შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ძველი ბერძნების მაგალითზე

ახალგაზრდა თაობის აღზრდას ძველ სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სპარტის განათლების სისტემა მიზნად ისახავდა მოქალაქე მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას, მისთვის ერთგულების, ამტანობისა და გამძლეობის გაღვივებას.

აგოგე „წაყვანას” ნიშნავს. ასე უწოდებდნენ სპარტაში საბრძოლო აღზრდის სისტემას, რომელიც სავალდებულო იყო მხოლოდ სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეებისთვის. სხვა კლასების წარმომადგენელ ახალგაზრდა მამაკაცებს სისტემა მოქალაქეობის მიღების შანსს აძლევდა.

კანონმდებელ ლიკურგეს ქვეყნის მეომრების შესახებ ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ იტყოდა, რომ მათ ერთხელ მაინც შეუქცევიათ მტრისთვის ზურგი.

პლუტარქეს მიხედვით, აღზრდის პროცესი სპარტაში ბავშვის დაბადებისთანავე იწყებოდა და მამის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. მამას ახალშობილი ლესხაში მიჰყავდა. ეს იყო ადგილი, სადაც უხუცესები ისხდნენ და ბავშვს ამოწმებდნენ. თუ ის ძლიერი და ჯანმრთელი აღმოჩნდებოდა, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად, თუ სუსტი და მახინჯი – აპოკსეტში (უფსკრული ტაიგეტის მახლობლად) აგდებდნენ.

რჩეულ ბავშვებს ჩვილობიდანვე უტარებდნენ გამოცდებს. მათი საწოლი ძალზე უხეში და მაგარი იყო. 7 წლის ასაკში სპარტელ ბიჭუნებს სპეციალურ საბრძოლო ბანაკში გზავნიდნენ. იქ ისინი თავის გადარჩენას სწავლობდნენ. ვინც ამ გამოცდას ვერ გაუძლებდა, კვდებოდა.

ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ჩაცმის უფლებას მხოლოდ 12 წლიდან აძლევდნენ. ზოგი ბავშვი საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან დასუსხული სხეული უფრო უკეთ თბებოდა. ბავშვები ასრულებდნენ რთულ ფიზიკურ ვარჯიშს, სწავლობდნენ ხმლისა და შუბის ხმარებას.

სხეულის წვრთნა ასაკის შესაფერისი სირთულით ხდებოდა. ყოველდღიური ვარჯიში მოიცავდა სირბილს, ხტომას, ბრძოლის ხელოვნებას, დისკოს სროლას. ცნობილია, რომ ვარჯიშებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი – მას სპორტსმენებს უთმობდნენ.

17 წლის ასაკში ახალგაზრდა სპარტელს უკანასკნელი გამოცდა ელოდა – ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდას ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე იდგა, და „მსხვერპლი გაეღო”. ტაძრის ქურუმები ყმაწვილს დიდი სამსხვერპლო თასის ზემოთ აბამდნენ და სველი როზგებით სისხლის პირველ წვეთებამდე როზგავდნენ. თუ ახალგაზრდა დაიკვნესებდა, უფრო ძლიერად ურტყამდნენ, სანამ არ დადუმდებოდა. ეს შესაძლოა გონების დაკარგვამდე ან სიკვდილამდეც კი გაგრძელებულიყო. ასე იცხრილებოდნენ სპარტაში სუსტები.

საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად ახალგაზრდა სპარტელს წერას-კითხვას და სიმღერასაც ასწავლიდნენ. სპარტელები მოკლედ და გასაგებად საუბრობდნენ. მათი ლაკონიურობის საუკეთესო მაგალითია პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიმართვაზე: „გირჩევთ, დაუყონებლივ ჩამბარდეთ, თუ ჩემმა არმიამ თქვენს მიწაზე დადგა ფეხი, ჩვენ გავანადგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და მოვსპობთ ქალაქსო”. ამ მიმართვას სპარტელებმა ერთი სიტყვით უპასუხეს: „თუ”.

სპარტელები იყვნენ პირველები, ვინც საბრძოლო მიზნით გამოიყენა მუსიკა და სიმღერა. ეს რიტმული ნაბიჯისა და სწორი წყობისთვის კეთდებოდა.

როდესაც სპარსეთის მეფე ქსერქსემ სპარტელებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, მათ ასე უპასუხეს: „მოდი და წაიღე”. „ჩვენი ისრები და შუბები მზეს დაგიბნელებენ”, – დაემუქრნენ სპარსელები. „ჩვენც ჩრდილში ვიბრძოლებთ”, – უპასუხეს სპარტელებმა.

სპარტა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძლიერი და მეომარი ქვეყანა იყო. მათი ცხოვრების წესი გახლდათ „არა სიმხდალეს! არა შიშს! არა კაპიტულაციას! არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი