– გულწრფელად მითხარით, გამოვა ამისგან რამე?
ასე იწყება დიდი საფეხბურთო კარიერის მშობლური აუდიტი. ბავშვი ჯერ ექვსი წლისაც არ არის, გუშინ პირველად ისწავლა მარცხენა ფეხით ბურთის გაჩერება, დღეს ვარჯიშზე ორჯერ წაიქცა, ერთხელ ბურთიც დაკარგა, მშობელი კი უკვე პასუხს ითხოვს კითხვაზე: გამოვა მისგან ფეხბურთელი თუ არა?
მწვრთნელი ჩაფიქრდება. მშობელი ელოდება. ბავშვი კი ამ დროს სადღაც მოედნის კუთხეში ბურთს დასდევს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მის მომავალ კარიერას განიხილავენ.
„გამოვა?“ – თითქოს ბავშვი პროდუქტი იყოს
ამ კითხვაში თითქოს ყველაფერი მარტივია: თუ გამოვა – ვაგრძელებთ, თუ არა – სხვა საქმე უნდა მოვძებნოთ. მაგრამ რას ნიშნავს საერთოდ „გამოვა“?
გახდება პროფესიონალი? ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში? გამოიმუშავებს მილიონებს? თუ უბრალოდ კარგი სპორტსმენი გახდება, რომელიც დისციპლინას, მეგობრობასა და შრომას ისწავლის – ესეც „გამოსვლაა“?
ალბათ აქ არის ბავშვთა სპორტის ყველაზე უცნაური პარადოქსი: ჩვენ ბავშვს სპორტზე ვუშვებთ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ კარიერას ვთხოვთ.
მშობელიპროგნოზი სჭირდება, ბავშვს კი – დრო
- „ნიჭიერი ჩანს?“
- „სხვებს სჯობია?“
- „უფროსებში როდის გადაიყვანთ?“
კითხვები მრავლდება, ბავშვს კი უბრალოდ თამაში უნდა. მას არ აინტერესებს, 15 წლის შემდეგ სად იქნება, არც სატრანსფერო ფასი აქვს დათვლილი და არც კარიერული გეგმა გაწერილი. დღეს ბურთი კარგად გააგორა – ბედნიერია, ხვალ ვერ გააგორებს – ეწყინება, ზეგ კი ისევ ითამაშებს.
ხშირად მშობელი ითხოვს, მწვრთნელმა ზუსტად განსაზღვროს ექვსი წლის ბავშვის მომავალი, თითქოს ხელში საფეხბურთო ბროლის ბურთი ეჭიროს. მაგრამ სპორტი პროგნოზების მეცნიერება არ არის. ბავშვი იზრდება, იცვლება მისი სხეული, ხასიათი და გარემო. ადრეულ ასაკში გაკეთებული ერთი შეფასება საბოლოო განაჩენი ვერ იქნება.
როდესაც სიყვარული მოლოდინად იქცევა
რატომ გვაინტერესებს ასე ძალიან? იმიტომ, რომ მშობელს შვილისთვის საუკეთესო მომავალი უნდა. ამაში ცუდი არაფერია. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც მხარდაჭერა მკაცრ მოლოდინში გადაიზრდება:
- „უნდა ივარჯიშო!“
- „უნდა მოიგო!“
- „მწვრთნელს უნდა დაუმტკიცო!“
ბოლოს კი საქმე იქამდე მიდის, რომ ბავშვისთვის ყოველი მატჩი გამოცდაა, ყოველი შეცდომა – მინუსი, ყოველი მარცხი – იმედგაცრუება. სადღაც ამ ყველაფრის შუაში კი ქრება მთავარი – თამაშით მიღებული სიამოვნება.
იქნებ კითხვა სხვანაირად დავსვათ?
იქნებ, მწვრთნელს ის კი არ უნდა ვკითხოთ: „გამოვა ამისგან რამე?“ – არამედ: „როგორ დავეხმარო, რომ საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს?“
ეს ორი კითხვა სრულიად სხვადასხვა გარემოს ქმნის:
- პირველი შედეგს ითხოვს და ბავშვს უყურებს როგორც მომავალ პროფესიონალს.
- მეორე შესაძლებლობას აძლევს და მას უბრალოდ ბავშვად აღიქვამს.
ყველა ბავშვი ფეხბურთელი ვერ გახდება
ეს ალბათ ყველაზე რთული მისაღებია მშობლისთვის. შესაძლოა, ბავშვმა წლობით ივარჯიშოს, მაგრამ პროფესიონალი ვერ გახდეს. შესაძლოა, ერთ დღესაც თქვას: „აღარ მინდა ფეხბურთი“, – და ეს ტრაგედია არ არის.
სპორტის ღირებულება მხოლოდ კონტრაქტით არ იზომება. თუ ბავშვმა მეგობრობა ისწავლა, მარცხის შემდეგ ადგომა შეძლო და საკუთარი თავი უკეთ გაიცნო – მისგან უკვე გამოვიდა რაღაც. იქნებ ეს „რაღაც“ უბრალოდ ბედნიერი და კარგი ადამიანია? და იქნებ ეს სწორედ ის კითხვაა, რომელიც მშობელმა ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუსვას?
გამოვა მისგან რამე?
დიახ. თუ მას თამაშის უფლებას მივცემთ, მისგან აუცილებლად გამოვა რამე: შესაძლოა ფეხბურთელი, შესაძლოა ჩემპიონი, შესაძლოა სრულიად სხვა პროფესიის წარმომადგენელი. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში საკუთარი თავის ძებნის უფლება ჰქონდა.


