პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სპორტის სწავლება სკოლებში

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სპორტი ადამიანის და, მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირად შეუცვლელი “წამალია”. საჯარო თუ კერძო სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო – სწორედ იმ პერიოდში აღირიცხა საქართველოში მოზარდებს შორის ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს წევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სპორტის ეროვნული სასწავლო გეგმა ადგილობრივი პირობებისა და სპორტული ტრადიციების გათვალისწინებით დგება. მაგალითად, ბუნებრივია, რომ სკანდინავიაში სპორტის ზამთრის სახეობებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, იამაიკაში კი მძლეოსნობას და არა პირიქით… არის სახეობები, რომლებიც მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაშია პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ეს “ტრადიციული სახეობები” სხვა ქვეყნებში პოპულარობით არ სარგებლობს, სასწავლო გეგმაში მათ მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. მაგალითად შეგვიძლია ამერიკული ფეხბურთი მოვიყვანოთ, რომელიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაშია პოპულარული, მაგრამ ამერიკის სკოლებში სპორტის ამ სახეობას დიდ ყურადღებას აქცევენ და ისიც ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში ევროპულ (კლასიკურ) ფეხბურთს სწორედ ამერიკულს ამჯობინებენ.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში რაგბია სპორტის წამყვანი სახეობა, ბრაზილიაში – ფეხბურთი, ინდოეთში – კრიკეტი, მონღოლეთში კი, რასაკვირველია, მშვილდოსნობა. საქართველოში ასეთი სტატუსით სარგებლობს ქართული ჭიდაობაა, რომელიც მთლიანობაში დიდად არ განსხვავდება ბერძნულ-რომაული ჭიდაობისგან ან ძიუდოსგან, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია პოპულარული. ამრიგად, საქართველოში, ისევე როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოში, სასწავლო გეგმის შედგენის დროს სკოლებს, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უწევთ ფიქრი, რამდენად დააინტერესებს მოზარდს სპორტის ესა თუ ის სახეობა.
სპორტი აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, რაც დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ მის თავიდან აცილებას, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია.
საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში სპორტის სწავლების სტანდარტი სამსაფეხურიანია. დაწყებითი, საბაზისო და საშუალო განათლებისთვის აუცილებელი. დაწყებითი საფეხური ძირითადად ბავშვისთვის სპორტის როგორც ფენომენის გაცნობას და მინიმალურ ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს. მაგალითად, პირველ ეტაპზე აუცილებელია, ბავშვმა შეიმეცნოს, რა არის სპორტი, რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი სპორტული ცხოვრების წესი და რას ნიშნავს იყო სპორტსმენი, ისწავლოს სპორტის სხვადასხვა სახეობის თუნდაც უმარტივესი წესები, მაგალითად, როგორი ქულებრივი აღრიცხვაა კალათბურთში, რა ფუნქციები აკისრია ძიუდოში მსაჯს, რამდენწუთიანია საფეხბურთო მატჩის ტაიმები და სხვა.
სპორტის სწავლების მეორე, საბაზისო საფეხურზე, VII-IX კლასებში, ბავშვები უკვე თვითშეფასებას სწავლობენ და უვითარდებათ სპორტისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მებრძოლი ხასიათი. სპორტის თანმხლები აზარტიც სწორედ ამ დროს იკიდებს ფეხს ბავშვის ფსიქიკაში. არსებობს მოსაზრება, რომ აზარტი სპორტის ერთ-ერთი უარყოფითი მხარეა, რაც მართლაც ყურადსაღები მოსაზრებაა, მაგრამ, თუ ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელის, ბრაზილიელი ვისენტე ფეოლას სიტყვებს მოვიხმობთ, აზარტის გარეშე სპორტი იგივეა, რაც ავტომობილი ძრავის გარეშე. სპორტის კონკრეტულ სახეობებსაც მილიონობით გულშემატკივარი, რასაკვირველია, სწორედ სპორტის თანმხლები აზარტის წყალობით ჰყავს.
სპორტის სწავლების უკანასკნელ, დამამთავრებელი კლასების საფეხურზე სწავლების ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა; დამოუკიდებელი სპორტული აქტივობისა და შემოქმედებითი მიდგომის სტიმულირება გაკვეთილზე და გაკვეთილების შემდეგ; ფიზიკური სრულყოფისკენ სწრაფვა; სპორტის არჩეულ სახეობებში ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფა და თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალური მომზადების შესაბამისი ფუნქციების განსაზღვრა. სწორედ ეს ეტაპია გადამწყვეტი იმაში, გახდება თუ არა ბავშვი სპორტსმენი და აირჩევს თუ არა იგი შემდგომში სპორტსმენის კარიერას.
სპორტის სახეობის არჩევისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტის კვალიფიკაცია, არსებული ინფრასტრუქტურა, რეგიონის თავისებურებები და ადგილობრივი ტრადიციები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი ან მოედანი, სასურველია, სკოლის ადმინისტრაციამ იპოვოს სოფელში ან ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. სპორტის გაკვეთილები მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს, რომ ფიზიკურ, ტექნიკურ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად მოსწავლეს მიაწოდოს ცოდნა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
საბაზო-საშუალო საფეხურზე სპორტის სახეობების ჩამონათვალიდან სკოლა ირჩევს მინიმუმ სამს, რაც შესაძლებლობას მისცემს გოგონებსა და ბიჭებს, თანაბრად დაეუფლონ გუნდურ ან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს. აღსანიშნავია, რომ სპორტის თითოეული სახეობისთვის საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები დაიწერება სამი დონის მიხედვით (I, II და III). მასწავლებელი კონკრეტული კლასის საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩევს შესაბამის დონეს და ამ დონის მიხედვით წარმართავს სასწავლო პროცესს. ასე რომ, თითოეული დონის გამოყენება ნებისმიერ კლასშია შესაძლებელი. მაგალითად, თუ მოსწავლეები მე-10 კლასში იწყებენ კალათბურთის სწავლას, მასწავლებელი სწავლებას წარმართავს კალათბურთის სახელმძღვანელოს პირველი დონის მიხედვით.
დღეს საქართველოს სკოლებში, სპორტის გაკვეთილებზე სპორტის 26 სახეობა ისწავლება. მათი უმეტესობა ე.წ. სათამაშო სახეობაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველაზე პოპულარული დღეს მთელ მსოფლიოში სწორედ სათამაშო სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, ბალახის ჰოკეი და ჭადრაკი. ამ სახეობათაგან ყველაზე პოპულარული, რასაკვირველია, ფეხბურთია. ქართველ ფეხბურთელთა მიერ წარსულში მოპოვებული წარმატებების გამოძახილი დღემდე მოგვყვება. ამიტომ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოზარდებს დღესაც ყველაზე მეტად ფეხბურთი იზიდავთ, თუმცა, უკანასკნელი წლების მაჩვენებლებს თუ გადავავლებთ თვალს, სულ უფრო მეტი სკოლა ირჩევს კალათბურთსა და რაგბის. ამის მიზეზად, რასაკვირველია, ქართველი კალათბურთელებისა და მორაგბეების ბოლოდროინდელი წარმატებები სახელდება.
ორთაბრძოლის სახეობებიდან საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ჭიდაობას. სწორედ ქართული ჭიდაობაზე გაიზარდა მრავალი ცნობილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომლებმაც შემდეგ სპორტის ოლიმპიურ სახეობეში გადაინაცვლეს. ქართულ ჭიდაობასთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებში პოპულარულია ძიუდო და სამბო, დასავლეთ საქართველოში კი ბერძნულ-რომაული ჭიდაობას ამჯობინებენ. ზოგიერთ სკოლაში აღმოსავლური ორთაბრძოლებიც (უშუ, ჯიუჯიცუ, კარატე და სხვა) ისწავლება.
ინდივიდუალური სახეობებიდან საქართველოს სკოლებში ყველაზე პოპულარულია მძლეოსნობა და სპორტული ტანვარჯიში. გარდა ამისა, ისწავლება: მხატვრული ტანვარჯიში; სპორტული აკრობატიკა; სპორტული აერობიკა; ცურვა; სათხილამურო სპორტი; ფიგურული ციგურაობა; სპორტული (ლათინოამერიკული პროგრამა) და თანამედროვე ცეკვები.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ ყველა სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და ფიზიკური განათლების გაკვეთილებში, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლებისა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება მასწავლებლების, სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობების უნარის მქონე მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სასწავლო აქტივობები, რომლებიც მათ საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისა და ინდივიდუალური რესურსების გამოვლენის საშუალებას მისცემს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას, ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების გზებსა და დამატებით აქტივობებს, რომლებიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი