სკოლებში სპორტის სწავლების აწმყო და მომავალი

საქართველოს მთავრობა მუშაობს იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ჩვენი ქვეყნის სკოლებში სპორტის სწავლება ჰქვია. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს სკოლებში ფიზკულტურის სწავლების განრიგი და მეთოდოლოგია შეცვალოს და ისეთი სახე მისცეს, როგორიც მას თუნდაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აქვს.

ის, რაც კეთდება
მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლაში დაიწყო სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. თბილისში პროექტის ფარგლებში ასეთი სამუშაოები 108 სკოლაში ჩატარდა. 67 სპორტული დარბაზი უკვე გარემონტებულია. სკოლებში დახურული და ღია სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე ამოქმედდა. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ინტეგრაციით გამოიხატება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ხორციელდება.
უცხოური მაგალითები
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდა საქმეს ვერ უშველის. საკითხი იმაზე გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
 
ელგუჯა, ბიბილაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული სპორტის” თავმჯდომარე:
– ქართველები ცოტა ფიცხი ხალხი ვართ და გვგონია, ყველა პრობლემა ადვილად მოგვარდება, ამიტომ ჩვენზე შოკივით მოქმედებს, როდესაც რაიმე ისე ვერ გამოდის, როგორც გვინდა – ასეთ დროს საქმეს უმალ თავს ვანებებთ ხოლმე.

საქართველოს განათლების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სასკოლო სპორტული განათლების მიმართულებებისა და პრიორიტეტების პაკეტი.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, სპორტის რომელ სახეობებს ენიჭება პრიორიტეტი, როგორი სპორტული განათლების სისტემაზე ვაკეთებთ აქცენტს და საერთოდ, რა პროგრესულ შედეგებს უნდა ველოდეთ ფიზკულტურის გაკვეთილებისგან.

– ბატონო ელგუჯა, ფაქტია, რომ სპორტის გაკვეთილები იმ სახით, როგორითაც ახლაა ბევრ ქართულ სკოლაში, საზოგადოების აზრით, მაინც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. ელემენტარული სავარჯიშო პირობების უქონლობას რომ თავი დავანებოთ, კრიტიკას ვერ უძლებს სპორტის ზოგიერთი მასწავლებლის პროფესიული ცოდნის ხარისხი.
– სავსებით გეთანხმებით და ამიტომაც ვამბობ, რომ უწინარესად პრიორიტეტებია ასარჩევი. მაგალითად, შეერთებული შტატების სკოლებში უმთავრესად სპორტის სამ სახეობას ანიჭებენ უპირატესობას: ამერიკულ ფეხბურთს, კალათბურთსა და ბეისბოლს. სკოლებს თავისუფალი არჩევანი აქვთ, მაგრამ დირექტორები და მზრუნველთა საბჭოები ხვდებიან, რომ იმ სპორტზე აქცენტირება, რომელზეც მოთხოვნა მეტია, მათი სკოლის გუნდებს მეტ გასაქანს მისცემს.
ინგლისის სკოლებში სხვაგვარი მდგომარეობაა. იქ ხშირად ბავშვებს სპორტის ისეთ სახეობებში ავარჯიშებენ, რომლებსაც ნაკლები მაყურებელი ჰყავს და ნაკლებად პოპულარულია. ბრიტანელები ამას პატრიოტული მოტივით ხსნიან – ამბობენ, რომ მათთვის უმთავრესია ძველი და ნაკლებად პოპულარული სახეობების გადარჩენა.
გაურკვევლობა

სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სკოლაში სპორტული განათლების პრიორიტეტების კუთხით დიდი გაურკვევლობაა. მშობლების დიდ ნაწილს სურს, მათმა შვილებმა რაგბი ისწავლონ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ქართული რაგბის ბოლოდროინდელი წარმატებაა. პატრიოტულად განწყობილი ადამიანები მოითხოვენ, რომ ბავშვებმა უცილობლად შეისწავლონ სპორტის ძველი ქართული სახეობები (საინტერესოა, სად ვიპოვით მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს ლელოს, ისინდს ან ტაიჭობას ასწავლის), საკუთრივ ბავშვებს კი, როგორც წესი, ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში ურჩევნიათ.
ამ თემაზე მუშაობის დროს 13 წლამდე ასაკის თბილისელ მოზარდებს შორის მცირემასშტაბიანი გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 30 ბავშვიდან (ბიჭებიდან) 25 ამჯობინებს, სკოლაში სპორტის მასწავლებელი მათ ფეხბურთს ათამაშებდეს და მხოლოდ ფეხბურთზე ესაუბრებოდეს, ძალიან მცირე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ფიზკულტურა დროის კარგვაა – სკოლის გაკვეთილებით ისინი სპორტსმენები ვერასოდეს გახდებიან, ხოლო ის, ვისაც სპორტი უყვარს, სპორტზე ისედაც ივლის.
რაც შეეხება გოგონებს, მათი უდიდესი ნაწილი მომხრეა, სკოლის პროგრამიდან სპორტის სწავლება საერთოდ ამოიღონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათი საქმე არ არის.
წმინდა სტრუქტურული და პრიორიტეტული საკითხების გარდა, ჩვენს ქვეყანაში სასკოლო სპორტს ტექნიკური პრობლემებიც ბლომად დაუგროვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი სკოლის სპორტული მოედანი და დარბაზი შეკეთდა, ჯერ ისევ არსებობს სკოლები, რომლებიც ამ მხრივ უწინდებურად სავალალო მდგომარეობაშია (განსაკუთრებით – რეგონებში) და სასწრაფო რეკონსტრუქციას მოითხოვს. მრავალ სკოლაში, მიზეზთა გამო, სპორტული დარბაზი საერთოდ აღარ ფუნქციობს. ასეთ სკოლებში ზამთარში ვარჯიშზე ფიქრიც კი ხშირად წარმოუდგენელია.
 
წარსულის მაგალითები
როგორც ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი პაატა თავშავაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, საბჭოთა კავშირიდან მოყილებული, ქართული სპორტული განათლების სისტემას, მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, არაპროფესიონალიზმიც დიდ ზიანს აყენებდა.
პაატა თავშავაძე:
– იმ სკოლაში, სადაც ოთხი წელი ვასწავლიდი ფიზკულტურას, ძალიან უცნაური წესები მოქმედებდა. ფიზკულტურა ოფიციალურად ითვლებოდა მეორეხარისხოვან დისციპლინად და დირექტორი ნიშნების დაწერის უფლებას არ მაძლევდა. სამაგიეროდ, ფიზკულტურის მასწავლებელი მოვალე იყო, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ხარისხი ეკონტროლებინა და თუ ბავშვები მის გაკვეთილზე არ ივლიდნენ, ამაზე იგი თავად აგებდა პასუხს.
– რამდენადაც ვიცი, სკოლის დარბაზის გამოც წააწყდით პრობლემებს…

– პრობლემებს წავაწყდი. სახელმწიფო პროგრამით, ჩვენი სკოლა გასარემონტებელი სკოლების სიაში შევიდა და ყველას ძალიან გვიხაროდა, როდესაც ზაფხულში მუშები მოვიდნენ და სკოლის გარემონტება დაიწყეს.
ერთ დილას სკოლაში მივდივარ და რას ვხედავ – სპორტულ დარბაზში (რომელიც მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო) მუშებს დამპალი იატაკი აუყრიათ და მის ნაცვლად ჩვეულებრივ ფილაქანს – მეტლახს რომ ეძახიან – აგებენ. თვალებს არ დავუჯერე – ფილაქანზე ბავშვებმა როგორ უნდა ითამაშონ, ვინმე რომ დაეცეს, რამეს მოიტეხს-მეთქი. მუშებმა მითხრეს: ჩვენ რა შუაში ვართ, სკოლისთვის გამოყოფილი ფული დირექტორმა ასე გაანაწილა და ჩვენ რისი დაგებაც გვიბრძანეს, იმას ვაგებთო.
დირექტორი მიმტკიცებდა, ჰოლანდიის სკოლაში ვნახე, სპორტულ დარბაზში სწორედ ფილაქანი იყო დაგებულიო. ჰოლანდიაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ ჰოლანდიელები ასეთი რამის გამკეთებლები იყვნენ… ამის შემდეგ, აბა, იმ სკოლაში რაღა მინდოდა, ავდექი და წამოვედი.
ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფო დაინტერესებულია, ქართულ სკოლებში სპორტის სწავლების საკითხი დადებითად გადაწყდეს და სწავლების დონემაც აიწიოს. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც სპორტი მეორეხარისხოვან დისციპლინად აღარ ჩაითვლება.

კომენტარები

comments