პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა

ჩვენში, როდესაც ქართულ ტრადიციებზე იწყებენ საუბარს, პირველად ქართულ სუფრას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს ახსენებენ ხოლმე, თუმცა ქართველებს სხვაც ბევრი ტრადიცია გვაქვს, რომლებიც არანაკლებ საყურადღებოა.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მონდომებით გვაწერინებდნენ სკოლაში თხზულებებს და როგორ ჰგავდა ეს თხზულებები ერთმანეთს. რად ღირს თუნდაც “ვეფხისტყაოსანი” და მისი პერსონაჟები, რომელთა დახასიათება ნახევარმა საქართველომ ზეპირად იცოდა… თუ ვინმე საკუთარი აზრის გამოთქმას გაბედავდა, ეს უთუოდ შეცდომად ჩაეთვლებოდა. ამან განაპირობა მოზარდთა ნეგატიური დამოკიდებულება მშობლიური ლიტერატურის მიმართ. საკუთარი თვალთახედვის გადმოცემა ვერასოდეს მოუტანდა დამწერს ისეთ წარმატებას, როგორსაც რომელიმე “გარჩევის წიგნიდან” გადმომღერებული სხვისი ნააზრევი, რომელიც ხშირად სრულიად არ შეესაბამებოდა მოსწავლის ასაკსა და ინტელექტს. იქნებ ბევრმა გამკიცხოს კიდეც ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც უთუოდ დამეთანხმება. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ გაგიღიმებდა ბედი, როგორი მასწავლებელი შეგხვდებოდა…

როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ უნიკალური ერი, რომელმაც ზეპირად იცის უამრავი ლექსი და პარადოქსია, მაგრამ მათ მნიშვნელობაზე ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს. მოზარდები სწავლობენ ისე, რომ არ ესმით შინაარსი, მოსწონთ ლამაზად გარითმული სიტყვები, მაგრამ მათ მიღმა ვერ ხედავენ ავტორს და მის სულიერ სამყაროს, არადა, უმთავრესი ხომ ეს არის…

სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას, აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას ვიზამთ – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები ღრმად გაუდგამს.

ალბათ, ამის ბრალია, რომ საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა, რაც თავისთავად ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილისა და აზრის გამოხატვის საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ იფიქრონ და იმსჯელონ. ამაში მათ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. ის უნდა იყოს, თუ ვიგოტსკის დავესესხებით, “ხარაჩო”, საყრდენი, რომელიც მოსწავლეს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. მოპოვებული და ნასწავლი კი ბავშვმა თავად უნდა შეაჯეროს და სხვის ჩაურევლად გადაიტანოს ფურცელზე.

რა არის წერა და რაში სჭირდება თანამედროვე ადამიანს, რომელსაც ტექნიკური მიღწევების ეპოქაში უწევს ცხოვრება, წერითი კულტურის გაღრმავება და განვითარება?
წერა არის ინდივიდის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალურიც და არავერბალურიც და ეს უკანასკნელი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზეპირი კონტაქტი. საკუთარი ნაფიქრალის, ნააზრევის გადმოცემას ბევრი წერილობით უკეთ ახერხებს. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, ნაწილობრივ თავისუფლდება გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია.

წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის თემა. თემა არის ის ძირითადი საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა; იდეა, აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა ამოიცნოს ნაწარმოებში. ამის კვალობაზე, თუ მოსწავლეს ნაწარმოები დასაწყისიდან დასასრულამდე დაწვრილებით და ზედმიწევნით არ განვუმარტეთ, არ დავანახეთ პრობლემა, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ან რატომ უნდა დაწეროს.

ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა – მინიშნება მთავარ იდეაზე. მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად უნდა იპოვოს ეს მინიშნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოს არის მოცემული. ზოგჯერ ტექსტის ამოხსნა ბოლოდან იწყება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მთავარი იდეა მძივივით აკინძოს და გაამთლიანოს.

ლიტერატურა ხელოვნებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ ჩვენგანში ის სხვადასხვა გრძნობას იწვევს. სწორედ ეს გრძნობა და საკუთარი შეფასება უნდა გამოხატოს ბავშვმა ნაწერში. თუ მასწავლებელი შეძლებს, მოსწავლეს ისე გაუწიოს დახმარება, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს, ვფიქრობ, პრობლემაც მოგვარდება. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუ შეიძლება, მოზარდს ასწავლო ხატვა, რატომ ვერ ასწავლი თხზულების წერას? ვგულისხმობ პროგრამით გათვალისწინებულ თემებს და არა თავისუფალ შემოქმედებას, რადგან თავისუფალი თემის წერა ერთგვარი ნიჭია, რომელიც მდიდარი შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავია. წიგნიერი ცოდნა კი ის არის, როდესაც მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხების სწორად გამოყენება, ფრაზების, სიტყვების სწორად შეკავშირება. არის შემთხვევები, როცა ნაწერი არც ისე გამართულია, მაგრამ მასში იგრძნობა ინდივიდი. ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მეტად საგულისხმოა. ნაწერი ძალზე ღირებულია მაშინ, როდესაც ექსპრესიულია, მხატვრულ-გამომსახველობითი. ტროპული მეტყველება ნაწერს განსაკუთრებით ამდიდრებს. ჯერ კიდევ რომაელი ორატორი მარკუს ფაბიუს კვინტილიანე ამბობდა, რომ “ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როცა ეს მნიშვნელობა მდიდრდება. აქვე დავძენ, რომ თავისუფალი თემა მაშინ იწერება კარგად, როცა მოსწავლეს სწავლის პირველი, დაწყებითი საფეხური უკვე გავლილი აქვს და მისი ცნობიერება განვითარების გარკვეულ დონეს აღწევს. ძალზე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, ბუნებასთან ურთიერთობა, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოზარდს სრული თავისუფლება ეძლევა, მისი ჩარჩოში მოქცევა, რამის მითითება გაუმართლებელია. ასეთ ბავშვებს არც “საყრდენი” სჭირდებათ და არც მინიშნებები.

სწავლების დროს გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა მოზარდი მისი ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რომელიც ეხმარება და უმდიდრებს ფანტაზიას. კითხვის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი ლექსიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს. აქვე ვახსენოთ კონსტრუქტივისტული აზროვნებაც, რაც საკუთარ ცოდნაზე დამყარებით ახალი ცოდნის აგებას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს საჭირო თეორიაა, რომელიც ძალზე აადვილებს მოსწავლის შემეცნებითი უნარის განვითარებას. როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, თუ ლექსიკური მარაგი მწირი აქვს, კარგი თხზულების დაწერა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება გაუჭირდება. ამგვარად, გამოსავალი ერთია: წიგნიერი ცოდნის შეძენა.

წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ფსიქოლოგები კალიგრაფიით ადამიანის ხასიათის შტრიხებსაც კი ამოიცნობენ ხოლმე. ყველას როდი შეუძლია, წერის დროს მხატვრული ხერხები გამოიყენოს და თხრობა უფრო მიმზიდველი გახადოს, მაგრამ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამართული წინადადების აგება უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას დაასრულებს.

მასწავლებელს ევალება, ბავშვს წერა შეაყვაროს. მე, როგორც მშობელსა და მასწავლებელს, გაუმართლებლად მიმაჩნია, როდესაც მოსწავლეს აძლევენ წერით დავალებას, თხზულებას პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე, და მასწავლებელი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება თემის გაშლა, სხვადასხვა კუთხით განხილვა, – ის მხოლოდ სათაურს ასახელებს და დანარჩენზე მოსწავლემ, დაე, თავად იმტვრიოს თავი.
სათაური ვახსენე. ეს ერთ-ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც დაწვრილებით უნდა იქნეს ახსნილი. ბავშვმა უნდა გაიგოს, რას ითხოვენ მისგან. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ შეუძლებელია თხზულების დაწერა, თუ ვერ ხვდები სათაურის აზრს. წერის კულტურის განვითარება მხოლოდ პუნქტუაციის წესების დაცვა როდია; ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ კრავს ნაწერს, მთავარი კი სულ სხვა რამაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრესულად, ლოგიკურად და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობისთვის დაუსწავლელი არაფერია. მითი იმის შესახებ, თითქოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე რთული თხზულების წერაა, იმ ადამიანების შეთხზული მგონია, ვისაც სერიოზულად არასდროს უფიქრია ამის შესახებ. სირთულე ტექსტის იდეის ამოცნობა და წვდომაა, თორემ თხზულებები ცოდნასთან ერთად თავისთავად იწერება, ჯერ – მოსწავლის გონებაში, მერე კი ფურცელზე. პრობლემა გაგებაა და არა გაგებულის თხზულებაში გადმოტანა. მასწავლებლის უმთავრესი მოვალეობა კი საპროგრამო მასალის სწორად ახსნა, სინთეზურად მსჯელობა და გადმოცემაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი