ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გვჭირდება თუ არა “მწვანე” ქიმია ?

წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ თითო ვაშლი გვაქვს და ერთმანეთს ვუცვლით. რას მოიგებს თითოეული ჩვენგანი? არაფერს – ისევ თითო ვაშლი შეგვრჩება ხელში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ ერთმანეთს იდეები ან ინფორმაცია გავუცვალეთ. ამჯერად რაღას მოვიგებთ? – მივიღებთ ახალ ინფორმაციას, გამოცდილებას და შესაძლოა, ერთობლივი პროექტის იდეაც კი დაგვებადოს.

ესეც ბერნარდ შოუმ თქვა და ესეც – დიდი ხნის წინათ, მაგრამ, რომ დავუკვირდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი და ჟურნალ “მასწავლებლის” ურთიერთობა სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება: მე, როგორც ავტორი, მას საკითხის ჩემეულ ხედვას ვაცნობ, ხოლო მისგან, როგორც მკითხველი, ახალ ინფორმაციასა და გამოცდილებას ვიღებ. გამოდის, ბერნარდ შოუს ეს ჩვენზეც უთქვამს…

გაკვეთილზეც იგივე ხდება: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთმანეთს უწყვეტ რეჟიმში უზიარებენ ინფორმაციას. მოდი, მოსწავლისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია უფრო მეტად გავამძაფროთ, აი, ისე, ზარის დარეკვა და გაკვეთილის დასრულება რომ ეწყინოს. არ გჯერათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია? ჩვენ ჩვენი ვცადოთ…

ჯერ კიდევ 2009 წელს გამოეხმაურა მსოფლიო კინემატოგრაფი მაიას კალენდარს მასშტაბური ფილმ-კატასტროფით, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს ჩვენი პლანეტის დაღუპვას გვაუწყებდა. ბავშვებს მოსწონთ ასეთი მძაფრსიუჟეტიანი სურათები, მათზე საუბარიც უყვართ. ჰოდა, ავდგეთ და ვესაუბროთ, ოღონდ კატასტროფებზე კი არა, ეკოლოგიურ ქიმიაზე, ან, როგორც მას უწოდებენ, “მწვანე” ქიმიაზე.

ექსპერტების აზრით, მაიას ტომის წინასწარმეტყველება ამჯერად არ ახდება, მაგრამ თუ დაინტერესდებით და სააფთიაქო ქსელში გაყიდული მედიკამენტების სტატისტიკას ჩახედავთ, გაოცდებით – მოთხოვნის მხრივ ერთ-ერთი პირველი პოზიცია ანტიჰისტამინურ, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებს უკავია. გამოდის, რომ თითქმის ყოველ მეორეს ალერგია ტანჯავს. ეს ცუდი ეკოლოგიური ვითარების დამსახურებაა. მიზეზი უამრავია. მაგალითად, მძიმე მეტალები. გაეროს კომისიამ განსაკუთრებით საშიშ მეტალებად მიიჩნია ვერცხლი, ტყვია, კადმიუმი, ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, კობალტი, ვანადიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, სტიბიუმი. ისინი ძალიან ადვილად ერთვებიან კომპლექსწარმომქნელ რეაქციებში და სხვადასხვა ტიპის კომპლექსნაერთს წარმოქმნიან, მათ შორის – ბიოლიგანდებთანაც კი; გამოდის, რომ ცოცხალ ორგანიზმებში (ბუნებრივია, ადამიანის ორგანიზმშიც) ისინი ბიოლიგანდების შემადგენლობაში ხვდებიან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანს ადამიანის ორგანიზმი შეიცავს, – მათ გარეშე მეტაბოლური პროცესები დაირღვევა, – თუმცა მხოლოდ ზოგიერთს და ისიც – ცოტას.

ყველაზე საშიშ მეტალებს: ვერცხლისწყალს, კადმიუმს, ტყვიას – ქსენობიოტიკებსაც უწოდებენ. ისინი თიოლურ შხამებს წარმოადგენენ, რადგან ცილების თიოჯგუფებთან მდგრად ნაერთებს წარმოქმნიან. დაავადებებსაც საკმაოდ მძიმეს იწვევენ: ვერცხლისწყალი – მინამატას დაავადებას (პირველად 1956 წელს იაპონიის ქალაქ მინამატაში იჩინა თავი და სახელწოდებაც აქედან მიიღო), კადმიუმი – იტაი-იტაის. არანაკლებ საშიშია ტყვიაც. მისი ბრალის წარმოსაჩენად ისიც კმარა, რომ ბეთჰოვენი სწორედ მან იმსხვერპლა.

ალბათ გაგიგონიათ ზღვის პროდუქტების სიკეთის ამბავი. სრული სიმართლეა, თუმცა ჩვენს დროში, როდესაც ეკოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება, ზღვის ნობათი შესაძლოა ვერცხლისწყლის ნაერთების წყაროდ იქცეს. საიდან ხვდება ეს მეტალი ზღვის, მდინარის, ოკეანის ორგანიზმებში? – ნაგავსაყრელებიდან. დიახ, არ მოგჩვენებიათ… ვიცით კი, როგორ უვნებელვყოთ თერმომეტრის გატეხისას დაღვრილი ვერცხლისწყალი? ვიცით კი, რომ აპარატურის მძიმე მეტალების შემცველი ნაწილების პირდაპირ სანაგვეზე გადაყრა ჩვენთვისვეა საშიში? რა ემართება ვერცხლისწყალს ნაგავსაყრელზე მოხვედრისას? წვიმების, განსაკუთრებით – მჟავა წვიმების, ზემოქმედებით გამოთავისუფლდება და მიწისქვეშა წყლების მეშვეობით საბოლოოდ მდინარეებში, ზღვებსა თუ ოკეანეებში აღმოჩნდება (ამას ნიადაგის ეროზიაც უწყობს ხელს, რაც ტყეების მასიური განადგურების უშუალო შედეგია), იქ სპეციალური ბაქტერიების გავლენით მეთილირდება, ანუ მეთილის ჯგუფს იერთებს და მდგრად მეთილჰიდრარგირუმს წარმოქმნის, ეს უკანასკნელი პლანქტონთან ერთად პატარა თევზების ორგანიზმში ხვდება, პატარა თევზი ადრე თუ გვიან დიდის საკბილო ხდება, დიდი თევზი კი ჩვენს თეფშზე აღმოჩნდება. აი, ასეთ ჯადოსნურ წრეს კრავს ვერცხლისწყალი ჩვენ მიერ გადაგდებული გატეხილი თერმომეტრიდან ჩვენსავე ორგანიზმამდე. ოღონდ ამ გზით მიღებული ჰიდრარგირუმი ჩასუნთქულზე გაცილებით ვერაგია. რატომ? ის მეთილირებულია და ცილების მოლეკულებთან მდგრადი ნაერთის წარმოქმნა შეუძლია. ამის კვალობაზე, ორგანიზმიდან გამოსასვლელად თავისუფალი ვერცხლისწყლის ორთქლზე გაცილებით მეტი ხანი სჭირდება.

ზემოთ ტყვია ვახსენე. საიდან შეიძლება იგი ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს? – მანქანების გამონაბოლქვიდან. ოქტანური რიცხვის გადიდება შესაძლებელია ე.წ. ანტიდეტონატორების დამატებით. ამისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ ტეტრაეთილტყვიას – Pb(C2H5)4. ასეთ ბენზინს ეთილირებული ბენზინი ეწოდება. იგი ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან მისი წვისას ტყვიის ტოქსიკური ნაერთები გამოიყოფა. თითოეული ავტომანქანა, რომელიც ეთილირებულ ბენზინზე მუშაობს, ყოველ 100 კილომეტრზე 3 გრამამდე მავნე ნაერთს გამოაფრქვევს.

ტეტრაეთილტყვია ძლიერი შხამია, ამიტომ მისი გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში კანონით იკრძალება. გაცილებით ეფექტური ანტიდეტონატორია მარტივი ეთერი (მეთილიზობუტილეთერი), რომელიც არ არის შხამიანი და გარემოსაც არ აბინძურებს.

სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ არის საქმე ამ მხრივ საქართველოში – როგორ საწვავს ვიყენებთ და რა აქვს მას ანტიდეტონატორად დამატებული. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტეტრაეთილტყვია არ არის.

ალბათ, მალე დადგება დრო, როდესაც ბარელი ნავთობის კი არა, ტონა მარცვლეულის ფასს ვიკითხავთ. რატომ? იმიტომ, რომ მარცვლეული ნედლეულია, რომლისგანაც ბიოსაწვავს იღებენ. ავტომშენებლობის პიონერმა ფორდმა ჯერ კიდევ 1908 წელს შექმნა მოდელი FORD T, რომლის ძრავაც ბიოეთანოლზე მუშაობდა. ბიოეთანოლი ეთილის სპირტის გაუწყლოებით მიიღეს. თუმცა ბენზინისა და სპირტის კონკურენციის შედეგად უპირატესობა პირველმა მოიპოვა, უკანასკნელ ხანს კი ბიოსაწვავი სულ უფრო პოპულარული ხდება.

ბიოეთანოლი-ეთილის სპირტის (C2H5OH) მისაღებ ნედლეულად გამოიყენება შაქრის მაღალი შემცველობის კულტურები – ლერწამი, სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი.

ბიობუტანოლი- ბუტილის სპირტი (C4H9OH) ასევე მცენარეული ნედლეულისგან მიიღება, ოღონდ არა დუღილის შედეგად, არამედ სპეციალური ბაქტერიების მეშვეობით.

ბიომეთანოლს-მეთილის სპირტს (CH3OH) სწრაფად მზარდი წყალმცენარეებისგან იღებენ.

რატომ მიიჩნევა ბიოსპირტები ეკოლოგიურად სუფთა საწვავად? იმიტომ, რომ მძიმე მეტალებს საერთოდ არ გამოყოფს, ნახშირორჟანგს კი მხოლოდ იმდენს, რამდენსაც ატმოსფეროდან ნედლეულად გამოიყენებდა მცენარე.
გამოდის, რომ 21-ე საუკუნე სწორედ “მწვანე” ქიმიაზეა დამოკიდებული, თუმცა ცოდნა უნდა მოვიხმოთ, რომ უნებლიე შეცდომა ჩვენვე არ შემოგვიბრუნდეს.

დადგება თუ არა ოდესმე საქართველოსთვის ლოკალური “21 დეკემბერი”, ძნელი სათქმელია… მე კი მიმაჩნია, რომ როგორც ქართველობას ვერ დაშრეტ და ვერ ამოწურავ, ასევე შეუძლებელია (მიუხედავად მავანთა მცდელობისა) ჩვენი მადლიანი ბუნების ბოლომდე განადგურება.

სტატიაში დასმულ ყველა კითხვაზე პასუხს ჩემსავე ვიდეოლექციებში იპოვით, ეს ინფორმაცია კი, ვფიქრობ, გაკვეთილს უფრო საინტერესოს გახდის.

მე თქვენ საკითხის ჩემეული ხედვა გაგაცანით. თქვენგანაც იმავეს ველი. ხომ გახსოვთ, რა თქვა ბერნარდ შოუმ ჩვენს ურთიერთობაზე?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი