ინტერვიუ საფეხბურთო აკადემია „უქიმერიონის“ ხელმძღვანელ სოსო ხაჩიძესთან
ფეხბურთი დიდი სიხარულისა და გრანდიოზული შეგრძნებების სპორტული ზეიმია. მას შეუძლია განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების ერთ მუშტად შეკვრა და გაერთიანება. ფეხბურთის დროს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და ყველა გულშემატკივრის გული გამალებით ძგერს გამარჯვებისა და წარმატების მოლოდინში. მას შეუძლია უდიდესი ემოციების გამოწვევა და შეუძლია დაგაჯეროს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც სიამაყის, თავდაჯერების განცდას გვიბრუნებს და საუკეთესო მოლოდინებით გვავსებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხშირად ვისაუბროთ მასზე. ამჯერად ვსაუბრობთ ბავშვთა ფეხბურთზე საქართველოში. რა კეთდება და როგორი მდგომარეობაა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით ჩვენს ქვეყანაში და რა გამოწვევები, პრობლემები და პერსპექტივები არსებობს ამ მხრივ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებში – ამ მიზნით ჟურნალი „მასწავლებელი“ ესაუბრა თბილისის საფეხბურთო აკადემია „უქიმერიონის“ ხელმძღვანელს, სოსო ხაჩიძეს, რომლის ხელმძღვანელობით აკადემიამ არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღზრდა შეძლო.
სოსო, მოგესალმებით. ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ წარმატებით მივიწევთ წინ და კიდევ ბევრი უკეთესი დღე გველოდება, როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, ასევე იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის სახელის გატანისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე. ჩვენმა ფეხბურთელებმა არაერთი ბავშვის გულში აანთეს იმედის ნაპერწკალი და მათი გვარები ყველასთვის ნაცნობი და საყვარელია. გთხოვთ, გვესაუბროთ, როგორი მდგომარეობაა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით საქართველოში, როგორია ჩვენი სამომავლო პერსპექტივა ამ მხრივ. და გვაქვს თუ არა პირობები დამწყები, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოსაჩენად?
„მოგესალმებით, პირველ რიგში. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დიდ წარმატებას, დიდი მადლობა თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს და სამწვრთნელო პერსონალს, ყოველი წამისთვის და ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის… ეს ძალიან მაგარი საფეხბურთო ამბავია. რაც შეეხება კითხვას, ზოგადად ნებისმიერ ევროპულ, წარმატებულ საფეხბურთო ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება ბავშვთა ფეხბურთში დიდი ფინანსური რესურსების შედეგია. ჩვენთან ამ კუთხით ბევრი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო, მაინც არაა საკმარისი. სტადიონები აშენდა, შენდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ძალიან მოვიკოჭლებთ სპორტული მედიცინის კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია ფეხბურთელის სწორ განვითარებასთან. ასევე არ გვყავს საკმარისი რაოდენობის სპორტული ფსიქოლოგები, რომლებიც მოზარდ ფეხბურთელებთან იმუშავებენ და განავითარებენ მათ მენტალურ მხარეს, დაეხმარებიან მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებაში, რაც უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ვიღებთ ასეთ მოცემულობას, რომ ამ ყველაფრის შეთავსება უწევთ მწვრთნელებს, რაც, ცხადია, ძალიან დიდ გონებრივ და ფიზიკურ რესურსს მოითხოვს.
თქვენ საფეხბურთო აკადემია „უქიმერიონის“ ხელმძღვანელი ბრძანდებით. მოგვიყევით აკადემიის შექმნის ისტორიაზე, როგორ მოხვედით დღემდე, რით არის გამორჩეული თქვენი საფეხბურთო აკადემია და რა წარმატებები გქონდათ ამ ხნის განმავლობაში? როგორ ახერხებთ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას და მათი პროგრესის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას, რადგან ეს სპორტი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი სპორტია და ძნელია აქ თავის დამკვიდრება…
ჩვენი საფეხბურთო აკადემია, უკვე მე-7 წელია ქართულ ფეხბურთს ემსახურება. სახელი „უქიმერიონი“ ლეგენდარული ქართული ფილმიდან, „ფეოლადან“ გადმოვიტანე თბილისის რეალობაში. ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე იყო და ეს სირთულეები, ცხადია, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტია, თუმცა, ვფიქრობ, თავს ვართმევთ. ამჟამად „უქიმერიონში“ 230 ბავშვი ირიცხება. ჩვენი ფეხბურთელების მიმართ მუდამ არის ინტერესი სხვა საფეხბურთო აკადემიებიდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, ფეხბურთელები გავაგზავნოთ ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში, შემდეგ ეროვნულ ნაკრებში. ნიჭიერ ბავშვებს, მე პირადად თბილისის ეზოებში ვეძებ, ამჟამად ჩვენი თხუთმეწლამდელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატს თამაშობს შესაბამის ასაკში. ამ გუნდიდან რამდენიმე სწორედ ასე აღმოვაჩინე.
როგორც კლუბის ხელმძღვანელს, რა გამოწვევები გაქვთ და როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს?
ჩვენი აკადემია ვარჯიშობს „ვაკის საფეხბურთო ცენტრში“, სადაც კონკრეტული სავარჯიშო და სათამაშო დრო გვაქვს გამოყოფილი ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით. ცხადია, ძალიან დიდი მადლობელი ვართ ამ გვერდში დგომისთვის, მაგრამ მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საკუთარი ბაზა არ გაგვაჩნია. დიდი იმედი გვაქვს, ოდესმე ამის დროც მოვა და „უქიმერიონს“ საკუთარი სამწვრთნელო ბაზა ექნება. ამ ეტაპზე ბავშვებისთვის იდეალურ გარემოში ვვარჯიშობთ, კარგი საფრითა და ყველანაირი საჭირო ინვენტარით. ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შემადგენლობა ჰყავს „უქიმერიონს“, რომლებიც „უეფას“ ლიცენზირებული მწვრთნელები არიან და ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობენ.
ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი პროგრამები, რომელიც პატარა ასაკიდან უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ ტრენინგებს, მწვრთნელებს თუ კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს მათთვის. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი უმაღლესი საფეხბურთო სკოლები, როგორებიც არის ევროპის წამყვან ქვეყნებში, სადაც იზრდებიან უმაღლესი დონის ფეხბურთელები?
ფეხბურთის განვითარება დიდი ფინანსების გარეშე შეუძლებელია, ამ წარმატების შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, ბიზნესსექტორიდან იქნება მხარდაჭერა, რომელიც ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს, პირველ რიგში სწორედ ამ ფინანსების მოძიება და სწორი მიმართულებაა საჭირო. ფაქტია, ქართულმა საფეხბურთო სკოლებმა, მიუხედავად რთული პირობებისა, შეძლეს და გაზარდეს უმაღლესი დონის ფეხბურთელები, ჩვენი ნაკრების ბიჭების სახით, თუმცა ჩვენ თუ გვინდა, რომ სისტემატური სახე მიეცეს ამ ყველაფერს და ხშირად ვიყოთ ასეთი ბედნიერი, ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. ბავშვთა ფეხბურთი ძალიან სპეციფიკურია და რატომღაც ჩვენთან ცოტა ცუდი ტენდენცია შემოვიდა – დამწყები მწვრთნელები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება, პატარა ასაკში მუშაობენ ბავშვებთან. ეს ჩემი გადმოსახედიდან არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან პირველი ნაბიჯები ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია… თუ მე მწვრთნელი ვარ და 6,7,8 წლის ბავშვებს საფეხბურთო თვალსაზრისით რაიმეს არასწორად ვასწავლი, მათ ეს მათ მუდამ ასე ეცოდინებათ და შემდგომ ბევრ პრობლემას შეუქმნის სპორტული განვითარების თვალსაზრისით.
გეძლევათ თუ არა უცხოურ საფეხბურთო სკოლებთან ურთიერთობის, მათი გამოცდილების გაზიარების საშუალება და მეთოდიკის შესწავლა?
ჩვენს ეპოქაში ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია. მთავარია, ამის სურვილი გქონდეს და ნებისმიერ რამეს ისწავლი. ძალიან აქტიურად ვაკვირდები წამყვან ევროპულ აკადემიებს, პირადად ვაპირებ მომდევნო წელს ჩასვლას და უფრო მეტის სწავლას „აიაქსის“ საფეხბურთო სკოლაში. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც მთავარი მეთოდიკის კოპირება არ არის. მთავარია, გავაკეთოთ სწორი ანალიზი და ზუსტად ის პროდუქტი შევთავაზოთ და მოვარგოთ ჩვენს მომავალ ფეხბურთელებს, რომლებიც მათთვის საჭიროა ინდივიდუალურად და მათ წარმატებებსაც შეუწყობს ხელს.
რას ურჩევდით იმ ბავშვებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფეხბურთით, რა უნდა ქნან მათ მოტივაციის ასამაღლებლად. რა იქნება თქვენი, როგორც მწვრთნელის მთავარი რჩევა მათთვის?
პირველ რიგში, ყველა ბავშვს ვეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია, რასაც მოინდომებენ ყველაფერს გააკეთებენ. მთავარია, მთელი გულით უნდოდეთ და ბოლომდე იშრომონ მიზნის მისაღწევად. ოცნებები კარგია, ძალიან კარგი და თუ გინდა, რომ ოცნება აიხდინო, ბევრი რამე უნდა მოიკლო ამისთვის. ვისაც ფეხბურთელობა სურს, არ უნდა მოერიდოს სირთულეების გადალახვას, უნდა გაუძლოს, ღიმილითა და დიდი მოთმინებით. პროფესიონალიზმი ერთ-ერთი მთავარი საკითხია წარმატებული სპორტისთვის, სწორი ძილი, სწორი კვება, უწყვეტი განათლების მიღების სურვილი და თავდაუზოგავი შრომა… ბოლოს ერთ პატარა ისტორიას გაგიმხელთ: ბავშვობაში, ერთ-ერთ მონასტერში, ბერი მოვიდა ჩემთან და მითხრა „ღმერთი ერთ წვეთ ოფლსაც არ დაგიკარგავსო“.
ესაუბრა: შორენა ტყეშელაშვილი