პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რელიგიური ომების საუკუნე

დასავლეთ-აღმოსავლეთთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები, არცთუ ისე შორს მდგომი რეალობისაგან.

ადამიანთა უმრავლესობის ცნობიერებაში დასავლეთი ეს არის საათის მექანიზმივით ზუსტად აწყობილი გიგანტური და ულამაზესი ქალაქები, იდეალური სისუფთავე, სიმდიდრე, სიმშვიდე, კეთილდღეობა, თავისუფლება, უაღრესად რაციონალურადა და ჰარმონიულად მოწესრიგებული გარემო, თავისუფლად გამოწყობილი მამაკაცებითა და გამოკვეთილად სექსუალური ესთეტიკით ჩაცმულ-დახურული მომხიბლავი ქალებით სავსე ქუჩები.

აღმოსავლეთის ხსენებაზე, პირველ რიგში, თვალწინ ალბათ მისი სიმბოლო – ჭრელი და აყაყანებული ბაზარი დაგიდგებათ, მერე უსისტემოდ მიმოფანტული ქოხმახები, შუასაუკუნეობრივი გარემო, ქაოსი, საარაკო სიბინძურე, წარმოუდგენელი სიღატაკის გვერდით იშვიათად ასევე წარმოუდგენელი სიმდიდრე, წვერგაბრუძგუნული, თავგადაპარსული, მოღუშული გამომეტყველების ჩალმიანი მამაკაცები და ჩადრით თავფეხიანად შესუდრული დედაკაცები.

დასავლეთთან ასოცირდება კეთილდღეობა და მშვიდ ცხოვრებაში ჩაძირული რესპექტაბელური კათოლიკე მღვდელი და პროტესტანტი პასტორი.

აღმოსავლეთთან – მინარეთიდან გამყინავი ხმით აყივლებული მუეძინი, რომელიც მართლმორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს და უზარმაზარი ავტორიტეტისა და გავლენის მქონე შეიხები და აიათოლები.
დასავლეთში თვალს მოგჭრით გოთური ტაძრების სიდიადე, იდუმალება და სიმდიდრე. მაგრამ გაგაოცებთ მათში მობორიალე ზედაპირული ცნობისმოყვარეობით შეპყრობილ ტურისტთა ჭრელ ბრბოებში ჩაკარგული მცირერიცხოვან ხანშიშესულ მორწმუნეთა პატარ-პატარა ჯგუფები.

აღმოსავლეთში შეგაშფოთებთ უზარმაზარ მეჩეთებში დაჩოქილი ჭრელხალათიანი მამაკაცების გრძელი რიგები, ნამაზის შესრულებისას გულმოდგინედ და მწყობრად რომ ურტყამენ შუბლებს იატაკზე დაფენილ ძვირფას ხალიჩებს. შეგაშფოთებთ იმიტომ, რომ ალაჰის მონების ასეთ გულმოდგინებაში აშკარად იგრძნობა რაღაც ფარული ენერგია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მეტად მრისხანე ძალად გადაიქცეს.
ერთი ასეთი ტრანსფორმაცია სულ ახლახან, ჩვენს თვალწინ მოხდა.

11 სექტემბერს მთელ მსოფლიოს საშუალება მიეცა სახლიდან გაუსვლელად, ტელეეკრანებზე ენახა, პერიოდულად რა თავგანწირულ, სასტიკ და დაუნდობელ ძალად ყალიბდება ეს ენერგია.

ის, რაც ვერასოდეს გაბედა მე-20 საუკუნეში აღმოსავლეთის ფარმა და მახვილმა – საბჭოთა იმპერიამ, ახალი საუკუნის გარიჟრაჟზევე გასაოცარი თავხედობით მოიმოქმედეს ჩალმიანმა მამაკაცებმა. კომუნისტურ ფსევდორელიგიასთან შედარებით ისლამი გაცილებით ქმედითი იარაღი აღმოჩნდა დასავლეთისაგან თავის დასაცავად. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადრეული საუკუნეებისაგან განსხვავებით, ჯიჰადი დღეს “მართლმორწმუნების” თავდაცვითი ომია “ურწმუნოთა” წინააღმდეგ.

მაგრამ დასავლეთმა დიდი ხანია უარი თქვა კოლონიალურ პოლიტიკაზე, დიდი ხანია ევროპა აღარ ეწევა აზიის უხეშ ექსპლუატაციას, დიდი ხანია აზიურ სახელმწიფოებს საკუთარი, ეროვნული მთავრობები მართავენ.
მაშ რაშია საქმე, რისგან იცავს თავს აღმოსავლეთი?

როგორც ჩანს, იმ პრინციპებისა და ფასეულობებისაგან, რომლებიც საფუძვლად დაედო დასავლურ ცივილიზაციას და რომლებზე უკეთესიც, ადამიანის რეალური კეთილდღეობისათვის, კაცობრიობას ჯერ არაფერი შეუქმნია.
დღეს ამ ფასეულობების ზეგავლენისაგან თავის დაცვა წარმოადგენს ყველაზე თანმიმდევრულ აღმოსავლურ პოზიციას, რადგან ის, რაც სიცოცხლით ავსებს და აძლიერებს დასავლეთს, შინაგანად ხრწნის და აუძლურებს აღმოსავლეთს. სტალინური რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ სწორედ ამ ფასეულობებმა გახრწნა და დაანგრია საბჭოთა იმპერია. ამიტომაა, რომ ისეთი თანმიმდევრულად აღმოსავლური იდეოლოგია, როგორიცაა ისლამი, თავის უმთავრეს ამოცანად დასავლური სამყაროსაგან თავის მოზღუდვას მიიჩნევს და ეს მას საბჭოთა იმპერიაზე გაცილებით უკეთესად გამოსდის. საქმე ისაა, რომ ისლამი არც დღეს და არც არასოდეს, არც მთლიანად და არც სანახევროდ, არ მიიჩნევდა დასავლეთს აღთქმულ მიწად, ხოლო მის ცივილიზაციასა და კულტურას პროგრესის მწვერვალად და მოდების კანონმდებლად. შესაბამისად, მის წიაღში არ არსებობს მეხუთე კოლონა. ან თუ არსებობს, იმდენად სუსტი და უმნიშვნელო, რომ ყოველგვარ აზრს კარგავს. ისლამისთვის დასავლური სამყარო მხოლოდ ბოროტების წყაროა, რომლისგანაც თავის დაცვაა საჭირო.
* * *
პოლიტიკას, როგორც სიცრუის ხელოვნებას, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არასოდეს არ აძლევს ხელს მოვლენათა არსზე ხმამაღლა საუბარი. დღესაც კი პოლიტიკოსები ცდილობენ 11 სექტემბრის ტრაგედია ერთ მუჭა ფანატიკოსების ნამოქმედარად გაასაღონ. პრინციპი გასაგებია. დღეს დასავლეთში არც ერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ დასავლეთის ყველაზე დიდი მტერი ისლამია, რათა ხელი არ შეუწყოს აღმოსავლური სამყაროს გაერთიანებას. ეს მართლაც კატასტროფა იქნებოდა. პირიქით, დასავლეთში ყველანაირად შეეცდებიან გააღრმავონ მუსულმანურ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობანი, ყველანაირად წაახალისებენ აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მთავრობების მცდელობას, ხელი მოითბონ შექმნილი ვითარებისას. მაგალითად, მე მგონი, ნათელია, რომ ტრაგედიის მეორე დღესვე იასირ არაფატის მიერ სისხლის ჩაბარება დაშავებულთა დასახმარებლად და ამის ფართოდ რეკლამირება მხოლოდ გამობრძმედილი პოლიტიკოსის ჟესტია, ხოლო მისივე ქვეშევრდომების _ პალესტინელი არაბების – ქუჩაში გადმოღვრილი სტიქიური სიხარული, სავსებით თანმიმდევრული განცდა. იგივე შეიძლება ითქვას პაკისტანის მთავრობისა და უბრალო პაკისტანელების განსხვავებულ პოზიციებზე.

ერთი სიტყვით, მიუხედავად აზიელ პოლიტიკოსთა “დიპლომატიური თამაშებისა”, სავსებით ცხადია, რომ მუსულმანური სამყაროს სიმპათიები იმათ მხარესაა, ვინც ასეთი მოულოდნელი და სასტიკი დარტყმა მიაყენა დასავლური სამყაროს ფორპოსტს – ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივად გამოდის წინა პლანზე ისლამური ფუნდამენტალიზმისა და მისგან შობილი ტერორიზმის პრობლემა. მაგრამ, არა მგონია, ასეთ კონტექსტში მაინცდამაინც ისლამზე ყურადღების გამახვილება სწორი იყოს, რადგან არსებობს, ვთქვათ, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმიც. მართალია, ამ უკანასკნელს არასოდეს ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, როგორც ისლამურს, მაგრამ არსებობით მაინც არსებობს. უმთავრესი ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს, რომ საერთოდ ნებისმიერი ფუნდამენტალიზმი ამა თუ იმ საზოგადოების უკიდურესი კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი და ამავე დროს, მისგან თავის დაღწევის ერთგვარი კონვულსიური მცდელობაა. აღმოსავლური რელიგიური ფუნდამენტალისტური მოძრაობები კარგად გვაჩვენებენ იმას, რამდენად მძლავრი ფენომენია დასავლური ცივილიზაცია, რომელიც აღმოსავლეთთან მშვიდობიანი შეხების შემთხვევაშიც კი ამ უკანასკნელის ნგრევას იწვევს. იმდენად სერიოზულ ნგრევას, რომ აღმოსავლეთი თავის გადასარჩენად და ძალების მოსაკრებად იძულებული ხდება ისეთ უკიდურეს ზომას მიმართოს, როგორიცაა რელიგიური ფუნდამენტალიზმი. შესაბამისად, ისლამური ფუნდამენტალიზმი ძალიან ჰგავს კუთხეში მიმწყვდეული ნადირის რეაქციას, იძულებითსა და თავგანწირულს. მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს, თუმცა ალბათ არც იმის თქმა იქნება ზედმეტი, რომ რაღაც სპეციალური ბოროტი განზრახვით ეს არავის გაუკეთებია.
* * *
დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის არსებულ უმთავრეს განსხვავებას თანამედროვე სოციოლოგია ასე განმარტავს: დასავლეთში საზოგადოება, სახელმწიფო, წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას, ხოლო მიზანია ყოველი ცალკეული ადამიანის, ყოველი მოქალაქის კეთილდღეობა. ანუ ეს არის ცივილიზაცია, რომელსაც განსაზღვრავს ინდივიდუალისტური ცნობიერება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ პირიქით – საშუალებაა ყოველი ცალკეული ინდივიდი, ყოველი მოქალაქე, ხოლო მიზანია მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს ინტერესები. ანუ აღმოსავლური ცივილიზაციების ხერხემალია ჰოლისტური, იგივე კოლექტიური ცნობიერება. ამიტომ მიუხედავად სხვა უთვალავი განსხვავებისა მართლმადიდებლურ სამყაროს, მუსულმანურ აზიასა და კონვეციანულ ჩინეთს შორის, ყველა მათგანს მაინც ერთი პრინციპი -ჰოლიზმი განმსჭვალავს. ამ ქვეყნებში არასოდეს არსებულა ინდივიდუალიზმის პრინციპზე აშენებული სახელმწიფო, სადაც უმთავრესი ფასეულობა მოქალაქის კეთილდღეობა იქნებოდა. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა რუსეთში მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საფუძველზე გამარჯვებული კომუნისტური ტოტალიტარიზმი იქნება, კადაფის ჯამაჰირია, სადამ ჰუსეინის დიქტატურა, ირანული თეოკრატია თუ ჩინური სოციალიზმი – თავისი არსით არც ერთი არ არის დასავლური ტიპის ცივილიზაცია და შესაბამისად, სისტემატური წინააღმდეგობაც აქვთ მასთან.

ამ შემთხვევაში უმთავრესი და განმსაზღვრელი სწორედ ეს არის, თორემ ვერავინ უარყოფს, ვთქვათ, რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ სხვა რიგის უთვალავ განსხვავებას. მაგრამ ცივილიზაციის ზოგადი ტიპის განსაზღვრისას მთავარი ყურადღება მაინც ზემოხსენებულ უმთავრეს პრინციპს ექცევა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი სისტემისა და კულტურის ტიპს. სხვა სიტყვებით _ ცივილიზაციური რაობა თავისი ინდივიდუალიზმით ან ჰოლიზმით განაპირობებს მასზე ამოზრდილი კულტურისა და სახელმწიფოებრივი სისტემის ხასიათს.

ასეთი რადიკალური განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როგორც ისტორიაც მოწმობს, ყოველთვის პრობლემატურს ხდიდა მათ შორის ურთიერთობას. ასეთად რჩება იგი დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა დიდი ხანია უარი თქვა აღმოსავლეთის მიმართ უხეში პოლიტიკის წარმოებაზე. მაგრამ ეს არც არის საჭირო. გამომდინარე სიცოცხლის უმთავრესი პრინციპიდან, სუსტი ყოველთვის იჩაგრება ძლიერთან ურთიერთობისას.

დღევანდელი დასავლეთი თავისი უზარმაზარი ძალმოსილებითა და მიმზიდველობით ავტომატურად იქცევს ნებისმიერ ცივილიზაციას თავისი გავლენის არეალში. ეს პროცესი განსაკუთრებით დამაგრეველი იმ ხალხებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ბუნებრივად, თავისი ცივილიზაციის ევოლუციით კი არ მივიდნენ დასავლური ტიპის სისტემამდე, არამედ ახლა ცდილობენ მექანიკურად მოარგონ მათ მათთვის პრინციპულად უცხო ფენომენი.

უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ მაშინ ცნობიერდება, როცა აღმოსავლეთი დასავლურ კულტურას ეხება. მექანიზმი ასეთია: იმის გამო, რომ ყოველი ხალხი ჩვეულებრივ სწორედ კულტურის მეშვეობით ახერხებს ემოციურად გაიცნობიეროს საკუთარი ცივილიზაციური ორიგინალურობა და თვითმყოფადობა, საკმარისია აღმოსავლეთის რომელიმე ხალხის დასავლურ კულტურასთან ოდნავ ინტენსიური კონტაქტი, რომ მყისიერად მოხდეს მისდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, როგორც უცხო და დამანგრეველი ძალისადმი.

ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ჰუმანისტურ ან პაციფისტურ შინაარსს დებს ამ პროცესში დასავლური სამყარო, ყველაფერი მაინც თავისთავად, მოვლენათა განვითარების შინაგანი ლოგიკის თანახმად ხდება. შედარებით სუსტი კულტურა და ცივილიზაცია უნებლიეთ ემორჩილება ძლიერის ზეგავლენას. დასავლური კულტურა და ცივილიზაცია რომ სუსტი და უმნიშვნელო ყოფილიყო, ვერც აღმოსავლეთის თვითმყოფადობას დააკლებდა რამეს.

რაც შეეხება დასავლური კაცობრიობის ავანგარდს – ამერიკულ კულტურას, დასავლური ცივილიზაციის ყველაზე მოწინავე ელემენტებით დეტერმინირებულობის გამო იმდენად სწრაფად და მძლავრად ვითარდება და თან ისეთი სპეციფიკური მიართულებით, რომ თავისი უზარმაზარი მიზიდულობის ძალით შეუძლებელია აღმოსავლეთისათვის ექსპანსიურ ძალად არ იქცეს. შეუძლებელია მასთან ინტენსიურმა კონტაქტმა აღმოსავლური კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნგრევა არ გამოიწვიოს, რისი გამოისობითაც აღმოსავლეთი სწრაფი ტემპით კარგავს სიცოცხლისათვის აუცილებელ ძალას, რადგან იმსხვრევა მისი არსებობის საფუძველი, თავდაყირა დგება საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ცხოვრების წესი, ხდება ტრადიციების შინაგანი ევოლუციის უხეში წყვეტა.

ერთი სიტყვით, დასავლეთი ნებსით თუ უნებლიეთ შინაგანად ხრწნის და ანადგურებს აღმოსავლეთს, რაც მომავალში შეიძლება სერიოზული კატასტროფის მიზეზი გახდეს. რა გამოსავალი არსებობს აქედან? სასწაული რომ მოხდეს და მსოფლიო ძალაუფლებისათვის ბრძოლის პოლიტიკური თამაშებისგან განთავისუფლდეს, ეს მაინც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. დღევანდელი მსოფლიო იმდენად “დაპატარავდა”, რომ შეუძლებელია დასავლური კულტურა თავის საზღვრებში დარჩეს, გარეთ არ “გადაიღვაროს” და თავისი კვალი არ დაამჩნიოს დანარჩენ ქვეყნიერებას.

დღეს დასავლეთს ნამდვილად აღარ შეუძლია ვინმეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ნება მისცეს, რადგან დინების მიმართულებას თავად განსაზღვრავს. ის ძალმოსილება და სიმდიდრე, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მას დღევანდელი მსოფლიოს ბატონ-პატრონად აქცევს, თავადვე კარნახობს მას მოქმედების ლოგიკას.
* * *
ასეთ ვითარებაში ე. წ. “მესამე მსოფლიომ” თავდასაცავი ძალა ისლამში იპოვა.
როგორც უკვე ითქვა, ისლამი თავისი არსით ისეთივე ჰოლისტური ფენომენია, როგორიც მართლმადიდებლობა. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო რეალური ძალა მაინც მხოლოდ ისლამს აღმოაჩნდა. მიუხედავად მართლმადიდებლობის წიაღში არსებული ფუნდამენტალისტური განწყობილებებისა, იგი მაინც ვერ ახერხებს საზოგადოებაზე განმსაზღვრელი ზეგავლენის მოხდენას. მიზეზი ამისა, ცხადია, უამრავია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უეჭველად ის უნდა იყოს, რაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს. საქმე ის არის, რომ თვით ყველაზე ისტერიული ანტიმედასავლეთეებიც კი, დღენიადაგ ანათემას რომ გადასცემენ ალან დალესს, ე. წ. დასავლურ მასობრივ კულტურას, ეკუმენიზმს, გლობალიზაციასა და სხვა რეალურად არსებულ თუ მითიურ მოვლენებს, ვერ ბედავენ მთლიანად უარი თქვან დასავლურ ფასეულობებზე. არა მარტო იმიტომ, რომ რეტროგრადისა და რეაქციონერის სახელს უფრთხიან, რადგან კარგა ხანია ყველაფერი დასავლური ჩვენში ეტალონად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში მათ ჩვენი კულტურის იმ ნაწილის უკუგდებაც მოუწევდათ, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ნაწილობრივ დასავლეთიდან მიღებული იმპულსებით იკვებებოდა.

ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური აღმოსავლეთი ყოველთვის ერთგვარი გარდამავალი საფეხურისა თუ ბუფერის როლს ასრულებდა დასავლურ სამყაროსა და კლასიკურ აზიას შორის, გარკვეული დროიდან იგი დასავლური ცივილიზაციის ძუძუზე მიგდებული ჩვილის მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ყველა შესაბამისი შედეგითურთ. პოლიტიკოსთა ასეთმა ნაბიჯმა მართლმადიდებლური სამყარო დასავლური კულტურის პერიფერიად აქცია, სადაც ყველაფერი დასავლური ორიენტირისა თუ ეტალონის მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ვერაფრით ვერ ხერხდება უმთავრესი _ დასავლური კაცობრიობის რეალურ ნაწილად გარდასახვა.

მართლმადიდებლური სამყარო საუკეთესო შემთხვევაშიაც კი ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩება დასავლეთს, რადგან დღემდე უცვლელი რჩება მთავარი _ ჩვენი ცივილიზაციის ჰოლისტური პრინციპები. ამგვარი ვითარება ქმნის თავისებურ მოჯადოებულ წრეს, როცა ვერც წინ მიდიხარ და ვეღარც უკან ბრუნდები. დაკარგულია მთლიანობა, გარკვეულობა, თანმიმდევრობა. თავის დროზე მართლმადიდებლობამ ვერ მოახერხა წინ აღდგომოდა თავისი მრევლის ცნობიერების ასეთ გაორებას, ასეთ წინააღმდეგობრივ ფენომენად ჩამოყალიბებას.

არსებული ქაოსის პირდაპირ გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს, ვთქვათ, ასეთი სასაცილო დეტალი ჩვენი კულტურული ცხოვრებიდან: რომელიმე ჩვენებური გულმხურვალე პუბლიცისტი, ბიბლიური წინასწარმეტყველის პათოსით რომ ქოლავს “საქართველოს დამაქცევარ” მასონებს, იქვე, ეტყობა იმიტომ, ეჭვი რომ არ შეგვეპაროს მის პროგრესულობაში, ხოტბას აღავლენს “ჭეშმარიტი ევროპული კულტურისა” და მისი კორიფეების მისამართით, თუმცა ვერ გეტყვით, არ იცის თუ შეგნებულად აფუჩეჩებს (?!) იმ გარემოებას, რომ ახალი დროის თითქმის ყველა ევროპელი მოაზროვნე და შემოქმედი მასონი ან მათი თანამოაზრე იყო.

რა თქმა უნდა, ასეთი ქაოტური ცნობიერების უკან, მშობლიური ცივილიზაციის აუმღვრეველი სათავეებისაკენ დაბრუნება მართლმადიდებლობას კი არა, ნებისმიერ მოძღვრებას გაუჭირდება. ამის გაკეთება მხოლოდ ლენინურ-სტალინურ უდრეკ ნებას შეუძლია და ისიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად. ამისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.
* * *
ისლამს ასეთი ტიპის ფრაგმენტულ, წინააღმდეგობრივ ცნობიერებასთან ნაკლებად უწევს ურთიერთობა. ამიტომ მისი რესურსები პრაქტიკულად ამოუწურავია.

ის ფაქტი, რომ ისლამს შეუძლია 21-ე საუკუნეშიაც კი შარიათის კანონებით აცხოვროს თავისი ხალხი, მხოლოდ იმას ადასტურებს, რაოდენ ჰოლისტური ანუ თანმიმდევრულად აზიური ფენომენია მუჰამედის რელიგია. პარალელურად ეს იმასაც ნიშნავს, რომ მუსულმანურმა სამყარომ დღემდე შეინარჩუნა მაქსიმალური დამოუკიდებლობა დასავლეთთან ურთიერთობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ მსოფლიოში თუ გაოცებისა და მოწიწების გრძნობას აღძრავს დასავლური კაცობრიობის მიღწევები და არც მის ფარვატერში ცურვას მიიჩნევენ შეურაცხყოფად, მართლმორწმუნე მუსულმანისთვის ყოველივე ამას გახვრეტილი გროშის ფასიც არა აქვს. იგი შინაგანად არაფრით არ არის დამოკიდებული დასავლეთზე.

ასეთი ადამიანი თავისი გაუბზარავი ცნობიერებით, რა თქმა უნდა, არაფრით არა ჰგავს ჩვენში ასე გავრცელებულ ტიპს – ადამიანს, რომელსაც ძალიანაც მოსწონს დასავლური ყოფა, მაგრამ თავად არაფრით არ შეუძლია მსგავსი ჰარმონიის შექმნა და პერმანენტულ ქაოსში იმყოფება. ის აღარც ცხელია და არც ცივი, სჯობდა კი რომელიმე მათგანი ყოფილიყო – ან ცხელი, ანდა ცივი.
* * *
მუსულმანურ სამყაროს საკუთარი ლოგიკა აღმოაჩნდა. თავის ძალას იგი ისლამურ ფუნდამენტალიზმში პოულობს, რომელიც უფრო და უფრო უკან, საკუთარი ცივილიზაციის საფუძვლებისკენ რადიკალურ მიბრუნებას გულისხმობს. ამ გზაზე არავითარი უკიდურესობა არ არის გამორიცხული, იქნება ეს უსასტიკესი ტერორისტული აქტები, ბუდას უზარმაზარი ქანდაკებების განადგურება თუ სხვა რამ. ცხადია, ეს ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ალოგიკური ნამდვილად არ არის.

ყოველი მართლმორწმუნე მუსულმანი თვლის, რომ რაც საჭიროა ადამიანისათვის ამ ქვეყანაზე, ყველაფერი აქვს. ჰყავს ღმერთი და მისი წინასწარმეტყველი, აქვს წმინდა წიგნი და მეჩეთები, ჰყავს შეიხები, აიათოლები და მოლები, აქვს საკუთარი ორიგინალური და ღრმა კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი, ასევე საკუთარი მიწა, სახელმწიფო და რაც მთავარია, აქვს ორი ხელი, რათა მშვიდობიანობის დროს პური არსობისა მოიპოვოს, ხოლო საღვთო ომის დროს იარაღი აიღოს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ასეთ ჰარმონიას საფრთხეს შეუქმნის, არსებობის ღირსი არ არის.

მუსულმანური სამყაროს ძალა არ არის არც ახალ ტექნოლოგიებსა და არც სიმდიდრეში. მას არც ერთი აქვს და არც მეორე. მისი ძალა მის გაუბზარავ ცნობიერებაშია.

მე-20 საუკუნეში დასავლეთი პირველად ამ ძალას ირანის ისლამური რევოლუციის დროს გადაეყარა. მან იგი თვითონვე შვა ირანში თავისი სოციალ-პოლიტიკური სისტემისა და კულტურის ინტენსიური დანერგვით. იქნებ იგი ამას მაინცდამაინც ბოროტი განზრახვით არც აკეთებდა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ისლამმა მხოლოდ თავი დაიცვა.

თუმცა მაშინ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში. მაშინ აღმოსავლეთს ძირითადად საბჭოთა იმპერია წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთმა ბოლოს და ბოლოს მშრალი ანგარიშით დაამარცხა.

დღეს აღმოსავლეთს ისლამური ფუნდამენტალიზმი წარმოადგენს, როგორც ყველაფრიდან ჩანს, პოტენციურად უფრო სერიოზული ძალა, ვიდრე სანახევროდ დასავლურ თეორიულ წანამძღვრებზე შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი იყო.

და რაც ყველაზე საშიშია, არც დასავლეთს შეუძლია საკუთარ თავზე უარის თქმა და არც მუსულმანურ აღმოსავლეთს.

21-ე საუკუნეს ომებს შორის ყველაზე სასტიკი – რელიგიური ომების აჩრდილი წამოადგა თავზე.

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=173&composition=505  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი