შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქართული რომანტიზმი – ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები

ერთ-ერთი საინტერესო ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ქართულმა მწერლობამ გაიზიარა, რომანტიზმია _ ეპოქა, როდესაც ფორმისა თუ შინაარსის მხრივ სრულიად ახალი თვისებისა და სურნელის მქონე პოეზია შეიქმნა. ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები ქართული პოეზიის შედევრებს წარმოადგენს, რომელთა შესწავლისა და გააზრებისთვის მთელი ეპოქის მიმოხილვა გვჭირდება.

XIX საუკუნეში საქართველოში რომანტიზმის შემოსვლა ქართული კულტურის ევროპული ორიენტაციის მანიშნებელი იყო, თუმცა თავად ქვეყანა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ – რუსეთის, მერე კი უკვე საბჭოთა იმპერიის განაპირა პროვინციას წარმოადგენდა. საბჭოთა ეპოქაში ქართული რომანტიზმის შესწავლა მსოფლიო კონტექსტში წარმოუდგენელი იყო და არც არასდროს მომხდარა.
ამ ცოტა ხნის წინ კი ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეულად საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი მიიღო საჩუქრად ქართველი ლიტერატორებისგან. ესეების კრებული “ქართული რომანტიზმი – ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები” ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლიტერატორთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა მიერ.
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წიგნის რედაქტორის, ზაზა აბზიანიძის შესავალ წერილში ხაზგასმულია, რომ კრებულის ავტორთა მიზანი იყო, ერთგვარი “კულტუროლოგიური ნიშა” ამოევსოთ და, ქართული რომანტიზმის სიღრმისეულ კვლევასთან ერთად, განესაზღვრათ მისი ადგილი XIX საუკუნის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში.

როგორც ლიტერატურის ისტორიკოსი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე ამბობს, ხდება ხოლმე, რომელიმე მიმდინარეობა კულტურაში მთელ ეპოქას ქმნის და ისტორიულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ ისტორიულ ნიშანსვეტად იქცა XIX საუკუნის ქართული სინამდვილისთვის რომანტიზმი, რომელშიც განუყრელად შეერწყა ერთმანეთს პასიონარული მსოფლშეგრძნების ფორმა, ლიტერატურული მოვლენა და საზოგადოებრივი ახლომხედველობა, შემდგომ კიტა აბაშიძის მიერ “პოლიტიკურ რომანტიზმად” მონათლული.
“იმავე რუსეთიდან შემოღწეულ რომანტიზმში ჩამალულმა “თავისუფლებისმოყვარეობის ნაღმმა” დაამჩნია პირველი ბზარი კავკასიას გარსშემოვლებულ კედელს თუ ნებისმიერი კულტურული ექსპანსია ხელს უწყობს კოლონიის მეტროპოლიასთან მენტალურ კავშირს და იმ უცხოენოვანი მწერლობის ნატიფ ნიმუშებში დეკლარირებულ თავისუფლების იდეალთა განხორციელების დღეს დაპყრობილ ქვეყანაში უსასრულოდ გადაავადებს?! – აი, კითხვები, რომლებიც კარგა ხანს უპასუხოდ რჩებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული რომანტიზმის ისტორიის მკვლევართ თავად უწევდათ რუსული (თუ საბჭოთა) იმპერიის იდეოლოგიურ წნეხქვეშ წერა, ხოლო ბოლო ორი ათეული წლის შფოთსა და ორომტრიალში, როგორც ჩანს, ქართული რომანტიზმის სიღრმისეული კვლევა მიუღწეველი ფუფუნება იყო.

კრებულში წარმოდგენილია ქართული რომანტიზმის ისტორიულ-კულტურული კონტექსტის კვლევა, კახა ჯამბურიას და კახა კაციტაძის ნაშრომი, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს რომანტიზმის ფილოსოფიის სიღრმისეულ ძირებს – ანტიკური ეპოქიდან XVIII საუკუნემდე. როდესაც ავტორები ამ ისტორიულ-ფილოსოფიური რეტროსპექტივიდან ქართული რომანტიზმის იდეოლოგიური საფუძვლების კვლევაზე გადმოინაცვლებენ, ჩვენ ვხედავთ, როგორაა კონცენტრირებული მათი ყურადღება სოლომონ დოდაშვილის ფიგურაზე და როგორი “რესტავრატორის სიფაქიზით” უბრუნებენ ისინი თავდაპირველ შთამბეჭდაობას ისტორიული (ნაწილობრივ – ლიტერატურათმცოდნეობითი) ბედუკუღმართობით გაფერმკრთალებულ პორტრეტს ამ დიდი ქართველი მოაზროვნისა.

ქართული რომანტიზმის ფილოსოფიურ-იდეოლოგიური წანამძღვრების თვალმიდევნებას კრებულში სავსებით ლოგიკურად განაგრძობს წიგნის სათაურშივე გაცხადებული ინტერნაციონალური საზღვრების “დემარკაცია”, რომელმაც თვალნათლივ უნდა წარმოგვიჩინოს ქართული რომანტიზმის ადგილი XIX საუკუნის მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე.

ორი საუკუნის გადასახედიდან ხელახალი მიბრუნება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპისა თუ ამერიკის საკულტო ფიგურებად ქცეული რომანტიკოსების შემოქმედებასთან, მათ ლიტერატურულ გარემოცვასთან, მთლიანად რომანტიზმის ეპოქის კულტურასთან – “კომპარატივისტული ცნობისწადილით” შეპყრობილ ქართველ მკვლევართათვის უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მკითხველი ჩაერთვება იმ საინტერესო პროცესში, რასაც ტიპოლოგიურ მსგავსებათა აღმოჩენა ჰქვია იმ კულტურათა შორის, რომელთაც, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ხელოვნებასა და ლიტერატურაში “რომანტიზმად” სახელდებული “კრიზისული ცნობიერების” ეპიდემია მოედო.

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი (რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, აგრეთვე, როგორც ფრანგული ლიტერატურის ჩინებულ მთარგმნელს) გვთავაზობს ესეს “ევროპული რომანტიზმის პანორამა”, ბრიტანული და ამერიკული რომანტიზმის შესახებ გავეცნობით თეიმურაზ კობახიძის ნაშრომს, აქვეა თამარ კოშორიძის ესე იტალიური რომანტიზმის შესახებ, მერი ტიტვინიძე – ესპანური, ხოლო შორენა შამანაძე გერმანული რომანტიზმის შესახებ გვესაუბრება, რუსულ და პოლონურ რომანტიზმს კი თამარ ციციშვილი წარმოგვიდგენს.
გაგა ლომიძის ესე “ევროპიდან – საქართველოში” ჩაფიქრებულია როგორც ერთგვარი “ხიდი” კრებულის ორ ძირითად ნაწილს შორის. ასეთივე ფუნქცია, ოღონდ სიმბოლოლოგიის რაკურსით, აკისრია ქეთევან ელაშვილის გამოკვლევას – “სიმბოლო ქართულ და ევროპულ რომანტიზმში”.

საქართველოში რომანტიზმის თანამდევი იყო ლიტერატურული სალონების წარმოშობა. პროცესების უკეთ გასაცნობად, მოსწავლეებთან საუბრისას, პედაგოგებს გამოადგებათ ქეთევან ნინიძის მიმოხილვა ”ლიტერატურული ყოფა და სალონური კულტურა”.

ქართველ პედაგოგებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობას რომანტიზმის ეპოქის შესწავლისას განსაკუთრებით დაეხმარებათ ზაზა აბზიანიძის ლიტერატურული პორტრეტები, რომლებიც ქართველ რომანტიკოს პოეტთა (ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ვახტანგ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის) ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გზას წარმოაჩენს. ამავე თვალსაზრისით საყურადღებოა მერაბ ღაღანიძის ანალიტიკური ესე “რას გვაუწყებს დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის “საფლავი მეფის ირაკლისა” და მაია ჯალიაშვილის “ქართული რომანტიკული პროზა”.

როგორც ზაზა აბზიანიძე ამბობს, კრებულის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ წინამდებარე ნაშრომი დაეხმარება ახალი თაობის მკითხველს, შეიგრძნონ მეტაფიზიკური მიზიდულობა რომანტიზმისა, რომელშიც, შელის თქმით, “სილამაზის ელფერი ერწყმის ტანჯვის წყვდიადს”.
ქართველი მეცნიერები ამ კრებულით იწყებენ პროექტს, რომელიც ქართული მწერლობის პერიოდებისა და მიმართულებების კვლევას ისახავს მიზნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი