ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
29 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026

ვრცელი ტექსტების სწავლების შესახებ

ამ წერილში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ვრცელი ტექსტების სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და ამ სირთულეების დაძლევის გზებზე.

როგორც ვიცით, რომანი, პოემა თუ ვრცელი მოთხრობა მოითხოვს ხანგრძლივ კონცენტრაციას, სიუჟეტის დამახსოვრებას, ემოციურ ჩართულობასა და ინტერპრეტაციას. ეს მაშინ, როცა თანამედროვე მოსწავლე ფრაგმენტულ, სწრაფ ინფორმაციულ გარემოში ცხოვრობს, სოციალური ქსელების, TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოების „სქროლვით“ დაკავებულს, იმთავითვე აშინებს წასაკითხი გვერდების რაოდენობა.

როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მოსწავლე ვრცელი ტექსტის კითხვისას ბოლომდე იყოს მოტივირებული და, მიუხედავად ხანგრძლივობისა, შეინარჩუნოს ინტერესი ნაწარმოების მიმართ?

ძალიან ხშირად მასწავლებლები ტექსტზე მუშაობას იწყებენ ავტორის ბიოგრაფიის თხრობით, ეპოქის მიმოხილვით, ლიტერატურულ მიმდინარეობაზე საუბრით. ნაკლებსავარაუდოა, ასეთი ლექციით მოსწავლის ემოციურ ჩართულობას მივაღწიოთ, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეკომენდაციაა: დაიწყეთ ინტრიგით. მაგალითად, სანამ „დიდოსტატის მარჯვენის“ შესწავლას დავიწყებდეთ, ვაჩვენოთ სვეტიცხოვლის ტაძრის ჩრდილოეთი ფასადის ცენტრალურ თაღში გამოსახული მარჯვენა, რომელსაც გონიო უჭირავს და იქვე ამოტვიფრული წარწერა. შესაძლოა, რომელიმე მოსწავლემ იცოდეს ლეგენდა სვეტიცხოვლის აღმშენებლის შესახებ. მივცეთ მას საშუალება, გაუზიაროს ცოდნა თანაკლასელებს, მერე კი მოსწავლეებს გავაცნოთ რომანის ეპიგრაფი და სადისკუსიოდ დავუსვათ კითხვა: „როგორ ფიქრობთ, სვეტიცხოვლის კარგად აგებისთვის ხელის მოჭრა ლეგენდაა თუ სინამდვილე? რატომ გგონიათ ასე?“

არის სხვა ვარიანტიც – წავუკითხოთ ციტატა თავად რომანის პროლოგიდან: „მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ, მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და სხვა არაფერი“, – და ვკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ამ სიტყვებს და რატომ.

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ამ კითხვაზე / კითხვებზე პასუხს ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მიიღებენ.

როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში ფართოდ არის გავრცელებული პრაქტიკა, როცა ვრცელი ტექსტი მცირე ეპიზოდებად იყოფა და თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელ აზრობრივ ან/და პრობლემურ ერთეულად მუშავდება. ასეთ ეპიზოდზე მუშაობის დაწყება შეიძლება სადისკუსიო შეკითხვით. მაგალითად: „როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, ადამიანმა ძალაუფლების გამო უახლოეს ადამიანს უღალატოს?“ ეს კითხვა შეიძლება დაისვას „დიდოსტატის მარჯვენის“ პირველი სამი თავის წაკითხვამდე. ამის შემდეგ შეიძლება, გავაცნოთ მოსწავლეებს ამ თავების მოკლე შინაარსი და გამოვიყენოთ „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდი – ვთხოვოთ, შინ ჩაწერონ პოდკასტი (ინდივიდუალურად, წყვილებში ან მცირე ჯგუფში) ან სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად დაწერონ ტექსტი, რომელშიც გამოიყენებენ თავიანთი პოზიციის დამადასტურებელ მონაკვეთებს რომანიდან.

ვრცელ ტექსტებზე მუშაობისას ფართოდ არის გავრცელებული ე.წ. კლიფჰენგერის მეთოდი, რომელსაც ეფექტურად იყენებენ სერიალებში. ამ მეთოდის თანახმად, მოკლედ ვუამბობთ მოსწავლეებს ეპიზოდის შინაარსს და ვწყვეტთ თხრობას ყველაზე დაძაბულ მომენტში, საიდუმლოზე, რომელსაც მხოლოდ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ამოხსნიან ან კონფლიქტზე, რომლის გადაჭრის ავტორისეულ ვერსიას ასევე წაკითხვის შემდეგ გაიგებენ.

ეფექტიანად მიიჩნევა ისეთი ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა „კვალი ტექსტში“. ტექსტის კითხვისას მოსწავლემ უნდა დატოვოს თავისი კვალი: კომენტარები მინდორზე, ემოჯიები, კითხვები, სტიკერები წარწერებით, პირობითი ნიშნები (მაგალითად, ძახილის ნიშანი – „საყურადღებოა“, კითხვის ნიშანი – „სადავოა“ და ა.შ.).

როგორც საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, თანამედროვე მოსწავლეთა განსაკუთრებულ ჩართულობას და ინტერესს იწვევს პერსონაჟების „ცოცხალ ადამიანებად გადაქცევა“. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან პერსონაჟის Instagram-ი, TikTok-ვიდეო, ინტერვიუ, ორი პერსონაჟის საერთო ჩატი (მაგალითად, რა მიმოწერა ექნებოდათ შორენასა და არსაკიძეს გვიან ღამით მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ მისი და ხევისბერების შეთქმულების ამბავი შეიტყო).

ტექსტის მიმართ მოსწავლეების ინტერესის აღძვრის, მასში წვდომისა და ემოციური ჩართულობის შესანარჩუმენლად საინტერესო მეთოდია „დაკარგული გვერდი“. მოსწავლეები საკუთარი წარმოსახვით და ტექსტში არსებულ მინიშნებებზე დაყრდნობით აღადგენენ გამოტოვებულ სცენას, პერსონაჟის ფიქრებს, წერილს. მაგალითად, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ შესწავლისას მოსწავლეებს შეიძლება დავავალოთ, წარმოსახვით აღადგინონ არისტოს ოჯახის გაყოფის სცენა, სანამ სახლის ნაცვლად ფიცრები დარჩებოდა ან იმ გლეხის (ნათლიმამის) ფიქრები, რომელთანაც სტუმრად მოსული კოტე მიიყვანა; „ჯაყოს ხიზნების“ შესწავლისას შეიძლება აღვადგენინოთ ნინიკასა და სოფლის ახალგაზრდების შეკრების სცენა, რომელიც ჯაყოსთვის ძალადობით, უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევას ეხება ან ტომარააკიდებული მარგოს აღსარებითი მონოლოგი.

მასწავლებლებისთვის ცნობილია „იმიტირებული სასამართლოს“ მეთოდი, ბევრი იყენებს კიდეც მას, რადგან ტექსტის გასაააზრებლად განსაკუთრებით ეფექტიანია. შეიძლება გაიმართოს, მაგალითად, გიორგი პირველის ან თეიმურაზ ხევისთავის სასამართლო, რომელზეც მოსწავლეები ამხელენ (ბრალს სდებენ) ან იცავენ პერსონაჟს, რისთვისაც მოჰყავთ ციტატები, მონაკვეთები ტექსტიდან.

თუ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლები ხშირად იყენებენ პერსონაჟის რუკას, საშუალო საფეხურზე სასურველია, მოსწავლეებს შევავსებინოთ „პერსონაჟის ფსიქოლოგიური რუკა“, რომელიც შეიძლება ასე გამოიყურებოდეს (ჩამონათვალში ცვლილება დამოკიდებულია ლიტერატურულ მასალაზე):

პერსონაჟის თვისება / სულიერი მდგომარეობა დამადასტურებელი მონაკვეთი ტექსტიდან
შიში
სურვილი
სისუსტე
ნიღაბი
რეალური სახე

 

ალბათ ყველასთვის ცნობილია დიფერენცირების მეთოდი RAFT (როლი – აუდიტორია – ფორმა – საკითხი), რომელიც გულისხმობს მოსწავლის გააზრებულ არჩევანს წერითი დავალების შესრულებისას. ეს არის სტილის/ცოდნის/ინტერესების მიხედვით სწავლის დიფერენცირების ეფექტური საშუალება. ამავდროულად, ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეთა იდეების გენერირებისა და ტექსტის ანალიზის, ინტერპრეტირების, შეფასების უნარებს ვაკვირდებით. დავალების შესასრულებლად მოსწავლე იძულებული ხდება, არაერთხელ მიუბრუნდეს ტექსტს. გთავაზობთ RAFT-ის მეთოდით დაგეგმილი დავალების ერთ ვარიანტს, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს „დიდოსტატის მარჯვენის“ წაკითხვის შემდეგ:

პერსონაჟი, რომლის თვალთახედვითაც უნდა შესრულდეს წერითი დავალება აუდიტორია, რომლისთვისაც იქმნება ტექსტი ფორმა, რომელსაც ირჩევს ავტორი საკითხი (თემა), რომელზეც უნდა შესრულდეს წერითი დავალება
•        განმგეთუხუცესი

•        შორენა

•        კონსტანტინე არსაკიძე

•        ფარსმან სპარსი

•        გიორგი მეფე

•        მელქისედეკი

•        სვეტიცხოვლის მშენებელი მონა

•     ეკლესიის მრევლი

•     საკუთარი თავი

•     მომავალი თაობა

•     სვეტიცხოვლის მუშები

•     ახალგაზრდობა

•     მოწინააღმდეგეები

•     მეფე გიორგი

•      დღიური

•      ქადაგება

•      წერილი

•      თხოვნა

•      ანდერძი

•      თეთრი ლექსი

•      მონოლოგი

•     ხელოვნების მარადიულობა

•     ხელოვანის ბედი

 

ერთი რეკომენდაცია, რომელიც, სასურველია, ყველა მასწავლებელმა გაითვალისწინოს: თუ მოსწავლემ არ წაიკითხა დავალებად მიცემული ტექსტი ან ტექსტის მონაკვეთი, ნუ დასჯით მას დაბალი ქულით, ნუ აავსებთ საყვედურებით კლასის წინაშე. უმჯობესია, ჩართოთ ჯგუფურ სამუშაოში, კლასშივე წააკითხოთ მოკლე მონაკვეთი და გამოათქმევინოთ აზრი. ასე დააბრუნებთ მას ტექსტთან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

დამალული მათემატიკა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“