როგორ აფასებენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებს

2012 წლის 6-24 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის მრგვალი მაგიდა და მასწავლებლის სახლის შეხვედრები ამ საგნის მასწავლებლებთან. სამოქალაქო განათლების მასწავლებლების საჭიროებათა შემსწავლელ სამუშაო შეხვედრებს სულ 266 პედაგოგი დაესწრო, რაც ამ საგნის მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 10%-ია. აღნიშნული ფორუმი მოქმედებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (ACETT).

 

შეხვედრებზე მასწავლებლები უმთავრესად სასერტიფიკაციო პროცესს განიხილავდნენ; ისინი გაეცნენ საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების 2011-2012 წლების შედეგებსა და ტენდენციებს.

საქართველოში ახლა სამოქალაქო განათლების 2914მოქმედი მასწავლებელია. მათი მხოლოდ 11% ასწავლის სკოლაში მხოლოდ ამ საგანს. დაახლოებით 50 მასწავლებელს აქვს უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაცია. მოქმედი პედაგოგების 76%-მდე ისტორიის მასწავლებელია.

სამოქალაქო განათლებაში მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა 2011 და 2012 წლებში. ამ ხნის განმავლობაში უცვლელი იყო მასწავლებლის შესაბამისი პროფესიული სტანდარტი და საგამოცდო პროგრამა. ასევე უცვლელი იყო გამოცდის გადასალახი ბარიერი(მაქსიმალური 70 ქულის 60%) და საგამოცდო ტესტის სტრუქტურა: პროფესიული ცოდნა და უნარები, მეთოდური დავალებები. ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა გამოცდისთვის რეკომენდებული ლიტერატურის ნუსხა, ისევე როგორც მათი დაბალი ხელმისაწვდომობა. ასევე ერთნაირ პირობებში იყვნენ მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის სპეციალური გადამზადების უქონლობის თვალსაზრისით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წლების მიხედვით სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის სტატისტიკა ასეთია:

2011 წ.

2012 წ.

დარეგისტრირდა

210

375

გამოცხადდა

157

301

გაასაჩივრა შედეგი

4

11

შედეგი შეეცვალა

2

10

ბარიერი გადალახა (გამოცხადებულთა %)

68 (43%)

29 (9,6%)

გამოცდის ორივე წელს გამოიკვეთა, რომ პედაგოგები უკეთ ასრულებდნენ სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ დავალებებს.

ამის შემდეგ ყოველ შეხვედრაზე იმართებოდა სტრუქტურირებული დისკუსია მცირე ჯგუფებში (3-6 პედაგოგი). თითოეულ ჯგუფს განსახილველად გადაეცა შესაბამისი დოკუმენტების პაკეტი: სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა და 2012 წლის სასერტიფიკაციო ტესტი შეფასების სქემასთან ერთად. შეხვედრის ბოლო ნაწილში ყველა ჯგუფი წარმოადგენდა ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც, დასასრულ, ჯამდებოდა. მასწავლებელთა ჯგუფების შეფასებები, შენიშვნები და წინადადებები აისახებოდა სპეციალურ კითხვარებში. მასწავლებლები კონკრეტულ ფაქტებს ყოველთვის ერთსულოვნად არ აფასებდნენ, რაც მათ დისკუსიას უფრო აქტიურს ხდიდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ სტრუქტურირებულ დისკუსიაში ჯამში 214 პედაგოგი მონაწილეობდა (52 ჯგუფად), რაც ამ საგნის მასწავლებელთა რაოდენობის 8%-ია. ეს კი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრებზე გამოთქმული დასკვნები და რეკომენდაციები საკმარისად ასახავს საქართველოში სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მდგომარეობასა და განწყობას.

პედაგოგების უმრავლესობამ ასეთი შეხვედრებით კმაყოფილება გამოხატა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისას შეჯამებული შედეგების გათვალისწინების დიდი იმედი აქვთ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისობას ამ საგნის მასწავლებლისთვის საჭირო კომპეტენციებთან მონაწილეები ასე აფასებენ:

სრულად

მეტწილად

ნაწილობრივ

მცირედ

არ შეესაბამება

29%

22%

37%

8%

4%

ზომიერად დადებით დამოკიდებულებას პროფესიული სტანდარტის მიმართ პედაგოგები ხსნიან თავიანთი თეორიული მომზადების (უმაღლესი განათლება და სწავლების გამოცდილება) ნაკლები შესაბამისობით, დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურის ნაკლებობით, ამ საგნის სწავლების მცირე გამოცდილებითა და მათი ძირითადი საქმიანობის განსხვავებული პროფილით. მასწავლებლების უმრავლესობა სკოლაში სხვა საგანს (მეტწილად – ისტორია) ასწავლის.

იმავდროულად მასწავლებლები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მოსწავლეებისთვის ნამდვილად აჯობებს, ამ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციების მქონე მასწავლებელი ჰყავდეთ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური და ნეგატიური შეფასებების განმამტკიცებელ არგუმენტებს შორის გვხვდება 2012 წლის საგამოცდო ტესტთან და არა სტანდარტთან დაკავშირებული მოსაზრებები. ასეთი რამ უფრო ხშირად მეორდება საგამოცდო პროგრამის შეფასების დროსაც.

სამოქალაქო განათლებაში მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამის შესაბამისობას ამ საგნის მოქმედი პედაგოგისთვის საჭირო კომპეტენციებთან მონაწილეები ასე აფასებენ:

სრულად

მეტწილად

ნაწილობრივ

მცირედ

არ შეესაბამება

20%

35%

33%

10%

2%

საგამოცდო პროგრამის უფრო ნეგატიური შეფასება, სტანდარტთან შედარებით, ძირითადად 2 დამატებითი არგუმენტით არის განმტკიცებული:

. საგამოცდო პროგრამა უნდა იყოს უფრო მეტად კონკრეტული და ცხადი;

. პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემულ თემატიკას, რადგან მოქმედი მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მოსამზადებელი რესურსია ხელმისაწვდომი.

დისკუსიის დროს ნათელი ხდებოდა, რომ საგამოცდო პროგრამასთან ერთად მითითებულ რეკომენდებულ ლიტერატურას მონაწილეთა მხოლოდ 25%იცნობდა. ამას ემატება ისიც, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის არ შეუთავაზებიათ არც ერთი საწვრთნელი პროგრამა, გარდა „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების” (ACETT) 6-დღიანი ტრეინინგისა, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად არ არის განკუთვნილი.

მასწავლებლების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ საგამოცდო პროგრამასა და ტესტში გასამარტივებელია ფილოსოფიის, რელიგიისა და ეკონომიკის საკითხები.

ამ და სხვა შედეგების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის საგმოცდო ტესტს მონაწილეთა 34% იცნობდა, ხოლო 2012 წლისას – 60%, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლევანდელ ტესტს მონაწილეთა უმეტესობა პირველად შეხვედრის დროს გაეცნო. ამდენად, მონაწილეთა შეფასებებზე გავლენას ახედნდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც გავიდნენ გამოცდაზე შარშან ან წლეულს.

აი, როგორ შეაფასეს შეხვედრების მონაწილეებმა 2011-2012 წ.წ. ტესტების შესაბამისობა სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის პროგრამასთან:

საგამოცდო წელი

სრულად

მეტწილად

ნაწილობრივ

მცირედ

არ შეესაბამება

2011წ.

14%

19%

19%

12%

7%

2012წ.

12%

12%

24%

31%

10%

მასწავლებლების უმრავლესობა თავის შეფასებას უკავშირებდა 3 ძირითად ფაქტორს:

. არსებულ კვალიფიკაციას;

. სასწავლო და დამხმარე რესურსებთან შესაბამისობას;

. მასწავლებელთა მიზნობრივი მომზადებისა და გადამზადების ხარისხს.

პედაგოგების უმრავლესობა სამოქალაქო განათლებაში მომავალი სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტებს შემდეგნაირად ახასიათებს:

. თემატური დიაპაზონი იყოს ფართო, მრავალფეროვანი და შეესაბამებოდეს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების თემატიკას;

. პროფესიული ცოდნის შესამოწმებელი კითხვები უფრო მეტად იყოს დახურული, არჩევითბოლოიანი და არ იყოს ჩაღრმავებული ან ზედმეტად დეტალური.

კვლავ ხშირად მეორდებოდა არგუმენტი, რომ მათთვის ხელმისაწვდომი მოსამზადებელი რესურსი სწორედ სასკოლო სახელმძღვანელოებია, თუმცა იმასაც ადასტურებდნენ, რომ მასწავლებლის ცოდნა უნდა აღემატებოდეს მოსწავლისას.

. მეთოდური და მასწავლებელთა ანალიზის უნარის შესამოწმებელი დავალებები უფრო მეტად ეფუძნებოდეს სიტუაციურ ამოცანებს. ამასთან, მეთოდური დავალებები მეტად იყოს ღია ტიპის.

მასწავლებელთა უმრავლესობა (მათ შორის – სერტიფიცირებულებიც) აცხადებს, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის განსაზღვრა-დადასტურება მხოლოდ წერითი ტესტის შედეგების მიხედვით მცდარ სურათს იძლევა: „წერითი ტესტებით მოწმდება მასწავლებლობისთვის საჭირო კომპეტენციების ძალიან მცირე ნაწილი”.

შეხვედრების მონაწილეთა მხოლოდ 25% იცნობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებულ ლიტერატურას. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს სერტიფიცირების პროცესში მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები, კერძოდ, საგამოცდო პროგრამა, 2012 წლის ტესტი, გადასალახი ბარიერის ზომა, არაადეკვატურად გადაჭარბებულად მიაჩნიათ.

კომენტარები

comments