ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ორიოდე სიტყვა პედაგოგების შესახებ: ჩანაწერები ჯუმბერ ლეჟავას დღიურებიდან

ბოლო რამდენიმე წელია, ზოგჯერ აქტიურად და ზოგჯერ პასიურად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვმუშაობ მსოფლიო მოგზაურისა და გინესის არაერთგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე.[1] თავის მხრივ, წიგნი დაფუძნებული იქნება მისსავე ჩანაწერებზე, რომელსაც იგი მოგზაურობის განმავლობაში ყოველდღიურად აკეთებდა. გარკვეულწილად, ესეც მისი მოგზაურობის რუტინა იყო. ცხადია, 9 წლის მანძილზე ყოველდღიური ჩანაწერები არც თუ ისე მცირე ზომის გამოვიდა და ხელნაწერის სახით დაახლოებით 7,000 გვერდი შეადგინა.  ხელნაწერების  მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ჰქონდა დამუშავებული, ნაწილი კი ჩვენ დავამუშავეთ. ზოგადად, ამ წიგნზე მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ ფაქტობრივად წიგნების სამყაროში გადამაგდო და მეც დამაფიქრა წიგნის წერაზე (თუმცა, ეს სამომავლოდ).

საბედნიეროდ, წიგნი ძალიან მალე, გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, დაახლოებით ერთ თვეში გამოიცემა და იმედი მაქვს, საზოგადოების ინტერესსა და კმაყოფილებასაც გამოიწვევს. საბედნიეროდ, ჩანაწერებში დიდი ადგილი ეთმობა მასწავლებლის პროფესიისადმი მისი დამოკიდებულების აღწერას და ინფორმაცია პირადად მისი მასწავლებლების შესახებაც საკმაოდ მოიპოვება. ვფიქრობ, ინტერნეტგაზეთის მკითხველისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ნაწილი იქნება. ამ სტატიის მეშვეობით გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან.

„ახლა კი, ორიოდ სიტყვით გამოვხატავ ჩემს დიდ სათქმელს იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რომელიც მიუძღვით ჩვენს პედაგოგებს ჩემი და ჩემი მეგობრების აღზრდასა და განსწავლაში“ – ასე იწყებს ავტორი იმ ქვეთავს, რომელიც მის პედაგოგებს ეხება და შემდეგნაირად აგრძელებს:

„სიყვარულით მოვიგონებ ქალბატონ ვერა ადამიას, გერმანული ენის მასწავლებელს, კეთილშობილ პედაგოგს, რომელიც მეხუთე კლასიდან ჩვენი დამრიგებელი იყო და ასე გაგვყვა სკოლის დამთავრებამდე. იგი მაღალი, გამხდარი, ლამაზი ტან-ფეხის ქალბატონი იყო. მაღალ ქუსლებზე შემდგარს, ლამაზად მოსიარულეს, სხვადასხვა ფერის კაბები უხდებოდა ფრიად. ნაზი ხმა და მშვიდი, დამაჯერებელი საუბარი ჰქონდა. ჩემი აზრით, ვერა მასწავლებელმა, სწავლების მეთოდით, ფიზიკური იერსახით და მოსწავლეებთან თუ მშობლებთან დამოკიდებულებებით ქართველი პედაგოგის სრულყოფილი სახე შექმნა, რომლისთვისაც კარგი იქნებოდა სხვა პედაგოგებსაც მიებაძათ.

ვერა მასწავლებელი ხშირად დადიოდა მოსწავლეთა ოჯახებში მშობელთა გასაცნობად. სწორედ მათგან ისმენდა ბავშვის დახასიათებას, აქ ეცნობოდა იმ ფსიქიკურ თუ ეკონომიკურ გარემოპირობებს, რომელშიც ცხოვრობდა და იზრდებოდა მისი მოსწავლე. ეს მეთოდი ეხმარებოდა მას მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის სტილის გამომუშავებაში. ბავშვებს სკოლაში მიგვიხაროდა, რადგან საყვარელ ვერა მასწავლებელს უნდა შევხვედროდით.

რაჟდენ ნაცვლიშვილი არა მარტო რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა, არამედ ცხოვრების წესსაც.  წლის განმავლობაში, ბავშვებს, გაკვეთილს რომ გამოგვკითხავდა, ასეთ კითხვას დაგვისვამდა: აბა, მომიყევით, რა ნახეთ ცუდი და რა გააკეთეთ კარგიო. აბა ერთი, რაღაც ცუღლუტური გეთქვათ, ნურას უკაცრავად, გაიძულებდა მთელი სერიოზულობით გემსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, რის შეფასებასაც ითვალისწინებდა საერთო ნიშნის დაწერის დროს. ხშირად მთელი გაკვეთილი კლასის კამათში გადადიოდა. კამათი რომელიმე ერთი საკითხის გარჩევით მთავრდებოდა. ამით ბატონი რაჟდენი კამათის კულტურასა და ლოგიკურ აზროვნებას გვივითარებდა.

ბავშვებს რუსულად დიალოგის წარმართვა რომ შეგვძლებოდა, ასეთ წესს მიმართავდა: წაგვიყვანდა  გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი თავისთან სახლში, ჩაისა და ნამცხვარზე მიგვიწვევდა, რათა ერთად გვემსჯელა სპექტაკლში დასმულ პრობლემებზე. ამით იგი პრაქტიკულად გვაჩვევდა რუსულ მეტყველებას, ნებისმიერი დიალოგის კარგად მოსმენას, საზოგადოებაში მსჯელობისა და აზრთა პაექრობის კულტურას, პრობლემატური საკითხების სწორად დასმას და მის გარშემო მსჯელობას, რაც მთავარია, რუსულად თავისუფალ მეტყველებას.

ბატონი რაჟდენისაგან მოსწავლეებმა ბევრი რამ ვისწავლეთ. იგი ისე გვიყვარდა ბავშვებს, რომ დიდობაშიც, კლასელების შეხვედრისას, ხშირად გვითქვამს, რომ იგი ჩვენი კლასის თილისმა იყო.

კლასის პედაგოგებიდან ხშირად ვიხსენებ ქალბატონ დარიკო მეტრეველს – გეოგრაფიის მასწავლებელს. ქალბატონი დარიკო, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან გახლდათ. საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი და გამხდარი იყო. ძალიან ცუდი სიარული იცოდა, თითქოს, ფიზიკურადაც შეუხედავი იყო, მაგრამ ბავშვებს ძალიან გვიყვარდა. გაკვეთილის ახსნისას ყველანაირად ცდილობდა სრულად და ზუსტად გადმოეცა გეოგრაფიის ნებისმიერი საკითხი და როგორც საგანი, კიდევაც შეგვაყვარა იგი. დიდებულად იცოდა მსოფლიოს გეოგრაფია და ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა. დარიკო მასწავლებელი ისე ცოცხლად აღგვიწერდა ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებას, რელიეფს, ტრადიციებს, ისტორიასა და სხვა ტოპონიმურ თუ ეთნომახასიათებლებს, იფიქრებდი, ყველა ეს ქვეყანა საკუთარი ფეხით ჰქონდა მოვლილი და საკუთარი თვალით ნანახიო. როდესაც ამის დასტურს ვთხოვდი, მორიდებულად, ოდნავი სინანულით, იტყოდა ხოლმე, რაჭისა და თბილისის მეტი, არსად ვარ ნამყოფიო. მაშინ ვფიქრობდი, ნუთუ, საგნის ასეთი სიყვარული შესაძლებელია? ამას ვწერ, რადგან არიან პედაგოგები, რომლებშიც თავიანთი საგნის ასეთ სიყვარულს ვერ აღმოაჩენთ. მიუხედავად ამისა, ბავშვები, გაკვეთილის ახსნისას, ანცობის მიზნით, მაინც ვკითხავდით ხოლმე, თუ ხართ ნამყოფი, მაგალითად, სუმატრაზე, ასე სკრუპულოზური სიზუსტით რომ გვიხსნით ამ ქვეყნის შესახებ? იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, ხომ იცით, საზღვარგარეთ არსად არ ვარ ნამყოფიო, გვეტყოდა,  სუმატრაზე კი არა, მეზობელ სოციალისტურ ქვეყნებშიც ვერ გახვალ, რადგან სსრკ-ში უმკაცრესი სახელმწიფოებრივი რეჟიმია, რის გამოც ვიზის აღება საზღვარგარეთ წასასვლელად თითქმის შეუძლებელიაო. ამის თქმისას ისეთ სახეს მიიღებდა და ისეთი ნაღვლიანი ტონით იტყოდა ხოლმე, რომ ნებისმიერს სიბრალულის გრძნობა აღეძვრებოდა იმ დროის დაბალი ეკონომიკური დონის, მკაცრი პოლიტიკური ვითარებისა და უმკაცრესი სასაზღვრო რეჟიმის გამო.

მოგზაურობის პერიოდში ხშირად ვიხსენებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს და ვიტყოდი ხოლმე, რა იქნებოდა ცოცხალი ყოფილიყო და გაეგო, რომ მისი მოსწავლე, მსოფლიოს ყველა კონტინენტისა და ყველა ქვეყნის მხილველია-მეთქი.

ქართულ ენასა და ლიტერატურას ბატონი გოგი ჩიქობავა გვასწავლიდა. ის იყო მაღალი და ოდნავ მსუქანი, ნორდისტული სითეთრის კაცი. ჰქონდა თეთრი, ქათქათა კბილები, გამოირჩეოდა ინტელიგენტური შესახედაობითა და სწრაფი, მაგრამ მოხდენილი სიარულით. ძალზე უხდებოდა სანდომიანი, მოღიმარი სახე. ოდნავი სიმსუქნე თითქოს ელეგანტურობასაც კი მატებდა. ბავშვები მისდამი ისეთი სიყვარულით ვიყავით განწყობილები, ალბათ, ნაკლად მისათვლელ მის სისრულეს  ვერც კი ვამჩნევდით.

ბატონი გოგი მაღალი ინტელექტის პროფესიონალი პედაგოგი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანი იყო. დასახასიათებლად ისიც ეყოფოდა, რომ დიდი გალაკტიონის პირადი მდივანი იყო. ბატონ გოგის იმდენად საინტერესოდ მიჰყავდა გაკვეთილი, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. იგი იყო „შავჩოხოსანთა“ ჯგუფის წევრი, ჯგუფისა, რომელიც შავი ფერით უცხადებდა პროტესტს კომუნისტურ სახელმწიფო წყობილებას, მის რეჟიმს და გამოხატავდა გლოვას საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნის გამო. იგი იყო შეურიგებელი კომუნისტური რეჟიმისადმი და ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე დისიდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. „შავჩოხოსანთა“ ბრძოლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. იმ დროისათვის მთავრობის წინააღმდეგ ასეთი ფორმით პროტესტის სახალხოდ გამოხატვა მათი მხრიდან გმირობად ითვლებოდა. საბჭოურმა უშიშროების სამსახურმა იგი დააპატიმრა და თერთმეტი წლით ქალაქ მოსკოვის „ბუტირკის“ ციხეში ჩასვა. მისი საგნისადმი ჩვენი კლასელების სერიოზული დამოკიდებულების წყალობით დავეუფლეთ გამართული ქართულით ლაპარაკს და მართლწერას. მის მიერ მოცემულ საშინაო დავალებებს ყოველთვის ბიბლიოთეკებში ვამუშავებდით, რამაც ნებისმიერ საკითხზე მუშაობის დამოუკიდებელი სტილი და კრიტიკული აზროვნება გამოგვიმუშავა.

