ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026
24 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026

მუსიკის სწავლების მიდგომები ზოგადსაგანმანათლებო სკოლებში

 

თანამედროვე განათლების დისკურსში შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი მიდგომა, რომლებიც განსხვავებულად განსაზღვრავს სწავლების მიზანსა და პროცესის ბუნებას.

პირველი – შედეგზე ორიენტირებული სწავლებაა, სადაც განათლების ცენტრალურ ღირებულებას წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული და გაზომვადი შედეგების მიღწევა. ამ მიდგომაში სწავლა ორგანიზებულია კომპეტენციების, სტანდარტებისა და ინდიკატორების სისტემის მიხედვით, ხოლო ყურადღება კონცენტრირებულია იმაზე, თუ რა იცის და რა შეუძლია მოსწავლეს სწავლების პროცესის დასრულების შემდეგ. ამ გაგებით, ცოდნა განიხილება როგორც რესურსი, რომელიც უნდა გადაეცეს, გაიზომოს და შეფასდეს მისი გამოყენებადობის მიხედვით.

მეორე მიდგომა – მნიშვნელობის გააზრებაზე და გამოცდილებაზე ორიენტირებული სწავლებაა, სადაც განათლების ცენტრში დგას არა მხოლოდ შედეგი, არამედ თავად პროცესი, რომლის მეშვეობითაც ცოდნა იძენს მნიშვნელობას. ამ მოდელში სწავლა მოიაზრება როგორც გამოცდილების, ინტერპრეტაციისა და რეფლექსიის პროცესი, სადაც მნიშვნელობა არ არის წინასწარ მოცემული, არამედ ყალიბდება მოსწავლის აქტიურ ურთიერთობაში საგანთან და კონტექსტთან.

ამ ორ მიდგომას შორის განსხვავება არ არის მხოლოდ მეთოდოლოგიური. იგი ასახავს განსხვავებულ ხედვას იმის შესახებ, თუ რა არის ცოდნა, როგორ იქმნება იგი და რა არის განათლების საბოლოო მიზანი: სტანდარტიზებული შედეგების მიღწევა თუ მნიშვნელობის კონსტრუირება გამოცდილების მეშვეობით.

სწორედ ამ ორი ლოგიკის დაძაბულობისა და შესაძლო ინტეგრაციის გააზრება წარმოადგენს წინამდებარე სტატიის თეორიულ საწყის წერტილს.

სამდონიანი მოდელი მუსიკის განათლებაში

 

  1. სწავლა, როგორც პროცესი: დიალოგი, გამოცდილება, რეფლექსია, ტრანსფორმაცია

თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებში სწავლა სულ უფრო მეტად მოიაზრება, როგორც დინამიკური და ურთიერთქმედებითი პროცესი, რომელიც სცდება ცოდნის გადაცემის ვიწრო გაგებას. ამ ხედვის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე განათლების თეორიის სამ გავლენიან მოაზროვნეს – პაოლო ფრეირეს (Paulo Freire), ჯონ დიუის (John Dewey) და გერთ ბიესტას (Gert Biesta), რომელთა ნააზრევი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განათლების მიზნებისა და სწავლების პროცესის გააზრებაზე.

პაოლო ფრეირე (Paulo Freire) სწავლას განიხილავს, როგორც დიალოგურ პროცესს, რომელშიც მნიშვნელობა არ არის წინასწარ მოცემული; იგი ყალიბდება ადამიანთა აქტიური ურთიერთქმედებისა და ერთობლივი გააზრების გზით.

ჯონ დიუი (John Dewey) სწავლას განიხილავს, როგორც გამოცდილებაზე დაფუძნებულ პროცესს, სადაც მოქმედება და გამოცდილება ქმნის ცოდნის უწყვეტ ციკლს.

ამ თეორიული ჩარჩოს მიხედვით, სწავლა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ოთხეტაპიანი დინამიკური პროცესი:

დიალოგი წარმოადგენს მნიშვნელობის წარმოქმნის საწყის სივრცეს, სადაც სწავლა იწყება ურთიერთქმედებითა და იდეების გაცვლით.

გამოცდილება გულისხმობს უშუალო ურთიერთობას საგანთან და კონტექსტთან; ამ გაგებით მოქმედება და გამოცდილება ერთი პროცესის ურთიერთდაკავშირებული მხარეებია, სადაც გამოცდილება იბადება მოქმედებაში და იძენს ცოცხალ, სიტუაციურ ხასიათს.
რეფლექსია არის გამოცდილების გააზრებისა და ინტერპრეტაციის ეტაპი, სადაც ხდება მნიშვნელობის გადამუშავება.

John Dewey-ის მიხედვით, რეფლექსია წარმოადგენს გამოცდილების გააზრების პროცესს, სადაც მოსწავლე მოქმედებას უკავშირებს მის მნიშვნელობას და ქმნის ახალი გაგების საფუძველს.

ამ მოდელში რეფლექსია ოდნავ განსხვავებულად არის გააზრებული: იგი არ განიხილება არა როგორც საბოლოო ეტაპი გაგების ფორმირების პროცესში, არამედ როგორც გარდამავალი საფეხური, რომელიც აკავშირებს გამოცდილებაზე დაფუძნებულ გააზრებას მნიშვნელობის მინიჭების პროცესთან. ამ ეტაპზე მოსწავლე აღარ ჩერდება მხოლოდ გამოცდილების გააზრებაზე ან მისი კონტექსტის აღწერაზე. კონტექსტი აქ აღარ არის მხოლოდ გარემო, სადაც სწავლა მიმდინარეობს, ის ხდება აქტიური სივრცე, სადაც იქმნება მნიშვნელობა. შესაბამისად, მუსიკალური მასალა აღარ განიხილება როგორც მხოლოდ გასაგები ობიექტი, არამედ როგორც საშუალება ინტერპრეტაციისა და სამყაროს გააზრებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ არის ის, რასაც მოსწავლე პოულობს მუსიკაში, როგორც წინასწარ მოცემულ შინაარსს. მნიშვნელობა არის ის, რასაც იგი თავად ქმნის მუსიკასთან ურთიერთობის პროცესში. ამიტომ რეფლექსია არ შემოიფარგლება გამოცდილების გააზრებით. იგი წარმოადგენს იმ სივრცეს, სადაც მუსიკალური გამოცდილება გარდაიქმნება პირად, კულტურულ და ინტერდისციპლინურ მნიშვნელობად.

საბოლოოდ, ტრანსფორმაცია ასახავს იმ ცვლილებას, რომელიც ხდება არა მხოლოდ ცოდნის დონეზე, არამედ მოსწავლის ხედვაში, პოზიციასა და გაგების სტრუქტურაში.

ამ პროცესში კონსტრუირებული მნიშვნელობა ქმნის საფუძველს ტრანსფორმაციისთვის, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ცოდნის დაგროვებას, არამედ მოსწავლის ხედვისა და პოზიციისა ცვლილებას.

რა ხდება გაკვეთილზე ამ ეტაპების განხორციელებისას

  1. გერტ ბიესტას განათლების სამი განზომილების კურიკულუმში გადატანა

თუ ფრეირე და დიუი ყურადღებას ამახვილებენ სწავლის პროცესის ბუნებაზე. გერტ ბიესტა სვამს კითხვას, რას ემსახურება ეს პროცესი, და პასუხად გამოყოფს განათლების სამ ურთიერთდაკავშირებულ განზომილებას: კვალიფიკაციას, რომელიც გულისხმობს ცოდნისა და უნარების განვითარებას; სოციალიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს კულტურულ და საზოგადოებრივ პრაქტიკაში ჩართვას; და სუბიექტივაციას, რომელიც დაკავშირებულია დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და კრიტიკული სუბიექტის ჩამოყალიბებასთან.

ეს ეტაპები არ არის ხაზოვანი თანმიმდევრობა, არამედ ურთიერთდამოკიდებული პროცესები, რომლებიც ერთდროულად განსაზღვრავენ მნიშვნელობის წარმოქმნის პროცესს.

Translation layer: მუსიკალური წიგნიერება, კომპეტენცია და კურიკულუმის ინტეგრაცია

სწავლების თეორიულ მოდელსა და სტანდარტიზებულ საგანმანათლებლო სისტემას შორის ფუნქციონირებს შუამავალი სივრცე – „translation layer“, სადაც ხდება ორი ლოგიკის ინტეგრაცია: გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და შედეგზე ორიენტირებული კურიკულუმი.

ამ სივრცეში ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს მუსიკალური წიგნიერება, რომელიც აღარ განისაზღვრება მხოლოდ ცალკეული ელემენტების ცოდნით, არამედ მოიცავს მუსიკის გააზრებას სამ ურთიერთდაკავშირებულ განზომილებაში. იგი სტანდარტში წარმოდგენილია ცნებების სახით:

  • მუსიკის შინაარსის სამი ასპექტი;
  • მუსიკის გამომსახველობითი ხერხები;
  • მუსიკალური ეპოქა.

ეს ჩარჩო საშუალებას იძლევა, მუსიკალური ტექსტი გაიაზრო არა როგორც იზოლირებული სტრუქტურა, არამედ როგორც მნიშვნელობის მქონე ისტორიული და ესთეტიკური პროცესი.

მუსიკალური წიგნიერება ამ გაგებით არ არის მხოლოდ დეკლარაციული ცოდნა. იგი ფუნქციონირებს როგორც ინტერპრეტაციული ჩარჩო, რომელიც პარალელურად ვითარდება გამოცდილებასთან ერთად და ქმნის მუსიკალური ტექსტის გააზრების საფუძველს.

ამავე კონტექსტში, ტრადიციული ცნება კვალიფიკაცია“ ფართოვდება და იცვლება უფრო კომპლექსური კატეგორიით – კომპეტენციით, რომელიც მოიცავს:

  • ცოდნას;
  • მისი გამოყენების უნარს;
  • და გამოყენების მიზნის გააზრებას.

ამგვარად გაგებული კომპეტენცია წარმოადგენს ხიდს თეორიულ გამოცდილებასა და სტანდარტიზებულ შეფასებას შორის და საშუალებას იძლევა, ორი განსხვავებული საგანმანათლებლო ლოგიკა ერთიან სისტემაში ინტეგრირდეს. სტანდარტში ეს კომპეტენციები ფორმულირებულია შედეგებში. მაგ., „ქართული (ფოლკლორული თუ პროფესიული) და სხვა მსოფლიო მუსიკალური კულტურის ნიმუშების გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების როლის განსაზღვრა კულტურათა შორის მსგავსება-განსხვავების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გასააზრებლად” – რაც გულისხმობს მუსიკის გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების ცოდნას, სხვადასხვა კულტურულ ასპექტში ცოდნის გამოყენების უნარის გამოვლენას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გააზრების მიზნად დასახვას.

ბიესტას თეორიასა და საგნის მიზნებს შორის შესაძლებელია პირდაპირი კავშირის დანახვა.

კვალიფიკაცია, ანუ კომპეტენცია უკავშირდება მუსიკალური აღქმისა და უნარების განვითარებას.

სოციალიზაცია უკავშირდება ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ მემკვიდრეობასთან ზიარებას, ანუ კულტურულ კონტექსტში ჩართვას.

ხოლო სუბიექტივაცია ყველაზე მკაფიოდ ჩანს იქ, სადაც მუსიკა გამოიყენება თვითგამოხატვის, თვითშეცნობისა და საკუთარი პოზიციის ფორმირების საშუალებად.

ამგვარად, საგნის მიზნები პირდაპირ ებმება ბიესტას სამ განზომილებას.

III. კონტექსტი, როგორც ინტერპრეტაციული სივრცე

ამ მოდელში კონტექსტი განიხილება არა როგორც დამატებითი ან დამხმარე ელემენტი, არამედ როგორც ინტერპრეტაციის სტრუქტურული საფუძველი. იგი წარმოდგენილია თემატური ერთეულების სახით, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ იკითხება და როგორ იძენს მნიშვნელობას მუსიკალური ცოდნა. ამგვარად, მუსიკალური ცნებები და მოვლენები განიხილება არა იზოლირებულად, არამედ კულტურულ, ისტორიულ, სოციალურ და ესთეტიკურ კონტექსტებში. სტანდარტში კონტექსტი წარმოდგენილია თემატური ბლოკებისა და მათი განმარტებების სახით.

ამ პირობებში ერთი და იგივე მუსიკალური მასალა შეიძლება სხვადასხვა თემატურ კონტექსტში განსხვავებულად იქნეს გააზრებული, რაც აჩვენებს, რომ მუსიკალური მნიშვნელობა არ არის ფიქსირებული, არამედ კონტექსტში ყალიბდება. სწორედ ამ თვალსაზრისით, კონტექსტი წარმოადგენს იმ დამაკავშირებელ სივრცეს, სადაც მუსიკალური წიგნიერება გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებად გარდაიქმნება.

ამასთან, თემატური კონტექსტები არ შემოიფარგლება მხოლოდ მუსიკალური სფეროთი. ისინი ქმნიან ღია ინტერპრეტაციულ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც მუსიკა განიხილება არამხოლოდ როგორც ესთეტიკური გამოცდილების სფერო, არამედ აზროვნების ფორმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ქმნის და ინტერპრეტაციას უკეთებს ზოგად მნიშვნელობებს.

  1. შეფასება: ცოდნიდან ინტერპრეტაციულ კომპეტენციამდე

ამ მოდელის მიხედვით, მოსწავლის შეფასება აღარ ეფუძნება მხოლოდ ცოდნის რეპროდუცირებას ან ცალკეული ცნებების გამეორებას.

შეფასების ცენტრალური ფოკუსი გადადის იმაზე, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს:

  • ცოდნის კონტექსტთან დაკავშირება;
  • მისი ინტერპრეტაციული გააზრება;
  • და ამ საფუძველზე საკუთარი მნიშვნელობის კონსტრუირება.

ამგვარად, შეფასება აღარ არის მხოლოდ ცოდნის გაზომვა. იგი იქცევა ინტეგრირებული კომპეტენციის გამოვლენად, სადაც ერთიანდება ცოდნის გააზრება, მისი გამოყენება და მნიშვნელობის შექმნის უნარი.

დასკვნითი ხედვა

ამრიგად, მუსიკალური  განათლება ამ მოდელში განიხილება არამხოლოდ როგორც შედეგზე ან პროცესზე ორიენტირებული სისტემა.

იგი წარმოადგენს მრავალდონიან სტრუქტურას, სადაც:

  • პროცესი ქმნის გამოცდილებას;
  • წიგნიერება ქმნის ინტერპრეტაციულ ჩარჩოს;
  • კონტექსტი აყალიბებს მნიშვნელობას;
  • შეფასება ავლენს კომპეტენციას როგორც ინტეგრირებულ უნარს.

სწავლა ამ გაგებით არის არა დასრულებული პროდუქტი, არამედ მუდმივად მიმდინარე მნიშვნელობის შექმნის პროცესი.

 

სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა:

ჯონ დიუი:

How We Think (1910; revised 1933) – როგორ ვფიქრობთ

Experience and Nature (1925) – გამოცდილება და ბუნება

Art as Experience (1934) – ხელოვნება, როგორც გამოცდილება

პაოლო ფრეირე:

Pedagogy of the Oppressed — ჩაგრულთა პედაგოგიკა (1970)

Education for Critical Consciousness — განათლება კრიტიკული

ცნობიერებისთვის (1973)

გერტ ბიესტა:

Beyond Learning: Democratic Education for a Human Future (2006) – სწავლის მიღმა:

დემოკრატიული განათლება ადამიანის მომავლისთვის

“Against Learning: Reclaiming a Language for Education in an Age of Learning” (2004). – სწავლის

წინააღმდეგ: განათლების ენის აღდგენა სწავლის ეპოქაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ქცევის გზა მოზარდებში

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“