შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოძრაობითი აქტივობის როლი ბავშვის განვითარებაში

ბავშვის განვითარებაზე საუბრისას, მისი მდგომარეობის გაანალიზებისა და შეფასების დროს, როგორც წესი, განიხილება სამი ძირითადი მიმართულებით – ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალურ-ემოციური – დაფიქსირებული ცვლილებები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი განცალკევებულია ერთმანეთისაგან. პირიქით, ერთი მიმართულებით მომხდარი ცვლილებები სერიოზულ გავლენას ახდენს სხვა მიმართულებით ბავშვის განვითარების მიმდინარეობაზე. სწორედ ამიტომ, ბავშვის განვითარება ერთ მთლიანობაში მოიაზრება და ფსიქოფიზიკური განვითარების ცნებით აღინიშნება. აქედან გამომდინარე, როცა ბავშვის განვითარების პროცესში მომხდარ ცალკეულ არასასურველ ცვლილებაზე ვსაუბრობთ და მის გამომწვევ მიზეზებს ვეძებთ, კარგი იქნება იმის გარკვევა ხომ არ არის ეს განპირობებული ბავშვის ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების არახელსაყრელი პირობებით.

ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასასურველი მდგომარეობაა შექმნილი ბავშვის ფიზიკური განვითარების მიმართულებით. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს დიდ ქალაქებში, სადაც ბავშვების თავშეყრისა და თამაშისათვის საჭირო ღია სივრცეების სერიოზულ ნაკლებობასთან, ცალკეულ შემთხვევებში კი ფაქტობრივ არარსებობასთან გვაქვს საქმე. ალბათ დღეს ეს უკვე აღარავის აკვირვებს იქ, სადაც ბავშვებისთვის სათამაშო ადგილების ნაკლებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად ფეხით მოსიარულესაც კი უჭირს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება. თუმცა, ისიც საინტერესოა, მრავლად რომ გვქონოდა ისეთი ადგილები, სადაც ბავშვები თავისუფლად მოახერხებდნენ ღია ცის ქვეშ თამაშს, გადადებდნენ თუ არა ისინი გვერდით თავიანთ სმარტფონებს, იტყოდნენ თუ არა უარს კომპიუტერულ თამაშებზე და დაკავდებოდნენ თუ არა მოძრავი თამაშებით. საეჭვოა მათ ეს გაეკეთებინათ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაშინაც კი, როცა ისინი თანატოლებთან, ან მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფებიან, ნაცვლად იმისა, რომ დატკბნენ ბუნების სილამაზით და მეტი იმოძრაონ, სმარტფონების ეკრანს თვალს ვერ წყვეტენ. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის სრულიად უცხოა ის მოძრავი თამაშები, რომლებიც წინა თაობის ადამიანებისთვის ბავშვობაში უსაყვარლეს გასართობ საშუალებად ითვლებოდა. დღეს ბავშვების მოძრაობითი აქტივობის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია გადამეტებული სასკოლო დატვირთვა. ხშირად ეს დატვირთვა ისეთ სახეს იღებს, რომ ბავშვს არათუ მოძრავი თამაშის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროც კი შეიძლება აღარ დარჩეს. პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ოთხკედელშუა გამოკეტილ და ონლაინგაკვეთილზე მყოფ ბავშვს თითქმის მთლიანად მოაკლდა ელემენტარული მოძრაობითი აქტივობის შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ ნებისმიერი აღმზრდელისთვის, როგორც მშობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის საინტერესო იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს მოძრაობითი აქტივობა ბავშვის ცხოვრებაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა დეფიციტმა ბავშვის საერთო ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე.

მოძრაობა, მოძრაობითი აქტივობა ბავშვის, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საკმაოდ ადრეული ასაკიდან პატარას ესაჭიროება სამყაროს შემეცნება, ამაში კი მას დიდ დახმარებას სწორედ მოძრაობითი აქტივობა უწევს. ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში მოძრაობის საშუალებით იწყებს მის გარშემო არსებული სამყაროს შეცნობას, ურთიერთობს მასთან, ემოციების საშუალებით გამოხატავს მის მიმართ დამოკიდებულებას. ასე რომ, პირველი წარმოდგენები სამყაროს შესახებ ბავშვს სწორედ მოძრაობების საშუალებით უჩნდება. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს მოძრაობები, მით უფრო მეტი ინფორმაცია გადაეცემა ტვინს და მით უფრო ინტენსიურია ინტელექტუალური განვითარება. მზარდი ორგანიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოძრაობით აქტივობას. ის დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე და განსაკუთრებით ტვინის ფუნქციონირებაზე. მოძრაობითი აქტივობა ხელს უწყობს გონებრივი შრომისუნარიანობის ამაღლებას, მეტყველების განვითარებას, ნებელობითი მოძრაობებისა და მოქმედებების ფორმირებას, რომლებიც საფუძვლად უდევს მოტორულ ქცევას. მოტორული აქტივობა, თავის მხრივ, წარმოადგენს აუცილებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს, რომელიც განაპირობებს ბავშვის სრულფასოვან ფიზიკურ განვითარებას.

მოძრაობის მოთხოვნილება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იჩენს თავს ბავშვში. მოძრაობის შეზღუდვა, საფენებში გახვევა ან ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლის ჩაცმა პატარაში მოუსვენრობის, შფოთვისა და ტირილის მიზეზია. და, პირიქით – საფენების ან მჭიდრო ტანსაცმლისგან განთავისუფლება და თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობის გაჩენა ამშვიდებს პატარას. ცოტა უფრო მოზრდილ ბავშვთან თითოეული შესრულებული მოძრაობის (ხოხვა, სიარული, ხტუნვა) თანმხლებია ნათელი ემოციური რეაქციები. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას, ნაკლებად განვითარებული, არაემოციური არიან. ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის უკვე საკმაოდ ადრეული ასაკიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია მოძრაობითი აქტივობა.

რამდენადაც მოძრაობითი აქტივობა ბავშვის ბიოლოგიურ მოთხოვნილებას და ნორმალური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შეზღუდვა. მოძრაობის შეზღუდვის პირობებში მკვეთრად ნელდება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარება. მოძრაობითი აქტივობა, განსაკუთრებით ხელის მოძრაობა და წვრილი მოტორიკის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, დღეს ბავშვები 2-ჯერ ნაკლებ დროს ხარჯავენ მოძრაობით აქტივობაში, ვიდრე ეს მათი ასაკობრივი ნორმებით არის გათვალისწინებული. ჰიპოდინამია – არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა საკმაოდ ხშირად ფიქსირდება მოზარდებში. ჰიპოდინამია პირველ რიგში აზიანებს კუნთოვან სისტემას – მუშაობის გარეშე კუნთები სუსტდება, შემდეგ კი ატროფირდება, ქვეითდება კუნთოვანი ტონუსი, შრომისუნარიანობა, ამტანობა, გამძლეობა, მცირდება კუნთების მასა და მოცულობა, ირღვევა მოძრაობების კოორდინაცია, თავს იჩენს დეპრესია და ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. ჰიპოდინამიის დროს სერიოზული ცვლილებები ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაში. რადგანაც არ მუშაობს კუნთები, რომლებიც სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას ეხმარება, თავის ტვინს საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება სისხლი, შედეგად აღმოცენდება თავის ტკივილი, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება. გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო ასაკში ჰიპოდინამია ჩვეულებრივ დაკავშირებულია ბავშვის არარაციონალურ დღის განრიგთან, სასწავლო საქმიანობით მის გადატვირთვასთან, ჰიპოდინამიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება იქნება ფიზიკური ვარჯიში, დღის რეჟიმის სწორად შედგენა, სპორტით დაკავება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური შრომა, სრულფასოვანი კვება, ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დროის შეზღუდვა, დროულად დაძინება, რადგან ძილის დეფიციტი გამანადგურებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანის და მით უმეტეს ბავშვის ორგანიზმისთვის.

ყოველ მშობელს სურს, ხედავდეს საკუთარ შვილს ჯანმრთელს, მხიარულს, ფიზიკურად განვითარებულს. ამისათვის კი აუცილებელია მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მან შეძლოს ასაკის შესაბამისი მოძრაობების დაუფლება. მოძრაობები მრავალმხრივ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და ეს გავლენა განუზომლად მნიშვნელოვანია მზარდი და განვითარებადი ორგანიზმისთვის. მოძრაობითი აქტივობა არის ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური, მისი ფსიქოფიზიკური განვითარების მთავარი ფაქტორი, ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი პირობა – მოძრაობის გარეშე ბავშვი ჯანმრთელი ვერ გაიზრდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ბავშვთან მუშაობა მოტორული სფეროს განვითარებაზე, მით უფრო ნაკლები იქნება მის მოტორიკაში გადახრების აღმოცენების ალბათობა და მით მეტ დადებით გავლენას მოახდენს მოძრაობითი აქტივობა მის ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე. გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია მოტორულ განვითარებაში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება, ვიდრე აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი