ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დღესასწაულებზე დავიწყებული ან გასახსენებელი ამბები

ახალ წელს ზოგი დასვენებას ელოდება, ზოგი საჩუქრებს, ზოგი თოვლის ბაბუას, ზოგი გემრიელ კერძებს ან ციმციმა, ბრჭყვიალა დეკორაციებს, მე მივხვდი, რომ თუ თოვლის ბაბუა შენთან აღარ მოდის, არდადეგებით ვეღარ ისარგებლებ და ბრჭყვიალა დეკორაციების ყურებაც დიდად ვერ უზრუნველყოფს შენს სადღესასწაულო განწყობას, შეგიძლია დიდი კომპანიების მიერ მომზადებულ წინასაახალწლო ვიდეო რგოლებს დაელოდო და მათი ყურებით შეიქციო თავი. წინასაახალწლო ვიდეორგოლებში პრინციპში ყველაფერია, რაზეც შეიძლება ადამიანი ოცნებობდეს, რაც შეიძლება გახარებდეს: ოჯახური თავყრილობა, მხიარული წვეულება, მეგობრები, საჩუქრები, სიურპრიზები, ლამაზი ტანსაცმელი, მოკისკისე ბავშვები, მუსიკა და ა.შ. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც რეკლამების ხელოვნურად შექმნილ ჰარმონიაშიც კი იჩენს თავს. პრობლემები, რომლებიც როგორც ჩანს თანამედროვე სამყაროს ისე აწუხებს, მათი დამალვა სადღესასწაულოდაც კი აღარ გამოდის და ეს პრობლემები რა თქმა უნდა ყველაზე სუსტებს, ყველაზე დაუცველებს, ბავშვებს და მოხუცებს ეხებათ.
როგორც ჩანს, თანამედროვე სამყაროში მოხუცები ძალიან მარტოები დარჩნენ, იმდენად მარტოები, რომ ოჯახის წევრების ყურადღების მისაქცევად ზოგჯერ ყველაზე მძიმე ამბის, საკუთარი სიკვდილის გამოგონება უწევთ. სწორედ ასეთ ამბავს გვიყვება ერთ-ერთი გერმანული კომპანია წინასაახალწლოდ მოხუცზე, რომელთანაც ახალ წელს არავინ არ მოდის, შვილები მუშაობენ, შვილიშვილები თავიანთი გასართობებით არიან დაკავებულები, ის კი, მარტოა, მეზობლების სტუმრებს უყურებს და ხვდება, რომ ასე არ მოწონს, ოჯახის წევრებს გამოფხიზლება ჭირდებათ, ასე მართლაც შეიძლება ისე მოკვდეს, არავინ ყავდეს გვერდით და აგზავნის წერილს, რომელიც იუწყება, რომ ის გარდაიცვალა.
როგორც ჩანს, თანამედროვე სამყაროში მოხუცები იმდენად მარტოები არიან, ერთადერთი გასართობი მათთვის შეიძლება სამსახურში სიარული და ალტერნატიული რეალობის გამოგონება იყოს. ასე იქცევა მანეკენების ქარხნის მოხუცი დარაჯი, რომელიც სამუშაოდ ყოველ დღე თითქმის ცარიელი ავტობუსით მიდის და ვინაიდან ხმის გამცემი დიდად არავინ ყავს, მანეკენებთან იწყებს მეგობრობას. მათ არგებს სხვადასხვა როლს, ანიჭებს ფუნქციას, უჩენს ადგილს, მიყავს ექიმთან და ა.შ.
როგორც ჩანს, თანამედროვე სამყაროში მოხუცები შესაძლოა იმდენად მარტო იყვნენ, რომ მათ დურბინდით მოუწიოთ სხვების მხიარულობის ყურება და რაც უფრო სევდიანია, ზრდასრულებიდან , ვერავინ შეამჩნიოს მათი მარტოყოფნა.
ცხადია, მოხუცების მარტოობა, განდეგილობა და სევდა მხოლოდ მათ არ ეკუთვნით, მთელ საზოგადოებაზე ნაწილდება: შვილებზე, ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებსაც არსებობისთვის იმდენი მუშაობა უწევთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც კი ავიწყდებათ, ბავშვებზე, რომლებიც ბებია-ბაბუების გარეშე იზრდებიან, ინდუსტრიაზე, სადაც ადამიანები უსულო საგნებთან უფრო ადვილად მეგობრდებიან, ვიდრე სხვა ადამიანებთან და ყველა დანარჩენთან, ვინც ამ ყველაფერს გულგრილად ან ისე უყურებს, ვითომც აქ არაფერი, ვითომ ასე ცხოვრება ნორმალურია.
უყურებ ამ ვიდეოებს და ხვდები, რომ არსებობს სამყარო, რომელიც წინასადღესასწაულოდ მაინც ხვდება თავის შეცდომებს და არსებობს სამყარო, რომელსაც გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ მოხუცების მარტოყოფნა ეხამუშოს და განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის ძალიან დიდია. იქ, სადაც შეცდომებს აღიარებენ და პრობლემებს ხედავენ, მოხუცები მარტო და სევდიანად, მაგრამ თბილ სახლებში, განათებულ ქუჩებსა და კეთილმოწობილ ქალაქებში ცხოვრობენ, ჩვენ კი, ვინც ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებთ, გარშემო უამრავი მშიერი მოხუცი გყვავს, გაყინულ სახლებში, ცარიელ მაცივრებთან მყოფები. მოხუცები, რომლების სახლებამდე მისასვლელი გზაც წლიდან წლამდე იშლება და მხოლოდ ერთმანეთი ყავთ სევდის გასაზიარებლად, მოსავლელად, სანუგეშებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი