შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

,,დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად, საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში”, – ესგ
სადამრიგებლო საათის მიზანი:

·მოსწავლეები გაიაზრებენ ახალი წლის დღესასწაულის მნიშვნელობას, მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს;
·წარმოისახავენ მომავალი წლის იდეალურ სურათს, რაც ხელს შეუწყობს მათი ფანტაზიის განვითარებას;
·იზრუნებენ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და დაგეგმავენ როგორ მიულოცონ ახალი წელი საყვარელ ადამიანებს;
·მოსწავლეები ერთმანეთისაგან გამიჯნავენ საახალწლო სამზადისს კლასში და ოჯახში.
საჭირო რესურსები: დიდი ფურცლები, ფერადი ფურცლები, მარკერები, ,,ჯადოსნური ჯოხი”;
კლასი:   მეორე ან მესამე

 

პირველი აქტივობა: მასწავლებელი გონებრივი იერიშის მეთოდით სვამს კითხვებს:

 

რომელია თქვენი საყვარელი დღესასწაული?
რატომ გვიყვარს ახალი წელი?
საახალწლოდ რით შეგვიძლია გავახაროთ ერთმანეთი, ჩვენი ოჯახის წევრები? – ამ შეკითხვაზე პასუხებს ჩამოვწერთ დაფაზე ან ფურცელზე. ჩამონათვალში ყველა ბავშვის პასუხი შეგვაქვს.


 

მეორე აქტივობა: მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ახალი წლის მნიშვნელობაზე. ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ ტრადიციულად, ჩვენ ახალი წლის დადგომამდე ვიხსენებთ, რა გავაკეთეთ წინა წელს, რით იყო მნიშვნელოვანი, რა ვისწავლეთ, რა ვერ მოვახერხეთ, რა იყო ამის მიზეზი.

 

შემდეგ ურიგებს მათ ფერად ფურცლებს და სთხოვს ერთი წინადადებით დაწერონ, რა მოხდა მათთვის  მნიშვნელოვანი და გასახარი მიმავალ წელს და ეს ფურცლები მიამაგრონ კედელზე გაკრულ წარწერასთან: „მადლობა 2015 წელს!”
მესამე აქტივობა: მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს: წამოდგეს, ვისაც კეთილი ჯადოქრობა უნდა! (ბავშვები წამოდგებიან) დაფიქრდით ერთი წუთით  და გვითხარით: რას გააკეთებდით თქვენი ჯადოქრობის წყალობით მომავალ წელს, რომ ის  ბედნიერი წელი იყოს? ვისაც ჯადოსნურ ჯოხს (მომზადებული გვაქვს დახვეული ქაღალდისგან დამზადებული და შეფერადებული ,,ჯოხი”) გადმოგცემთ, გვითხარით თქვენი ჩანაფიქრი. ბავშვები ერთმანეთს გადასცემენ ჯოხს და რიგრიგობით ამბობენ, რას გააკეთებენ ბედნიერი წლის დასადგომად. მასწავლებელი ამას აფიქსირებს კედელზე გაკრულ დიდ ფურცელზე, რომელსაც აწერია: ,,ჯადოსნური 2016 წელი”.


 

მეოთხე აქტივობა: ვაჯამებთ ბავშვების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი მომავალში შეძლებენ ამ ჯადოსნური სურვილების შესრულებას. შემდეგ საუბარი მიგვყავს იქით, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ სადღესასწაულოდ კლასში, ოჯახში რეალურად?

 

გონებრივი იერიშის გამოყენებით, ვადგენთ კლასში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმას. მაგალითისათვის:
·შევქმნით იმიტირებულ ნაძვის ხეს (დიდ ფურცელზე ვხატავთ ნაძვის ხის კონტურს და მას ვრთავთ ჩვენს მიერ დამზადებული ქაღალდის სათამაშოებით);
·ვაწყობთ საახალწლო გამოფენას, რომელზეც ყველა მოსწავლე წარმოადგენს თავის ნამუშევარს: ნახატს, აპლიკაციას, ნაქსოვს, ნაქარგს, ლექსს, მოთხრობას და ასე შემდეგ;
·ვსწავლობთ  საახალწლო ლექსებს, სიმღერებს.
ამ გეგმას (ორი-სამი პუნქტით) ჩამოვწერთ და მივაწერთ დროს, როდისთვის უნდა გავაკეთოთ ეს.


 

მეხუთე აქტივობა: გადავდივართ სახლისთვის გასაკეთებელ საქმეებზე. მასწავლებელი განაზოგადებს პირველ აქტივობაში შედგენილ ჩამონათვალს და უხსნის ბავშვებს, რომ საახალწლოდ ახლობელი ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, უმზადებენ საჩუქრებს. მერე ეკითხება, თქვენ რის გაკეთებას აპირებთ ოჯახის წევრებისათვის?

 

მოსმენის შემდეგ კი ეუბნება ბავშვებს: – მოდით, მომავალი კვირა ახლობლებისთვის მისალოცი ბარათების მომზადებას მივუძღვნათ. ქართულის გაკვეთილზე მოვამზადოთ მილოცვის ტექსტი,  ხელოვნების გაკვეთილზე მოვამზადოთ ბარათები; თანაც ვეცადოთ ეს საიდუმლოდ შევინახოთ, რომ დღესასწაულზე მათ სიურპრიზი (აქვე ვკითხულობთ, იციან თუ არა ბავშვებმა ამ სიტყვის არსი და საჭიროების შემთხვევაში განვმარტავთ) მოვუწყოთ.
მომდევნო დღეებში კედელზე ვტოვებთ კლასში განსახორციელებელი აქტივობების გეგმას და დროდადრო ბავშვებთან ერთად ვამოწმებთ, როგორ ვიცავთ ვადებს, ხომ არ გვავიწყდება რაიმე.
ბავშვებს ვთხოვთ, თითოეულმა ასეთივე გეგმა შეიმუშაოს ოჯახის წევრების მისალოცებთან დაკავშირებით და თავად განსაზღვროს, მოასწრებს თუ არა, რომ ყველასთვის მოამზადოს ბარათი, ნახატი, ხელნაკეთი (რასაც თავად გადაწყვეტს).
ამ საქმიანობების წასახალისებლად  მასწავლებელმა წარმატებით შეიძლება გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები და მოიძიოს უამრავი რესურსი სხვადასხვა საახალწლო სუვენირის მომზადების წესზე. ეს კიდევ უფრო სახალისოსა და მრავალფეროვანს გახდის საახალწლო სამზადისს.
მიმდინარე პერიოდში მართებული იქნება კლასთან  მუშაობა ქველმოქმედების არსში გასარკვევად და ამ ტიპის აქტივობების დასანერგად.
წარვმართოთ მცირე დისკუსია თემაზე – „ვის არ მიულოცავენ ახალ წელს?” ბავშვების მონაწილეობით.  დამრიგებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ახალ წელს მარტო ხვდებიან (მარტოხელა მოხუცები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები…), რომლებსაც არავინ/ვერავინ მიულოცავს ახალ წელს.
რის გაკეთება შეგვიძლია მათთვის? – ეს კითხვა ახალი მიმართულების აქტივობების დასაგეგმად შეიძლება გამოვიყენოთ.
მთავარი, ყველა შემთხვევაში, არის იმის გათვალისწინება, რომ ჩვენი გეგმა/გეგმები იყოს რეალისტური, ანუ შესრულებადი. მოსწავლეებთან ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ საკითხზე, რათა ბავშვებმა ერთმანეთს შეუსაბამონ სურვილები და შესაძლებლობები – შეეჭიდონ იმდენს, რამდენის შესრულებაც შეუძლიათ.
მოამზადა ნინო კაპანაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი