როგორ იქცევა ერთი ტექსტი მეორე ტექსტის განმაპირობებელ მოვლენად? როგორ ახერხებს მწერალი, ისე მიუახლოვდეს სამყაროს უნივერსალურ კოდებს, რომ საკუთარი ნააზრევის წყაროდ აქციოს?
ამ შეკითხვებს პასუხობს გამორჩეული მწერალი ჯემალ ქარჩხაძე. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი სამყაროს ერთ–ერთი ნიმუში ,,იგი“ სასკოლო სახელმძღვანელოშია შეტანილი საშუალო საფეხურის მე–12 კლასში, როცა ადამიანის პიროვნება ჩამოყალიბების, ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას გადის და ნაწარმოების კონტექსტს მოზარდის შინაგანი სამყაროს განვითარებაში თავისი განუმეორებელი წვლილის შეტანა შეუძლია.
საშუალო საფეხურზე ინტერტექსტუალობის საილუსტრაციოდ და გამოსაკვეთად ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო ლიტერატურული კანონისა და სამიზნე ცნებების შესაბამისობაზე მუშაობის ერთ–ერთი საინტერესო შესაძლებლობა ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ სწავლებაა.
დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს უკვე აქვთ სახარების იგავებთან წვდომისა და გააზრების გამოცდილება, რაც შესამჩნევად აიოლებს საშუალო საფეხურზე ინტერტექსტუალობის საკითხის ღრმად გააზრებას, აბსტრაქტული და სიმბოლური აზროვნების პროცესს. ნაწარმოების ტექსტის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა ავტორის კრიტიკულ ნააზრევს მწერლის ჩანაფიქრის საანალიზოდ, რათა მათ შეძლონ განსხვავებულ შეხედულებათა შედარება და განსჯა.
ნაწარმოებისადმი მუდმივ მიზიდულობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის იგავური ენა, რომელიც მწერლის შემოქმედებითი მრავალწახნაგოვნების საწყისთან დგას და დიდწილად ქმნის კიდეც ტექსტის კონტექსტურობის გასაღებს.
სახარებისეული იგავები მწერლის მხატვრულ ტექსტებში გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე იმპლიციტურად. იგავი იკვეთება არა მარტო შინაარსობრივ – იდეურ, არამედ ლექსიკურ–სემანტიკური გამომსახველობის დონეზე. ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურულ სამყაროში იუნგის აპერცეპციის თეორიის მიხედვით, წინასწარ არსებული კონცეპტი სახარების იგავია, ხოლო პერცეპცია ინტროვერტირებული გონების ძალით შექმნილი მხატვრული ნაწარმოები.
სახარებისეული იგავური კონტექსტების შიდა კავშირებით მწერლის მიერ წარმოჩენილია ძირითადი კონცეფცია, რომ მწერლობა და ყოველი მწერალი ღირებულებათა მარადიულ სისტემას ემსახურება. ბოლო საუკუნეებში ეს მარადიული სისტემა და შესაბამისად საყრდენიც – ადამიანის არსიც მუდმივ მტკივნეულ გარდასახვასა და ტრანსფორმაციას განიცდის, რის შესაბამისი რეფლექსიაც არის ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება. ჯემალ ქარჩხაძის პროზის იგავური ასპექტები გვიდასტურებს, რომ უნივერსუმს მოწყვეტილი ადამიანური გონება ვეღარ ახერხებს ღვთაებრივი კოსმოსის მსგავსად – მიკროკოსმოსად ყოფნას. მისი სული აღარ წარმოადგენს „მსოფლიო სულის ნაპერწკალს“ (იუნგი 2005: 4).
იკვეთება მწერლის მიზანდასახულობა – პერსონაჟთა სულიერი ევოლუციის ჩვენებით აღდგეს კულტურის უნიფიცირებული სისტემის ერთადერთი უნივერსალია – აბსოლუტურად სამართლიანი, მშვენიერი, სამყაროსა და ადამიანის შემქმნელი ღმერთის უსასრულობის, ზეგრძნობადობისა და ზეგონიერების აღქმა. მწერალი გვიჩვენებს, რომ ეპისტემიოლოგიური კრიტიციზმის მიუხედავად, რწმენა აძლევს ადამიანს ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას. რწმენის აუცილებლობას კი სახარების მთლიან სწავლებასთან ერთად იგავთა გააზრებაც განაპირობებს. ამიტომაც ხდება იგავური აზროვნება ქართული მწერლობის ერთ–ერთი მთავარი სააზროვნო ვექტორი.
სახარებისეული იგავები ჯემალ ქარჩხაძემ XX საუკუნის ქართული ყოფის სინამდვილეს შეუსაბამა. კულტურული კონტექსტების გზაჯვარედინზე მწერალმა თავისი არჩევანი სწორედ ამ ვექტორისაკენ მიმართა. მან ქართული სულის კვლევა მარადიული საწყისის – იგავის სახარებისეული მორალისა და ბიბლიური ჭეშმარიტებების ხელახალი აღმოჩენების გზით გვაჩვენა იმ ეპოქაში, რომელსაც ეს საწყისი ტოტალიტარიზმის წნეხის კანონიზაციის გამო კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა.
მოთხრობა „იგი“ ექსტრალინგვისტური კონტექსტის დონეზე შეიძლება ჯემალ ქარჩხაძის უმთავრეს იგავად მოვიაზროთ. მოთხრობის პერსონაჟი – იგი – სახარების იგავთა მარადიულ გმირს განასახიერებს, რომელიც თავის თავში სამყაროს ყველა განზომილებას მოიცავს.
იგავური ენის ყველა პლასტი მასში ერთდროულად თანაარსებობს – ქრონოტოპი, ეპიფანია გზის დასაწყისში და გზის დასასრულს, მოთხრობის ტექსტში გამოყენებული ყველა ანთროპომორფიზმი სიტყვათა კონოტაციურ მნიშვნელობაზე მიუთითებს და სახარების იგავთა დედააზრში კონცენტრირდება. იგი სახარების იგავთა გმირია, რომელიც ტრანსფორმირდება მწერლის სხვა ნაწარმოებებში და სხვადასხვა სახელით გვევლინება. მან ყველგან ერთი უმთავრესი მორალური ამოცანა უნდა გადაწყვიტოს – შეძლებს თუ არა ადამიანად ქმნის დიდი მისტერია განახორციელოს, აღასრულოს საკუთარი ნება და არჩევანი, ამიტომაც მნიშვნელობა არა აქვს რა სახელი ერქმევა, ან ერქმევა თუ არა საერთოდ სახელი. იგი ყველა დროის, ყველა ეპოქის შვილია, შეიძლება ითქვას ზედროულია. მისი სახელის საკაცობრიო იდეურ დატვირთვას ერწყმის ქართული ეროვნული სულის პორტრეტის შტრიხები ნაწარმოებებში „ზებულონი“, „ანტონიო და დავითი“, „მდგმური“, „განზომილება“.
„იგის“ პრეისტორიულობა და არქეტიპულ სახეთა სისტემა, ფაქტობრივად, სახარების იგავის მარადიული დროის ქრონოტოპის განსხეულებად წარმოგვიდგება. ამიტომაც მოთხრობის მთავარი გმირი შესაქმეს მთავარი ფიგურაა, რადგან სტატიკური მოცემულობის სამყაროს გაცნობიერებულ მოცემულობად ქცევის ხანგრძლივი პროცესის სათავეში ექცევა და ნებითა თუ უნებლიეთ აიძულებს თავის ირგვლივ მყოფთ, ამ მტკივნეული და რთული პროცესის თანამონაწილენი გახდნენ. განღმრთობისაკენ მავალი ადამიანის მთელი არეალია მოქცეული იგის თვალსაწიერში – მისი პირველქმნილი სამყარო სხვადასხვა ანთროპონიმისა და სიტყვათა კონოტაციის ჯერ ქაოსურ, შემდეგ კი პიროვნული მზაობისა და ზრდის კვალდაკვალ, დახვეწის ახალ სიმაღლეზე ადის. იგი თავისუფლდება სიტყვით და ათავისუფლებს სიტყვას. იგი თავად ხდება სიტყვის ერთგვარი გამტარი, რაც კარს უღებს სამყაროთა შორის მოგზაურობისაკენ.
იგის გამოსვლა გამოქვაბულიდან და მისი გამართვა, ერთი მხრივ, ტკივილისაგან დახსნის მაჩვენებელია, მეორე მხრივ, თავისუფლების მოპოვების საფუძველი. გამოქვაბულის დატოვება – დღის თვალის, ღამის თვალის – სულიერი სინათლის აღმოჩენა და გონების გათავისუფლება არააა საკმარისი, რომ პიროვნებად გარდაიქმნეს. მან გულის განათლება უნდა შეძლოს – გული აივსოს გრძნობით, რომელიც გაათავისუფლებს და სამყაროსთან ჰარმონიას შთააგონებს. ეს გრძნობა პირველი ადამიანის ინსტინქტზე, პრიმიტიულ ურთიერთობებზე მაღლა უნდა დადგეს, რომ იგიმ მთელი სამყარო აღმოაჩინოს თავის თავში, თვით მოძალადე და აგრესიული ბელადიც კი, და შეიყვაროს.
ეს გრძნობა სიყვარულის ძალაა, რომელსაც შეუძლია პიროვნებად აქციოს იგი. ამავე დროს სწორედ სიყვარულია შთამაგონებელი, რათა იგი მსხვერპლის გაღების გზით გახდეს თავისუფალი პიროვნება. ეძიეთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ თქვენ – ამ ცნობილი ფორმულის რეალურ ხორცშესხმად იკითხება იგის მთელი სულიერი თავგადასავალი. ეს ჭეშმარიტება, როგორც იგიმ აღმოაჩინა, სამყაროს შემოქმედი სულია, რომელიც ათავისუფლებს და პიროვნებად აქცევს მას. იგი ამ დიადი სულის ნაწილად აღიქვამს თავს და შინაგანად შეიგრძნობს კიდეც ამას. იგიმ იცის, რომ ზღვაც თვითონაა, მთაც, ცაც და ყველაფერი, რასაც უყურებს. ფაქტობრივად, მთელი კოსმოგონიური სურათის ცენტრალური ფიგურაა და ამას სრულად ისიგრძეგანებს, როგორც დიდ მოაზროვნეებსა და ინტუიციური წვდომის უნარებით დაჯილდოებულ თავისუფალ პიროვნებებს ახასიათებთ.
პერსონაჟი – იგი სახარების გმირის გზას იმეორებს – უერთდება სამყაროულ საწყისებს, იწყებს გამართვას – განხორციელება–განკაცებას, ქადაგებას – შემოქმედებით წვასა და ქმედებას, საყოველთაო სიყვარულის ტარებას ადამიანურ არსში. იგი თავად არის მეტამორფოზისა და ტრანსფორმაციის რეალური სუბსტანტირებული სახე.
იგი თავის თავში აერთიანებს რჯულისა და მადლის იგავების (რჯულის იგავები: „მთესველის იგავი“ ,„საფუარი“,„ბოროტი მევენახეები“, გონიერი და უგონო მშენებლები“, „კოშკის მშენებელი. ომში მიმავალი მეფე“, „ორგული მნე“, „ძე შეცდომილი“ და მადლის იგავები: „ანთებული სანთელი“, სასუფევლის ვაჭრები“, „კეთილი სამარიტელი“, ტალანტის გამრავლება“, „საქორწილო ნადიმი“) მორალისტიკას და თავად იქცევა არქეტიპად, სიმბოლოდ. მისი რეპრეზენტირება მწერალმა სხვადასხვა რაკურსით შემოგვთავაზა რომანებში და დაგვარწმუნა, რომ ეპოქა, კონკრეტული ქრონოტოპი მხოლოდ პირობითი ფონია უმაღლესი ჰარმონიის მიღწევის გზაზე სახარების იგავის მარადიულ უძრავ დროში გადასანაცვლებლად.
„იგი“, როგორც ცენტრალური საბაზისო იგავი, ტრანსფორმირდება ჯემალ ქარჩხაძის თითქმის ყველა სხვა ნაწარმოებში და განასახიერებს ერთიან იგავ–სისტემას, რომელიც მწერლის შემოქმედების გაშინაგანებულ სიღრმისეულ განზომილებას წარმოგვიდგენს. ეს განზომილება, თავის მხრივ, ემსახურება ადამიანში ღვთაებრივამდე პიროვნული და ზნეობრივი სრულყოფის უდიდეს მისიას.
ამ იგავთა გამოძახილი მკაფიოდ შეიგრძნობა მოთხრობის „იგი“ არა მხოლოდ სიუჟეტის განვითარების მსვლელობისას, არამედ ყველა პერსონაჟის, ერთი შეხედვით თითქოსდა გაუცნობიერებელი ფიზიკური თუ სულიერი მოძრაობის, საჩვენებლად. ჯემალ ქარჩხაძის მიერ „იგის“ დედააზრითა და სათქმელით წარმატებულად არის წარმოჩენილი სახარების იგავთა შინაგანი მისია, რომელიც განისაზღვრება ორი მიმართულებით: დეფინიცია – რჯულის იგავი ადამიანის სარწმუნოებრივ მოქცევასა და მეტამორფოზას განაპირობებს; დეფინიცია – მადლის იგავი პიროვნების ღვთაებრივ გასხივოსნება–თეოზისურ ფაზაზე მიგვანიშნებს. პერსონაჟის მეტამორფოზაც ამ ორი ვექტორით წარიმართება ადამიანში ღვთაებრივამდე პიროვნული და ზნეობრივი სრულყოფის უდიდესი მისიის შესასრულებლად.
ამ დაკვირვებების მეშვეობით მოსწავლეები უფიქრდებიან ჯემალ ქარჩხაძის მოსაზრებას, რომ შინაგანი სამყაროს გადმოცემა არ შეიძლება უშუალოდ, რადგან შინაგანი სამყარო არამატერიალური ფენომენია. მწერალი მიიჩნევს, რომ არამატერიალური სამყაროს მატერიალიზაცია შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ სიმბოლურად, რასაც გამოხატულების სხვადასხვა არეალი შეიძლება ჰქონდეს. სიმბოლურ სახეთა არეალი კი სწორედ იგავია, როგორც შემოქმედების საფანელი, როგორც ერთგვარი მიკროსქემა. თავად ჯემალ ქარჩხაძეც გვიდასტურებს, რომ შემოქმედება, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი შინაგანი სამყაროს იგავური გაცხადება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- დურგლიშვილი ბელა – იგავის მხატვრული ტრანსფორმაცია ჯემალ ქარჩხაძის პროზაში, მონოგრაფია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2023.
- იგავნი – იგავნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი – წმინდა მამათა და კომენტატორთა საღვთისმეტყველო განმარტება 7 წიგნად, გამომცემლობა „ალილო“, გამომცემლობა „დედაენა“, თბილისი, 2008.
2.იუნგი კ.გ. – განსხვავება აღმოსავლურ და დასავლურ აზროვნებას შორის, ქუთაისი, გვ 4, 2005.
- ქარჩხაძე ჯ. – „იგი“, თბილისი,2010 .
- ქარჩხაძე ჯ. – ქარჩხაძე ჯემალ, შემოქმედების კანონი, ქარჩხაძის გამომცემლობა, თბილისი, 2011.
- Crossan J.D. – The Parables Of Jesus, Interpretation, Professor Emeritus DePaul University, 2002.
- KoesterH. – The Parables of Jesus Recovering the original meaning of Matthew’s parables, Bible History Daily, 2013.
- Rindge M. – Luke’s Artistic Parables: Narratives of Subversion, Imagination, and Transformation, Gonzaga University, Spokane, Washington, Interpretation: A Journal of Bible and Theology, 2014.


