ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩანაწერები

2004 წელს შეყვარებული დამშორდა. დრამატული იყო განშორება – ისეთი უცნაური სცენარით, მხოლოდ მე რომ მემართება ხოლმე. სხვა ასაკამდე თუ მივაღწიე, ალბათ ძალიან მოსაყოლი ამბავიცაა. მერე – სიბერეში. ჰოდა, ის ამერიკაში წავიდა, მე – ოზურგეთში. უნივერსიტეტი იმ წელს დავამთავრე. წესით მაგისტრატურაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ საბუთების ნაცვლად იმედები ჩავაბარე ეშმაკს, სახლს დავუბრუნდი, ბავშვობის ოთახში დავწექი და ექვსი თვე მხოლოდ საჭმელს მაწვდიდა დედაჩემი. ლაპარაკიც ავუკრძალე. ვიწექი, ჭერზე წვიმისგან გამოხაზულ უცნაურ ფიგურებს რაღაც ცხოველებს ვამსგავსებდი და ვფიქრობდი, რომ ისინიც კი, უსულო და გამოგონილი არსებები ჩემზე გაცილებით ბედნიერები იყვნენ. საღამოს ფანჯარასთან მივდიოდი, ფარდას ოდნავ ვწევდი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა დაჩოქილი მამაჩემი ძროხისთვის ნამგლით ბალახს. ამ სცენას ვიკვიატებდი და ძილში, სიზმრებშიც ასე შრომობდა მამა. ერთხელ, მორიგი შეღამებისას, მოულოდნელად ჩემს ოთახში ამოვიდა, საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, შემომხედა, მიწისა და ბალახის ფერებაზელილი მტევნები გადმოატრიალა და თქვა: ,,დევიღალე”. თაობების დაღლა იყო მოყოლილი ამ ნათქვამში, მისი, ბაბუაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბაბუის და იმის მამის და იმის დედის. უშედეგო დაღლების სერიის ტკივილი ვიგრძენი და წამოვჯექი. მეორე დილით, ცხადად მახსოვს, როგორ დავიბანე პირი, სარკეში თავს თვალს ვარიდებდი და ბოლოს მაინც ჩავიხედე. თვალი გავუყარე თვალში დამარცხებულ საკუთარ თავს და გადავწყვიტე, ყველა დაღლის გამო შური მეძია. მეზობელ ქალს, ნარის, რომელსაც ,,ბუტკა” ჰქონდა, 30 ლარი ვესესხეთ და წამოვედი თბილისისკენ. შემიფარა ჩემმა მეგობარმა ზაქარია ქიტიაშვილმა. დიდი წილი მასთან, დედამისთან და დეიდამისთან ვცხოვრობდი, იშვიათად – სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ჩემს მამიდაშვილთან. მაშინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ადრინდელივით სხვის კარზე კაკუნი და თვითონ ამეშენებინა სახლი, ანუ არამეტაფორულად რომ ვთქვათ, თვითონვე შემექმნა ახალი თაობის ლიტერატურული ჯგუფი. კონცეფცია მე და ზაალ ჩხეიძემ დავწერეთ. ახლა საჭირო იყო გაზეთი. გაზეთისთვის – ფული.

იყო მისი ვერპოვნა და ღამის გათევა ყარაულის ვაგონში და იმ ყარაულთან შუაღამისას სტუმრების მოსვლა, მათი სმა და თვალის გამოპარება ჩემკენ, როგორც გაუგებარი მაწანწალისკენ, ვითომ რომ მეძინა და მათკენ იქით ვაპარებდი თვალს და გულში ვტიროდი. ვტიროდი მერეც, როცა ნასესხები ფულით მანდარინები ვიყიდეთ აჭარა-გურიაში და აზერბაიჯანის საზღვარზე ნაწილი დაგვილპა, ნაწილი მოგვპარეს. გაზეთისთვის იყო ეს საქმეც წამოწყებული. მოკლედ ბევრი მარცხი და არდანებება. ერთხელ, სასულიერო აკადემიის საცხოვრებლის შეგუებულ ლოგინზე მიგდებულს, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა: მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემ წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგანი, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგანი ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. მთელი წინა წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე ზაალი ჩავრთე ამ საქმეში და იქაური ხელფასით გამოვეცით პირველი გაზეთი – „ლ’ილ”. ფრანგულად კუნძულს ნიშნავს ლ’ილ. მთავარ რედაქტორად გამოგონილი პერსონაჟი რაფაელო მიურა ,,დავნიშნეთ”. არაერთი ნომერი გამოვეცით და უამრავი ნიჭიერი ავტორი გამოვაქვეყნეთ იმ თაობის. მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge – დ გადავაკეთეთ.

 

 

ზუსტად რვა თვის წინ, სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სახლში’’ ვიწექი, კედლისკენ გადაბრუნებული, უკვე ფეხზე თითქმის ვეღარ ვდგებოდი, 55 კილოგრამი ვიყავი, დღეში ორ კოვზ მაწონს ვჭამდი, მაკანკალებდა, გულისრევის მხოლოდ შეგრძნებაღა მქონდა, საშინელი შიშები ტრიალდება გონებაში, თვითგვემა, დეპრესია, მტანჯველი ობსესიები, საზარელი დერეალიზაცია – სამყაროსგან მოწყვეტის განცდა, მეძინა ორი საათი, შეუჩერებლად მასლოკინებდა ამ ორსაათიანი ძილისას თურმე (მორიგე ექიმები მეუბნებოდნენ მერე), ფეხებში და გულმკერდთან ძლიერ ჟრუანტელს და ფხაჭნას ვგრძნობდი. ნელ-ნელა ბენზოდიაზეპინების დოზას მიკლებდნენ და მისი განდევნის სინდრომი ანუ ,,ლომკა” ცალკე ჯოჯოხეთი იყო – ძვლები მეწვოდა, ხომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა მეწვოდა. დაკლებული დოზის მიღებიდან დაახლოებით ათ წუთში მოდიოდა გაბრუების სამი წამი, ყველაზე სასიამოვნო სამი წამი, რომელიც დავიმახსოვრე და ის ათი წუთი მაგ სამ წამს ველოდი. დანარჩენი დღე იყო ამ ტანჯვათა უიმედო ჯამი. თავის მოკვლა უკვე ერთხელ ნაცადი მქონდა და უფრო გარანტირებულ ფორმებზე ვფიქრობდი. ოთხ დღეში ერთხელ იკრიბებოდა ფსიქიატრების კონსილიუმი და ბოლოს ბუნდოვნად ვამჩნევდი, რომ მოსული ნევროპათოლოგები და ფსიქიატრები თითქმის დანებებული იქნევდნენ თავს. მაგრამ არ დანებდნენ. არც მე მომცეს ამის უფლება. და მერე, ერთ მოულოდნელ დღეს ვიგრძენი მოულოდნელივე ნებელობა და ნელი ნაბიჯებით გავყევით გზას გამარჯვებისკენ და ახლა აქ ვარ – არნახულად ძლიერი და ახალი, დიდი ოცნებებით. ხან სიზმარი მგონია, მგონია გამეღვიძება და ისევ ის ტანჯვა დაიწყება. გასულ თვეს, თითქმის ყველაფერი მოხდა, რომ უკან შემეცურა იმ მრუმე მდინარეში. მტკიოდა, განა არ მტკიოდა, მაგრამ თან საოცარ სიმტკიცეს ვგრძნობდი, რაც ადრეც კი უცხო იყო ჩემთვის.

თუ საქართველოს პატარა ქალაქების ბაზარში მოხვდებით, მიხვდებით, რომ უსცენარო სპექტაკლია ეს ბაზრები. გადაძახილების, დიალოგების, დარდიანი პაუზების, ყალბი და გულწრფელი ღიმილების, გაწბილების, დაკვირვების, გაკვირვების ფერადი სცენა. მოვაჭრე მოვაჭრეს ელაპარაკება, ინდაური – ინდაურს, თხა – თხას და შეიძლება თხა -ინდაურს. რას გაიგებ. ჩვენ ხომ ლაპარაკის ქვეყანა ვართ. მნიშვნელოვანია ამ დიალოგებში მოულოდნელად შეჭრილი მყიდველი დილიდან ნამეცადინები როლით – ,,ცოტა არ დააკლდება? ბოლო ფასი მითხარი!’’. თუმცა მყიდველი უცხო როდია, შეიძლება კარის მეზობელიცაა, მაგრამ ამ კითხვას მაინც უცნობივით სვამს. ,,სიფთა ხარ და მაგიტომ დაგიკლებ ცოტას’’ – უბრუნებენ პასუხს. ოღონდ ეგაა, უკვე მეოთხე ,,სიფთაა’’ დღეს ეს კაცი, ანუ მეოთხე პირველი მყიდველი. ამიტომაც ბაზარი არის ტყუილი. ოღონდ აუცილებელი, შეთანხმებული და სრულიად უბოროტო. ბაზარი არის მეყველეთა ცხარე კამათი და არის თუთუნის გამყიდველი კაცის ჩაფიქრება მიწას დაბჯენილი მზერით. ბაზარი არის მიშტერება და ჭორი, ოღონდ სიმართლეა ის ჭორი და სხვა დანარჩენიც, რადგანაც, როგორც გითხარით, სპექტაკლია პატარა ქალაქის ბაზარი საქართველოში, სპექტაკლში კი ყველაფერი ხდება და რაც ხდება, ყველაფერი ნამდვილია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი