თანამედროვე ცხოვრება გამუდმებით ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს პედაგოგებს, ითხოვს მათგან ორიგინალურ და ეფექტურ სასწავლო მიდგომებს, კვლევას, კვლევის შედეგების ანალიზს და რეალობაზე მორგებული მეთოდების დანერგვას. 2025-2026 სასწავლო წელს სამი სკოლის ფარგლებში განხორციელდა კვლევა სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების შესახებ. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ისე გამოწვევებს. მობილური ტელეფონები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას და ინტერაქციულ სწავლებას, მეორე მხრივ კი მოსწავლეთა ყურადღების გაფანტვის, აკადემიური ჩართულობის შემცირებისა და დისციპლინური პრობლემების მიზეზია.
კვლევა, როგორც უკვე ვთქვით, მიზნად ისახავდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა დამოკიდებულების შესწავლას, მობილური ტელეფონების გამოყენების პრაქტიკის ანალიზს და მათი ეფექტიანი გამოყენების გზების განსაზღვრას, ხოლო ამის საფუძველზე – სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვას, მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებას სასწავლო პრინციპების, მოსწავლეთა ვალდებულებების, მოვალეობებისა და უფლებების დაცვით.
კვლევამ ცხადყო, რომ პედაგოგთა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში ხშირია მოსწავლეთა ყურადღების დეფიციტი – მოსწავლეები ნაკლებად არიან კონცენტრირებულნი სასწავლო-საგანმანათლებლო საკითხებზე. პედაგოგთა ნაწილი დასძენს, რომ სასწავლო პროცესში ხშირად იყენებს მობილურ ტელეფონებს როგორც სასწავლო რესურსს, მაგალითად, ინფორმაციის მოსაძიებლად ან ტესტების შესასრულებლად, თუმცა ყველა ზემოთ დასახელებულ სიტუაციაში ადვილი შესაძლებელია მობილური ტელეფონის სხვა მიზნით გამოყენებაც, რაც მრავალრიცხოვან კლასში ძნელად ექვემდებარება კონტროლს.
აღნიშნულ სკოლებში მოსწავლეთა ყურადღებისა და კონცენტრაციის ასამაღლებლად პედაგოგები მოითხოვდნენ გაკვეთილის, ზოგჯერ კი მთელი სასწავლო დღის განმავლობაში მობილური ტელეფონების მოთავსებას მათთვის განკუთვნილ ყუთში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს სათადარიგო, მეორე, ზოგჯერ მესამე მობილური ტელეფონი ჰქონდათ თან. გარდა ამისა, მობილური ტელეფონების ჩამორთმევას მოსწავლეები ხშირად შეურაცხყოფად აღიქვამენ და აგრესიას გამოხატავენ.
რაში სჭირდებათ მოსწავლეებს გაკვეთილზე მობილური, როცა დავალება არ მოითხოვს მის გამოყენებას? რა გამოცდილება დაგროვდა სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების შედეგად?
დადებით გამოცდილებად შეიძლება მივიჩნიოთ მობილურის გამოყენება ინფორმაციის მოძიების მიზნით.
უარყოფით გამოცდილებად შეიძლება ჩაითვალოს:
- მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილის ჩასაწერად და ინფორმაციის გარეთ გასატანად;
- მობილურის გამოყენება ფოტოაპარატის დანიშნულებით. ხშირად მოსწავლეები ამ გადაღებული ფოტოებით სხვადასხვა აპლიკაციაში ქმნიან შარჟებს და ეწევიან ბულინგს;
- ძვირად ღირებული ტელეფონებით თავმოწონება და ასეთი ელეფონების მგლობელების მიერ საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება უფრო დაბალბიუჯეტიანი აპარატების მფლობელთა წინაშე, რაც ასევე ბულინგის ნაირსახეობაა’
- მობილური ტელეფონის გამოყენება შპარგალკის როლში;
- ხელოვნური ინტელექტით სარგებლობა ნებისმიერი საშინაო დავალების შესასრულებლად.
ყურადღების მუდმივი დეფიციტი და სასწავლო პროცესზე ნაკლები კონცენტრაცია იწვევს ჩამორჩენას სასწავლო მასალის აღქმის თვალსაზრისითაც და საბოლოოდ მივყავართ მოსწავლის დემოტივაციამდე, სწავლისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებამდე. ასეთი მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლის დასრულების შემდეგ ვერ საქმდება არასაკმარისი ცოდნის გამო და რისკჯგუფში ხვდება. ასე რომ, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლადაც მნიშვნელოვანია სკოლაში ისეთი სასწავლო რესურსების გამოყენება, რომლებიც სასწავლო პროცესში აღსაზრდელთა აქტიურ ჩართვას შეუწყობს ხელს. ეს კი, სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად, პედაგოგების გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობასაც მოითხოვს.
საკვლევ სამ საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა ანკეტირების, სკოლის ყოველდღიურობაზე დაკვირვების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტიდან გამომდინარე, მენტორი პედაგოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება. ამდენად, წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს დასახელებული სკოლების საჭიროებათა დადგენა და გონივრულ დროში მათი მოგვარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის დანერგვის საფუძველზე თანამედროვე გამოწვევებზე სათანადო რეაგირება. აღსაზრდელთა მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების კულტურის დანერგვა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ყურადღებისა და კონცენტრაციის ასამაღლებლად საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის პროცესში დამეხმარა როგორც კოლეგებთან, ისე მოსწავლეებთან თანამშრომლობა.
ვაკვირდებოდი ინტერვენციების კონტექსტში სხვადასხვა სკოლის მიდგომებს სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების აკრძლვასთან დაკავშირებით. ხშირად ვთხოვდი პედაგოგებს გამოცდილების გაზიარებას, ვეკითხებოდი, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა მათი მეთოდი. ონლაინ გამოკითხვის დროს აქტუალური იყო ფოკუსჯგუფი. მისი წევრები თავიანთ გამოცდილებას ელექტრონულად მიზიარებდნენ. ანკეტირებისას განიხილებოდა ინტერვენციების დროს წამოჭრილი პრობლემები, მათი მოგვარების გზები და შედეგები.
კვლევის შედეგებისა და განხორციელებული ინტერვენციების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:
- მობილური ტელეფონების გამოყენების ერთიანი სასკოლო პოლიტიკის შემუშავება
სკოლამ შეიმუშაოს და დანერგოს მობილური ტელეფონების გამოყენების მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრება მათი გამოყენების წესები, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების უფლებები და ვალდებულებები.
- სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, მობილური ტელეფონების გამოყენების რეგულირება
მობილური ტელეფონის გამოყენება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის წარმოადგენს კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევის ეფექტიან რესურსს და მისი გამოყენების აუცილებლობა დასაბუთებულია პედაგოგის მიერ.
- ერთიანი მიდგომების დანერგვა
სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა და კლასის დამრიგებლებმა შეთანხმებულად უზრუნველყონ მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული წესების თანმიმდევრული დაცვა, რათა არ იყოს სხვადასხვა კლასში სხვადასხვა მოთხოვნები. - დამრიგებლების როლის გაძლიერება
კლასის დამრიგებლებმა რეგულარულად ჩაატარონ საინფორმაციო და პრევენციული შეხვედრები მოსწავლეებთან ციფრული მოქალაქეობის, ონლაინ ქცევის ეთიკის, კიბერუსაფრთხოებისა და მობილური ტელეფონების პასუხისმგებლობიანი გამოყენების საკითხებზე. - მშობელთა აქტიური ჩართულობა
სკოლამ უზრუნველყოს მშობლებთან სისტემური თანამშრომლობა მათთვის საინფორმაციო შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზებით, რათა სკოლასა და ოჯახს შორის ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა მობილური ტელეფონების გამოყენების მიმართ. - პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
სასურველია, სკოლამ ხელი შეუწყოს პედაგოგების პროფესიულ განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით, რათა მობილური ტელეფონი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ის რეალურად ამაღლებს სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მოტივაციას.
- ალტერნატიული სასწავლო რესურსების უზრუნველყოფა
იმ სასწავლო აქტივობებისთვის, სადაც შესაძლებელია მობილური ტელეფონის ჩანაცვლება, სკოლამ უზრუნველყოს შესაბამისი სასწავლო რესურსების მიწოდება, რათა სწავლების ხარისხი არ იყოს დამოკიდებული პირად მობილურ მოწყობილობებზე. - რეგულარული მონიტორინგი და შეფასება
სკოლის ადმინისტრაციამ პერიოდულად შეაფასოს მოქმედი რეგულაციების ეფექტიანობა, მიიღოს უკუკავშირი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისგან და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები. - პრევენციული ღონისძიებების სისტემატური განხორციელება
სკოლაში რეგულარულად დაიგეგმოს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მობილური ტელეფონების არამიზნობრივი გამოყენებით გამოწვეული რისკების, მათ შორის კიბერბულინგის, აკადემიური არაკეთილსინდისიერებისა და ყურადღების გაფანტვის პრევენციას. - პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის განვითარება
კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ მობილური ტელეფონების შეზღუდვა ან ჩამორთმევა ვერ უზრუნველყოფს პრობლემის ეფექტიან გადაჭრას, ამიტომ სკოლამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, თვითრეგულაციისა და ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების კულტურის განვითარებაზე, რაც უფრო მდგრად შედეგს უზრუნველყოფს, ვიდრე მხოლოდ კონტროლზე დაფუძნებული მიდგომები.
ჩატარებული კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს კვლევის განხორციელების პროცესში გამოკვეთილი რამდენიმე გარემოება, რომლებსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მიღებული შედეგების სიზუსტესა და განზოგადების შესაძლებლობაზე:
- კვლევის შეზღუდული არეალი – კვლევა განხორციელდა მხოლოდ სამი საჯარო სკოლის ბაზაზე, რის გამოც მიღებული შედეგების განზოგადება საქართველოს ყველა სკოლაზე სიფრთხილეს მოითხოვს.
- ინტერვენციების განხორციელების შეზღუდული პერიოდი – ინტერვენციები განხორციელდა განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს მათი გრძელვადიანი ეფექტი მოსწავლეთა ქცევასა და აკადემიურ ჩართულობაზე.
- მონაცემების თვითშეფასებაზე დაფუძნება – კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეყრდნობოდა ელექტრონული გამოკითხვისა და ინდივიდუალური ინტერვიუების შედეგებს. არსებობს ალბათობა, რომ რესპონდენტთა ნაწილი პასუხობდა სოციალური მოლოდინის შესაბამისად და არა თავისი რეალური ქცევის მიხედვით.
- გარეგანი ფაქტორების გავლენა – სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი (სასწავლო მოტივაცია, ოჯახის მხარდაჭერა, ინდივიდუალური თავისებურებები, პედაგოგის სწავლების სტილი და სხვა), რომელთა სრულიად გამიჯვნა მობილური ტელეფონების გავლენისგან შეუძლებელი იყო.
- ინტერვენციების განხორციელების სხვადასხვა ხარისხი – მიუხედავად იმისა, რომ ინტერვენციებს სამივე სკოლაში ერთნაირი შინაარსი ჰქონდა, მათი მიმდინარეობა დამოკიდებული იყო დამრიგებლების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობის ხარისხზე, რაც შესაძლოა გარკვეულწილად ასახულიყო შედეგებზე.
- მუდმივი მონიტორინგის სირთულე – ინტერვენციების ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული პედაგოგებისა და დამრიგებლების მუდმივ ყურადღებასა და კონტროლზე, რისი უზრუნველყოფაც კვლევის განმავლობაში ყოველთვის ვერ ხერხდებოდა.
- აკადემიური შედეგების რაოდენობრივი შეფასების შეზღუდულობა – კვლევა ძირითადად აფასებდა მოსწავლეთა ქცევას, დამოკიდებულებებსა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, ხოლო აკადემიურ მიღწევებზე (შეფასებების დინამიკაზე) მობილური ტელეფონების გამოყენების გავლენა დეტალურად არ ყოფილა შესწავლილი.
აღნიშნული შეზღუდვების მიუხედავად, კვლევამ შესაძლებელი გახადა პრობლემის სიღრმისეული გაანალიზება, მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენა და პრაქტიკაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Crompton, H. (2013). A Historical Overview of Mobile Learning: Toward Learner-Centered Education. In Z. L. Berge & L. Y. Muilenburg (Eds.), Handbook of Mobile Learning. New York: Routledge
- Kukulska-Hulme, A. (2009). Will Mobile Learning Change Language Learning? ReCALL, 21(2), 157-165
- Sharples, M., Taylor, J., & Vavoula, G. (2007). A Theory of Learning for the Mobile Age. In R. Andrews & C. Haythornthwaite (Eds.), The Sage Handbook of E-learning Research. London: Sage
- Traxler, J. (2007). Defining, Discussing and Evaluating Mobile Learning: The Moving Finger Writes and Having Writ… International Review of Research in Open and Distance Learning, 8(2)
- UNESCO. (2013). Policy Guidelines for Mobile Learning. Paris: UNESCO


