„სოლომან მორბელაძის“ სწავლებისათვის
ერთ–ერთი თანამედროვე ფსიქოლოგი დიდი დანანებით აღნიშნავს, რამდენად უჭირთ მოსწავლეებს, ზოგადად, მობილურ თაობას, ქართული მწერლობის ნიმუშთა გაცნობა, შესწავლა და გათავისება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი სახელგანთქმული მწერლების შემოქმედება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ტრაგიკულ და ცრემლიან ამბებზე მოგვითხრობს. მოსწავლეებს კი ასეთი ნაწარმოებები რთულად და მძიმედ აღსაქმელად ეჩვენებათ.
საბედნიეროდ, ჩვენი გონიერი ახალი თაობის მსჯელობით, მთავარია ლიტერატურა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეალურ წარსულს, აწმყოსა და მომავლის პერსპექტივებს გვთავაზობდეს და მაშინ ნაწარმოებთა ტრაგიკულ პათოსშიც შეიძლება უკეთესი მომავლის მოდელის განჭვრეტა.
თუ რომელიმე ქართველი მწერლის შემოქმედებაში ტრაგიკულისა და კომიკურის შესაშურ სინთეზს აღმოვაჩენთ, ასეთი უპირველესად – დავით კლდიაშვილია.
მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ სინამდვილესა და ადამიანთა სულის დაფარულ სამყაროს უბადლო მხატვრული სიტყვით გულთამხილავივით წარმოგვიდგენს ქართველ სერვანტესად წოდებული მწერალი.
მისი პერსონაჟი სოლომან მორბელაძე, პლატონ სამანიშვილივით ე.წ. როსინანტზე არა, მაგრამ მორჩილ ჯორზე კი ამხედრებულა და ისე მოგზაურობს იმერულ სოფლებში.
მოსწავლეთა ყურადღებას თავიდანვე იპყრობს მისი გარეგნულად მხიარული, ხალისიანი, იუმორითა და, ერთი შეხედვით, იშვიათი გულღიაობით გამორჩეული მანერები. ნაწარმოების სახელწოდების, ეპოქის მიმოხილვისა და ტექსტის სხვადასხვა ფორმით (კითხვა, კომენტირება, კითხვა–პასუხი, გეგმის მონახაზები, მხატვრული ენა, დიალექტური ფორმები, როლური თამაში და ა.შ.) დამუშავების კვალდაკვალ მოსწავლეთა ცნობიერებაში თავის ადგილს სამუდამოდ იჭერს სოლომან მორბელაძის მხატვრული სახე, როგორც ერთგვარი ხიდი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.
მასთან ერთად მოსწავლეების წინაშე იკვეთება ქართული ტრადიციების, საქორწილო რიტუალებისა და „მაშვლობის“ ინსტიტუტის შინაარსი, იძერწება ქართველი გაღატაკებული და ისტორიული ავანსცენიდან მიმავალი სოციალური კლასის წარმომადგენელ აზნაურთა ცხოვრებისეული პროფილები და ინდივიდუალური საწუხარი.
ნაწარმოებში ნაჩვენები არცთუ მცირე გეოგრაფიულ–სოციალური პანორამა ქმნის კონტრასტულ ფონს ადამიანთა ხასიათების საჩვენებლად. თითქოს თვალნათლივ წარმოგვიდგება ქორწილის დღეს დარბაისელი თეთრწვერა მოხუცი, კეთილშობილი აზნაური გარდასული საუკუნეებიდან შეუბღალავი ღირსებითა და საუკეთესო რჩევებით, რათა პატარძლის ოჯახის სახელი და რეპუტაცია დაიცვას, უფრო მეტად კი, გაუფრთხილდეს და დაიცვას სიყვარული, რომელიც ახალი ოჯახის შექმნის წინაპირობაა.
წარმოგვიდგება ქაიხოსრო საქარაძისა და ბესარიონ ქათამაძის მატერიალისტური ძიებანი, ქორწინების რეალურ მოტივად არსებული ფინანსური გარიგებები. ბუნდოვანი პერსპექტივების ხელშესახებ რეალობად ქცევის ანგარებიანი სურვილები მოსწავლეთა შეხედულებით ძალიან შორსაა იმ გრძნობებისაგან, რომელთაც რეალურად სამყაროს შეცვლა, პროგრესი მოაქვთ. სამაგიეროდ მოზარდები კარგად ხვდებიან, როგორ იქცევა თავისივე „პროფესიის“ მსხვერპლად მოტყუებული სოლომანი. მათში განსაკუთრებულ თანაგრძნობას იწვევს მორბელაძის უკანასკნელი მონოლოგი, რომელიც ფარდას ხდის პერსონაჟის დიდ სულიერ ტრაგედიას, მის შინაგან ორთაბრძოლას ღირსებასა და უღირსებობას, ტყუილსა და სიმართლეს შორის. ოდესღაც მაღალი იდეალების მსახური აზნაურების შთამომავალი ხომ აზნაურთა კლასის მისიის დასრულების შედეგად იძულებულია „გაფშიკებული კუჭის“ ამოსავსებად არსებობისათვის თავგანწირულ ბრძოლაში ყველა ხერხი გამოიყენოს.
თითქოს ქართველი აზნაურების ყოფის ამსახველი ნიკო ნიკოლაძის წიგნიდან გადმოსული, ქუთაისის ბაზრისაკენ მამლის გასაყიდად ფარულად მიმავალი, ყაბალახმოხვეული აზნაურიც ჩანს სოლომანის ჯორის თვალებში, უშველებელი „კალმით“–თოხით მიწაზე მომუშავე სოლომანის შვილიც, ჯიბეცარიელი სიძე ნიკოც, ხარის ტყავით დასაჩუქრებული სოლომანიც და განუმეორებელი იმერული კოლორიტული სამყარო, საიდანაც მთელი საქართველოს და არა მარტო საქართველოს, ესპანელი იდალგოებისა და გრანდების და ინგლისელი დენდებისა და სასიძო–საპატარძლოების მხიარულ–სევდიანი კარნავალის კონტურებიც ისახება.
მოსწავლეები შემოქმედებითი დავალების იდეასაც ასხამენ ხორცს. როლური კითხვის შემდეგ ჟანრულად ცვლიან ტექსტს და მოთხრობის ფორმატიდან პიესად აქცევენ ნაწარმოებს, რითაც ქართული თეატრალური ტრადიციის გამზიარებლებიც ხდებიან.
ამგვარი პროცესი კიდევ უფრო აახლოებთ მწერლის სამყაროსთან, მის სათქმელთან, უადვილებთ გარდასული ეპოქების მღელვარე და მტკივნეული ნერვის ფეთქვის შეგრძნებას და აფიქრებთ თავიანთ თანამედროვეობაზე – რომელი ტრადიციული ღირებულებები შეინარჩუნა ქართველმა კაცმა 21–ე საუკუნეში, რა განაპირობებს დღეს საქორწინო რიტუალებს, არსებობს თუ არა მაშვლობის ინსტიტუტი, რას ეფუძნება ქორწინება, როგორც მოვლენა, იდება თუ არა საქორწინო ხელშეკრულებები და ა.შ.
როგორც გალაკტიონი იტყოდა, შავი ზღვისპირეთში განუმეორებელი სოლომან მორბელაძე, მართალია, დიდი სოლომონ ბრძენის დაკნინებულ ინტერპრეტაციად წარმოჩნდება მოთხრობაში, მაგრამ ამავე დროს თავისი მხატვრული სახით ეპოქათა მაკავშირებლად, მოვლენათა საინტერესო პრიზმად აღიქმება და მიუხედავად დრამატულობისა, მაინც ქართველი კაცის ოპტიმისტური ხასიათის მნიშვნელოვან თავისებურებებზე ფიქრისაკენ უბიძგებს მოსწავლეთა თაობებს.


