სასკოლო ბიოლოგიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ შეძლოს პროცესების გააზრება არა მხოლოდ როგორც ფაქტების ერთობლიობისა, არამედ როგორც ურთიერთდაკავშირებული სისტემების დინამიკა. სწავლების თანამედროვე მიდგომები ხაზს უსვამს იმას, რომ ცოდნა არ მიიღება მზა ფორმით; იგი „აიგება“ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თავად არის ჩართული დაკვირვებაში, ანალიზსა და დასკვნის გამოტანაში.
ბიოლოგიაში, თემა – სისხლი სწავლება განსაკუთრებით საინტერესოა ამ კონტექსტში, რადგან სისხლი წარმოადგენს კომპონენტთა ერთ მთლიანობას, სადაც თითოეული კომპონენტი მხოლოდ მაშინ ასრულებს ფუნქციას, როდესაც მუშაობს სხვებთან შეთანხმებულად. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მუშაობისას სასწავლო მიზანი არ არის მხოლოდ ტერმინების დამახსოვრება (ერითროციტი, ლეიკოციტი, თრომბოციტი), არამედ იმის დანახვა, თუ რა ლოგიკა უდევს საფუძვლად მსჯელობას – სტრუქტურა, განსაზღვრავს ფუნქციას.
სისხლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქსოვილია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით იგი ერთგვაროვან წითელ სითხეს ჰგავს, სინამდვილეში სისხლი წარმოადგენს რთულ სისტემას, რომელშიც თითოეული კომპონენტი ასრულებს საკუთარ, შეუცვლელ როლს, რაც განსაზღვრავს სისხლის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს.
სისხლის ფუნქციებია:
| ფუნქცია | რას აკეთებს? |
| ტრანსპორტული | გადააქვს ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, საკვები ნივთიერებები, ჰორმონები და ნარჩენები. |
| დამცავი (იმუნური) | ლეიკოციტები და ანტისხეულები იცავენ ორგანიზმს პათოგენებისგან. |
| ჰემოსტაზური (შედედებითი) | თრომბოციტები და შედედების ფაქტორები აჩერებენ სისხლდენას. |
| თერმორეგულაციური | სისხლი არეგულირებს და ანაწილებს სითბოს სხეულში. |
| ჰომეოსტაზური | ინარჩუნებს წყლის/მარილების ბალანსს, pH-ს და შიდა გარემოს სტაბილურობას. |
| ექსკრეტორული | ნარჩენები და მეტაბოლიტები გადააქვს გამოდევნის ორგანოებამდე (თირკმლები, ფილტვები, კანი). |
სწავლებაში მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს – სტრუქტურისა და ფუნქციის კავშირის გააზრება. მოსწავლემ უნდა დაინახოს , თუ როგორ მუშაობს თითოეული კომპონენტი ერთიან სისტემაში, სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
განვიხილოთ რამდენიმე თანმიმდევრული აქტივობა.
აქტივობა 1 – დავაკვირდეთ სისხლს
მიზანი – სისხლის უჯრედების ვიზუალური დიფერენცირება და მათი ძირითადი მახასიათებლების გაგება.
დავალება:
მოსწავლეები იკვლევენ ერითროციტის, ლეიკოციტისა და თრომბოციტის ილუსტრაციებს და პასუხობენ კითხვებს:
- რომელი უჯრედია ერითროციტი?
- რომელ უჯრედს აქვს ბირთვი?
- რომელი უჯრედი მონაწილეობს სისხლის შედედებაში?
- რა განსხვავებაა ერითროციტსა და ლეიკოციტს შორის?
ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება – აქტივობა ემყარება დაკვირვების და აღწერის ეტაპს (Bloom – Remember/Understand).
მოსწავლე სწავლობს დეტალის დანახვას, რაც საფუძველს ქმნის შემდგომი გააზრებული ანალიზისთვის.
მასწავლებლის როლი – მხარდაჭერა, მაგალითად:
- „რას ამჩნევ პირველად?“
- „სად ჩანს ფუნქციის მინიშნება?“
მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლე ახდენს უჯრედების გარჩევას ფორმით, ბირთვის არსებობითა და ვიზუალური ნიშან-თვისებებით.
აქტივობა 2 – დააკავშირე უჯრედები და ფუნქციები
მიზანი –სისხლის უჯრედების აგებულებისა და მათი ფუნქციების შორის კავშირის გააზრება.
ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობა.
დავალება –მოსწავლეები აერთიანებენ ბარათებს:
- ერითროციტი → ჟანგბადის ტრანსპორტი
- ლეიკოციტი → ინფექციებისგან დაცვა
- თრომბოციტი → სისხლის შედედება
და განმარტავენ, რატომ შეარჩიეს ეს შესაბამისობა.
ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება – აქტივობა ავითარებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების უნარს (Bloom — Apply/Analyze).
წყვილებში მუშაობა მეცნიერების სწავლას აქცევს სოციალურ და კომუნიკაციურ პროცესად (Vygotsky – სწავლა თანატოლთან ურთიერთქმედებით).
მოსალოდნელი შედეგი- მოსწავლე აცნობიერებს, რომ ორგანიზმში სტრუქტურა მიზანმიმართულადაა დაკავშირებული ფუნქციასთან.
აქტივობა 3 – როგორ გვინარჩუნებს სისხლი სიცოცხლეს?
მიზანი– სისხლის კომპონენტების როლის გააზრება ჯანმრთელობის კონტექსტში.
დავალება– ჯგუფები ირჩევენ ერთ უჯრედს და პასუხობენ:
- რა როლი აქვს მას ორგანიზმში?
- რა მოხდება, თუ მისი ფუნქცია დაირღვა?
შემდეგ შედეგს წარმოადგენენ მოკლე პრეზენტაციით.
ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება:
აქტივობა ავითარებს შეფასებისა და დასკვნის ფორმირების უნარს (Bloom — Evaluate/Create), რადგან მოსწავლე სწავლობს პროცესების ახსნას რეალურ მაგალითებთან მიმართებით.
პრეზენტაცია აძლიერებს:
- სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენებას,
- ზეპირი მიყოლების უნარს,
- კრიტიკული აზროვნების კულტურას.
მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლე აღწერს, თუ როგორ მოქმედებს ერთი უჯრედის დარღვევა მთელ სხეულზე, და აკეთებს მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნას.
თემის სწავლება აგებულია კონსტრუქტივისტულ პრინციპზე: მოსწავლე ცოდნას თვითონ იქმნის დაკვირვებით, შედარებით, მსჯელობითა და დასკვნის გზით.
აქტივობების თანმიმდევრობა – დაკვირვება → გააზრება → შედარება → ანალიზი → შეფასება → დასკვნა უზრუნველყოფს სიღრმისეულ გააზრებას.
ეს მიდგომა ხელს უწყობს:
- ბიოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას,
- მეცნიერული ენის დაუფლებას,
- პასუხისმგებლობას საკუთარი მსჯელობის დასაბუთებაზე.
საბოლოოდ, მოსწავლე აუბრალოდ კი არ „იცნობს“ სისხლის ფორმიან ელემენტებს არამედ იგი აცნობიერებს, როგორ მოქმედებს სისხლი, როგორც ერთიანი სისტემა.



