გაკვეთილზე მოსწავლეთა ყურადღებისა და ჩართულობის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეები რამდენიმე აქტივობის შემდეგ იღლებიან, ყურადღება ეფანტებათ ან აქტიურად აღარ ერთვებიან სასწავლო პროცესში. ასეთ დროს ყოველთვის არ არის საჭირო გაკვეთილის შეწყვეტა ან ხანგრძლივი შესვენება – ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე წუთით აქტივობის ტიპის შეცვლა.
სწორედ ასეთ მომენტებში შეიძლება გამოვიყენოთ ენერჯაიზერები – მოკლე, მარტივი და მიზანმიმართული აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ფიზიკურ ან გონებრივ გააქტიურებას, ყურადღების აღდგენას, ურთიერთობას და სასწავლო პროცესზე ხელახლა გადართვას უწყობს ხელს.
რას ნიშნავს ენერჯაიზერი?
Energizer ინგლისური სიტყვაა, რომელიც energy-სგან (ენერგია) წარმოდგება. პირდაპირი მნიშვნელობით, energizer არის ის, რაც ენერგიას მატებს, ააქტიურებს.
საგანმანათლებლო კონტექსტში ენერჯაიზერი ეწოდება მოკლე მიზანმიმართულ აქტივობას, რომელიც მოსწავლეების ყურადღების, ფიზიკური ან გონებრივი აქტივობის, ჩართულობისა და ურთიერთქმედების გასააქტიურებლად გამოიყენება. მისი მიზანი მხოლოდ „გართობა“ ან შესვენება არ არის. კარგად შერჩეული ენერჯაიზერი მოსწავლეს ეხმარება, გადაერთოს, აღიდგინოს ყურადღება და შემდეგ უფრო მომზადებული დაუბრუნდეს სასწავლო პროცესს.
ენერჯაიზერი შეიძლება მოიცავდეს მოძრაობას, სწრაფ კითხვას, არჩევანის გაკეთებას, მსჯელობას, წყვილურ ან ჯგუფურ ურთიერთობას, რიტმს, თამაშის ელემენტს ან სხვა მოკლე აქტივობას. ამიტომ ენერჯაიზერი აუცილებლად ფიზიკურ მოძრაობას არ ნიშნავს. ზოგჯერ კლასის გასააქტიურებლად საკმარისია ერთი საინტერესო კითხვა, სწრაფი არჩევანი, მოკლე მსჯელობა ან ისეთი დავალება, რომელიც მოსწავლეებს ნაცნობი საკითხის სხვაგვარად დანახვას სთავაზობს.
ენერჯაიზერი მხოლოდ გასართობი თამაში არ არის. მისი მეშვეობით შეიძლება გაკვეთილის დაწყება, მოსწავლეთა გააქტიურება, ახალი თემის მიმართ ინტერესის აღძვრა, ნასწავლის გახსენება, ურთიერთთანამშრომლობის წახალისება ან გაკვეთილის შუა ნაწილში მცირე გადატვირთვის ეფექტის შექმნა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენერჯაიზერი ყოველთვის არ მოითხოვს ბევრ დროს, სპეციალურ რესურსს ან საკლასო ოთახის მთლიანად შეცვლას. ხშირად საკმარისია 2-5 წუთი, მკაფიო ინსტრუქცია და კონკრეტულ მომენტზე მორგებული აქტივობა.
მაგრამ იმისთვის, რომ ამ მოკლე აქტივობამ ნამდვილად შეასრულოს თავისი ფუნქცია, სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს, რა სჭირდება კლასს კონკრეტულ მომენტში. მოსწავლეებს შესაძლოა სჭირდებოდეთ ფიზიკური გააქტიურება, ყურადღების სწრაფად გადართვა, კომუნიკაცია ან მშვიდი გონებრივი აქტივობა, რომელიც მათ სასწავლო პროცესში დაბრუნებაში დაეხმარება, ამიტომ ენერჯაიზერები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც მიზნით, ისე ფორმითა და ინტენსივობით. სწორედ ეს მრავალფეროვნება აძლევს მასწავლებელს შესაძლებლობას, ერთი და იგივე პრინციპი სხვადასხვა კლასში, საგანსა თუ ვითარებაში სხვადასხვანაირად გამოიყენოს.
მოძრაობა, ფიქრი და ურთიერთობა – ენერჯაიზერი მხოლოდ ერთი ტიპის აქტივობა არ არის
როდესაც ენერჯაიზერებზე ვფიქრობთ, ძირითადად მოძრაობასთან დაკავშირებული აქტივობები გვახსენდება. მართლაც, ხანმოკლე ფიზიკური აქტივობა შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს მაშინ, როცა მოსწავლეები იღლებიან ან დიდხანს ერთ პოზიციაში ყოფნის შემდეგ ყურადღების შენარჩუნება უჭირთ. მაგრამ ენერჯაიზერი აუცილებლად მოძრავი აქტივობა არ არის.
ზოგჯერ კლასის გასააქტიურებლად საკმარისია სწრაფი კითხვა, არჩევანის გაკეთება, შეცდომის აღმოჩენა, სიტყვების გახსენება, წყვილთან მოკლე თანამშრომლობა ან ერთწუთიანი გამოწვევა. ამიტომ კარგი ენერჯაიზერი შეიძლება იყოს მოძრავი, გონებრივი, კომუნიკაციური ან სულაც მშვიდი აქტივობა; მთავარია, ის კონკრეტულ საგაკვეთილო სიტუაციას შეესაბამებოდეს.
ქვემოთ მოცემული აქტივობების ნაწილი მოძრაობას მოითხოვს, ნაწილი კი მინიმალურ მოძრაობაზეა დაფუძნებული. მათი უმეტესობის შინაარსის შეცვლა შესაძლებელია ასაკისა და საგნის შესაბამისად.
- „თუ ფიქრობ, რომ სწორია, ადექი“ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია აქტივობაში მთელი კლასის სწრაფად ჩასართავად. აქტივობა განსაკუთრებით გამოგვადგება მაშინ, როცა გვინდა, მოსწავლეებმა ნასწავლი გაიხსენონ და, ამავე დროს, რამდენიმე წუთით შეიცვალოს გაკვეთილის ტემპი.
მოსწავლეები თავიანთ ადგილებზე რჩებიან. მასწავლებელი წინასწარ განმარტავს წესს: თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ მოსმენილი დებულება სწორია, დგება; თუ მიაჩნია, რომ მცდარია, რჩება მჯდომარე.
პირველ ეტაპზე სასურველია ერთი მარტივი მაგალითის ჩვენება, რათა მოსწავლეებისთვის წესი ნათელი გახდეს. ამის შემდეგ მასწავლებელი კითხულობს რამდენიმე დებულებას. მოსწავლეები პასუხს მხოლოდ მოძრაობით გამოხატავენ. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება მივცეთ ასეთი დებულება: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა“. მოსწავლეები, იმის მიხედვით, ეთანხმებიან თუ არა, ასრულებენ ინსტრუქციას – დგებიან ან რჩებიან მჯდომარენი. შემდეგი დებულება: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი იყო თბილისი“, – და ა. შ.
ყოველი დებულების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, მოკლედ დააფიქსიროს სწორი პასუხი და, საჭიროებისამებრ, განმარტოს იგი. თუ მიზანი მხოლოდ ყურადღების სწრაფად აღდგენაა, თითოეული პასუხის ხანგრძლივი განხილვა საჭირო არ არის.
აქტივობის შინაარსი მარტივად იცვლება სხვადასხვა საგნისთვის:
ქართული ენა: სიტყვა „მასწავლებელი“ არსებითი სახელია.
უცხო ენა: სიტყვა „Go“ ზმნაა.
მათემატიკა: 8 × 7 = 56.
ბიოლოგია: ფილტვები საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილია.
გეოგრაფია: საქართველო შავი ზღვის ნაპირას მდებარეობს.
აქტივობის დასრულების შემდეგ კლასი პირდაპირ უბრუნდება დავალებას, რომელსაც მანამდე ასრულებდა. სწორედ ეს არის ენერჯაიზერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა – რამდენიმეწუთიანი აქტივობა არ მოითხოვს გაკვეთილის მთლიანად გარდაქმნას.
- „იპოვე შენი მეწყვილე“ – ამ აქტივობაში მოძრაობა და თანამშრომლობა ერთმანეთს ერწყმის. მოსწავლეებს ურიგდებათ ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები, ცნებები, სურათები, კითხვები ან პასუხები. მათი ამოცანაა, იპოვონ შესაბამისი წყვილი. მაგალითად, ერთ მოსწავლეს შეიძლება შეხვდეს ბარათი წარწერით „თბილისი“, ხოლო მეორეს – „საქართველოს დედაქალაქი“. ყოველმა მოსწავლემ უნდა იპოვოს თანაკლასელი, რომლის ბარათის წარწერაც მისი ბარათისას შეესაბამება.
საგნობრივი ვარიანტები:
ისტორია: მოვლენა – თარიღი;
ქართული ენა: სიტყვა – განმარტება;
უცხო ენა: სიტყვა – თარგმანი;
მათემატიკა: მაგალითი – პასუხი;
ბიოლოგია: ორგანო – ფუნქცია;
გეოგრაფია: ქვეყანა – დედაქალაქი.
აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელი ამზადებს ბარათებს და თითოეულ მოსწავლეს თითო ბარათს აძლევს. შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ, იპოვონ მეწყვილე. თუ საკლასო სივრცე ამის საშუალებას იძლევა, მათ შეუძლიათ, გადაადგილდნენ და ბარათები ერთმანეთს შეადარონ.
მეწყვილის აღმოჩენის შემდეგ სასურველია, მოსწავლეებმა მოკლედ დაასაბუთონ, რატომ მიიჩნიეს ერთმანეთი მეწყვილეებად. მაგალითად, „რატომ არის ეს ორგანო ამ ფუნქციასთან დაკავშირებული?“ ან „როგორ მიხვდი, რომ ამ სიტყვას სწორედ ეს თარგმანი შეესაბამება?“
ამგვარად, აქტივობა მხოლოდ მოძრაობით არ შემოიფარგლება და ნასწავლი მასალის გახსენებასაც ემსახურება.
- „შეიცვალე ადგილი, თუ…“ – ეს აქტივობა განსაკუთრებით მოხერხებულია მაშინ, როცა კლასს მოძრაობა სჭირდება, მაგრამ მასწავლებელს არ სურს რთული წესების ან დამატებითი რესურსების გამოყენება.
მოსწავლეები სხედან თავიანთ ადგილებზე ან წრეში. მასწავლებელი ასახელებს განსაზღვრულ პირობას და მოსწავლეები, რომლებსაც ეს პირობა შეესაბამება, ადგილს იცვლიან. თავდაპირველად შეიძლება დასახელდეს მარტივი ყოველდღიური სიტუაციები: „შეიცვალე ადგილი, თუ დღეს უკვე ისაუზმე“; „შეიცვალე ადგილი, თუ სახლში ცხოველი გყავს“; „შეიცვალე ადგილი, თუ დღეს სკოლამდე ფეხით მოხვედი“.
ამის შემდეგ აქტივობა ადვილად შეიძლება დაუკავშირდეს სასწავლო თემას. მაგალითად:
ქართული ენა: „შეიცვალე ადგილი, თუ ეს სიტყვა ზმნაა“;
მათემატიკა: „შეიცვალე ადგილი, თუ ამ რიცხვს 3-ზე გაყოფისას ნაშთი არ რჩება“;
ბიოლოგია: „შეიცვალე ადგილი, თუ ეს ცხოველი ძუძუმწოვარია“;
უცხო ენა: „შეიცვალე ადგილი, თუ ეს სიტყვა მრავლობით რიცხვშია“;
გეოგრაფია: „შეიცვალე ადგილი, თუ ეს ქვეყანა ევროპაში მდებარეობს“.
მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს მოძრაობის წესი, რათა აქტივობამ ქაოსი არ გამოიწვიოს, განსაკუთრებით – მრავალრიცხოვან კლასში. სასურველია, მასწავლებელმა მკაფიოდ მიანიშნოს, როდის იწყება და როდის სრულდება ადგილის შეცვლა.
- „სარკე“ – ეს წყვილებში შესასრულებელი მშვიდი მოძრაობითი ენერჯაიზერია. მოსწავლეები წყვილდებიან და ერთმანეთის პირისპირ დგებიან. ერთი მათგანი ნელ მოძრაობებს ასრულებს, მეორე კი ცდილობს, მისი მოძრაობები რაც შეიძლება ზუსტად გაიმეოროს.
მოძრაობები არ უნდა იყოს სწრაფი და რთული. შეიძლება, დაიწყოს ხელების აწევით, გადახრით, თავის ნელი მოძრაობით… განსაზღვრული ხნის შემდეგ მოსწავლეები როლებს ცვლიან.
აქტივობა იმითაც არის საინტერესო, რომ მისი დაკავშირება სასწავლო შინაარსთანაც შესაძლებელია. მაგალითად:
უცხო ენაში – მოძრაობებს შეიძლება ახლდეს ახალი სიტყვების წარმოთქმა;
ბუნებისმეტყველებაში – მოძრაობით შეიძლება გამოიხატოს ბუნებრივი პროცესი;
ისტორიაში – კონკრეტული მოვლენა ან ისტორიული ეპიზოდი;
მათემატიკაში – სხვადასხვა მოქმედების ან სიმბოლოს ჟესტით წარმოდგენა.
აქ მხოლოდ ფიზიკური გააქტიურება არ არის მნიშვნელოვანი – მოსწავლეს უწევს პარტნიორის მოძრაობებზე დაკვირვება, ყურადღების კონცენტრირება და მოძრაობის შეთანხმებულად გამეორება.
- „სამი პასუხი – ერთი არჩევანი“ – ამ აქტივობის დროს მასწავლებელი სვამს კითხვას და მოსწავლეებს სამ შესაძლო პასუხს სთავაზობს. თითოეულ პასუხს წინასწარ განსაზღვრული მოძრაობა შეესაბამება, მაგალითად: ა) მარცხნივ გადახრა; ბ) მარჯვნივ გადახრა; გ) ხელების აწევა.
მასწავლებელი სვამს კითხვას. მოსწავლეები ირჩევენ პასუხს და შესაბამისი მოძრაობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება დაისვას ასეთი კითხვა: „როდის აღიდგინა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?“
ა) 1990 წლის 26 მაისს;
ბ) 1991 წლის 9 აპრილს;
გ) 1992 წლის 14 აპრილს.
მათემატიკაში: „რამდენია 8×7?
ა) 54;
ბ) 56;
გ) 64.
უცხო ენაში: „რას ნიშნავს სიტყვა „beautiful“?
ა) ლამაზს;
ბ) სწრაფს;
გ) ძლიერს.
ამ აქტივობის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ პასუხის გაცემის შესაძლებლობა მთელ კლასს ერთდროულად აქვს, მასწავლებელს კი შეუძლია, სწრაფად დაინახოს, რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი.
- „დაამატე ერთი სიტყვა“ – მასწავლებელი იწყებს სიტყვების ჯაჭვს, ხოლო მოსწავლეები აგრძელებენ – რიგრიგობით ამატებენ თითო სიტყვას. პირობისამებრ, სიტყვები შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ თემასთან და უკვე ნათქვამი აღარ გამეორდეს. მაგალითად:
ქართული ენის გაკვეთილზე შეიძლება შეიქმნას სიტყვების ჯაჭვი თემაზე: მოგზაურობა; გზა; ქალაქი; მუზეუმი; ისტორია;
უცხო ენაში – ახალი ლექსიკური ერთეულების ჯაჭვი;
ბიოლოგიაში – ცოცხალი ორგანიზმების;
გეოგრაფიაში – ქვეყნების ან ქალაქების.
უფრო რთული ვარიანტის შემთხვევაში მოსწავლეებს შეიძლება მოვთხოვოთ არა უბრალოდ სიტყვის დამატება, არამედ წინა სიტყვასთან აზრობრივი კავშირის დამყარებაც. მაგალითად, თუ პირველი მოსწავლე იტყვის „ტყეს“, მეორემ შეიძლება თქვას „ხე“, მესამემ – „ფოთოლი“, მეოთხემ – „ფოტოსინთეზი“ და ა. შ. აქტივობის ეს ვერსია უკვე არა მხოლოდ გახსენებას, არამედ ასოციაციურ და სწრაფ აზროვნებასაც მოითხოვს.
- „იპოვე შეცდომა“ – ხანდახან კლასის გასააქტიურებლად საუკეთესო საშუალება არა მოძრაობა, არამედ შეცდომის აღმოჩენაა.
მასწავლებელი ამბობს ან აჩვენებს რამდენიმე წინადადებას, რომელთაგან ერთში ან რამდენიმეში განზრახ არის დაშვებული შეცდომა. მოსწავლეებმა უნდა იპოვონ ის. პასუხისთვის შეიძლება მარტივი მოძრავი რეაქციის გამოყენებაც: თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ დებულება სწორია, ტაშს უკრავს, ხოლო თუ მასში შეცდომას ამჩნევს – მერხზე აკაკუნებს. მაგალითად:
ისტორია: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო“; „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღდგა“; „საქართველოს დედაქალაქი ქუთაისია“; „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წელს გამოცხადდა“.
მათემატიკა: „49 : 7 = 8“; „12 × 5 = 60“; „100-ის ნახევარი 40-ია“; „81 : 9 = 9“.
ბიოლოგია: „ადამიანს ოთხი ფილტვი აქვს“; „გული სისხლის მიმოქცევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“; „ფილტვები სასუნთქი სისტემის ნაწილია“; „ადამიანის ჩონჩხი მხოლოდ 50 ძვლისგან შედგება“.
გეოგრაფია: „საქართველო ატლანტის ოკეანის ნაპირზე მდებარეობს“; „საქართველოს დასავლეთ ნაწილს შავი ზღვა ესაზღვრება“; „თბილისი საქართველოს დედაქალაქია“; „საქართველო სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს“.
ქართული ენის გაკვეთილზე შეიძლება ისეთი წინადადებების გამოყენება, რომლებშიც გრამატიკული ან მართლწერის შეცდომაა დაშვებული.
აქტივობის კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია, როცა მასწავლებელი განზრახ უშვებს შეცდომას ახსნის პროცესში და მოსწავლეებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ და შეცდომის აღმოჩენისთანავე შესაბამისი სიგნალით შეაჩერონ. ამ შემთხვევაში ენერჯაიზერი მოსწავლეებს პასიური მსმენელის ნაცვლად აქტიურ დამკვირვებლებად აქცევს.
თუ აქტივობის უფრო მოძრავი ფორმით ჩატარება გვინდა, მოსწავლეები შეიძლება ჩავაყენოთ წრეში ან დავაყენოთ თავიანთ მერხებთან და თითოეულ პასუხს კონკრეტული მიმართულებით გადაადგილება შეესაბამებოდეს: თუ დებულება სწორია – ერთი ნაბიჯი წინ, თუ მცდარია – ერთი ნაბიჯი უკან. შეიძლება სხვა ვარიანტის გამოყენებაც, მაგალითად, თუ დებულება სწორია – ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, თუ მცდარი – ერთი ნაბიჯი მარცხნივ. ამგვარად, მოსწავლეები პასუხს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოძრაობითაც გამოხატავენ, რაც მათგან განსაკუთრებულ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს.
- „მოძრაობა სიტყვაზე“ – ამ აქტივობისთვის რამდენიმე სიტყვას ან ცნებას წინასწარ ვუკავშირებთ კონკრეტულ მოძრაობას. მაგალითად: „მზე“ – ხელები ზემოთ; „წვიმა“ – თითების მოძრაობა ქვემოთ; „ქარი“ – ხელების გაშლა.
შემდეგ მასწავლებელი ამ სიტყვებს სხვადასხვა თანმიმდევრობით წარმოთქვამს, მოსწავლეები კი შესაბამის მოძრაობას ასრულებენ.
შეიძლება ორი ან სამი სიტყვით დაწყება. როდესაც მოსწავლეები წესს კარგად აითვისებენ, სიტყვების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შეიცვალოს მათი წარმოთქმის ტემპი.
საგნობრივ კონტექსტში გამოყენებისას სიტყვები შეიძლება თავად გაკვეთილის შინაარსის მიხედვით შეირჩეს. უცხო ენის გაკვეთილზე ეს შეიძლება იყოს ახალი ლექსიკური ერთეულები, ბიოლოგიაში – ცნებები, მათემატიკაში – მოქმედებები ან რიცხვები. მაგალითად: მიმატება – ერთი ტაში; გამოკლება – ორი ტაში; გამრავლება – ხელების აწევა; გაყოფა – ხელების უკან წაღება.
ასეთი აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა კლასს ხანმოკლე, მაგრამ სწრაფი გადართვა სჭირდება.
- „ვინც…“ – ეს კიდევ ერთი მარტივი აქტივობაა, რომელიც შეიძლება თითქმის ყოველგვარი რესურსის გარეშე ჩატარდეს.
მასწავლებელი ასახელებს გარკვეულ პირობას, ხოლო მოსწავლეები წინასწარ შეთანხმებული მოძრაობით პასუხობენ, მაგალითად, ხელს სწევენ, დგებიან ან თითებს აჩვენებენ. თავდაპირველად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველდღიურ სიტუაციებთან დაკავშირებული კითხვები: ვინც დღეს წიგნი მოიტანა, ხელი ასწიოს; ვისაც კატა ჰყავს, ხელი ასწიოს; ვინც დღეს უკვე ივარჯიშა, ხელი ასწიოს… შემდეგ პირობა სასწავლო შინაარსს უკავშირდება: ვინც ფიქრობს, რომ ეს პასუხია სწორი – ხელი ასწიოს; ვისაც ახსოვს, რომელ წელს მოხდა ეს მოვლენა – ხელი ასწიოს.
ამ აქტივობის უპირატესობა მისი სიმარტივე და ნებისმიერ საგანში გამოყენების შესაძლებლობაა. მასწავლებელს შეუძლია, ის რამდენიმე წამში მოარგოს მიმდინარე თემას და გამოიყენოს როგორც გაკვეთილის დასაწყისში, ისე მის ნებისმიერ სხვა ეტაპზეც.
- „ერთი წუთი – ერთი გამოწვევა“ – ზოგჯერ კლასის გააქტიურებისთვის არც მოძრაობა და არც თამაში არ არის საჭირო. საკმარისია მცირე ხნით ისეთი ამოცანის შეთავაზება, რომელიც მოსწავლეებს სწრაფად დააფიქრებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პატარა დავალებას და განსაზღვრავს დროს – ერთ წუთს. მაგალითად: ერთ წუთში ჩამოწერეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომლებიც დღევანდელ თემას უკავშირდება; დაასახელეთ სამი რამ, რაც წინა გაკვეთილიდან გახსოვთ…
შეიძლება უფრო კრეატიული დავალების მიცემაც: იპოვეთ კლასში სამი საგანი, რომლებსაც გეომეტრიული ფორმა აქვს; მოიფიქრეთ ერთი კითხვა ახალი თემის შესახებ; დაწერეთ ერთი წინადადება ახალი სიტყვით; ჩამოწერეთ სამი ფაქტი, რომლებიც მოცემულ საკითხს უკავშირდება; იპოვეთ ერთი კავშირი დღევანდელ და წინა გაკვეთილზე განხილულ თემებს შორის.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ მასწავლებლის სიგნალზე („სტოპ“, ზარი, კაკუნი, ტაში ან სხვა) ყველა მოსწავლე წყვეტს მუშაობას. მოსწავლეები, რომლებმაც დავალების შესრულება დროის ამოწურვამდე მოასწრეს, თავიანთ პასუხებს კლასს წარუდგენენ. მასწავლებელი მოკლედ აჯამებს პასუხებს. ეს აქტივობა ღირებულია იმით, რომ შეიძლება, ერთი წუთიც კი საკმარისი აღმოჩნდეს მოსწავლეთა გონებრივი გადართვისთვის.
როცა მოძრაობა არ გვჭირდება
ყველა კლასს და ყველა სიტუაციას მოძრაობითი ენერჯაიზერი არ შეესაბამება. შესაძლოა, მოსწავლეები ფიზიკურად დაღლილები არ იყვნენ, მაგრამ ყურადღება ჰქონდეთ გაფანტული. ამ შემთხვევაში ხმაურიანმა ან მოძრავმა აქტივობამ შესაძლოა უფრო მეტად გაუფანტოს ყურადღება ბავშვებს. ასეთ დროს შეიძლება გამოვიყენოთ მშვიდი ენერჯაიზერები, მაგალითად, „იპოვე შეცდომა“, „დაამატე ერთი სიტყვა“ ან „ერთი წუთი – ერთი გამოწვევა“: იცვლება აქტივობის ტიპი, მოსწავლეები კვლავ ერთვებიან პროცესში და ამისთვის საკლასო სივრცის შეცვლა არ არის საჭირო. ამიტომ ენერჯაიზერის არჩევისას მთავარი კითხვა უნდა იყოს არა „რომელი თამაში ჩავატარო?“, არამედ „რა უფრო სჭირდება ახლა ჩემს კლასს – მოძრაობა, ყურადღების აღდგენა, ფიქრი, ურთიერთობა თუ უბრალოდ აქტივობის ტიპის შეცვლა?“
ენერჯაიზერის შერჩევა: რა სჭირდება კლასს ამ მომენტში?
ენერჯაიზერის ეფექტიანობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად არის ის შერჩეული კონკრეტული სიტუაციისთვის, ამიტომ მისი გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სამი რამ:
- რა სჭირდება კლასს. თუ მოსწავლეები დაღლილები არიან, შესაძლოა, მოძრაობითი აქტივობა უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ხოლო თუ ყურადღება აქვთ გაფანტული, შესაძლოა, მოკლე, სწრაფი და მკაფიო დავალება ჯობდეს.
- რამდენი დრო გვაქვს. ენერჯაიზერი გაკვეთილისგან დამოუკიდებელ ხანგრძლივ აქტივობად არ უნდა იქცეს. მის ჩასატარებლად ზოგჯერ ერთი წუთიც საკმარისია, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა 3-5 წუთიც დაგვჭირდეს.
- როგორ დავუბრუნდებით ძირითად საქმიანობას. აქტივობის დასრულებაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დაწყება. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ენერჯაიზერი გაკვეთილის ნაწილია და არა მისგან ხანგრძლივი გადახვევა.
ენერჯაიზერი მიზანი კი არა, საშუალებაა
ენერჯაიზერი ღირებულია იმით, რომ გაკვეთილს ემსახურება, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ „გავხალისდეთ“, ყოველთვის საჭირო არ არის. კარგად შერჩეული ენერჯაიზერი მოსწავლეთა ყურადღების აღდგენის, ჩართულობის ამაღლების, თანამშრომლობის, სწრაფი აზროვნებისა და ნასწავლის გააქტიურების მარტივი საშუალებაა.
არც ის არის საჭირო, ყოველ გაკვეთილზე მასწავლებელმა ახალ-ახალი აქტივობა მოიფიქროს. ერთი და იგივე ენერჯაიზერი შეიძლება სრულიად სხვადასხვა შინაარსით გამოვიყენოთ სხვადასხვა კლასში, ასაკობრივ ჯგუფსა და საგანში. იცვლება შინაარსი, პრინციპი კი რჩება. სწორედ ეს აქცევს ენერჯაიზერს პრაქტიკულ ინსტრუმენტად – აქტივობის ხანმოკლე ცვლილება შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მოსწავლემ ხელახლა მოიკრიბოს ყურადღება, ჩაერთოს პროცესში და გაკვეთილის ძირითად საქმიანობას ახალი ენერგიით დაუბრუნდეს.


