ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფიქრები გრიგოლ რობაქიძის „ენგადზე“

როცა სამყაროში ურბანულმა განვითარებამ საკვირველი მასშტაბები შეიძინა, გაჩნდა მეგაპოლისები, სადაც ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს მეცნიერებისა და ტექნიკის, ეკონომიკისა და კულტურის მანამდე არნახული პროგრესის ალიაქოთში, მეოცნებე სულები დაიბნენ. დაიბადა ლეგიტიმური კითხვა: სად მიჰყავს კაცობრიობა ურბანული გარემოს უსწრაფეს სერვისებს, კეთილდღეობას, კომფორტის გაფეტიშებას? რამდენად ეგუება ახალ რეალობას ადამიანის სული? მეტისმეტად მერკანტილური და მატერიალისტური ხომ არ გახდა სამყარო?

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, როცა დაიბადა ავიაცია, რკინიგზა, ავტომობილები, ელექტრობა, რადიო-ტელევიზია და ტელეგრაფი, სამყარო ერთ დაუსრულებელ თავბრუსხვევად იქცა. მწერლობა ყოფის პროექციააო, – ამბობენ ლიტერატურისმცოდნეები. ცხოვრება კვებავს მწერალს ნაირნაირი რეალიებით, ხოლო მწერალი ხალხს უკან უბრუნებს იმას, რაც ცხოვრებისგან ისწავლა…

მსოფლიო მწერლობას არ გამორჩენია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დატრიალებული ევოლუციური ქარიშხლები. რევოლუცია და ევოლუცია განუყრელი წყვილია. რევოლუციური ცვლილებები ავითარებენ კაცობრიობას. მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო მწერლობამ რეალიზმის შემდეგ ეტაპზე შვა მოდერნიზმი, მრავალპლანიანი ლიტერატურული სტილი, რომელიც ხან იმპრესიონისტული, ხან ექსპრესიონისტული და ხანაც სიმბოლისტური არაბესკებით, ფანტასმაგორიებით, რეალურისა და ირეალურის შერწყმით ასახავდა სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს და უღრმესი ფსიქოლოგიზმით ხატავდა იმას, თუ რა ემართებოდა ამ პროცესში ადამიანის ფაქიზ სულს, ტექნიკური პროგრესისგან დასახიჩრებულს, მარტოსულს, რწმენაშერყეულს, მღელვარეს, უკურნებელი მსოფლიო სევდით დადაღულს. ადამიანი ხომ ასეთი არსებაა: ყოველთვის ის ენატრება, რაც მას არა აქვს და ეჩვენება, რომ სამოთხე შორს, სწორედ იმ ადგილებშია, სადაც მას მიღწევა გასჭირვებია.

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ ნატურალისტები.  ამ სკოლის სათავეში აღმოჩნდა ფრანგი მწერალი ემილ ზოლა, რომელმაც თავის ექსპერიმენტულ რომანში გამოაცხადა: „მწერლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ აიღოს ბუნებიდან ფაქტები და გარემოებებისა თუ წრეების ცვალებადობის მიხედვით შეისწავლოს მათი მექანიზმი“.

ნატურალისტები იმასაც კი უშვებდნენ, რომ რომანი უნდა გახდეს მეცნიერული და რეალობის მეთოდურ შესწავლას უნდა ემსახურებოდეს. ისინი უარყოფდნენ შთაგონებას (ინსპირაციას)  და მიიჩნევდნენ, რომ პროზაიკოსის ამოცანაა გრძნობათა გაანალიზება  ისევე, როგორც ექიმის საქმეა სხეულის შესწავლა. ნატურალიზმი ძალზე პოპულარული გახდა გერმანულ მწერლობაში. ძმები ჰეინრიხების, იულიუს ჰარტისა და გერჰარტ ჰაუპტმანის ირგვლივ შემოკრებილი მწერლები უარყოფდნენ ე.წ. ლიბერალურ რეალიზმს, საგნებსა და თხრობას შორის დისტანციას აქრობდნენ, თხრობის დრო ყოველთვის ამბის მიმდინარეობას ემთხვეოდა. ნატურალიზმმა შვა იტალიური ვერიზმი, სადაც გადამწყვეტი იყო დეტერმინიზმი და სიცილიელი გლეხების ხასიათებით გადმოიცემოდა ამბები. მხატვრობაში პოპულარული გახდა პეიზაჟები, სადაც გლეხური ყოფა-ცხოვრება აისახებოდა. ამით ნატურალისტი მხატვრები უპირისპირდებოდნენ ქალაქური ინდუსტრიალიზაციის მეინსტრიმს. მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდანვე თვით ნატურალისტური სკოლის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ამ მიმდინარეობას. გი დე მოპასანმა თავის რომან „პიერი და ჟანის“ წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ ლიტერატურაში ობიექტურობა წარმოუდგენელია. ხუთმა მწერალმა გაზეთ „ფიგაროში“ ემილ ზოლას ექსტრემისტული აზროვნების წინააღმდეგ გაილაშქრა და ნატურალიზმმა მალევე დაკარგა გავლენიანი ლიტერატურული მიმართულების სახე, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო მკვდრადშობილი იდეოლოგია, რომელიც მალევე ჩაანაცვლა მოდერნისტულმა სკოლებმა, რომელთა პოპულარობა საოცარი იყო და არის დღემდე. ნატურალისტ მწერლებს ეკუთვნით ქალაქური ცივილიზაციიდან ადამიანის გაქცევისა და პირველსაწყისებთან მიბრუნების იდეა. თუმცა ხელოვნურად და ხელოვანთა კაპრიზების მიხედვით, რასაკვირველია, მსგავსი გლობალური მასშტაბის მოვლენები ვერ განვითარდება.

XX საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიო მწერლობაში მოდერნიზმმა შექმნა უმდიდრესი მემკვიდრეობა. უდიდესი კულტურული მონაპოვარია ქართული მოდერნისტული მწერლობა. რეალიზმის შემდეგ მოდერნიზმმა ასახა მეოცე საუკუნის ადამიანის ფსიქოტიპი მთელი სიღრმით, პერსონაჟის სულში წვდომით. მოდერნისტებმა ღრმად გაიაზრეს ეპოქის მაჯისცემა, ის პრობლემები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ნევროტული, მშფოთვარე, ღმერთს დაშორებული და მარტოსული ადამიანი შვა. მეოცე საუკუნის ლირიკისა თუ ეპოსების თემაა სოფლის იდილიური გარემოდან დიდ ქალაქში მოხვედრილი ადამიანის ვნებათა გამოსახვა. ქალაქი იოლად ჩაითრევს თავის ფერად სამყაროში ადამიანის სულსაც და სხეულსაც, მას უამრავი რამ აქვს ფაქიზი სულების მისაზიდად და ადამიანი ურბანული გარემოს ტყვე ხდება. ამ თემას ლოგიკურად მოჰყვა ახალი თემა – პერსონაჟის გადაღლა და დათრგუნვა ხმაურიანი ურბანული გარემოთი და გაქცევა ქალაქიდან. ამ მომენტებს იშვიათი გამომსახველობით გადმოგვცემს ქართული სიმბოლიზმის მამის, პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“. პოეტი თავის შედევრში ერთმანეთს უპირისპირებს სოფლურ და ქალაქურ სინამდვილეს და თუ პირველი წარმოდგენილია, როგორც სიმყუდროვის, გულწრფელობის, დანდობის, მზრუნველობის, სიმშვიდის, სიწმინდის, სიმართლის ალაგი, ქალაქი მოიაზრება, როგორც საშიში გარემო საეჭვო ტიპებით, ხმაურით, ტყუილით, ფარისევლობით, შენიღბული, არაწრფელი ურთიერთობებით:

„დავტოვე სოფელი, მყუდრო სამყოფელი,

ქვითკირის მარნები და კატის კნუტები – სიმინდის ყანა!

ჰა! კინტოს პროფილი, საეჭვო ტარნები,

და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა”…

 

სოფლიდან ქალაქში გამოქცეული ან პირიქით, დამღლელი ურბანული გარემოდან პირველქმნილ სამყაროში გაქცევას მონატრებული გმირის მხატვრული სახე უაღრესად პოპულარულია ამ ეპოქის მსოფლიო მწერლობაში. თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ნატურალისტების ლოზუნგი: „დაბრუნება ბუნების წიაღში! უარი ქალაქურ ცივილიზაციას!“ სასტიკად დამარცხდა.

გრიგოლ რობაქიძე „ენგადში“ ცდილობს, რომ ზედმიწევნით სკრუპულოზურად აღწეროს გიორგი ვალუევის მოგზაურობის ჟამს ნანახი სამყარო. ხევი, ფშავი და ხევსურეთი ანუ საქართველოს მთიანეთი ავტორისა და მისი პერსონაჟის გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს. გმირს იზიდავს ამ ხალხის პოეტური ბუნება, ვაჟკაცობა, ტრადიციები, რომლებიც პირველქმნილი სრულყოფილების დაცვით შემოუნახავთ, მისტიკური სული და ფილოსოფიური მსოფლაღქმა მთიელებისა. „ხევსურები ქვაზე მგოსნურ ხილვას ამეტყველებენ. გულდასმით ვკითხულობდი მახვილ ფოლადით თირზე ამოჭრილ შაირებს, მრავალი რამ იყო იქ თხრობილი: ჯიხვებზე ნადირობა, მონადირეთა მარჯი თუ მარცხი, მორკინალთა შებმა“… „აქ ცხოვრობენ ნაშიერნი ჰომერისა“, – ფიქრობდა გიორგი და დატყვევებული იყო ამ სამყაროს ხიბლით. მიხეილ ჯავახიშვილის გმირის მსგავსად, მისი გულიც დაიპყრო ხევსურმა მზექალამ, რომელიც რუსთველისეული ნესტანის მსგავსი სახეა. ის განასახიერებს მარადქალურ ინიციაციას, ეზოთერულ სიბრძნეს, სრულყოფილ არსს. აი, როგორი რომანტიზმით ხედავს მას გიორგი: „ქალთა შორის ერთი ახალგაზრდა იპყრობდა განსაკუთრებით ჩემ ყურადღებას: განიერთეძოიანი და მუხლმაღალი. მის სახეს გრემა ზეთისხილის ფერი გადაჰკრავდა; დიდრონი თვალებიდან გამოჰკრთოდა მოლურჯო ციალი შორეთისა. ორჭოლ იღიმებოდა და არა უბნობდა რას. ჩემს მზირვას მოჰკრა მან თვალი და მყისვე მოიღრუბლა ეშხიანი: მოქუშა ლამაზად შეყრილი გრძელი წარბები. განლიგებული ვმზერდი მას. დიდი ბედნიერებაა, ოდეს ხედავ ქალს, რომელიც საკუთარ ბედად გევლინება; კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, ოდეს მის გამოხედვიდან ტყობილობ, რომ მოსწონხარ. ვიგრძენი, ამ გოგონას მოვეწონე. ალბათ ჩემმა ურიდმა მზერამ ცოტაოდენ თუ არია ლამაზი”…

გიორგის არსება სავსებით დაიპყრო მზექალამ, მას უჭირდა შეგუება იმასთან, რომ ქალი წაწლად მიუჩინეს, გიორგის არ აკმაყოფილებდა მზექალასთან მხოლოდ სწორფრობა, მაგრამ როგორც ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს, ამ მოთხრობის ავტორი ლამის ერთადერთი ადამიანია, ვინც ამ მოვლენის არსს ჩასწვდა და მისმა გმირმაც არ მოისურვა და არ დაარღვია ტრადიციის მისტიკა, განსხვავებით მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელოს“ გმირისგან, რომელმაც როგორღაც, ბევრი წვალების შედეგად, გამონახა გზა, რომ თავისი წაწალი ცოლად შეერთო. გიორგი ვალუევმა შეძლო, რომ ხელუხლებლად დაეტოვებინა თავის არსებაში ხევსურეთში ნანახ-განცდილი. მას უყვარდა მზექალა მთელი არსებით, მონუსხვამდე. გაუსაძლისი იყო გამოთხოვების სცენა: „მზექალას ვეღარ ვხედავდი, ძმადნაფიცს უნდა გამოვთხოვებოდი. წამი: მარადისობისგან ამოჭრილი. გადმოვხლტით ცხენიდან. მგელიკამ მოიხსნა ხრმალი მგელის ნიშნით აღბეჭდილი და გადმომცა იგი საჩუქრად. ჩემი თანამგზავრნიც მეგობრულად გამოეთხოვენ მას. მგელიკა ღვივოდა, ბორგავდა შინაგან. ვგრძნობდი: თითქო რაღაც ქვემყარებული მწყდებოდა და მცილდებოდა სამუდამოდ”…

გმირისთვის გულის გამგმირავია ძმადნაფიცის ძახილი, თითქოს მგელიკა სამუდამოდ ამ ენგადში დასარჩენად ეძახის გივარგის, მაგრამ გიორგი სხვა სამყაროს ეკუთვნის, მისთვის ხევსურული სოფელი ენგადია, როგორც მოგზაურისა და მაძიებელი სულისთვის, ხოლო როგორც კი ის ყოველდღიურობად და ყოფიერების პროზად იქცევა, დაკარგავს იმ  ხიბლს, რამაც ასე აღაფრთოვანა პროტაგონისტი. მას ეს კარგად ესმის. იმიტომაც ჩაწვდა იგი ბოლომდე წაწლობის სიღრმეს. ეს სანახევროდ აკრძალული და თან დაშვებული სიყვარული თავისი შეუცნობლობით, მისტიკური სიღრმით, ტაბუირების სიმწვავით იყო ცხელი და მწველი, ხოლო როგორც კი ის ცოლ-ქმრობის უღელს დაიდგამდა, შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე ყოფილიყო ტკბილი და სასურველი, მაგრამ არ ექნებოდა ის ჯადო-თილისმა, რომლითაც აოგნებდა თავის აქტორებს. გიორგიმ ეს გაიაზრა. მას უკვე უყვარდა მზექალა და უყვარდა იმდენად, რომ ენგადში დარჩენა საბედისწერო ნაბიჯი იქნებოდა, როგორც ჯადოსნურ ზღაპრებშია, რომ გმირი თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს და მოიხედავს, გაქვავდება. სწორედ ეს საკრალური ზღაპრების ალუზია გააცოცხლა მწერალმა გიორგისა და მგელიკას გამომშვიდობების სცენაში. უნდა აღინიშნოს, რომ უძლიერესი სცენაა, ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი: „გივარგიიიი!“ გაისმა მესამეჯერ ძახილი, ახლა საშინელი დაძაბვით, თითქო გამსკდარი. მოვბრუნდი – მაგრამ ჩვენ უკვე მოსახვევს ვიყავით გაცილებულნი. მგელიკა აღარსად სჩანდა. გავბრუნებულიყავ და ერთხელ კიდევ გამეშვა მზერა ძმადნაფიცისაკენ? მაგრამ ეს მიწას მიმაკრავდა. გავყევი თანამგზავრებს. კიდევ გაისმა მგელიკას ძახილი ერთხელ, ორხელ, ეხლა საშინელი და შემზარავი. შემდგომ – თითქო უკანასკნელი სუნთქვა შეერთო უკუნეთს – ჩამოეშვა მძიმე, ღვრემამოცული მდუმარება”…

დიახ, ერთი მზერაც კი მიწას მიაკრავდა მგელიკას და მან ენგადში ნანახი და განცდილი სულში დაიტოვა, როგორც ზეცა, როგორც მეცხრე ცის თავგადასავლები, სულს რომ სამარადისოდ ცხოვლად დააჩნდება და ვერაფერი ამოშანთავს. მართალია, ავტორსაც, გმირსაც და მკითხველსაც გული უსკდება მძაფრი და მღელვარე განცდებისგან, მაგრამ ყველას ესმის, რომ სწორედ ასეთი ფინალია გარდაუვალი, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. გიორგი ვალუევი, რომელიც ჯავახიშვილის ელიზბარივით ბინას დაიდებდა ენგადში და შემდეგ ეცდებოდა ცოლად შეერთო მზექალა, უკვე აღარ იქნებოდა ნამდვილი წაწალი, დამწვარ-დადაგული მზექალას უზადო სხეულითა და მისი სულიერი სამყაროსადმი ლტოლვით.

„ენგადში“ გრიგოლ რობაქიძემ შემოიტანა მეოცე საუკუნის დასაწყისის აქტუალური თემა – პერსონაჟის გაქცევა ურბანული გარემოდან და დაბრუნება ბუნების წიაღში, პირველქმნილ სამყაროში. მიხეილ ჯავახიშვილის რომან „თეთრი საყელოს“ გმირი ელიზბარი და გიორგი ვალუევი უაღრესად ღრმა და შთამბეჭდავი პერსონაჟები არიან. მათ ბევრი აქვთ საერთო. უპირველესად ეს არის მათი ინტელექტუალური ინტერესები, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, მაძიებელი სული, დაკვირვებული თვალი, მრავალფეროვანი მსოფლაღქმა, ემოციური ინტელექტი. მათ აქვთ საერთო პიროვნული მახასიათებლები და გაქცევის მოტივები: დამღლელი ურბანული სივრცე, რუხი საბჭოთა სინამდვილე, წითელი ეშმას თარეში, ინტერესი მთის ტრადიციებისადმი, სიყვარულის დაუშრეტელი უნარი, იშვიათი პიროვნული მომხიბვლელობა.

გაქცევა ქალაქიდან არ იყო ერთეული და გამონაკლისი შემთხვევა, ეს იყო ახალი იდეა, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაიბადა და მწერლობამ აიტაცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადამიანის დაბრუნება პირველყოფილი ბუნების წიაღში მკვდრადშობილი იდეა იყო. სამყაროს განვითარების კანონზომიერება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ცივილიზებულმა ურბანულმა გარემომ მოიტანოს სიახლეები, რომელთა მიმართაც ადამიანთა ინტერესები არასოდეს ნელდება. ეს არის ბუნებრივი, საინტერესო, დამაინტრიგებელი, მაცოცხლებელი, დიალექტიკის კანონების შესაბამისი და არა პროტესტი, განდგომა, გაქცევა, ლოზუნგებით რამის უარყოფა, რაც წარმავალია, ცხოვრების გარკვეული ეტაპის გამოძახილია და აუცილებლად შეიცვლება ცივილიზაციასთან ინტეგრაციით. სხვა გზა, სხვა ხსნა ადამიანს უბრალოდ არ გააჩნია. თუმცა ეს ამბოხის, პროტესტის, საკუთარ თავთან ბრძოლის გზაც ასევე არის განმავითარებელი, მრავალფეროვანი და საინტერესო. გრიგოლ რობაქიძემ თავის მოთხრობაში გააცოცხლა უნიკალური, თვითმყოფადი მიკროკოსმოსი, სადაც ადამიანის სულის მოძრაობაზე დაკვირვება დამაფიქრებელია, სიახლის აღმოჩენისკენ გვიბიძგებს. მოთხრობის გმირები გვასწავლიან რეფლექსირებას, ფიქრს, სამყაროზე დაკვირვებას, სიყვარულს ეროვნული, ტრადიციული, ადამიანური ღირებულებებისადმი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი