ოთხშაბათი, სექტემბერი 2, 2026
2 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026

ვაქციოთ სასკოლო ღონისძიება ცოცხალ პროცესად

სასკოლო ღონისძიებები ერთგვარი ხიდია ლიტერატურასა და ყოველდღიურობას შორის. სწორედ აქ ეძლევათ მოსწავლეებს შანსი, გაშალონ ფრთები, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და რეალურად იგრძნონ, რას ნიშნავს საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლა.
თუ დავფიქრდებით, რა არის ღონისძიება? ეს არის ადამიანების ორგანიზებული გაერთიანება ერთი მიზნისთვის. სკოლის კონტექსტში კი მას ორმაგი დატვირთვა აქვს – მოსწავლეებს ერთ მუშტად კრავს და  საერთო იდეის გარშემო აერთიანებს.
საყურადღებოა, რომ საერთო საქმის კეთებისას ყოფითი განსხვავებები და სოციალური ბარიერები მომენტალურად ქრება. მთავარი და ხელშესახები ხდება ერთობა და განუყოფლობა, რაც მოსწავლეებს შორის უხილავ, მაგრამ მტკიცე მეგობრულ კავშირებს აბამს. სწორედ ასეთ გარემოში იბადება ნამდვილი გუნდურობა, სადაც თითოეული ბავშვი გრძნობს, რომ ის დიდი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
უნდა გვახსოვდეს, რომ სასკოლო ღონისძიებები არ არის უბრალოდ ლამაზი კოსტიუმები და საზეიმო დეკორაციები. მხოლოდ ამ გარეგნულ მოცემულობამდე დაყვანა ღონისძიების ნამდვილი მნიშვნელობის დაკნინებაა. სადღესასწაულო ვიზუალი მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი ბევრად უფრო ღრმა და პიროვნულია. ნამდვილი ღონისძიება სცენის მიღმა, ბავშვების გონებასა და გულში ხდება – იქ, სადაც ისინი პასუხისმგებლობას, ერთობასა და სირთულეების გადალახვას სწავლობენ. თუ მშობელიც და მასწავლებელი ამ მიზნით, ამის გააზრებით მივუდგებით პროცესს, ღონისძიება გამარჯვებად ან გამარჯვების საწყისად იქცევა.
რას ვავითარებთ სასკოლო ღონისძიებებით?
თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით, რისი მიღწევა შეგვიძლია ამ აქტივობებით, შედეგები ოთხ მთავარ მიმართულებად დაიყოფა:
1. პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება
საკლასო ოთახში მიღებული თეორიული ცოდნისგან განსხვავებით, ღონისძიებები ავითარებს უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ უნარებს:
გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა –მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის აზრის მოსმენას, საქმის განაწილებას, საერთო მიზნისთვის ერთად მოქმედებას.
პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა – ეს პროცესი მოსწავლეებს, საკუთარი მოვალეობების გაცნობიერებასთან ერთად, სხვისი ხასიათისა თუ უნარების მიღებასა და დაფასებას ასწავლის, რაც გუნდური მუშაობის საფუძველია.
საჯარო გამოსვლების შიშის დაძლევა – სცენაზე დგომა კომპლექსების მოხსნაში, კომპეტენციებისა და თვითპრეზენტაციის უნარის გამომუშავებაში დაეხმარება მოზარდებს.
  1. ფარული ნიჭის აღმოჩენა და თვითგამოხატვა
ხშირად მოსწავლეს, რომელიც აკადემიური მოსწრებით არც ისე მაღალ საფეხურზეა, ღონისძიების დროს აღმოაჩენენ როგორც ნიჭიერ მსახიობს, მხატვარს, მუსიკოსს, ორგანიზატორს ან ლიდერს. ეს მას აძლევს უნიკალურ შანსს, იპოვოს საკუთარი ადგილი სასკოლო საზოგადოებაში და აიმაღლოს თვითშეფასება.
  1. სასკოლო კულტურის გაჯანსაღება და სოციალიზაცია
ბულინგის პრევენცია – საერთო საქმის გარშემო გაერთიანება აახლოებს სხვადასხვა ინტერესების მქონე მოსწავლეებს, რაც საგრძნობლად აიშვიათებს გაუცხოებასა და კონფლიქტებს.
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა – არაფორმალურ გარემოში მასწავლებელი აღარ აღიქმება მხოლოდ „დამფასებელ“, „შემფასებელ“ ან „ზედამხედველ“ ფიგურად; ისიც საერთო მაჯისცემის ნაწილად იქცევა, რომელიც ღელავს, განიცდის და მონდომებულია, გუნდთან ერთად საუკეთესო შედეგი დადოს.
4. მშობლების ჩართულობა და თემის გაძლიერება
ღონისძიება სკოლისა და ოჯახის დამაკავშირებელი საუკეთესო ხიდია. როდესაც მშობელი ესწრება შვილის წარმატებას სცენაზე ან თავად ერთვება აქტივობაში, ის აღარ არის გარეშე მაყურებელი – ის საგანმანათლებლო პროცესის თანამონაწილე ხდება. ამ დროს მშობელი შიგნიდან ხედავს, რაოდენ რთული პროცესია მოსწავლეების შეკვრა, გაერთიანება, წარმოჩენა და იმ შედეგის მიღწევა, რაც წარმატებას იმსახურებს.
მოსწავლე როგორც თანაავტორი და მკვლევარი
დღევანდელი სამყარო გამოწვევებით არის აღსავსე, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მოსწავლეების გონება და გული ერთდროულად გავააქტიუროთ, რათა მათ შეძლონ არა მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრება, არამედ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაც.
უნდა ვეცადოთ, სასკოლო ღონისძიება ახალი გამოცდილების წყაროც იქცეს და მოსწავლეებს სხვადასხვა გზა დაანახოს, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაში, როგორიც საიმედო, სანდო ინფორმაციის მოძიება და დამუშავებაა.
მნიშვნელოვანია თავად მოსწავლეების ჩართვა ღონისძიების მომზადებასა და სცენარის წერაში. ამით მასწავლებელი ერთდროულად რამდენიმე მიზანს აღწევს: როდესაც ბავშვი მასწავლებლის მიერ შექმნილ ან მოძიებულ ტექსტს იზეპირებს, ის უბრალო შემსრულებელია, მაგრამ როცა მას სცენარის შექმნაში რთავენ:
* მას უჩნდება განცდა, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, რაც თვითშეფასებას უმაღლებს;
* უვითარდება კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი (რაც გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სცენაზე ლამაზად დგომა);
* უასმაგდება პასუხისმგებლობის გრძნობა – როდესაც თავად არის პროცესის თანაავტორი, ის მაქსიმუმს აკეთებს, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს.
მასწავლებელი ამ დროს გეზის მიმცემია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, თავად აიღონ სადავეები ხელში.
რესურსები ინოვაციური სცენარებისთვის
მუზეუმი და ციფრული ბიბლიოთეკა
საიდან აიღონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იდეები, რომ სცენარი მოსაწყენი არ გამოვიდეს? გარშემო უამრავი საგანმანათლებლო რესურსია. აი, აქ ერთვება საქმეში ლიტერატურის მუზეუმი და მასში დაცული ხელნაწერები.
სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ტექსტები რომ გაცოცხლდეს, ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, შეეხონ მწერლების ნამდვილ ნაწერებს, მათ პირად წერილებსა და ჩანაწერებს – ნახონ მასალა, რომელიც დღის შუქზე იშვიათად გამოდის.
* მოსწავლე როგორც მკვლევარი – მუზეუმის რესურსებზე მუშაობისას მოსწავლე უბრალოდ როლს კი არ სწავლობს, არამედ თავად ეძებს, აღმოაჩენს და ქმნის რაღაც ახალს. სწორედ ასე ხდება სასკოლო ღონისძიება ნამდვილი, ცოცხალი პროცესი და არა უბრალოდ მორიგი ტრადიცია ვალდებულების მოსახდელად.
* პირადი წერილების სტრუქტურა – ლიტერატურის მუზეუმში ინახება გურამ ასათიანის შესანიშნავი პირადი წერილები, რომლებიც მასწავლებელს პირადი წერილის სტრუქტურის პრაქტიკულად ახსნაში დაეხმარება, რათა დავალების შესრულებისას სხვა, ნაცნობი ავტორების მასალებთან ერთად ეს უნიკალური ნიმუშებიც გამოიყენოს.
* გალაკტიონის შემოქმედება – თუ მასწავლებელი და მისი მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის შესახებ ამზადებენ ღონისძიებას, მუზეუმის მიერ მომზადებული სპეციალური ვებგვერდი (https://galaktion.ge/) გამოადგებათ.
ლიტერატურის მუზეუმი საუკეთესო მეგზურია შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვისას, რადგან სასკოლო პროგრამის მშრალ მიყოლას ცოცხალ პროცესად გარდაქმნის. აქ დაცული ექსპონატები, მწერლების პირადი ნივთები თუ ეპოქალური ფოტოები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შთააგონებს იდეებს სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტის, გამოფენისა თუ თემატური საღამოს მოსაწყობად.
ასეთივე წარმატებით უნდა გამოიყენებოდეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და მისი ციფრული სივრცეც. მაგალითად, როდესაც მოსწავლეებთან ერთად დამოუკიდებლობის შესახებ ღონისძიებას ვგეგმავდი, 9 აპრილის ამბები გავიხსენეთ და ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წავიკითხეთ. ყველაზე საინტერესო ნაწილად დღემდე მიმაჩნია საჯარო ბიბლიოთეკის ციფრულ პლატფორმა „ივერიელში“ დაცული იმდროინდელი გაზეთების ფურცლების გადაშლა. „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებული ლექსები, რომლებიც უშუალოდ 9 აპრილის ცხელ კვალს ეხებოდა, მოსწავლეებისთვის სრულიად სხვაგვარი, ემოციური აღმოჩენა იყო.
ეს ციფრული რესურსები არა მხოლოდ ღონისძიებების დაგეგმვისას, არამედ ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაშიც აქტიურად უნდა გამოიყენებოდეს. ის, რაც მოსწავლემ გაკვეთილზე უბრალოდ მოისმინა, შეიძლება მალე დაავიწყდეს, მაგრამ ის, რაც თავად გამოიკვლია, განიცადა და შემდეგ სცენიდან თუ პრეზენტაციიდან სხვებს გაუზიარა – მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.
 დაგეგმვა და ორგანიზება
სასკოლო ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება კომპლექსური საკითხია, რომელიც მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს. სანიმუშოდ გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მათი ინდივიდუალური თავისებურებები და მათი ღრმა, უკიდეგანო შინაგანი სამყარო, რათა მუშაობის პროცესი მათთვის ერთსა და იმავე დროს სახალისოც აღმოჩნდეს და შემეცნებითიც.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საქმეში მაქსიმალური მონდომება უნდა ჩაიდოს – შრომა კი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განვითარების მძლავრი იმპულსის მიმცემია ყოველი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც მათი შინაგანი სამყაროს დახვეწასა და სწორად წარმოჩენას უწყობს ხელს.
ყველა საქმის ქმნას ოსტატობა სჭირდება, დანარჩენი კი შემოქმედებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“