განათლება მუდმივი ცვლილების პროცესია. იცვლება ცოდნაზე წვდომის გზებიც, სწავლების მეთოდებიც და მოსწავლეთა ინტერესებიც. თუმცა, თვითონ ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს განვითარებას. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ჯერ კიდევ არ გვცემს პასუხს მთავარ კითხვაზე: რამდენად უკეთ სწავლობს მოსწავლე, რამდენად დამოუკიდებლად აზროვნებს, შეუძლია თუ არა განსხვავებული აზრის მოსმენა, საკუთარი პოზიციის არგუმენტირება და პასუხისმგებლობის აღება? ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ადამიანური უნარების განვითარება, როგორიცაა გააზრება, შეფასება, კითხვა, მოსმენა და თვითგანვითარება.
სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ჟურნალ „მასწავლებლის“ ახალი ნომერი.
სწავლების ხარისხზე საუბარი მოსწავლის რეალური საჭიროებების დანახვით იწყება. საკლასო ოთახში ყველა ბავშვი ინდივიდუალური გამოცდილებით, შესაძლებლობებითა და ინტერესებით მოდის. ამიტომ ერთიანი, „ყველასთვის მორგებული“ მიდგომა თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. დიფერენცირებული სწავლება, პერსონალიზებული გარემო და შეფასების მოქნილი მეთოდები მასწავლებელს ეხმარება, თითოეული მოსწავლის ძლიერი თუ სუსტი მხარეები დაინახოს და სწავლის პროცესი მის საჭიროებებს მოარგოს.
ხელოვნური ინტელექტი ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს, მაგრამ ახალ კითხვებსაც აჩენს: თუ ტექნოლოგიას შეუძლია ტექსტის დაწერა, მონაცემების დამუშავება, სავარჯიშოების მომზადება და სწავლის პროცესის ნაწილობრივ მორგება, რა რჩება თავად მოსწავლის პასუხისმგებლობად? როგორ შევაფასოთ მისი ნამდვილი ცოდნა და დამოუკიდებელი აზროვნება? რა აზრი აქვს დავალების შეფასებას, როცა მის შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც მონაწილეობდა?
განსხვავებული აზრის პატივისცემა, აქტიური მოქალაქეობა, ღირებულებებზე დამყარებული განათლება და რეალურ კონტექსტში ენის სწავლა – ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ „ცოდნის დაგროვების“ ადგილი არ არის. სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვი ურთიერთობას, საკუთარი აზრის გამოხატვას, სხვების მიღებას და საერთო პასუხისმგებლობის გააზრებას სწავლობს. ზოგადი ღირებულებები მხოლოდ წიგნში ჩაწერილი თეორია არ არის, ისინი ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში, მასწავლებლის გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებში ვლინდება.
ცხადია, ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელია მასწავლებლის მხარდაჭერისა და პროფესიული ზრდის გარეშე. ახალი მიდგომები და ტექნოლოგიები მუდმივ სწავლას, გამოცდილების გაზიარებასა და გუნდურ მუშაობას მოითხოვს. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკოლისა და უნივერსიტეტის პარტნიორობა. უნივერსიტეტმა და სკოლამ ერთად უნდა შექმნან სივრცე, სადაც თეორია და პრაქტიკა ხვდება ერთმანეთს, ახალი იდეები გამოიცდება, ხოლო საუკეთესო გამოცდილება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
ჟურნალის ეს ნომერი ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა თემასა და პრაქტიკულ მაგალითს, რომლებსაც ერთი საერთო საზრუნავი აერთიანებს: განათლება უნდა პასუხობდეს დროის გამოწვევებს ისე, რომ ცენტრში აუცილებლად ადამიანი იდგეს. გვჯერა, რომ მასწავლებლის წარმატება სწორედ ამ ორის — სიახლეების ათვისებისა და ადამიანზე ზრუნვის სინთეზშია, რადგან განათლების მომავალს საბოლოოდ მაინც ის განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანები ვიქნებით ტექნოლოგიების ეპოქაში.
მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა
რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ქეთევან ნიკოლეიშვილი, ნათია ორმოცაძე
დიზაინერი– ბესიკ დანელია
მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი
ნომრის ავტორები : მანანა ბოჭორიშვილი, ნოდარ ცაგარეიშვილი, ნატო ქობულაძე, თათია ბარბაქაძე, მაია ინასარიძე, მეგი კუთხაშვილი, ნინო გვარამაძე, ნანა მაკარაძე, მაკა ნადარეიშვილი, შორენა ტყემალაძე, ნინო მარღიშვილი, მარიტა ჩერქეიშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი სილაგავა, ანა ანუშიძე
ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:



