შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დაუმარცხებელი გენერალი – გიორგი მაზნიაშვილი

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც სამი ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა და სამივემ საკუთარ მტრად გამოაცხადა. ტყუილ-მართლის გარკვევა იმ პერიოდში არავის უცდია. საკუთარი თავის დაცვა არც გიორგი მაზნიაშვილს უფიქრია, რადგან ასე სჯეროდა: “სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”. 

დღეს უკვე დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა.  მამა, ივანე მაზნიაშვილი  შვილის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, რაც  პატარა გიორგის სურვილიც ყოფილა. ამიტომ უმცროსი მაზნიაშვილი მშობლებმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. მაზნიაშვილმა, რომელსაც მეფის არმიაში გიორგი მაზნოვად  იცნობდნენ, თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში  მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში ის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მოუნახულებია და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი საკუთარი ხელით მიუბნევია გულზე. გამოჯანმრთელებული მამაცი ჯარისკაცი სასახლეშიც მიუწვევიათ. 

გიორგი მაზნიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც, სადაც კიდევ ერთხელ დაიჭრა. 1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, მაზნიაშვილი  სამშობლოში დაბრუნდა და  ორი ეროვნული დივიზია შექმნა. ამ დროს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ყველა მხრიდან ცდილობდნენ. დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – მუსავატისტები, სამხრეთიდან – დაშნაკები.  მაზნიაშვილი ცდილობდა, ოთხივე მხრიდან დაეცვა სამშობლო. 

1918 წელს კავკასიის კომისარიატმა გიორგი მაზნიაშვილს თბილისის დაცვა დაავალა. დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან უკანდახეული რუსული ნაწილები დედაქალაქის აღებას ცდილობდნენ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის აცილება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელსვე რუსეთმა, ბრესტის ზავით, თურქეთს ქართული მიწები, მათ შორის აჭარა გადასცა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია.  ამის საპასუხოდ გიორგი მაზნიაშვილმა, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სახალხო ლაშქრი შექმნა და  არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ ჩოლოქის ბრძოლაში მტერი დაამარცხა  და ბათუმიც გაათავისუფლა. სწორედ ამ გამარჯვებით  შეხვდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობას.  

1918 წლის  18 ივნისს უკვე გენერალი მაზნიაშვილი  საქართველოს დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნა. მანამდე, 1918 წლის აპრილში მაზნიაშვილთან აფხაზების დელეგაცია მივიდა, რომელმაც სთხოვა, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი. ამ პერიოდში მან ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, პრო-ბოლშევიკური აჯანყება ჩაახშო და თეთრგვარდიელები აფხაზეთიდან განდევნა.  მაზნიაშვილმა 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერში კი გენერალი მაზნიაშვილი უკვე  თბილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. ამავე წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, მაზნიაშვილი შულავერ–სადახლოს ფრონტის სარდალი იყო. მან  წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი.

 

1919 წელს გენერალი მაზნიაშვილი იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1920 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 18–24 თებერვალს იგი იყო თბილისის დაცვის ცენტრალური – სოღანლუღი–შავნაბადას მიმართულების სარდალი.

როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან მას საკმაოდ დიდი წარმატებისათვის მიუღწევია, რის გამოც მე-11 არმია იძულებული გამხდარა, უკან დაეხია. მოულოდნელად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას უცნაური გადაწყვეტილება მიუღია და მაზნიაშვილისთვის  უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა იძულებული გამხდარა, მთავრობის ნებას დამორჩილებოდა. 

გენერალი მაზნიაშვილი  ამ ამბავს ასე იხსენებდა: “იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს”. 

1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. 17 მარტს მან ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ მას ემიგრაციაში არ გაჰყვა.  გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთმა ისარგებლა,  ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, გენერალმა მაზნიაშვილმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა. ის დათანხმდა  საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.  გენერალ მაზნიაშვილის  არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია სიტყვა, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: “მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!” 

თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1921 წლის 20 მარტს კი მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. 

მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს. საგანგებო კომისიამ მას  კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. მოგვიანებით გენერალს საბოლოო განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს, სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალს, სამშობლოდან გაძევება მიუსაჯეს.

ირანში გახიზნული გენერალი პარიზში დამოუკიდებელი მთავრობის წევრებთან ჩავიდა. თავდაპირველად ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ საფრანგეთში ჩასული გენერალი დიდი პატივით მიიღო. მას 1000 ფრანკი გადასცეს და ხელფასის სახით, ყოველთვიურად, 500 ფრანკი დაუნიშნეს.  

პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დავალებით, გიორგი მაზნიაშვილი საფრანგეთის გენერალურ შტაბთან და გენერალ ფურნესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა ფრანგების სამხედრო დახმარებით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება აღედგინათ. ამავე დროს ირაკლი წერეთელი ინგლისის მთავრობასთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთისა და ინგლისისგან ქართველებმა სამხედრო დახმარების თაობაზე უარი მიიღეს. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში აჯანყება  ჩაახშო. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ კი  გენერალ მაზნიაშვილზე ჭორები გავრცელდა –  თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ მაზნიაშვილმა ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა გადასცა.  შეურაცხყოფილმა გენერალმა ღირსების აღდგენა და  ემიგრანტების გაზეთში ცილისმწამების წინააღმდეგ  განცხადების გამოქვეყნება მოითხოვა.  

”… საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა და ეს გარემოება ყოფილიყოს მიზეზათ დამარცხებისა. ამ ხმების გავრცელება დაადასტურეს საქართველოდან გადმოხვეწილებმაც და ამ სისაძაგლეს იმეორებდნენ ზოგიერთნი უკვე პარიზში. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ, პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა; მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილად წარმოსადგენია, რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა, რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში.  …ამიტომ, ეხლა თვითვე ვხდები იძულებული, მოგმართოთ თქვენ ამ განცხადებით და შემდეგი თხოვნით: თქვენ, რასაკვირველია, უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა (ასეთი გეგმა აქ არც კი არსებობდა), არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა და როდესაც პირველი ცნობები ამ აჯანყების დაწყების შესახებ მიიღო საქართველოს ლეგაციამ, იგი იმდენათ მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე ამ ცნობის სიმართლე არ მჯეროდა. მე გთხოვთ თქვენ, დაუყონებლივ მისწეროთ საქართველოში და საგანგებო ფურცლებით აუწყოთ ქართველ ხალხს, რომ ამ ხმებს მხოლოდ მისი ბოროტი მტრები ავრცელებენ, გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატოს…,” – ეს წერილი  გიორგი მაზნიაშვილმა 1925 წლის 18 იანვარს დაწერა, თუმცა ის არ გამოქვეყნებულა.

სასოწარკვეთილი გენერალი წერდა: “დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა… გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს”.

ამის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილი იძულებული გახდა, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის ეთხოვა, სამშობლოში დაებრუნებინათ. რამდენიმე წელში მან ეს უფლება მიიღო. საქართველოში დაბრუნებული გენერალი საკუთარ სოფელში, სასირეთში ცხოვრობდა. სამშობლოში მაზნიაშვილს  უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილმა გენერალმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.  30-იან წლებში, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, მოხუცებულ გენერალს ახლობლები და მეგობრები მალავდნენ. თუმცა 1937 წელს იგი მაინც დააპატიმრეს  და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად გასამართლების გარეშე დახვრიტეს.  

ასე დაამთავრა სიცოცხლე დღეს უკვე დაუმარცხებელ გენერლად წოდებულმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა გიორგი მაზნიაშვილმა. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი