ცეცხლოვანი ფრინველი (ნაწილი I)

„მუსიკა უხილავ ცეკვას ჰგავს, ცეკვა კი – მდუმარე მუსიკას”
ჰიპოდინამიით დაავადების საუკუნეში, როცა ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს წიგნებსა და კომპიუტერების ეკრანებთან ატარებენ, ქორეოგრაფია, როგორც ჯანმრთელობის საწინდარი, ხელოვნების შეცნობის გზით ჩვევაში გადასული ფიზიკური დატვირთვაა. გრაცია, რომელიც ბავშვის ყოველ მოძრაობაში შეიმჩნევა, უფრო და უფრო პლასტიკური, ნატიფი და კოორდინირებული ხდება. დისციპლინა კი ხასიათის ის ერთ-ერთი საუკეთესო შტრიხია, ბავშვობიდან რომ იწრთობა და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ესაჭიროება ადამიანს.

ცეკვა ყველაფერ საუკეთესოს ავითარებს, რაც კი ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული. ის ხელს უწყობს ბავშვში შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას, არტისტული ნიჭის გამოვლენას. მრავალმხრივი ესთეტიკური აღზრდა მის ცხოვრებას ყველაზე შთამბეჭდავი ემოციებით ავსებს. ერთი სიტყვით, სცენა, თვითშეფასების ამაღლებასთან ერთად მოზარდს დიდ სამყაროში ადაპტირებას საგრძნობლად უადვილებს.

ალბათ ვიცით, რომ ბალეტში სცენური ხელოვნების შინაარსი მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სახეებში ხორციელდება. როგორც წესი, სიუჟეტი შესაძლებელია იყოს ლეგენდა, ზღაპარი, ლიტერატურული ნაწარმოები და პოეზიაც კი.

სიმღერა და ცეკვა ხომ მუსიკის სათავეებია; პირველი, ინტონაციას გვაძლევს, ხოლო მეორე – რიტმს. ცეკვა თავისი ბუნებით მუსიკასთან იმ თავიდანვე არსებობდა. ერთსაც და მეორესაც გამომსახველობა უდევს საფუძვლად. მუსიკა აღმოცენებულია ინტონაციურ გამომსახველობაზე, ხოლო ცეკვა მოძრაობის გამომსახველობაზე. ამიტომ ხანდახან ასეც კი გამოითქმის: „პლასტიკური ინტონაცია”.

ყოველი მუსიკოსისთვის ცნობილია, რომ განსაზღვრული მელოდიურ-ინტონაციური, ტემპო-რიტმული და აკომპანემენტურ-ფაქტურული ფორმულები დამახასიათებელია ვალსისთვის და მაზურკისთვის, ჰაბანერასა და ბოლეროსთვის, ფოქსტროტისა და ტანგოსთვის, ჩარლსტონისა და სტეპისთვის, როკენროლისთვის, ბუგი-ვუგისთვის და სხვა მუსიკალურ-საცეკვაო ჟანრებისთვის. მუსიკა განსაზღვრავს ცეკვას, მაგრამ ცეკვაც ახდენს მუსიკაზე გავლენას და მისგან ძირითადი მოძრაობების ხასიათის შესაბამის მუსიკალურ ფორმულებს მოითხოვს.
ალბათ უნდა გავამხილოთ, ბავშვობისას ზღაპარში მოხვედრაზე ყველას გვიოცნებია. ბევრჯერ მოგვჩვენებია, ჯადოსნური კარი გაიღება და საოცარი თავგადასავლების სამყაროში აღმოვჩნდებით. ეს ის ხანაა, როცა ნებისმიერი დაუჯერებელი მოვლენა ბავშვის წარმოდგენაში რეალობად შეიძლება იქცეს. ზღაპრული და რეალური სამყარო ხომ ორივე ერთნაირად აოცებს პატარას – ფრინველთა სამყარო თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ზღაპარი, თავისი ფანტასტიკური ისტორიებით მათ თვალსაწიერს აფართოებს.

სამყაროს უკიდეგანო მხარეებში არის ლეგენდები საკვირველი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. ისინი არავის არასდროს უნახავს, თუმცა სხვადასხვა ხალხების მიერ აღწერილი ცეცხლოვანი ფრინველი გასაკვირად ერთმანეთის მსგავსია.

ეგვიპტელებისთვის ფასკუნჯი ოსირისის სულია – ფენიქსი, იმედი გარდაცვალების გზის გადალახვისა. ეგვიპტელების გარდაცვალებულთა წიგნში წერია: „როგორც ფენიქსი გადავლახავ იმ ქვეყნიურ სამყაროს”.

