„საშუალო დონის მასწავლებელი გიყვება, კარგი მასწავლებელი გიხსნის, ძალიან კარგი – გიდასტურებს, საუკეთესო კი – შთაგაგონებს“ – უილიამ არტურ უორდის ეს ციტატა გამუდმებით მიტრიალებს გულსა და გონებაში. როგორ გავხდე საუკეთესო მასწავლებელი, როგორ შთავაგონო ჩემი მოსწავლეები?
პირადი დაკვირვება მიჩვენებს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეთა შთაგონების საუკეთესო გზაა. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებ იმისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გავხადო შთაგონების სხვადასხვა წყარო.
განსაკუთრებულად საინტერესოა მოსწავლეების ხედვა, როგორ აფასებენ ისინი არაფორმალური განათლების როლს საკუთარ ცხოვრებაში? სწორედ ამ მიზნით, ინტერვიუს ჩასაწერად მოვიწვიე ანა. ანას ყოველთვის შეუძლია სიღრმისეულად ჩაწვდეს ამა თუ იმ საკითხის არსს და იქონიოს საკუთარი, დასაბუთებული შეხედულება.
- ანა, როგორ შეაფასებ შენს სასკოლო ცხოვრებას?
- ვფიქრობ, რომ აქტიური მოსწავლე ვარ გაკვეთილებზე და ასევე, ყოველთვის ვერთვები მასწავლებლს მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში.
- რომელ აქტივობას გამოარჩევდი?
- ჩემთვის ბოლო დროის გამორჩეული ღონისძიება იყო შეხვედრა მსოფლიო რეკორდსმენ ერეკლე ბაღაშვილთან. ამ ადამიანის მოსმენამ შემმატა მოტივაცია და დამარწმუნა, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ ძალიან მოინდომებს.
- ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის „კრეატივის სკოლის“ დამფუძნებელ კოტე იანტბელიძესთან შეხვედრა. აქ კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის და გავიაზრე, რომ არ უნდა შემეშინდეს აზრის გამოთქმა, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს იგი სხვას.
- როგორ ზემოქმედებს ამგვარი აქტივობები სოციალურ ურთიერთობებზე?
- სწორედ ამგვარ გარემოში ვახერხებთ თანაკლასელები ერთმანეთის უკეთ გაცნობას. ასევე, მეტად ვუახლოვდებით მასწავლებელს, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთგაგებას).
- რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების მხარდაჭერა. ოჯახური საუბრები მიჩვენებს სწორ გზას. მშობლების გულშემატკივრობა კი მმატებს მოტივაციას. თათია მას, არასოდეს დამავიწყდება თქვენ მიერ განხორციელებული პროექტი, სკოლაში რომ მშობლები მოდიოდნენ და საკუთარი პროფესიების შესახებ გვესაუბრებოდნენ. მაშინ მამა მოვიდა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვიყავი იმ დღეს…
- შენი რჩევა უფროსებისადმი – მასწავლებლებისა და მშობლებისადმი
- მე ვიცი, რომ ასაკობრივი სხვაობა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ჩვენს თაობას უფროსი თაობისგან განსხვავებული აზრები და მისწრაფებები აქვს. ვფიქრობ, რომ უფროსებმა მეტად უნდა მოგვისმინონ და მეტად გაგვიგონ. ჩვენ საუბარი, მსჯელობა და სწორი გზის ჩვენება გვჭირდება. დასჯითა და აკრძალვებით კი ეს ვერ მოხერხდება.
- შეაფასე შენი თაობა…
- ჩვენს თაობას ბევრი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, მაგრამ გვაკლია შრომისმოყვარეობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენს ნიჭს სწორად და ბოლომდე არ ვიყენებთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
- ანა, აქტიური მოსწავლე ხარ. აქტიურად მონაწილეობ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. რა გაძლევს ამის მოტივაციას?
- ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერა მაძლიერებს. ასევე, ვიცი, რომ ამ გზით ვიღებ ცოდნას და ვიძენ უნარებს, რომელთაც გამოვიყენებ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფორმალურ მხარესაც აღვნიშნავ, ჩემი რეზიუმე ამ გზით მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.
- ანა, არ გიხსენებია განმსაზღვრელი შეფასება (ნიშანი). ეს შენთვის უმნიშვნელოა?
- სწავლის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნა, რასაც, თავისთავად მოჰყვება ჯილდო (ნიშნები, ლეპტოპი, მედალი). ეს ყველაფერი აგვირგვინებს ჩემს შრომას, მაგრამ ჩემი თავდაპირველი მოტივაცია ნიშნები არ არის.
- დაუტოვე რჩევა შენს თანატოლებს...
- მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები;
- ჩაერთონ არაფორმალური განათლების ფარგლებში შემოთავაზებულ აქტივობებში;
- იკითხონ წიგნები (მათი საშუალებით მიეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას).
ინტერვიუს ჩაწერის პროცესი მოტივაციის მომცემი და შთამაგონებელი აღმოჩნდა ჩემთვისაც. ჩემი მოსწავლის პასუხებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნდა, რომ არაფორმალური განათლებისთვის გაღებული ძალისხმევა არასოდესაა ფუჭი.


