სწავლება რეალური მაგალითებით – საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებული სწავლება
თანამედროვე პედაგოგიკაში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება რეალური, ცოცხალი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თეორიული მასალის გააზრებას, ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ასწავლის მათ მიღებული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოყენებას.
საბაზო საფეხურზე, მერვე კლასში, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების საგანში პირველად ეხებიან ადგილობრივი ხელისუფლების/თვითმმართველობის თემას, მაშინ როცა ცენტრალურ ხელისუფლებასა და სახელმწიფო მოწყობას მხოლოდ მეცხრე კლასში სწავლობენ. ამ ეტაპზე მოზარდებს ჯერ კიდევ უჭირთ ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური განაწილების შტოებისა და დონეების ჰოლისტურად, ერთიანობაში დანახვა და სტრუქტურული აღქმა.
მსგავსი კომპლექსური თემების შესწავლისას რეალურ შემთხვევებს უდიდესი როლი ენიჭება, რადგან მოსწავლეებს ხშირად უჭირთ აბსტრაქტული საკითხების მარტივად გააზრება. მათთვის ბუნდოვანია, სად მთავრდება ადგილობრივი მერიის პასუხისმგებლობა და სად იწყება ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციები. სწორედ ამიტომ რეალური მაგალითები იქცევა იმ ერთადერთ ეფექტიან სასწავლო რესურსად, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოსწავლეთა ყოველდღიურ გამოცდილებასთან გადაჰყავს.
აღნიშნული თემის თვალსაჩინოდ გასააქტიურებლად შესანიშნავ სასწავლო რესურსად შეიძლება გამოვიყენოთ 8 წლის მაქსიმე კახიძის რეალური ამბავი.
ნიუ-იორკში მცხოვრებმა მაქსიმემ გადაიღო ვიდეომიმართვა, რომელშიც ნიუ-იორკის მერს, ზოჰრან მამდანის, ბრუკლინში McKinley Park-ის სათამაშო მოედნის გახსნას სთხოვდა. წუწუნის ან შეგუების ნაცვლად მან საკუთარი გამოხატვის თავისუფლება გამოიყენა. რამდენიმე კვირაში მოედანი შეაკეთეს და გახსნეს. სათამაშო მოედნის გახსნაზე მაქსიმეც მიიწვიეს. მან თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა მერს და აღნიშნა, რომ „ბავშვებს სათამაშოდ უსაფრთხო და მხიარული გარემო სჭირდებათ“. შედეგმა არ დააყოვნა, ქალაქის ადმინისტრაციამ ბავშვის ინიციატივა გაითვალისწინა.
| „მე მქვია მაქსიმე და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. გმადლობთ. მადლობას ვუხდი მერ მამდანის მოწვევისთვის, ძალიან ვაფასებ.
გინდათ გაიგოთ, როგორ აღმოვჩნდი აქ? დაახლოებით ორი თვის წინ ჩავწერე ვიდეო, სადაც მერ მამდანის ვთხოვდი, დამხმარებოდა მაკკინლის პარკში სათამაშო მოედნის გახსნაში. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. მაგრამ იცით, რა მოხდა? რამდენიმე კვირის შემდეგ პარკი საბოლოოდ გაიხსნა. ასე რომ, მადლობა მერ მამდანის და ნიუ-იორკის პარკების სამსახურს ჩემი მოსმენისთვის. ძალიან ვაფასებ ამას. ძალიან მიყვარს, როცა პარკები ღიაა, რადგან ბავშვებს სათამაშოდ უსაფრთხო და მხიარული გარემო სჭირდებათ. ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩემი რწმენისთვის და იმისთვის, რომ მამხნევებდნენ, ხმა ამემაღლებინა. ასევე მინდა, სხვა ბავშვებმაც იცოდნენ, რომ თქვენს ხმასაც აქვს მნიშვნელობა! თუ ხედავთ, რომ რამის შეცვლაა საჭირო, არასდროს შეგეშინდეთ ხმის ამოღების. |
გაკვეთილზე ამ ვიდეოს ჩვენება მხოლოდ საინტერესო ამბის მოყოლას არ ემსახურება. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი მოსწავლეთა პროვოცირებისთვის. მოსწავლეები ხედავენ, რომ გამოხატვის უფლება მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის წერილი, ვიდეომიმართვა ან პეტიცია, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ბავშვები გაიაზრებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება (მერია, საკრებულო) სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქეების, მათ შორის ყველაზე პატარების, მოთხოვნებს უპასუხოს.
როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს ასეთი ისტორიებით იწყებს, პროცესი სრულიად სხვაგვარად წარიმართება. მოსწავლეების ცნობიერებაში თეორიული ცნებები მყისიერად უკავშირდება ყოველდღიურობას. მოსწავლეები იწყებენ ფიქრს საკუთარ ეზოზე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხო გადასასვლელებსა თუ გამწვანებაზე. იბადება კითხვები: ჩვენ ვის უნდა მივმართოთ? როგორ დავწეროთ წერილი მერის სახელზე? როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნა?
ვიდეომასალის ჩვენების შემდეგ, დისკუსიისთვის ბიძგის მისაცემად და კრიტიკული აზროვნების გასააქტიურებლად, მასწავლებელმა მოსწავლეებს შეიძლება დაუსვას შემდეგი კითხვები:
- რატომ გადაწყვიტა 8 წლის მაქსიმემ ვიდეოს გადაღება? რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ მისმა მცირე ნაბიჯმა ასეთი დიდებული შედეგი გამოიღო?
- ბავშვის რომელი უფლებები გამოიკვეთა ამ ისტორიაში?
- ვისი მოვალეობა იყო პარკის შეკეთება და რატომ გახდა საჭირო მოქალაქის (ამ შემთხვევაში – ბავშვის) მიერ პრობლემის შეხსენება?
სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ალტერნატიული სცენარების გაანალიზება. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ იმაზე, რა მოხდებოდა, მაქსიმეს ეს ვიდეო რომ არ გადაეღო.
| სცენარი A –უმოქმედობა | სცენარი B – არასწორი ადრესატი |
| პარკი კვლავ ჩაკეტილი დარჩებოდა განუსაზღვრელი ვადით. ბავშვები ითამაშებდნენ სახიფათო გარემოში, სადაც უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია ან საერთოდ მოწყვეტილები იქნებოდნენ ღია სივრცეს. საზოგადოებაში ჩამოყალიბდებოდა ნიჰილიზმი: „მაინც არაფერი შეიცვლება“.
|
მაქსიმეს რომ მიემართა, მაგალითად, განათლების სამინისტროსთვის ან კონგრესისთვის (საკანონმდებლო ორგანოსთვის), პრობლემის მოგვარება დაყოვნდებოდა, რადგან ეს არ იყო მათი პირდაპირი კომპეტენცია. მოსწავლეები სწორედ აქ გაიაზრებენ პასუხისმგებლობის სწორად განაწილების მნიშვნელობას. |
მაქსიმეს ქმედება „მოქალაქე ჟურნალისტობის“ საუკეთესო მაგალითიც არის. რას ნიშნავს მოქალაქე ჟურნალისტობა? ეს ის მოვლენაა, როდესაც რიგითი მოქალაქე ციფრული ტექნოლოგიების, ტელეფონისა და სოციალური მედიის მეშვეობით თავად ხდება ინფორმაციის წყარო: აფიქსირებს პრობლემას, იღებს ფოტოს/ვიდეოს, ავრცელებს მას და საჯარო მსჯელობის საგნად აქცევს.
მაქსიმე არ დაელოდა, როდის გააშუქებდა პარკის პრობლემას რომელიმე დიდი ტელევიზია. მან თავად აიღო კამერა, გახდა „მოქალაქე ჟურნალისტი“, დააფიქსირა რეალობა და მისი ხმა პირდაპირ მივიდა გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე. მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ დღეს თითოეულ მათგანს უდევს ჯიბეში მედიაინსტრუმენტი, რომელსაც საზოგადოებრივი სიკეთის მოტანა შეუძლია.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიაზრონ აქტიური მოქალაქეობა, არამედ შეძლონ მოქმედებაც, აუცილებელია, იცნობდნენ იმ საშუალებებსა და არაძალადობრივ ფორმებს, რომლებითაც მოქალაქეები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
„აქტიური მოქალაქის სახელოსნო“ როლურ სიმულაციასა და ქეისებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა. მისი მთავარი იდეაა, გაკვეთილი გადაიქცეს პრაქტიკულ სამუშაო სივრცედ – სახელოსნოდ, სადაც მოსწავლეები თეორიულ მასალას კი არ იზეპირებენ, არამედ რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით სამოქალაქო მონაწილეობისა და პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ პროდუქტს ქმნიან.
ამ ფორმატში მასწავლებელი გვევლინება ფასილიტატორად, ხოლო მოსწავლეები – „ცვლილებების ინიციატორებად“, რომლებიც ხუთეტაპიან პროცესს გადიან.
აქტიური მოქალაქის სახელოსნოს ხუთეტაპიანი სქემა
სახელოსნოს ეტაპების დეტალური აღწერა
| ეტაპი | მასწავლებლის როლი: ფასილიტატორი | მოსწავლის როლი: ცვლილებების ინიციატორი | სახელოსნოს ინსტრუმენტები |
| 1. აღმოჩენა | აჩვენებს რეალურ მაგალითს (მაქსიმე კახიძის ქეისი) და სვამს ბიძგის მიმცემ კითხვას: რა არის ჩვენს უბანში მოუწესრიგებელი? | აანალიზებს ქეისს და ჯგუფში ირჩევს 1 კონკრეტულ ლოკალურ პრობლემას (სკვერი, გადასასვლელი, გამწვანება). | პროექტორი, ვიდეომასალა, პრობლემის ხე |
| 2. რუკის შედგენა | აწვდის პასუხისმგებლობათა რუკას და ეხმარება ადრესატის სწორად შერჩევაში. | არკვევს, ვისი კომპეტენციაა პრობლემა და ასაბუთებს, რატომ სჭირდებათ მერია/საკრებულო და არა სამინისტრო. | ბარათები: მერია, საკრებულო, სამინისტრო, პოლიცია |
| 3. პროტოტიპირება | სთავაზობს მონაწილეობის ინსტრუმენტების მენიუს და აკონტროლებს უფლებრივ ჩარჩოს. | ირჩევს ფორმას და ქმნის პროდუქტს:
1) ერთწუთიანი ვიდეომიმართვა („მოქალაქე ჟურნალისტი“) 2) პეტიცია ან 3) წერილი მერს. |
სმარტფონი ვიდეოსთვის, პეტიციის/წერილის შაბლონები |
| 4. სიმულაციური საბჭო | მართავს პროცესს; მოსწავლეთა ნაწილს ნიშნავს საკრებულოს წევრებად. | ჯგუფი ა –მოქალაქეები / ინიციატორები: წარადგენენ პრობლემას, მუნიციპალიტეტის წინაშე ასაბუთებენ მის მნიშვნელობას, უპასუხებენ კითხვებს და სთავაზობენ მოგვარების გზას.
ჯგუფი ბ – ადგილობრივი ხელისუფლება – საკრებულო და მერია: უსმენენ ა ჯგუფს, სვამენ დამაზუსტებელ კითხვებს (ბიუჯეტის, ვადების, პრიორიტეტების შესახებ) და იღებენ გადაწყვეტილებას პროექტის მხარდაჭერის ან ბიუჯეტში გათვალისწინების შესახებ. |
საკრებულოს/მერიის მაგიდა, ტაიმერი |
| 5. რეფლექსია და ნაბიჯი | აფასებს პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორებით და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს. | აანალიზებს, რა მოხდებოდა, უმოქმედოდ რომ ვყოფილიყავით და, სურვილისამებრ, მართლა გზავნის წერილს მერიაში. | შეფასების რუბრიკა, თვითშეფასების კითხვარი |
მაქსიმე კახიძის ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეების პირველი პრაქტიკული დავალებაა მისი მონაწილეობის/ქმედების ფორმის ამოცნობა. რა ფორმა გამოიყენა მაქსიმემ? მან მიმართა ინდივიდუალური ადვოკატირებისა და ვიდეომიმართვის ფორმას, ჩამოაყალიბა მოთხოვნა და პირდაპირ გადასცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს – მერს. მაქსიმეს მაგალითის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებს ეს ცოდნა საკუთარ რეალობაში გადააქვთ. ისინი მსჯელობენ, რომ თუ მათ თემში სპორტული მოედნის აღდგენაა საჭირო, ეფექტური იქნება ხელმოწერების შეგროვება (პეტიცია) ან მერიისადმი წერილობითი მიმართვა. თუ სკოლის ეზოს გამწვანებაა საჭირო, საუკეთესო გზაა მოხალისეობა და თანაკლასელების მობილიზება. თუ ქუჩაში არსებული პრობლემისთვის ყურადღების მიქცევაა საჭირო, შესაძლებელია „მოქალაქე ჟურნალისტობის“ გამოყენება (ფოტო- ან ვიდეომასალის მომზადება და გავრცელება).
ამგვარად, მოსწავლეები ხედავენ, რომ მონაწილეობის თითოეული ფორმა არის კონკრეტული გასაღები ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.
მაქსიმე კახიძის შემთხვევა უბრალოდ საინტერესო ამბავი არ არის; ის ზუსტად ემთხვევა სამოქალაქო განათლების საბაზო საფეხურის სტანდარტს და აცოცხლებს ყველა სამიზნე ცნებას:
| სამიზნე ცნებები | სტანდარტის შედეგები | ახსნა/არგუმენტი |
| დემოკრატია, საზოგადოება
|
უფლებრივი ჩარჩოს გააზრება (მოქ. საბ. 1)
გადაწყვეტილებების მიღებისას უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (ბავშვის უფლებების კონვენცია) შინაარსის გათვალისწინება
|
ვიდეოს განხილვისას მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მაქსიმემ გამოიყენა ბავშვის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული აზრის გამოხატვისა და მონაწილეობის უფლება. ეს ეხმარება მოსწავლეს, თეორიული დოკუმენტის მიღმა თავისი რეალური უფლებები დაინახოს.
|
| სამოქალაქო მონაწილეობა, საზოგადოება, დემოკრატია
|
პრობლემის ამოცნობა და მოქმედება (მოქ. საბ. 2)
საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით
|
მაქსიმემ ამოიცნო რეალური საჭიროება და დემოკრატიული გზით (მიმართვით, არავალდებულებითი/მშვიდობიანი ფორმით) იზრუნა მის მოგვარებაზე. მოსწავლეები ხედავენ აქტიური მოქალაქის რეალურ, მშვიდობიან მოდელს.
|
| მდგრადი განვითარება, დემოკრატია
|
მდგრადი გარემო და უსაფრთხოება (მოქ. საბ. 3)
მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება
|
ჯანსაღი, მწვანე და უსაფრთხო საზოგადოებრივი სივრცის მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია მდგრად განვითარებასთან. მოსწავლეები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო თემის კეთილდღეობას.
|
| სამოქალაქო მონაწილეობა, დემოკრატია
|
ადვოკატირება და თვითმმართველობასთან თანამშრომლობა (მოქ. საბ. 4)
ცალკეული იდეების ლობირება, ადვოკატირება ინტერესთა ჯგუფებსა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით
|
მაქსიმეს მიმართვა ნიუ-იორკის მერიისადმი არის საბავშვო დონეზე განხორციელებული კლასიკური ადვოკატირება. მოსწავლეები სწავლობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სწორედ ის უწყებაა, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელია იდეების ლობირება და რეალობად ქცევა. |
როდესაც მერვე კლასში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სწავლებას რეალურ მაგალითებზე ვაგებთ, სტანდარტით განსაზღვრული შედეგები აბსტრაქტული მოთხოვნებიდან კონკრეტულ, გაზომვად უნარებად გარდაიქმნება:
- მოსწავლე აცნობიერებს, რომ თემში მოუწესრიგებელი სკვერი ერთდროულად არის მოქალაქის (დაინახოს პრობლემა, არ იყოს გულგრილი, გაახმოვანოს საჭიროება) და ადგილობრივი თვითმმართველობის/მერიის (გამოყოს ბიუჯეტი, მოაწყოს ინფრასტრუქტურა) პასუხისმგებლობა.
- მოსწავლე ირჩევს შესაბამის გზას: თუ პრობლემა ინდივიდუალური/ლოკალურია (მაგ., სკვერის მოწყობა), იყენებს წერილობით მიმართვას; თუ პრობლემა მთელ დასახლებას ეხება, ირჩევს პეტიციას.
- მოსწავლე მსჯელობს, რა უფრო ეფექტურია კონკრეტულ სიტუაციაში: სოციალურ ქსელში წუწუნი, მოხალისეობრივი აქციის ორგანიზება და ეზოს დასუფთავება თუ მერიაში ოფიციალური წერილის გაგზავნა. ის ადარებს და ირჩევს ყველაზე შედეგიან მეთოდს.
- მოსწავლე ასაბუთებს, რომ მაქსიმეს შემთხვევაში წარმატება მოიტანა სამმხრივმა ჩართულობამ: ბავშვის ინიციატივამ (პიროვნება, მოქალაქე) – თემის მხარდაჭერამ (საზოგადოება) – მერიის გადაწყვეტილებამ (სახელმწიფო ინსტიტუცია).
- მოსწავლე განჭვრეტს, რომ არმონაწილეობისა და გულგრილობის შემთხვევაში უბანში უსაფრთხო გარემო ვერასდროს შეიქმნება, ხოლო ფორმალური, ფასადური ფსევდომონაწილეობის დროს იხარჯება დრო და რესურსი, პრობლემა კი მოუგვარებელი რჩება.
ასე დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: მოსწავლემ იცის, რა არის ბავშვის უფლებათა კონვენცია, გამოხატვის თავისუფლება და რა ფუნქცია აკისრია ადგილობრივ თვითმმართველობას.
- დეკლარაციული – წესის/ფაქტის ცოდნა: მოსწავლემ იცის, როგორ შეადგინოს მიმართვის წერილი, როგორ ჩამოაყალიბოს არგუმენტირებული მოთხოვნა ან როგორ მოამზადოს პრეზენტაცია.
- პროცედურული – როგორ გავაკეთო: მოსწავლეს ესმის, როდის, რატომ და რა ვითარებაშია საჭირო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიმართვა, გაიაზრებს, რომ ეს არის არა უბრალოდ სკოლის დავალება, არამედ საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების რეალური ინსტრუმენტი.
- პირობისეული – როდის და რატომ გამოვიყენო.
მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან რეალური შემთხვევების ბანკი – ყოველდღიური ამბების კოლექცია. ეს სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და ორგანიზებულს გახდის. თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინება:
| შეარჩიეთ ასაკისთვის შესაბამისი და ახლობელი კონტექსტი | ქეისი მოსწავლისთვის ემოციურად გასაგები უნდა იყოს (მაგ., სკვერის მოწყობა, უსაფრთხოება, შინაური ცხოველების მოვლა). რაც უფრო ახლოსაა ამბავი მათ ყოველდღიურობასთან, მით უფრო მაღალია მოტივაცია. |
| გამოყავით პრობლემა და სამოქმედო ნაბიჯები | ამბის თხრობისას ხაზი გაუსვით არა მხოლოდ შედეგს, არამედ გზასაც: რა პრობლემა იყო, ვის მიმართეს, რა ინსტრუმენტი გამოიყენეს (წერილი, პეტიცია) და როგორ მიაღწიეს შედეგს. |
| დაუკავშირეთ კონკრეტულ საგნობრივ სტანდარტს | რეალური ამბავი არ უნდა დარჩეს უბრალოდ საინტერესო ისტორიად. მკაფიოდ გამოკვეთეთ, რომელი ცნების გააზრებას ემსახურება ეს ქეისი. |
| დაასრულეთ ინტერაქციული დავალებით | ამბის განხილვის შემდეგ გადაიყვანეთ მოსწავლეები მოქმედებაზე, სთხოვეთ, თავად ამოიცნონ მსგავსი პრობლემა თავიანთ თემში და მოამზადონ მიმართვის შესაბამისი ფორმა. |
„აქტიური მოქალაქის სახელოსნო“ წარმოადგენს სწავლების თანამედროვე, ინტერაქციულ მეთოდს, რომელიც უარს ამბობს სამოქალაქო განათლების მხოლოდ თეორიულ მიმართულებაზე და მას რეალურ გამოცდილებად გარდაქმნის. VIII კლასის მოსწავლეებისთვის ისეთ კომპლექსურ თემებთან შეხება, როგორებიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება, ხშირად აღქმადობის ბარიერთან არის დაკავშირებული. რეალური ისტორიების (მაგალითად, მაქსიმე კახიძის ქეისის) გაანალიზებითა და ხუთეტაპიანი სამოქმედო სქემის გამოყენებით ეს ბარიერი ინგრევა.
მეთოდი, უპირველესად, იმით არის ფასეული, რომ მოსწავლეს პასიური მსმენელიდან პროცესის მთავარ მოქმედ პირად, ცვლილებების ინიციატორად გარდაქმნის. მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ იმას, რისი უფლება აქვთ, არამედ პრაქტიკულადაც ითვისებენ პრობლემის იდენტიფიცირების, სწორი ადრესატის შერჩევისა და არაძალადობრივი, კონსტრუქციული თანამშრომლობის გზებს.
ამრიგად, „აქტიური მოქალაქის სახელოსნო“ მთლიანად პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რადგან ის ავითარებს ცოდნის სამივე კატეგორიას (დეკლარაციულს, პროცედურულს, პირობისეულს) და სკოლის კედლების მიღმა აყალიბებს პასუხისმგებლობიან, კრიტიკულად მოაზროვნე და საზოგადოებრივად ჩართულ მოქალაქეებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- დილემებით სწავლება. მასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის. 2023 (ავტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნინო ლომიძე, მაია ბლიაძე, გურამ მეგრელიშილი, თინათინ ზარდიაშვილი, ირენა მახარაძე, მაია ფირჩხაძე, თამარ მურუსიძე)
- ნ. გვარამაძე. ერთი ადამიანის ისტორია მოქალაქეობის გაკვეთილზე. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 2026
- გ. გახელაძე. ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 2012




