შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში

სწავლება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. მრავალფეროვანი გამოცდილება და მეთოდებია საჭირო, რომ წარუძღვე და შედეგზე ორიენტირებული გახადო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. მასწავლებელი – ეს არის მთავარი ღერძი, საყრდენი და საფუძველი მომავალი თაობის ფორმირების პროცესში.

საზოგადოდ, პიროვნების აღზრდა მრავალ ასპექტს მოიცავს, მაგრამ თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე  მოქალაქის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის.

მაინც რას გულისხმობს დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა?

ასეთმა მოქალაქემ იცის თავისი მოვალეობები, უფლებები და პატივს სცემს სხვის უფლება-მოვალეობებს. მას შეუძლია გონივრული არჩევანის გაკეთება, შეუძლია, აირჩიოს ის, რაც ამ მომენტისთვის საუკეთესოა ან არჩევანი გააკეთოს უკეთესსა და უარესს შორის.

რა გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეს შეუძლია, მისცეს თავს შეცდომის უფლება და ნაკლებად ღელავს საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ჭორ-მართალზე.

დემოკრატიულობა ნიშნავს თანასწორუფლებიანობას, კაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობების აღიარებას, სტერეოტიპებისგან თავისუფალ აზროვნებას და ნებისმიერი განსხვავებული აზრის პატივისცემას. შესაძლოა არ ეთანხმებოდე, არ იზიარებდე სხვის მოსაზრებას, მაგრამ პატივს სცემდე მას, აუგად არ მოიხსენიებდე და არ აკნინებდე. დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე პაექრობის, დავის, დებატების დროს აღიარებს სამართლიან მარცხს, იზიარებს მეტოქის გამარჯვების სიხარულს. ის კანონმორჩილია და კანონის უზენაესობის წინაშე თავი დამცირებულად არ მიაჩნია. და კიდევ ბევრი, ბევრი რამ…

ალბათ მიხვდით, რაოდენ აღმატებულია მასწავლებლის როლი. ასეთი თვისებებით შემკული მოქალაქე რომ აღზარდოს, თავად მასწავლებელი უნდა იყოს დემოკრატიული. აი ასე, დემოკრატიული მასწავლებელი დემოკრატიული მოქალაქისთვის!

მასწავლებლის როლი თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის ფორმირების პროცესში სწავლების ყველა საფეხურზე უდიდესია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დემოკრატიული მოქალაქის ფორმირება დაწყებითი სწავლების ეტაპზევე დავიწყოთ. სწორედ ეს ეტაპია საყრდენი, აქ ეყრება მყარი საფუძველი დემოკრატიულ ღირებულებებს. რაც უფრო ძლიერი ფუნდამენტი აქვს შენობას, მით უფრო გამძლე და მაღალი შეიძლება აშენდეს იგი. აშენება, დაშენება და დამშვენება კი ყოველთვის შესაძლებელია.

ჩემი პედაგოგიური დაკვირვების საფუძველზე შემიძლია დავასახელო რამდენიმე მიგნება, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პატარები თამაშით სწავლობენ, ამიტომ მათ „ბარათებით დაწყვილების“ მეთოდის ვარიაცია შევთავაზე. მოსწავლეების ნაწილს მკერდზე ვამაგრებ ბარათს მათემატიკური გამოსახულებით, ხოლო ნაწილს – გამოსახულების პასუხით. თითო მაგალითს აქვს თითო პასუხი. ბავშვები ამ ბარათებით პოულობენ ერთმანეთს და წყვილდებიან. დაწყვილებულმა მოსწავლეებმა კლასის წინაშე უნდა ისაუბრონ ერთმანეთზე.

ეს სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მშვიდობიანად დაამყარონ კონტაქტი სხვებთან. აღმოაჩინონ ახალი და საინტერესო მხარეები, აჩვევს ერთმანეთის პატივისცემას და კომუნიკაციის ეფექტურად დამყარებას, ეს კი თავისუფალი და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ძალიან კარგი შედეგი აქვს კიდევ ერთ აქტივობას: ერთ ფურცელზე ხატვას წყვილებში. ეს საინტერესო და სახალისო აქტივობაა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. თაბახის ფურცელი გაიკეცება სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ გაიშლება. მოცემულ ფურცელზე ორი მოსწავლე ფურცლის გარეთა მესამედებზე ცალ-ცალკე ხატავს იმას, რაც სურს, ხოლო რას დახატავენ შუაში, ამის თაობაზე უნდა შეთანხმდნენ და ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინონ.

ეს აქტივობა იმით არის კარგი, რომ ხელს უწყობს მოლაპარაკების, დათმობის, შეთანხმების, ეფექტური კომუნიკაციისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარების ჩამოყალიბებას, ეს უნარები კი აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მასწავლებელი სახალისო ფორმით ავითარებს დემოკრატიული კულტურის ელემენტებს მოსწავლეებში.

საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კლასისთვის წესების შემუშავება ქმნის წესრიგის წინაპირობას. მოსწავლეები, რომლებიც თავად ქმნიან წესებს ან წესების შექმნაში მონაწილეობენ, უფრო მეტად ცდილობენ მათ დაცვას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ გვინდა, ვასწავლოთ მოსწავლეს კანონის მორჩილება, აუცილებელია, დაწყებით კლასებში ამ წესების შემუშავებას, მათ დაცვას და განხორციელებას მივაჩვიოთ.

დაწყებით კლასებში, მიზანშეწონილია, შევთავაზოთ მოსწავლეებს წესის რამდენიმე ვარიანტი, ხოლო პატარები დემოკრატიული გზით შეთანხმდნენ, რომელია მათთვის უფრო მისაღები და რომლის შესრულებას შეძლებს ყველა. მათ წვლილს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებს უჩნდებათ „საკუთრების“ შეგრძნება და კლასის როგორც მიკროსაზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის გამოცდილებას იძენენ, აცნობიერებენ კავშირს უფლებებსა და პასუხისმგებლობას შორის.

აღზრდაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მთელი წყება ფაქტორებისა, რომლებიც ამ პროცესზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოში ცხოვრობენ და ეს გარემო გავლენას ახდენს თითოეული მათგანის ჩამოყალიბებაზე. ყველა მოსწავლე ცხოვრობს ოჯახში. ოჯახი პატარა საზოგადოებაა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. შესაბამისად, მოსწავლეებზე მისი გავლენა ძალიან დიდია. თუ ოჯახმა სწორი ღირებულებების დამკვიდრებისთვის მასწავლებელთან არ ითანამშრომლა და ხელი არ შეუწყო ამ პროცესს, ცხადია, მასწავლებლის ძალისხმევა ნაკლებშედეგიანი იქნება. სწორედ ამიტომაა მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანი. მან სწორად უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის გარემოცვა და დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები. კარგია ოჯახის წევრებთან ხშირად შეხვედრა და გულახდილი საუბარი, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობის ჩართვა.

შევაჯამოთ: რა შეგვიძლია ჩვენ, მასწავლებლებს? ჩვენ შეგვიძლია, სწორი ღირებულებები ჩავუნერგოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მათ კლასში საკუთარი თავის გამოვლენა, მივცეთ შეცდომის უფლება და მისი გამოსწორების შესაძლებლობა, მოვსინჯოთ სხვადასხვა გზა, მეთოდი, სტრატეგია, რათა აღვზარდოთ ისინი თავისუფლად მოაზროვნე დემოკრატიულ მოქალაქეებად, მოვამზადოთ საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი. დემოკრატიის სწავლება. წიგნი VI

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი