პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
13 ნოემბერი, პარასკევი, 2026

ისლამური კულტურის გავლენა შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაზე

 

476 წელს დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მის ტერიტორიაზე მრავალი გერმანული სახელმწიფო წარმოიქმნა. დღევანდელი გაგებით, ეს სახელმწიფოები უფრო ტომთა გაერთიანებებს წარმოადგენდნენ, ვიდრე სრულფასოვან პოლიტიკურ ერთეულებს. გერმანელები, საკუთარი განვითარებით ბევრად ჩამორჩებოდნენ რომაელებს, რაც იმპერიის დაცემის შემდეგ აშკარა გახდა. ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოები გაუთავებლად ებრძოდნენ ერთმანეთს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა. განადგურდნენ ქალაქები, მოისპო ვაჭრობა, ანტიკური ეპოქის კულტურული და სამეცნიერო მიღწევები დავიწყებას მიეცა, ადამიანები საცხოვრებლად სოფლებში გადავიდნენ, გავრცელებულმა ინფექციებმა მოსახლეობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. მთელ დასავლეთ ევროპაში ქაოსმა დაისადგურა. ჩვენ მიერ აღწერილი სიტუაცია რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. ვითარებას ისიც ართულებდა, რომ გერმანულ ტომებთან ერთად „ხალხთა დიდ გადასახლებაში“ სხვა წარმოშობის ხალხებიც იღებდნენ მონაწილეობას: ჰუნები, ავარები, მადიარები (დღევანდელი  უნგრელები). მოგვიანებით ამ კამპანიაში ვიკინგებიც ჩაერთნენ.

როდესაც „დიდი გადასახლება“ დასრულდა, დასავლეთ ევროპაში ახალი სისტემა, ფეოდალიზმი ჩამოყალიბდა, რომელიც, ასევე დაქსაქსულობითა და ქაოსით გამოირჩეოდა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ რთულ სიტუაციაში ნელ-ნელა ყალიბდებიან დღევანდელი დასავლეთევროპული ერები: გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები, იტალიელები და სხვა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ცივილიზაციური და კულტურული თვალსაზრისით, შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა იყო ინსტიტუტი, კათოლიკური ეკლესიის სახით, რომელიც ცოდნისა და კულტურის ერთადერთი წყარო გახდა.  მხოლოდ ეკლესია-მონასტრებში არ ჩაკვდა ბოლომდე ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრეობა.

ჩვენ მოკლედ და სქემატურად აღვწერეთ დასავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესები, რათა უკეთ შევაფასოთ ის მსოფლიო ისტორიული მოვლენა, რომელიც არაბული, ისლამური კულტურის ექსპანსიის სახელითაა ცნობილი.

ბევრს კარგად მოეხსენება, რომ VII საუკუნიდან არაბთა დიდი დაპყრობები იწყება. რელიგიური გრძნობებითა და ნადავლის მოპოვებით შეპყრობილი არაბობა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ისეთი იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორებიც ბიზანტია და სასანური ირანი გახლდათ. ამ ექსპანსიის შედეგად განადგურდა ირანი, ხოლო ბიზანტიის დიდი ტერიტორიები ახალი დამპყრობლების ხელში აღმოჩნდა. ჩვენ არ შევეხებით იმის განხილვას, რა გახდა არაბთა ამ წარმატების მიზეზი. ფაქტია, რომ სულ რაღაც საუკუნე-ნახევარში სახალიფოს საზღვრები ინდოეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირინეის ნახევარკუნძულამდე გადაიჭიმა.

ამ პერიოდის განმავლობაში არაბები (მუსლიმები) ძირითადად  სამხედრო შეტაკებებითა და იმპერიის ადმინისტრაციული თუ ეკონომიკური მოწყობით იყვნენ დაკავებულნი.

და აი, დადგა დრო, კერძოდ, IX საუკუნე, როდესაც არაბთა სახალიფოში კულტურული აღმავლობა დაიწყო. დაისმის შეკითხვა: რა გახდა ამის მიზეზი? პირველ ყოვლისა, ის მემკვიდრეობა, რომელიც დამპყრობელს დაპყრობილთაგან ერგო. აქ იგულისხმება ბერძენთა, სპარსელთა, ინდოელთა, სირიელთა, ებრაელთა და სხვათა კულტურული მემკვიდრეობა.

სწორედ ამ ხალხებისა  და არაბთა ისლამამდელი კულტურის სინთეზმა წარმოშვა ის ცივილიზაცია, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიოს მრავალ საზოგადოებაზე, მათ შორის, დასავლეთ ევროპაზეც.

აქ მოვიშველიებთ ისლამური სამყაროს გერმანელი მკვლევრის, იულიუს რუსკას სიტყვებს: „თავდაპირველად მუსლიმები ბერძნების მოსწავლეებად წარმოგვიდგებიან. ისინი ცდილობენ, ენის მცოდნე სირიელებისა და სპარსელების დახმარებით ბერძნული სიბრძნის მათთვის ხელმისაწვდომი საგანძური საკუთარ ენაზე თარგმნონ და გამოიყენონ. …რამდენიმე თაობის შემდეგ კი ვხედავთ არაბებს, როგორც მეცნიერულად გაღარიბებული ლათინური დასავლეთის მასწავლებლებს…“[1]

ჩვენი სტატია მიზნად ისახავს, წარმოვაჩინოთ მუსლიმთა როლი შუა საუკუნეების  დასავლეთ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.

პირველი საკითხი, რომლითაც გვინდა ეს თემა განვიხილოთ, მდგომარეობს იმ გზების გამოკვლევაში, რომელთა მეშვეობითაც მუსლიმური და დასავლური სამყაროები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, ანუ იმ გეოგრაფიული და ისტორიული არეალების დემონსტრირებით, რომლებიც დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის გადაკვეთის წერტილებს წარმოადგენდნენ.

ყველაზე ადრინდელი ასეთი ტერიტორია ესპანეთი გახლდათ. არსებობს ისტორიული ლეგენდა, რომ თითქოს სარდალი, რომელმაც აფრიკის უკიდურესს დასავლეთს მიაღწია (დღევანდელი მაროკოს ტერიტორია), ცხენი ზღვაში შეაგელვა და წამოიძახა: „ო, ალლაჰ! აღარ დარჩა მიწა, რომელიც შენთვის არ დაგვიპყრია! (არაბებს მიაჩნდათ, რომ მიწა ბრტყელი იყო, ხოლო გარს ოკეანე ერტყა). როდესაც სარდალი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა ნაპირზე ნისლი იყო ჩამოწოლილი. და აი, გაიფანტა ნისლი და ზღვის გადაღმა მთა გამოჩნდა. ამის დანახვაზე სარდალმა წამოიძახა: „ო, ალლაჰ! კიდევ დარჩენილა მიწა შენთვის დასაპყრობი!“.

ამ ლირიკული გადახვევის შემდეგ, ისევ მივუბრუნდეთ ჩვენს ძირითად სათქმელს.

711 წელს არაბთა სარდალმა ტარიკ იბნ ზიადმა ჩვენ მიერ ნახსენები სრუტე გადალახა და პირინეის ნახევარკუნძულზე შეიჭრა. აქ ამ დროს ვესტგოთთა გერმანული სახელმწიფო იყო. თითქმის შვიდი წელი დასჭირდათ დამპყრობლებს მთელი ესპანეთის დასაპყრობად. ლეგენდაში ნახსენებ მთას არაბებმა ჯაბალ ტარიკი  (ქართ. ტარიკის მთა) დაარქვეს, საკუთარი სარდლის სახელის უკვდავსაყოფად. მოგვიანებით, ესპანელებმა დაამახინჯეს არაბული ტოპონიმი და მას გიბრალტარი უწოდეს, რომელიც არა მარტო მთაზე, არამედ სრუტეზეც გავრცელდა.

არაბების მიერ ესპანეთის დაპყრობამ დიდი საფრთხე შეუქმნა მთელ ევროპას და განსაკუთრებით, ფრანკების გერმანულ სახელმწიფოს, რომელიც დღევანდელი საფრანგეთისა და გერმანიის ტერიტორიას მოიცავდა. გადამწყვეტი ბრძოლა 732 წელს პუატიესთან გაიმართა. ფრანკებმა დაამარცხეს არაბები და აღარ მისცეს ევროპის სიღრმეში შესვლის საშუალება. ამის შემდეგ ესპანეთში, ანუ ანდალუსიაში[2] მდგომარეობა სტაბილური გახდა და არაბებმა ახალი ცივილიზაციის მშენებლობა დაიწყეს.

მეორე რეგიონი, რომელიც ევროპისა და მუსლიმური სამყაროს გზაგასაყარზე მდებარეობდა, სიცილია და სამხრეთ იტალია გახლდათ.

ესპანეთთან შედარებით, არაბები აქ გვიან გამოჩნდნენ. 827 წელს მათ პირველი შტურმი მოაწყვეს სიცილიის დედაქალაქ პალერმოზე. საბოლოოდ, სიცილიის საამირო 967 წლიდან იღებს სათავეს. ამ საამირომ 1072 წლამდე იარსება, სანამ ნორმანმა დამპყრობლებმა, რობერტ და როჯერ გვისკარებმა ის არ დიაპყრეს.

რაც შეეხება მესამე გადაკვეთის წერტილს ევროპული და მუსლიმური ცივილიზაციებისა გახლდათ ყველასთვის ცნობილი ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელიც 1096 წელს დაიწყო და თითქმის ორი საუკუნე გაგრძელდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, არაბებმა ბევრი რამ დაპყრობილი ხალხებისგან შეითვისეს და თუ გავაკეთებთ იულიუს რუსკას გამონათქვამის პერიფრაზს, „ერთი საუკუნის განმავლობაში არაბები მოსწავლეობიდან მასწავლებლებად გარდაიქმნენ“.

არაბების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებაში ერთმანეთს ერწყმოდა ისეთი კონტრასტული გრძნობები, როგორებიცაა – შიში და აღფრთოვანება. XI საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპელებმა აიღეს ტოლედო (1085 წელი), დაასრულეს სიცილიის დაპყრობა (1091 წელი) და ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად დაეუფლნენ იერუსალიმს (1099 წელი), ეს შიში მნიშვნელოვნად შესუსტდა. შესაძლებელია, სწორედ ამ გარემოებამ გახადა შესაძლებელი  ევროპელთათვის ყურადღება გაემახვილებინათ მუსლიმურ მეცნიერებასა და სულიერ კულტურაზე.  ამ მოსაზრების საბუთად გამოდგება ის ფაქტი, რომ სწორედ XII-XIII საუკუნეში გააცნობიერეს ევროპელმა მეცნიერებმა, თუ რამდენი ჰქონდათ სასწავლი მუსლიმებისგან. სწორედ, ამას მოჰყვა არაბული ნაშრომების ინტენსიური შტუდირება და ლათინურად თარგმნა.

ისლამური კულტურის უდიდესი საჩუქარი დასავლეთისთვის იყო ინდუქციური[3] კვლევის მეთოდი. მუსლიმი მოაზროვნეები, როგორებიცაა – ალ-რაზი და იბნ ალ-ჰაითამი, აქტიურად იყენებდნენ ინდუქციას. იბნ ჰაზმმა ლოგიკის კვლევისას ხაზი გაუსვა შეგრძნებით აღქმას, ხოლო იბნ თაიმიამ, არისტოტელეს ლოგიკის კრიტიკისას, აჩვენა, რომ ინდუქცია იყო ერთადერთი სანდო დასკვნის ფორმა. დაკვირვებისა და  ექსპერიმენტის მეთოდმა მიიყვანა ალ-ბირუნი რეაქციის დროის აღმოჩენამდე, ალ-ქინდი — შეგრძნების, როგორც სტიმულის პროპორციული პასუხის ფორმულირებამდე, ხოლო იბნ ალ-ჰაითამი — ოპტიკის ფუნდამენტურ მიღწევებამდე. რობერტ ბრიფოლტი[4] აღნიშნავდა, რომ თანამედროვე მეცნიერება დასავლეთში წარმოიშვა სწორედ იმ ახალი სულით, ექსპერიმენტული მეთოდითა და მათემატიკური განვითარებით, რაც ევროპულ სამყაროში არაბებმა შეიტანეს. ანტიკური საბერძნეთი თეორიტიზებასა და სისტემატიზაციას ახდენდა, თუმცა მისთვის უცხო იყო დეტალური დაკვირვება, გაზომვა და ხანგრძლივი ექსპერიმენტული ძიება.

მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიასთან ერთად, ისლამურმა ფილოსოფიამ დასავლეთზე გავლენა რამდენიმე მიმართულებით მოახდინა: მან დასაბამი მისცა ჰუმანისტურ მოძრაობას და დაეხმარა დასავლელ სქოლასტიკოსებს ფილოსოფიისა და რწმენის ჰარმონიზაციაში. მუსლიმებმა დასავლურ აზროვნებას ჰუმანისტური ელფერი შესძინეს და აჩვენეს, რომ კათოლიკური ეკლესიის მიღმა არსებობდა არა სიბნელე, არამედ სიბრძნის უზარმაზარი საგანძური.

ფილოსოფიის  ამგვარმა განვითარებამ ნათელჰყო, თუ რამდენად ღრმად მოიკიდა ფეხი რაციონალიზმმა მუსლიმურ სამყაროში. ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე დიდი ხნით ადრე, ისლამური რაციონალიზმი გამოსჭვიოდა ესპანეთსა და სიცილიაში. ლათინური ქრისტიანული სამყარო ითვისებდა ისლამურ იდეოლოგიურ კულტურას ალ-ღაზალის, ალ-ქინდის, ალ-ფარაბის, იბნ სინას (ავიცენა) და იბნ რუშდის (ავეროესი) ნაშრომების ლათინური თარგმანებიდან, აგრეთვე ებრაელი სქოლასტიკოსების, განსაკუთრებით მაიმონიდის მეშვეობით.

ქრისტიანმა სქოლასტიკოსებმა, მათ შორის წმინდა ალბერტმა და წმინდა თომა აქვინელმა, ფართოდ გამოიყენეს ისლამური ფილოსოფიური მემკვიდრეობა. თომა აქვინელზე ღრმა გავლენა იქონია ალ-ღაზალისა და იბნ რუშდის ნაშრომებმა, ხოლო მისი შემეცნების თეორია და ფრაზეოლოგიის ნაწილი პირდაპირ ირეკლავს ალ-ფარაბის[5] იდეებს. მუსლიმმა მოაზროვნეებმა ფილოსოფიისა და რწმენის შეთანხმებით გზა გაუკაფეს ევროპას შეუფერხებელი ინტელექტუალური განვითარებისკენ. ასეთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს იბნ რუშდის (ავეროისის) იდეა იმის თაობაზე, რომ არსებობს ორი სახის ჭეშმარიტება – რელიგიური და მეცნიერული.

განსაკუთრებული დამსახურება ფილოსოფიური აზრის განვითარებაში იმ არაბ მოაზროვნეებს ეკუთვნით, ვინც არისტოტელეს მიმდევრები ან მისი კრიტიკოსები იყვნენ. ევროპელთათვის არისტოტელეს ფილოსოფიის გაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იბნ (სინას) და, განსაკუთრებით – იბნ რუშდს (ავეროისი) ნაშრომების ლათინურად თარგმნას. ამ თვალსაზრისით გამოსაყოფია იბნ რუშდის კომენტარები არისტოტელეს მეტაფიზიკის შესახებ. სიგერ ბრაბანტელი (დაახ. 1235-1282 წლები) აღნიშნავს, რომ გონების დასკვნები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს  გამოცხადების ჭეშმარიტ დებულებებს. ასეთი განსჯა აშკარად ავეროისისგან მომდინარეობს.

მუსლიმურმა ფილოსოფიურმა აზრმა ევროპელებს გზა გაუხსნა მეტაფიზიკის ახალი სამყაროსკენ. არაბულიდან თარგმანები ევროპელთა ყველა ფილოსოფიური წრისთვის იყო ცნობილი, რაზეც მიუთითებს ამ ეპოქაში გავრცელებული ტერმინი – ავეროიზმი და ავეროისტები, როგორც დადებით, ასევე უარყოფით კონტექსტში.

მოდით, მივყვეთ იმ დარგების მიმოხილვას, რომელებიც მუსლიმებმა განავითარეს. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებები.

პირველი, მნიშვნელოვანი მოაზროვნე მათემატიკასა და ასტრონომიაში გახლდათ ალ-ხორეზმი, რომელიც ევროპელთათვის ცნობილი იყო ალგორისმუსის (alghoarissmus) სახელით. ამ სახელის მოდიფიკაციის შედეგად წარმოიშვა ტერმინი – ალგორითმი. ხალიფა ალ-მამუნის მმართველობის დროს, ხორეზმი მუშაობდა ბაღდადის სამეცნიერო და ინტელექტუალურ ცენტრში, რომელსაც „სიბრძნის სახლი“ (ბაით ალ-ჰიქმა) ერქვა. ის მრავალმხრივი მოაზროვნე გახლდათ და მუშაობდა არა მარტო მათემატიკაში, არამედ გეოგრაფიასა და ასტრონომიაში. თუმცა, ყველაზე მეტად თავი  ალგებრაში გამოიჩინა, რომლის ფუძემდებლადაც სამართლიანად ითვლება. ასევე, დიდი გამოხმაურება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში მოჰყვა ნაშრომს არითმეტიკაში, სადაც პირველმა, თუ არ ჩავთლით ინდოელებს, გამოიყენა ე.წ. არაბული ციფრები და ნულის ცნება  (სინამდვილეში არაბებმა ციფრები ინდოელებისგან გადმოიღეს თუმცა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს). ალ-ხორეზმიმ და მისმა მიმდევრებმა შეიმუშავეს კვადრატული ფესვის ამოღების მეთოდი. მისი ბევრი ნაშრომი მოგვიანებით ითარგმნა ლათინურად და ევროპელი მეცნიერთათვის სამაგიდო წიგნები გახდა.

ფიზიკაში შექმნილ ნაშრომებს შორის, რომლებიც ლათინურად ითარგმნა იყო ალ-ჰაისამის (ლათ. ალჰაზემი) შრომები. შემორჩენილია მისი დაახლოებით 50 -მდე წიგნი და ტრაქტატი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ქითაბ ალ-მანაზირ“ (ქართ. „ოპტიკის საგანძური“), რომელიც ლათინურად „Opticae thesaurus“ სახელწოდებით ითარგმნა.

ამ ნაშრომში სწავლული უარყოფს ევკლიდესა და პტოლემაიოსის თეორიას სხივების შესახებ, რომლებიც მიემართებიან თვალიდან ობიექტისკენ და ამტკიცებს, რომ შუქი მიემართება ობიექტიდან თვალისკენ.

კარგა ხნის განმავლობაში არაბები ასტრონომიაში პტოლემაიოსის ნაშრომს ალ-მაგესტს (ალ-მაჯისტი) ეყრდნობოდნენ. ეს წიგნი არაბულიდან ლათინურ ენაზე ითარგმნა და ევროპის სამეცნიერო წრეებში ყველაზე მოთხოვნადი ნაშრომი გახდა, თუმცა, არაბებმა მოგვიანებით ეჭვი შეიტანეს ან ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებების ირგვლივ და საკუთარი დებულებები განავითარეს.

სტატიის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი შემოგთავაზეთ იმ არაბული მათემატიკური, ფიზიკური და ასტრონომიული ნაშრომებისა, რომლებიც ევროპელებმა ლათინურად თარგმნეს[6].

განსაკუთრებული წვლილი არაბებმა მედიცინის განვითარებაში შეიტანეს. მათ ბერძნული ნაშრომების, კერძოდ, გავლენისა და ჰიპოკრატეს თხზულებების თარგმნით დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით არაბი სწავლულები მათ ქრისტიან და ბერძენ წინამორბედებზე შორს წავიდნენ.

აბუ ბაქრ არ-რაზი, რომელსაც ევროპაში რაზესს ეძახდნენ X საუკუნეში მოღვაწეობდა. მან ააგო ბაღდადში პირველი საავადმყოფო და წლების მანძილზე მისი ხელმძღვანელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ-რაზი მრავალ დარგში მოღვაწეობდა, მნიშვნელოვან წარმატებებს მედიცინაში მიაღწია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი ნაშრომი „წიგნი ჩუტყვავილასა და წითელას შესახებ“, რომელიც ითარგმნა ლათინურად, ფრანგულად (Dt la variole et delarougeole), ინგლისურად და ბერძნულად. თუმცა, განსაკუთრებული წარმატება და სახელი რაზესს გაუთქვა სამედიცინო ენციკლოპედიამ, რომელიც „ყოვლისმომცველი წიგნი მედიცინის შესახებ“ (Kitāb al-Ḥāwī fī al-Ṭibb) სახელითაა ცნობილი. ამ ნაშრომში თითოეულ დაავადებაზე ავტორს მოაქვს ბერძენი, სირიელი, ინდოელი, სპარსელი  და არაბი ავტორების აზრი, ხოლო შემდეგ გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას გამომდინარე საკუთარი პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან. ეს ფუნდამენტური ნაშრომი ლათინურად თარგმნა სიცილიაში მოღვაწე ებრაელმა ექიმმა.

მეორე უდიდესი მედიკოსი იყო იბნ სინა (ლათ. ავიცენა). მიუხედავად იმისა, რომ იბნ სინა ითვლება უფრო წარმატებულ და დიდ ფილოსოფოსად, ვიდრე ექიმად, მისი ნაშრომი „მედიცინის კანონი“ მიიჩნევა საექიმო ხელოვნების  უმაღლესს მიღწევად და არაბული სისტემატიზაციის შედევრად[7]. კანონი ლათინურად XII საუკუნეში ითარგმნა. ეს წიგნი ევროპაში სამედიცინო სასწავლებლებში XVI საუკუნის ჩათვლით დომინირებდა. XV საუკუნეში  ნაშრომი 16-ჯერ გამოიცა, ხოლო XVI საუკუნეში – 20-ჯერ.

ევროპელებმა მედიცინაში მრავალი რამ გადმოიღეს არაბებისგან. მაგალითად, ევროპელები თვლიდნენ, რომ ქირურგია დაბალი რანგის სამედიცინო სფეროს წარმოადგენდა. მხოლოდ არაბებთან ურთიერთობის შედეგად, განსაკუთრებით ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, ევროპელებმა დაიწყეს ქირურგიის შესწავლა. ამას მოჰყვა პირველი ევროპული ნაშრომის შექმნა, რომელიც 1252 დაიწერა ბრუნო და ლონგობურგო პადუელის მიერ. ნაშრომის სახელწოდება იყო Chirurgica magna. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ინფექციური დაავადებებისთვის ცალკე პალატების გამოყოფა. რაც შეეხება არაბულ ტრადიციას სტუდენტების კლინიკური პრაქტიკის შესახებ, ის მხოლოდ XVI საუკუნეში გადაიღეს ევროპელებმა.

განსაკუთრებული წვლილი არაბებმა ალქიმიაში (ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა) შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ალქიმია დღეს აღარ ითვლება მეცნიერებად, არაბმა ალქიმიკოსებმა დიდი როლი შეასრულეს ქიმიის, როგორც მეცნიერების განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯაბირ იბნ ჰაიანის (ლათ. გებერ) თხზულებათა კორპუსი, რომელიც მოიცავს ძველი მეცნიერებების ჩამონათვალს და იძლევა სრულ წარმოდგენას ალქიმიის, როგორც ექსპერიმენტული მეცნიერების შესახებ. გებერი იყენებს სხვადასხვა მეთოდსა და ინსტრუმენტებს ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისთვის. მრავალმა ტერმინმა, რომელსაც ჯაბირ იბნ ჰაიანი იყენებს ქიმიური ნივთიერებებისა და ლაბორატორიული ჭურჭლის აღსანიშნავად, საფუძვლიანად მოიკიდა ფეხი ქიმიაში.

ასევე, მნიშვნელოვანია არაბთა დამსახურება ბოტანიკის, ზოოლოგიის და მინერალოგიის განვითარებაში.

გარდა მეცნიერებისა, ძალიან საინტერესოა არაბთა წვლილი ზღვაოსნობაში, კერძოდ, გემთმშენებლობასა და გეოგრაფიაში. არაბთა ზღვაოსნობის არეალი ნაკლებად იყო დაკავშირებულ ხმელთაშუა ზღვასთან. მათ ძირითადად ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკიდან მალაკის სრუტემდე  ეკუთვნოდათ პირველობა. სწორედ, ინდოეთის ოკეანეში გამოიგონეს სამკუთხა იალქანი, რომლის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ამგვარი აფრით აღჭურვილ გემს შეეძლო ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ეცურა. სამკუთხა აფრების პრინციპი მოგვიანებით ევროპელებმა გადაიღეს. ამ ინოვაციამ მათ საშუალება მისცა, გაშლილ ზღვაში დიდი გემებით გასულიყვნენ და საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს. რაც შეეხება კომპასს, მისი გამოგონება ჩინელების დამსახურებაა, თუმცა არაბებმა ის გააუმჯობესეს და ევროპელებმა მათგან ისწავლეს ამ მოწყობილობის გამოყენება.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ პორტოლანების, ანუ ზღვის რუკების შედგენის ხელოვნება გენუელებმა სწორედ არაბებისგან გადმოიღეს. ამის დამადასტურებლად გამოდგება არაბული სიტყვებისა და საზღვაო ტერმინოლოგიის ფართოდ გამოყენება ევროპულ ენებში: ადმირალი (admiral), შალოპი (sloop), კაბელი (cable), ბარკა (barque), მუსონი (monsoon) და სხვა. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ არაბებისგან ევროპელებმა მრავალი გეოგრაფიული სიახლე შეიტყვეს. მაგ., XII საუკუნეში,  ევროპაში გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ ევროპის გარდა, მთელი მსოფლიო მხოლოდ მუსლიმებს ეკუთვნოდათ. ამავე საუკუნის შუა ხანებში, სიცილიის ნორმანი მეფეების როჯერ II-ისა და ვილჰელმ I-ის დამსახურებით, ევროპელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შედარებით ზუსტი ცნობები ინდოეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის შესახებ. ამ მეფეების მფარველობითა და დაკვეთით, კორდოვაში მოღვაწე მოგზაურმა, ალ-იდრისიმ შექმნა თხზულება სამყაროს სრული აღწერილობის შესახებ, რომელიც სასწრაფოდ თარგმნეს ლათინურად. გარდა ამ ნაშრომისა, ალ-იდრისის ეკუთვნის 70 პორტოლანი (საზღვაო რუკა), რომელიც ასევე ამ მეფეთა დაკვეთით შეასრულა[8].

ესპანეთში, ჩრდილოეთის გამოკლებით, წვიმა იშვიათია, ამიტომ სოფლის მეურნეობის გასავითარებლად საჭიროა ხელოვნური მორწყვა. ევროპაში ირიგაციას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, ამიტომ მორწყვის ტექნოლოგია ესპანეთში ახლო აღმოსავლეთიდან შემოვიდა, სადაც ეს დარგი კარგად იყო განვითარებული. პირინეის ნახევარკუნძულზე დღესაც შევხვდებით წყლის ბორბალს, რომელიც სარწყავად გამოიყენება. ასეთივე მოწყობილობებს ვხვდებით ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რაც მის ერთიან წარმოშობაზე მიუთითებს. ესპანურ ენაში მრავალი ტერმინი, რომელიც სარწყავ მეურნეობასთან არის დაკავშირებული, არაბული წარმოშობისაა[9].

აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი მცენარეული კულტურა ევროპაში, ესპანეთის და სიცილიის გავლით, არაბებმა შეიტანეს. შაქრის ლერწამი, ბრინჯი, ფორთოხალი, ლიმონი, ბადრიჯანი, ბამბა, ლეღვი, ბროწეული ნუში და მრავალი სხვა. ამასთანავე, მოჰყავდათ სანელებლები, საღებავი საშუალებები და დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ აბრეშუმს.

არაბებმა ესპანეთში მაღალ დონეზე აიყვანეს სამთო-გადამუშავებელი წარმოება. დიდად ფასობდა ესპანური რკინა და სპილენძი, ასევე მოიპოვებოდა კინოვარი, რომლისგანაც ვერცხლისწყალს ამზადებდნენ.

IX საუკუნეში კორდოვაში აღმოაჩინეს ბროლის წარმოების საიდუმლო. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული იყო ჭურჭლის წარმოება, ჭედურობა. ბაღდადი და კორდოვა ტოლს არ უდებდნენ კონსტანტინოპოლს იუველირულ ხელოვნებაში, ხისა და სპილოს ძვლის დამუშავებაში. ესპანეთსა და სიცილიაში ახლო აღმოსავლეთიდან გადმოიღეს ტყავის დამუშავების ტექნიკა, ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია წიგნის ყდის დამზადება.

მრავალი რამ მიუთითებდა იმაზე, რომ არაბებმა ევროპაში შეიტანეს „ლამაზი ცხოვრების“ მრავალი ელემენტი.  ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია აღმოსავლეთის ცენტრების დამასკოს, ბაღდადისა და მედინის გავლენა. ამ გავლენის გავრცელებაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა მომღერალი ზირიაბი, რომელი 822-857 წლებში კორდოვაში ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში ის მღეროდა ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის კარზე. მან არა მარტო ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკის დონე აამაღლა, არამედ გემოვნების კანონმდებელიც გახდა. მაგ., ზირიაბს მიაწერენ სუფრაზე კერძების შემოტანის მიმდევრობის განსაზღვრას სხვადასხვა მეჯლიბსა და თუ სადღესასწაულო ღონისძიებების დროს. ზირიაბის რეკომენდაციით ჯერ უნდა შემოეტანათ სხვადასხვა სახის წვნიანი, შემდეგ ხორცის კერძები, შემდეგ სანელებლებით შეზავებული ფრინველი და ტრაპეზის დასასრულ – ტკბილეული[10].

აღსანიშნავია, რომ მუსლიმურმა აღმოსავლეთმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპელთა ყოველდღიურ საკვებზე: აღმოსავლური სანელებლები აკეთილშობილებდნენ ისედაც მწირ ევროპულ სამზარეულოს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ძირითად საკვებად დამარილებული ხორცი და თევზი გამოიყენებოდა. ნამდვილი გადატრიალება ევროპულ სამზარეულოში მოახდინა შაქრის გამოყენებამ. მანამდე ტკბილეულს მხოლოდ თაფლით ამზადებდნენ. ევროპაში უამრავი აღმოსავლური რეცეპტი შეიტანეს, რამაც კერძები უფრო დახვეწა და მრავალფეროვანი გახადა.

ევროპელებმა სწორედ არაბებისგან გაიგეს, რომ თხელი მინის ჭურჭელი ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ოქროსა და ვერცხლის სასმისები.

ასევე დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთმა ევროპაზე მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. მრავალი ინსტრუმენტი ევროპაში სწორედ ესპანეთიდან შევიდა. მაგ., გიტარა, ფლეიტა და სხვა. მუსიკის თეორიაში ევროპელებმა რამდენიმე ნაშრომი თარგმნეს ლათინურად.

არაბული პოეზიის უდიდესი ქმნილებები ძირითადად ახლო აღმოსავლეთში იქმნებოდა, თუმცა ესპანეთში მან მნიშვნელოვან სიმაღლეებს მიაღწია. არაბ მემატიანეს ამგვარი ფაქტი მოჰყავს: ყოველ წელს ტოლედოსა და კორდოვაში იმართებოდა პოეზიის ფესტივალი. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ფესტივალის პირობა ასეთი იყო: მოედანზე დგამდნენ ლამაზ ჭურჭელს, სადაც ერთი ყვავილი იყო მოთავსებული. კონკურსანტებს ამ ყვავილისთვის ექსპრომტად ლექსი უნდა მიეძღვნათ. იმარჯვებდა ის, ვინც ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო ლექსს შეთხზავდა. მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ არაბულმა პოეზიამ და მუსიკამ  დიდი როლი ითამაშა შუა საუკუნეების ევროპელი ტრუბადურებისა და მენესტრელების შემოქმედებაზე[11].

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც ევროპამ არაბებისგან შეითვისა იყო ქაღალდი. ქაღალდი ჩინური გამოგონებაა.  არსებობს გადმოცემა, რომ VIII საუკუნეში რამდენიმე ჩინელი ხელოსანი ტყვედ იგდეს არაბებმა. მათ დაამზადეს ქაღალდი და ამით თავისუფლება მოიპოვეს. არაბები სწრაფად მიხვდნენ ქაღალდის მნიშვნელობას, რომელიც ბევრად უფრო იაფი იყო, ვიდრე ეგვიპტური პაპირუსი ან ტყავი. დაახლოებით 800 წელს ბაღდადში, ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის ბრძანებით, პირველი ქაღალდის წისქვილი ამუშავდა. XII საუკუნეში, ფრანგ პილიგრიმებს, რომლებიც კომპოსტელოდან  (ესპანეთი) ბრუნდებოდნენ, ჩამოჰქონდათ ქაღალდის ფურცლები, როგორც ეგზოტიკური მასალა. ქაღალდი ევროპაში ესპანეთიდან და სიცილიიდან გავრცელდა, თუმცა პირველი ქაღალდის საწარმოები იტალიასა და გერმანიაში მხოლოდ XIV საუკუნეში გამოჩნდა.

მუსლიმური ბატონობის პერიოდში ანდალუსიელმა ქრისტიანებმა იმდენად სრულად შეითვისეს გაბატონებული ერის კულტურა (რელიგიის გარდა), რომ მათ მოსარაბებს, ანუ არაბიზირებულებს უწოდებდნენ. მეცნიერებს ხშირად მოჰყავთ ციტატა კორდოველი პაულუს ალვარიუსის თხზულებიდან – „ნათელი გზამკვლევი“, რომელიც 854 წელს დაიწერა. ავტორი ამბობს: „განა ყველა ქრისტიანი ახალგაზრდა, ლამაზი გარეგნობით, მჭევრმეტყველი და განათლებული, არ არის გატაცებული არაბული სიტყვიერებით? ისინი უდიდესი მონდომებით კითხულობენ არაბულ წიგნებს, გულმოდგინედ განიხილავენ მათ და აქებენ, მაშინ როცა ეკლესიის ლიტერატურის მშვენიერებას არ იცნობენ და ეკლესიის სულიერ საგანძურს არაფრად აგდებენ.
ვაი, რა დიდი უბედურებაა! ქრისტიანებმა საკუთარი ენა აღარ იციან, ლათინებმა კი თავიანთი მშობლიური ენა დაივიწყეს. ათასში ძნელად თუ მოიძებნება ერთი ადამიანი, რომელიც ლათინურად გამართულ წერილს დაწერს, მაშინ, როცა უამრავნი თავისუფლად ფლობენ არაბულს და თვით არაბებივითაც კი თხზავენ ლექსებს“[12].

ქართველ მკითხველს შეუძლია პარალელი გაავლოს ალვარიუსის ამ სიტყვებსა და იოანე საბანისძის ნათქვამს შორის: „და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა…“.

ესპანეთში იუდეველებმაც მიიღეს გაბატონებული კულტურა, გარდა რელიგიისა, რადგანაც მათი მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

საინტერესოა იმ ევროპელთა შთაბეჭდილებები, რომლებიც მუსლიმურ ესპანეთში, ანდალუსიაში ჩადიოდნენ. პირველ რიგში, მათ გაკვირვებას ქალაქების განაშენიანება და არქიტექტურა იწვევდა. აქ, ისინი პირველად ხედავდნენ ბაღებსა და პარკებს, შადრევნებსა და არხებს, კანალიზაციას, მოკირწყლულ ქუჩებსა და მდიდრულად მორთულ შენობებს. შეძლებული არაბების სახლები გამოირჩეოდა ფუფუნებითა და დახვეწოლობით: გარდა ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა, მათ ჰქონდათ შესანიშნავი შიდა ეზოები, რომლებიც ბაღებით, აუზებით, შადრევნებით, ეგზოტიკური მცენარეებითა და ცხოველებით იყო მორთული.  არქიტექტურული შედევრების რიცხვს მიეკუთვნებიან დღეს შემორჩენილი კორდოვის მეჩეთი და გრანადაში აგებული კომპლექსი – ალ-ჰამბრა. ბევრისთვის ცნობილია, რომ არქიტექტურული სტილი, ე.წ. მავრიტანული სტილი სწორედ ანდალუსიაში წარმოიშვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგალითისთვის, თბილისის ოპერა და საკრებულო სწორედ ამ სტილშია გადაწყვეტილი. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს, როდესაც ევროპულ ქალაქებში აბსოლუტური ქაოსი და ანტისანიტარია სუფევდა, ესპანეთსა და სიცილიაში ქალაქური კულტურა მაღალ დონით გამოირჩეოდა[13].

 

ბევრი მეცნიერი XII-XIII საუკუნეებს „თარგმანთა დიდ ეპოქას“ უწოდებს. ეს ის დროა, როდესაც ევროპელებმა დაიწყეს არაბულიდან ლათინურად ინტენსიური მთარგმნელობითი მუშაობა, თუმცა ამას ისინი მანამდეც აკეთებდნენ, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით.

განსაკუთრებით, ეს მოხდა ქრისტიანების მიერ ქალაქ ტოლედოს დაკავების (1085 წელი) შემდეგ. მრავალი მუსლიმი და არაბულენოვანი ებრაელი განაგრძობდნენ აქ ცხოვრებას, რაც საშუალებას აძლევდა ქრისტიან მმართველებს დაეკვეთათ მათთვის თარგმანთა შესრულება. ისტორიაში შემორჩენილია ევროპელთა რამდენიმე სახელი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. დომინიკუს გუნდისლავი (დომინგო გონსალესი), სეგოვიის არქიდიაკონი მუშაობდა წყვილში არაბულენოვან იბნ დაუდთან, იუდეველთან და იოანე სევილიელთან ერთად. ზოგადად, მთარგმნელები ხშირად მუშაობდნენ წყვილში. ასევე, ამ საქმიანობაში დიდი წვლილი შეიტანა იტალიელმა – ჯერარდო კრემონელმა, რომელიც 1187 წელს ჩავიდა ტოლედოში  და გარდაცვალებამდე ამ ქალაქში ცხოვრობდა. მას მიეწერება 100-მდე სხვადასხვა ნაშრომის თარგმნა. ამით შემოვიფარგლებით მთარგმნელთა საქმიანობის დახასიათებით, რადგანაც მათი ღვაწლის აღწერა შორს წაგვიყვანს. ერთადერთი, რასაც უნდა გავუსვათ ხაზი არის ის, რომ არაბული ნაშრომების ევროპულ ენებზე თარგმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ესპანეთში მცხოვრები ებრაელები მაგ., იბნ გებიროლი (ავიცებრონი) და მოსე მაიმონიდი, რომლებიც საკუთარ ორიგინალურ ნაშრომებს არაბულად წერდნენ.

დაბოლოს, XIII საუკუნეში მთავრდება  „თარგმანთა დიდი ეპოქა“ არაბულიდან ლათინურზე, თუმცა ცალკეული თარგმანები XVI-XVII საუკუნეებშიც გვხვდება. სწორედ ამ თარგმანების მეშვეობით არაბულმა მეცნიერებამ და ფილოსოფიამ უდიდესი წვლილი შეიტანეს დასავლეთ ევროპის ინტელექტუალურ განვითარებაში.

 

სტატიის ბოლოს, გვინდა მოვიყვანოთ ცნობილი ისლამთმცოდნისა და არაბეთის ისტორიის სპეციალისტის უილიამ მონტგომერი უოტის შემაჯამებელი სიტყვები დასავლეთ ევროპაზე ისლამური გავლენის შესახებ: „,მუსლიმურ კულტურასთან ევროპელთა შეხებამ მათში არასრულყოფილების გრძნობა დაბადა. მუსლიმური ტექნიკა მრავალი ასპექტით წინ უსწრებდა ევროპულს, შეძლებულ მუსლიმებს ბევრად მეტ კომფორტსა და ფუფუნებაზე მიუწვდებოდათ ხელი, თუმცა, მთავარი ეს არ იყო. საწყისს ეტაპზე, სარაცინების[14] უძლეველობა შიშის ზარს სცემდა მათ, თუმცა, შემდეგ ნორმანმა რაინდებმა დაამტკიცეს, რომ ისინი სამხედრო საქმეში დამპყრობელთა თანასწორნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, მუსლიმთა ძალაუფლების ზრდა აფრთხობდა მათ. XII საუკუნის დასაწყისში ევროპელები ფიქრობდნენ, რომ სამყარო შედეგება სამი ნაწილისგან: აზიის, აფრიკისა და ევროპისგან. თუმცა, მთელი აზია და აფრიკა  მუსლიმურ სამყაროდ მიაჩნდათ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპაც არ იყო მთლიანად ქრისტიანული.  ამრიგად, გამოდიოდა, რომ სამყაროს ორ მესამედზე მეტი მუსლიმთა ხელში იყო. ყველა ევროპელს, რომელსაც მუსლიმებთან ურთიერთობა მოუწია, ტანჯავდა მათი გრძნობა საკუთარი, უაპელაციო  უპირატესობის შესახებ. საერთოდ, ევროპელთა დამოკიდებულება მუსლიმთა მიმართ ძალიან წააგავს გრძნობას არაპრივილეგირებული კლასისა დიდ სახელმწიფოში. ამ კლასების მსგავსად, ევროპელები მიმართავდნენ რელიგიას, როგორც საშუალებას, გაემყარებინათ საკუთარი პოზიციები გაბატონებული კლასის წინააღმდეგ….

ისლამის დამახინჯებული სახე აუცილებელი იყო ევროპელთათვის, რათა საკუთრი არასრულყოფილების გრძნობის კომპენსირება მოეხდინათ. წარმოდგენა სარაცინთა რელიგიაზე, რომელიც ქრისტიანმა სწავლულებმა ჩამოაყალიბეს, საშუალება მისცა ქრისტიანულ სამყაროს მუსლიმთან დაპირისპირება – სინათლის სახელით  სიბნელის წინააღმდეგ ბრძოლად ჩაეთვალათ. მუსლიმები შეიძლება ყოფილიყვნენ ძლიერები, თუმცა ქრისტიანები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ რელიგიურ უპირატესობაში.

ბრძოლა სინათლისა და სიბნელისა – ჟღერს შესანიშნავად, თუმცა, დღეს, ფროიდის შემდეგ, ადამიანებმა გაიგეს, რომ სიბნელეს, რომელსაც მტერს მიაწერენ, არის მხოლოდ პროექცია საკუთარი სიბნელისა, რომელიც არ სურთ, რომ აღიარონ. ასე რომ, ისლამზე დამახინჯებული წარმოდგენა შეიძლება განვიხილოთ როგორც პროექცია ევროპელთა ბნელი მხარეებისა. გადაჭარბებული სექსუალობა, რომელსაც მუსლიმებს მიაწერდნენ, ევროპაშიც არსებობდა, თუმცა არ შეესაბამებოდა ქრისტიანულ იდეალებს. ქრისტიანთა წარმოდგენით, სექსუალობა იყო ხორციელი, ხოლო ყველაფერი ხორციელი ხელს უშლიდა სულს, რომელსაც მარადიული სიცოცხლისთვის უნდა მიეღწია….

თუ ყურადღებით განვიხილავთ შუასაუკუნეობრივ შეპირისპირებას ქრისტიანობისა და ისლამისა, ნათელი ხდება, რომ ისლამის გავლენა დასავლურ ქრისტიანობაზე ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ მიიჩნევენ ხოლმე. ისლამმა არა მხოლოდ გაუზიარა ევროპელებს საკუთარი მატერიალური კულტურის მიღწევები და ტექნიკური  სიახლეები, არა მხოლოდ სტიმული მისცა მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებას ევროპაში, არამედ ევროპელებს უბიძგა შეექმნათ სრულიად ახალი წარმოდგენა საკუთარ თავზე“[15].

 

[1] Julius Ruska, Das Steinbuch des Aristoteles mit literargeschichtlichen Untersuchungen nach der arabischen Handschrift der Bibliothèque Nationale, Heidelberg: Carl Winter’s Universitätsbuchhandlung, 1912, S. 1.

[2] ანდალუსია – არაბულად – „ალ-ანდალუს“. თავდაპირველი მნიშვნელობა ზუსტად არ არის ცნობილი.  მეცნიერებაში გავრცელებულია თეორია, რომ სახელი დაკავშირებულია ვანდალებთან — გერმანულ ტომთან, რომელმაც V საუკუნეში იბერიის სამხრეთი ნაწილი გაიარა და აფრიკაში დამკვიდრდა. აქედან გამომდინარე, სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ლათინურ Vandalusia-ს („ვანდალების ქვეყანა“).

 

[3] ინდუქციური მეთოდი მეცნიერებაში არის კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც მკვლევარი კონკრეტული დაკვირვებების, ფაქტებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე აყალიბებს ზოგად წესს, კანონზომიერებას ან ჰიპოთეზას.

[4] Briffault, Robert. The Making of Humanity. London: G. Allen & Unwin Ltd., 1928.

[5] Hammond, Robert. The Philosophy of Al-Farabi and Its Influence on Medieval Thought. New York: Hobson Book Press, 1947.

 

[6] W. Montgomery Watt, The influence of Islam on medieval Europe. Edinburgh University press, 1972

[7] Max Meyerhof, Studies in Medieval Arabic Medicine: Theory and Practice 1984

[8] S. Maqbul Ahmad, Djughrafiya, EL 2, vol. II,

[9] Americo Castro. The Structure of Spanish History, Princeton, 1954

[10] ზირიაბის გავლენის შესხებ იხ. –  Ferdinand Lot, Christian Pfister, François Louis Ganshof, Histoire du Moyen âge, t. I, Les destinées de l’Empire en Occident de 395 à 888, nouvelle édition revue, sous la direction de Gustave Glotz, Paris, Presses Universitaires de France, 1940.

[11] W. Montgomery Watt, The influence of Islam on medieval Europe. Edinburgh University press, 1972

[12] W. Montgomery Watt, The influence of Islam on medieval Europe. Edinburgh University press, 1972

[13] W. Montgomery Watt and Pierre Kakhia, A history of Islamic Spain, Edinburgh, 1976

[14] ასე უწოდებდნენ ევროპელები არაბებს

[15] W. Montgomery Watt, The influence of Islam on medieval Europe. Edinburgh University press, 1972

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მშობლის მთავარი კითხვა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“