ირანელებისთვის ეს საუცხოო ფრინველი სიმურგია – წინასწარმეტყველების უნარის მქონე. ამავდროულად ის გაორებული ბუნებისაა, „კეთილი” და „ბოროტი” თვისებების მატარებელი.

ებრაელები სასწაულ ფრინველს მილხამს უწოდებდნენ. გადმოცემით, აკრძალული ნაყოფის დაგემოვნება მხოლოდ ამ ფრინველმა უარყო, რისთვისაც ღმერთმა უკვდავება უბოძა.

ჩინელებისთვის ცეცხლოვანი ფენ-ხუანი წმინდა ქმნილებას, სრულყოფილებისა და სულგრძელობის სიმბოლოს წარმოადგენდა. ფრინველის თუნდაც სიზმარში ხილვა ადამიანის ცხოვრებაში შემობრუნების მომენტს ნიშნავდა (მაგალითად, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვის დაბადება და ა.შ.).

ლეგენდის მიხედვით ფასკუნჯი სლავური ზღაპრის პერსონაჟია. ხალხთა წარმოდგენაში ეს ფრინველი ზეციურ ცეცხლოვან ალთან ასოცირდება. მისი სიკაშკაშე თვალს ისევე ჭრის, როგორც მზე და ელვა.

ჯადოსნურ ზღაპრებში ფასკუნჯი ყოველთვის მიუწვდომელ არსებას წარმოადგენს. ნათქვამია, რომელიმე გმირი ფასკუნჯის ერთ ფრთას მაინც თუ დაეუფლება, უდიდესი ბედნიერება ეწვევა. ის სასწაულებს მხოლოდ ღირსეულებისთვის იმეტებს. ფრინველი ცხრა მთას იქით სამეფოში ცხოვრობს, ედემის ბაღში, რომელიც გარს ევლება მეფე-დედოფლის კოშკს. იმ ბაღში ისეთი ოქროს ვაშლები ხარობს, მოხუცებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს რომ უბრუნებს. ფასკუნჯი ოქროს გალიაში ზის და მეფე-დედოფალს უმღერის. სიმღერისას ნისკარტიდან მარგალიტები სცვივა. მისი სიმღერა ავადმყოფებს აჯანსაღებს, უსინათლოებს მხედველობას უბრუნებს. ღამით ის ცეცხლივით იწვის და გარემოს ანათებს. ფასკუნჯის ერთი ფრთა მთელი სამეფოს ტოლფასია. ეს გასაოცარი ფრინველი ბედნიერებაზე ოცნებას განასახიერებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ ზღაპრულ პერსონაჟ ფრინველს ცეცხლოვანი ფრთების სახით პირდაპირი პროტოტიპი ფენიქსი ან უბრალოდ ფარშავანგი ჰყავს. ოქროს ვაშლები შეიძლება ფენიქსების უსაყვარლეს ჩაროზს – ბროწეულის ნაყოფს შევადაროთ.

ფასკუნჯის სახემ გავრცელება უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებში პოვა. ბალეტის სიუჟეტად გამოყენებულ ერთ-ერთ ვერსიას სტატიის ავტორი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

ზღაპრის სიუჟეტის საფუძველი, როგორც ყოველთვის, კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. აქ სიკეთის სიმბოლო ივანე უფლისწულია, რომელიც ოქროს ვაშლებსა და საოცარ ფრინველს დაეძებს.

ღამით კოშჩეის სასწაულებრივ სამეფოს შორიდან მხედარი უახლოვდება. ბინდში მკაფიოდ ჩანს ციხე-დარბაზი, გარსშემოვლებული ნაკრძალი ბაღითა და მაღალი კედლით. ბაღში, გამთენიისას საიდუმლო ნათებით ჯადოსნური ვაშლები და ფასკუნჯი ჩნდებიან. ფრინველი გარს ევლება სასწაულებრივ ვაშლის ხეს და უფლისწულ ივანს ვერ ამჩნევს, რომელიც კედელზე ფარულად გადმოსულა. ივანე ფასკუნჯს დაიჭერს. ფრინველი თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ფასკუნჯი მუდარაზე გადადის. უფლისწული შეიბრალებს და ის გაფრინდება. სამაგიეროდ ჭაბუკის ხელში თავის ჯადოსნურ ფრთას დატოვებს.

კოშჩეის მიერ მეფის სამი დატყვევებული ასული ბაღში გამოდის და ვაშლის ხის ირგვლივ იწყებს თამაშს. იქვე მიმალული და სანახაობით მოხიბლული უფლისწული ერთ-ერთ დას ხელს ჩაჭიდებს. ასული მას მოუთხრობს როგორ მოიტაცა ბოროტმა კოშჩეიმ. ზღაპრის გმირი ივანე უმშვენიერესი ტყვეების გათავისუფლებას გადაწყვეტს.

მორჩილი ასულები კოშკში მიიმალებიან. უკვდავი კოშჩეი მსახურებთან ერთად უფლისწულისკენ მიიწევს, რათა ბაღის საზღვრის გადალახვისთვის იგი უსულო ქვად აქციოს. ივანს ფასკუნჯის ჯადოსნური ფრთა და მისი ნაამბობი – კოშჩეის უკვდავობის საიდუმლო ახსენდება… რომ მისი სული უზარმაზარ, ჯადოსნურ კვერცხშია მოთავსებული. უფლისწული მოიპოვებს კვერცხს, ტეხავს და ასე ანადგურებს „უკვდავ” კოშჩეის.

და აი, ბაღი ჯადოსნური სინათლით გაბრწყინდა. თავისუფალნი არიან მეფის ასულნი. ივანე უფლისწული მეფის ერთ-ერთ ასულს მეუღლედ გამოაცხადებს, და ზღაპრულ ქალაქში მშვიდობა, სიყვარული და საყოველთაო სიხარული დაისადგურებს.

***
წერილში ვისაუბრებ იგორ სტრავინსკის შემოქმედებითი ცხოვრების იმ ადრეულ პერიოდზე, სადაც იგი პეტერბურგის სკოლის ტრადიციებს ჯერ კიდევ სრულად იზიარებდა. დაუჯერებლად ლამაზი საორკესტრო ჟღერადობა აფორმებს „ფასკუნჯის” ზღაპარს. ლირიკულ ეპიზოდებში ლირიკული მუსიკა ჟღერს. ზღაპრულში – გასაიდუმლოებული. ბოროტი სახის შესაქმნელად კი უხეშ და მკაცრ ჟღერადობას მიმართავს. ყველაფერი ადგილზეა, როგორც საჭიროა… სწორედ ამით აიხსნება კომპოზიტორის ადრეული პერიოდის ნაწარმოებების პოპულარობა; როგორც ჩვეულებრივ საბალეტო სიუჟეტს, მაყურებელი დანახულსა და მოსმენილს შესაბამისად აღიქვამს. აქ არაფერია უცნაური და თავსატეხი.

იგორ სტრავინსკი XX საუკუნის მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. კომპოზიტორმა რიტმულ ტექნიკაში ახალი ჰორიზონტების გახსნასთან ერთად მუსიკალურ ხელოვნებას სტილისტური მრავალფეროვნებაც შემატა; ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე გამოკვეთილი ინდივიდუალობით მან შეძლო თითქმის ყველა წამყვან მიმდინარეობას შეხებოდა (ფოლკლორი, ევროპული კლასიკა, სერიული მეთოდი). სტრავინსკის მუსიკა (მუსიკალური ენა, ფორმა, საკომპოზიციო ტექნიკა, მუსიკის გააზრება და მისი დანიშნულება) სრულიად განსხვავდებოდა იმ დროის თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებებისგან. ის დღემდე აქტუალური რჩება.

სტრავინსკის ახალგაზრდული წლები ბედნიერ წლებადაა მიჩნეული: უზრუნველყოფილი ოჯახი. საგვარეულო მამული. უნივერსიტეტი. ყოველ დღე მარიინის თეატრში სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე დასწრება. მოდერნისტული ხელოვნებით გატაცება. სახლის პირობებში კერძო მუსიკალური განათლების მიღება (კონსერვატორიაში არ უსწავლია). მისი მასწავლებლები იმ დროის ყველაზე მაღალი რანგის კომპოზიტორები რიმსკი-კორსაკოვი და ლიადოვი იყვნენ.

სტრავინსკი დიდი ინტერესით ეცნობოდა ძველ და ახალ მუსიკას. მუსიკალური იდეების თვალსაზრისით ახალგაზრდა სტრავინსკისთვის მნიშვნელოვანი წყარო დებიუსის მუსიკა იყო; გავლენას თავადაც აღიარებდა. და გასაკვირი სულაც არ არის, როცა ბალეტში „ფასკუნჯი” და „პეტრუშკა” უნებლიედ დებიუსი მოგვაგონდება. აი, „კურთხეული გაზაფხულის” შემდეგ კი ფრანგი კომპოზიტორის მუსიკალური ენის გავლენა უკვე აღარ შეინიშნება.

კომენტარები

comments