ფიზიკის მასწავლებელი, ბატონი გულია ჩიგოგიძე, მაღალი, გამხდარი, ლამაზი, ყოველმხრივ მოწესრიგებული, უმკაცრესი, მომთხოვნი, პედაგოგთა წრეში უმაღლესი რეპუტაციის მქონე პიროვნება იყო. ამის გამო მას რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის წოდებაც კი მიანიჭეს. მოსწავლეების უმეტესობა მის საგანს შიშის გამოც სწავლობდა. ესეც აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი იყო.

ამის შემდგომ, იგი რამდენიმე მასწავლებელზე კიდევ ჰყვება და ასეთ რამეს წერს ბოტანიკისა და ზოოლოგიის მასწავლებლის აღწერისას, რაც ვფიქრობ, ბევრი მასწავლებლისათვის დღემდე დამახასიათებელი თვისებაა საქართველოში:

ერთი ნაკლი ჰქონდა ქალბატონ მანიას – თუ ვინმე ჰყავდა კლასში ამოჩემებული, არ გაახარებდა, სისტემატურად წამოაძახებდა ხოლმე საკუთარ ნაკლს, რაც უარყოფითად მოქმედებდა, როგორც მოსწავლის გუნება-განწყობაზე, ისე მთელი კლასის ფსიქიკაზეც. გარდა ამისა, ამ ქალბატონს პედაგოგის თავდადებულ მუშაობასთან ერთად ბევრი სხვა უცნაურობანიც ახასიათებდა. მაგალითად, თუ რამე შეეშლებოდა და შევუსწორებდით, არავითარ შემთხვევაში ჩვენგან შენიშვნას არ მიიღებდა. ერთხელ, მეშვიდე კლასში, წამოსცდა თუ არცოდნის გამო, სიტყვა „ლაურეატი“ „ლაუარეტის“ ფორმით თქვა. ჩვენმა მეგობარმა თენგიზ კიკაჩეიშვილმა დელიკატურად შეუსწორა, მასწავლებელო, თქვენ, ალბათ, „ლაურეატი“ გინდოდათ გეთქვათო. მცირე პაუზის შემდეგ მტერს დაატყდეს იმდენი ქოქოლა, რამდენიც მანია მასწავლებელმა დააყარა ჩვენს თენგიზს. ყველაზე ცუდი და შეუწყნარებელი ის იყო, ამგვარი განწყობა მეთერთმეტე კლასის დამთავრებამდე რომ გაგრძელდა. კიდევ სხვა უცნაურობანი ახასიათებდა ჩვენს ძვირფას მასწავლებელს. მაგალითად, კლასის სიის ამოკითხვა ნამდვილი ტრაგიკომედია იყო. ამოკითხულთა გვარებს მასწავლებელი თავის კომენტარს ურთავდა. ზოგს ქოქოლას აყრიდა, ზოგს საერთოდ არ ამოიკითხავდა და სხვა მხარეს მიტრიალებული თავისთვის მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახებდა: „აჰა!“. ერთი ასეთი რამ მინდა მოგახსენოთ: სანამ ჩვენი მეგობრის, კოტე ცქიტიშვილის მამა იუსტიციის მინისტრი იყო, სიის კითხვისას, კოტეზე იტყოდა: აი, ინტელიგენტი ბავშვიო. ბატონი გიორგის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, კოტეს გვარ-სახელის კომენტირება ასე შეიცვალა: „ეს ვინ არის, ნეტა გამაგებინა, ჰა?!“ და თუ ვინმეს წამოსცდებოდა, ინტელიგენტია, პატივცემულო, ინტელიგენტიო, მაშინ ხომ გაკვეთილი თითქმის იშლებოდა…

მიუხედავად ასეთი უცნაურობებისა, ბავშვებს მანია მასწავლებელი მაინც ძალიან გვიყვარდა, რადგან თუ სადმე სკოლის გარეთ შეგვხვდებოდა, გაგვაჩერებდა და  გვეტყოდა, ბავშვებო, თქვენთვის იმდენი სიკეთე მსურს რამდენიც ღმერთსო. ჩემს წყევლას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ხომ იცით, მარიცასავით მიყვარხართო. მარიცა მისი დისშვილი იყო, თავად გაუთხოვარს, მასზე გადაჰქონდა დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა, ალბათ, თავისი ნეგატიური კვალი დაამჩნია მის ფსიქიკას. ჩვენ იგი მაინც გვიყვარდა, რადგან ნამდვილად ავკარგიანი ქალი იყო.

მინდა გაგაცნოთ არა მარტო ჩვენი სკოლის,  არამედ, ასე ვიტყოდი, მთელი „პლეხანოვის“ გამზირის კოლორიტიც. ეს პიროვნება ჩვენი სკოლის საყვარელი მასწავლებელი, ბატონი როსტომ აბაშიძე იყო.  ლოყებღაჟღაჟა კაცი, აწკეპილი ულვაშებით, თითქმის შუაზე გაყოფილი სწორი ჭაღარა თმით. სულ მოცინარი, ოდნავ მეჩხერი კბილებით… ჩარლი ჩაპლინივით დადიოდა და სიარულისას ერთი ფეხიდან მეორეზე ისე გადადიოდა, მოძრაობისას, ალბათ, ნახევარმეტრიან ამპლიტუდას რკალავდა. ბატონ როსტომს ყველაფერი ეს ერთგვარ კომიკურ იერს სძენდა, რასაც ხაზს უსვამდა შლაპის დახურვის მისეული მეთოდიც, მნახველში რომ ღიმილს იწვევდა. გვერდზე ჩამოფხატებული ფართოფარფლებიანი ქუდით მარჯვენა თვალი საერთოდ არც კი უჩანდა. შლაპის დახურვის ამგვარი სტილი მის მოღიმარ სახეს, გაწელილი ულვაშებისა და ღაჟღაჟა ლოყების ფონზე, სასაცილოს ხდიდა. შეხვედრისას, უნებურ რომ გაგღიმებოდა და ამით უხერხული მდგომარეობა არ შექმნილიყო, მისალმებისთანავე რაღაც უნდა მოგეფიქრებინათ სათქმელად, რომ ღიმილის მიზეზს არ მიმხვდარიყო. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებს ჩვენი უპატიოსნესი მასწავლებელი ძალიან გვიყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებდით მას, როგორც პატიოსანი პედაგოგის ეტალონს. ბატონი როსტომი სსრკ-ს კონსტიტუციას გვასწავლიდა. ჩვენ, მისმა მოსწავლეებმა, კონსტიტუცია რომ არ ვიცოდით, ეს დღესავით ნათელი იყო, მაგრამ თავად ბატონმა როსტომმა იცოდა თუ არა, ამაში ეჭვი მართლაც გვეპარებოდა, რადგან კონსტიტუციის გაკვეთილის ხარჯზე, დამატებით, ყოველთვის გვიტარდებოდა მათემატიკის ან ფიზიკის გაკვეთილი. მუდამ გვარიგებდა, უმჯობესია მათემატიკა და ფიზიკა ისწავლოთ კარგად, ვიდრე ამ სასაცილო ქვეყნის სასაცილო კონსტიტუციაო. როგორი იყო ამის თქმა იმ ტოტალიტარული რეჟიმის დროს, თავად განსაჯეთ.

ჩვენს დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ ფიზკულტურის მასწავლებლები, ბატონები – სერგო დეკანოზიშვილი და ნოდარ ვარდოსანიძე. ორივენი ტანმოვარჯიშეები იყვნენ. სამწუხაროდ, ბატონი სერგო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ტანვარჯიშში მეცადინეობა კარგა ხანს ჩაშალა და მერე ბევრი ჩვენგანი ამ სპორტს აღარც დაჰბრუნებია.

ჩვენს დიდ სიყვარულს იმსახურებდა, სრულიად ახალგაზრდა ფიზკულტურის მასწავლებელი, ბატონი ნოდარ ვარდოსანიძე. ჩვენზე 7-8 წლით უფროსი თუ იქნებოდა, ამიტომ ნამდვილ უფროს მეგობრად მივიღეთ. ხშირად გვეკითხებოდა, რომელ საგანში გვიჭირდა, რომელში ვსაჭიროებდით დახმარებას. ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. დიდი სითბო და უშურველი თანადგომა გვახსოვს მისგან. მისი შესანიშნავი ალღო და ნიჭი არ გამოჰპარვია განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას და მალევე ჩვენი სკოლიდან რკინიგზელთა სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე გადაიყვანეს. აქაც გამოიჩინა თავი ახალგაზრდა სპეციალისტმა და სულ მალე სკოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რუსთავის სკოლა-ინტერნატის დირექტორად დანიშნეს, სადაც ყოველწლიურად მკურნალობდა სკოლიოზით დაავადებულ 400-ზე მეტ ბავშვს. სამწუხარო ფაქტია, რომ სკოლას, რომელსაც ბატონი ნოდარი 40 წლის განმავლობაში უძღვებოდა და ათასობით ბავშვს დაუბრუნა ფიზიკური სრულყოფილება და ჯანმრთელობა, ერთ მშვენიერ დღეს უარი უთხრეს, აღარ გვინდა შენი სკოლა და შენი სკოლის ნამკურნალევი ბავშვებიო – სკოლა მისი შესანიშნავი ეზო-გარემოთი გაიყიდა. სამოცდათხუთმეტ წელს მიღწეული ბატონი ნოდარი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო, მაგრამ ოჯახის მიერ იუბილეს გადახდის შემდეგ, ბატონ ნოდარს, დამსახურებულ სპორტსმენს, პედაგოგსა და ორგანიზატორს, სამწუხაროდ, დიდხანს აღარ უცოცხლია…“

 

და ბოლოს, თუ მასწავლებლები არ იქნებიან თბილი გულისანი, ბავშვების მოსიყვარულენი, მაღალკვალიფიციურნი, თავიანთი საქმისა და პედაგოგიური პროფესიის ერთგულნი, საკუთარი ქვეყნის პატრიოტები, ჩვენი ინტელექტუალური და სულიერი დონე დაეცემა. ეს კი მოგვიმრავლებს უცოდინარ, მლიქვნელ და მხდალ ადამიანებს…

[1] წიგნი წარმოაჩენს ჯუმბერ ლეჟავას ველო-მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო თუმცა, მისი მიღწევებისა და რეკორდების დიდი ნაწილი მოგზაურობამდე იქნა დამყარებული, მათ შორის, 1990-1992 წლებში:

 

1 საათი – 5,011 აზიდვა

6 საათი – 19,378 აზიდვა

12 საათი – 34,955 აზიდვა

24 საათი – 44,144 აზიდვა

100 დღის განმავლობაში – 1,730,000 აზიდვა

1 წლის განმავლობაში – 4,800,000 აზიდვა

1 საათი – 2,806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში

 

რაც შეეხება მოგზაურობას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მან ეს პროცესი 50 წლის შემდგომ ასაკში დაიწყო, რაც უდიდესი გამოწვევა იყო მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისათვის.

 

საბოლოოდ, 1993 წელს დაწყებული მოგზაურობა 9 წლის განმავლობაში, 2003 წლის 3 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მოიარა 238 ქვეყანა და  ორჯერ იყო ანტარქტიდაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი