ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თანამედროვე მწერალი და მკითხველი

„- ეს ვინღაა, მწერალია?! პირველად მესმის!“ – ხშირად გადააწყდები ხოლმე ფეისბუქზე მავანთა მხრიდან ნიშნის მოგებით აღმომხდარ ამ და მსგავს სიტყვებს, რომელიმე ცნობილ თანამედროვე ქართველ პოეტზე ან პროზაიკოსზე ნათქვამს. პრეტექსტი, როგორც წესი, მწერლის მიერ დაფიქსირებული საკუთარი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციაა, ან სულაც – საკუთარ ფეისბუქგვერდზე დასტატუსებული სრულიად უინტერესო შეხედულება რაიმე ყოფით მოვლენაზე, რომელსაც სხვადასხვა გვერდი დაუკითხავად ანიუსებს. ამ გვერდების ადმინების სამიზნე ჯგუფი, რა დასამალია და, საზოგადოების ინტელექტუალურად მოწყვლადი ნაწილია. როგორც ყველგან, ჩვენთანაც, სამწუხაროდ, უწიგნური ან მოჩვენებითად წიგნიერი ბევრად აღემატება ნამდვილად წიგნიერს. უბირი ადამიანი მზადაა, დაუფიქრებლად გადაუაროს სხვა ადამიანს (მით უმეტეს – მწერალს), რომლის პოზიცია მის პოზიციას არ ემთხვევა (არის სხვა კატეგორიებიც: ისინი, რომლებიც მხოლოდ ნიუსის სათაურს კითხულობენ და ისინი, რომლებიც უშუალოდ ტექსტსაც კითხულობენ, გულის სიღრმეში ეთანხმებიან კიდეც, მაგრამ მაინც საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებენ საკომენტარო ველში. ეს უკანასკნელი, ცხადია, კომპლექსიანი სუბიექტის თვითგამოხატვის პრიმიტიული ხერხია).

„- ეს ვინღაა, მწერალია?! პირველად მესმის!“ – ერთგვარი „ინტელექტუალური“ პიედესტალიდან აპლომბით ნათქვამი ამ სიტყვების მიღმა იგულისხმება ის, რომ მთქმელი მხოლოდ კლასიკას ეტანება, დროს არ კარგავს თანამედროვე „მწერლუკების“ კითხვაზე… სინამდვილეში კი, თუ ინტელექტუალურობაზე გაქვს პრეტენზია, რა ჯანდაბა გიხარია, შენი ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურას თუ არ იცნობ?! ის მწერლები, რომლებიც დღეს კლასიკოსებად ითვლებიან, თავის დროზე ხომ თანამედროვე მწერლები იყვნენ?! იქნებ რამდენიმე ისეთი თანამედროვე მწერალი გყავს, რომლებიც წლების მერე კლასიკოსებად ჩაითვლებიან?! ნუთუ ეს არ გაინტერესებს?! თანაც, მინახავს, რომ ზემოთ ნახსენები სიტყვების მთქმელთაგან ზოგიერთი თვითონაც წერს, მწერლობაზე აქვს პრეტენზია…

*

ფეისბუქზე არის რამდენიმე ლიტერატურული გვერდი, რომელთა გამომწერების რაოდენობა ასეულობით ათასს აღწევს. ამ გვერდებზე ჩემს ლექსებსაც დებენ და დამდებთაგან რომელიმე თუ ჩემი მეგობარია, ლინკს მიგზავნის ხოლმე, ზოგიერთ ჩემს ლექსს ათასობით მოწონება აქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მკითხველს შენი ტექსტი გულზე ხვდება და გულწრფელად ამოთქვამს თავის მოწონებას, მაგრამ ამ ათასობით მკითხველის სრული უმეტესობა იმასაც კი ვერ ხვდება, რა ჟანრის ტექსტთან აქვს საქმე, ხშირია ხოლმე ასეთი კომენტარები: „გენიალური ნოველაა!“, „რა კარგი ჩანახატია!“, „დიდებული მინიატურაა“ და ა. შ. არადა, არც ტრანზიციული ტექსტია, არც – ლექსი პროზადაა, პირიქით – რიტმულად მკაცრად ორგანიზებული ვერლიბრია, ლექსია, ლექსი…

*

და მაინც, რა უფრო უარესია, თანამედროვე მწერალს საერთოდ არ კითხულობდეს მავანი, თუ – კითხულობდეს და მისი, ჟანრულად ცალსახად გასაგები, ტექსტის ჟანრს ვერ ადგენდეს?! ჩემი აზრით, ორივე ერთნაირი პრობლემაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი