთმეტი  წუთი დააკლდება, მაშინ მოდის და ბუნკერებს აცარიელებს, შემდეგ დამლაგებელიც გამოჩნდება და გაბეზრებული და შეურაცხყოფილი იწყებს სკვერის ლაგებას. არის დღეები, როცა არც დამლაგებელი ჩანს და ბავშვებს დაბინძურებულ გარემოში უხდება თამაში.

ბავშვობაში, დედაჩემს სოფლიდან ხის ნერგები და ყვავილები ჩამოჰქონდა და ჩვენი მაღალსართულიანი კორპუსის წინ რგავდა. ერთი ციცქნა მიწის კვადრატები იყო, ირგვლივ კი – სულ ასფალტი. რამდენიმე გაიზარდა კიდეც, მაგრამ უმეტესობა მაინც განადგურდა, ამოთხარეს, არ გაუცნობიერებიათ, რომ მათი იყო და არც მათზე ზრუნვა მიიჩნიეს თავიანთ საქმედ.

და მაინც, ცალმხრივი და მიკერძოებულპათოსიანი პოსტი რომ არ გამოვიდეს, უნდა ვთქვა, რომ ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას თანაბრად უნდა აინტერესებდეს ხეების მოჭრის ამბავიც და ძალადობის ქვეშ მყოფი ქალის გასაჭირიც, კულტურული ძეგლების დაცვაც და მშიერი პოეტების გადარჩენის საკითხიც, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებებისთვის ბრძოლაც  და დაბინძურებული ჰაერიც, რადგან გზა პირადიდან საზოგადოებრივამდე ძალიან მოკლეა და ის ხშირად გადაიკვეთება. გადაუჭრელი პრობლემები, რომლებსაც ყურადღება არ დავუთმეთ და რომელთა მოსაგვარებლად მცირეოდენი ძალისხმევაც არ გავიმეტეთ, ბუმერანგის პრინციპით არასამართლიანი გარემოს სახით ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი