შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლის ახალ რეჟიმზე გადასვლა

ყველაზე ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების მიწურულს ბევრ მოსწავლეს უჭირს ჩვეულ სასწავლო რეჟიმში დაბრუნება. ზოგს სიზარმაცე ეძალება, ზოგი კი უბრალოდ გადაჩვეულია ყოველდღე სწავლას. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ მშობლები გონივრულად მიუდგებიან ამ საკითხს, შეძლებენ შვილების დახმარებას, რათა მათთვის ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. მით უფრო, რომ ადაპტაციის პრობლემის ამოცნობა ბავშვებში საკმაოდ მარტივია – უმეტესობას აღენიშნება ქცევის დარღვევა, განსაკუთრებით სწავლის დაწყების პირველ კვირაში. ეს ნორმალურია და შეშფოთების მიზეზს არ იძლევა, – ამბობენ ისინი, მაგრამ თუკი ბავშვს მეორე ან მესამე სასწავლო კვირაში კვლავ გაუჭირდება თუნდაც დილით ადრე ადგომა, აუცილებელი გახდება მშობლის ჩარევა.

გამოუძინებელ ბავშვებს ნამდვილად უმძიმთ სკოლასთან ადაპტაცია, ამიტომ სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე თქვენ უკვე უნდა დაიწყოთ ზრუნვა სკოლის ძილ-ღვიძილის რეჟიმის დაბრუნებაზე. პირველი ნაბიჯი გახლავთ არა დილაადრიან ბავშვის გაღვიძება, არამედ მისი დროულად დაძინების რეჟიმის მოწესრიგება. თუ ბავშვი მიჩვეულია შუაღამისას დაძინებას, დროის ორი საათით გადაწევას აზრი ეკარგება – ის მაინც ვერ დაიძინებს. უმჯობესია დღეს მან დაიძინოს 23:40 წუთზე, ხვალ კი – 23:20 წუთზე და ასე ოც-ოცი წუთით ადრე. შემდეგ ნელ-ნელა ის ჩვეულზე ადრე დაიწყებს გაღვიძებას.

თუ ბავშვს გაკიცხავთ იმის გამო, რომ გვიან იღვიძებს ან გვიან წვება, ეს მას მხოლოდ სტრესს გაუმწვავებს, თქვენი ურთიერთობაც გაუარესდება, სიტუაცია გამწვავდება. მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს რეჟიმის გაკონტროლებაში და დროის სწორ ორგანიზებაში.

დროდადრო თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად განიხილოთ მომავალი სასწავლო წლის გეგმები. აგვისტოში ბავშვების უმეტესობა თავს დასვენებულად გრძნობს და საღად აზროვნებს. ჰკითხეთ თქვენს შვილს: კმაყოფილია ის გასული სასწავლო წლით? რის გაკეთება სურს ახალი სასწავლო წლის განმავლობაში? სავსებით შესაძლებელია, რომ მას ეს ნაკლებად ადარდებდეს. კლასში ცოტა მეგობარი ჰყავდეს და ამაზე უფრო მეტად დარდობდეს… შეახსენეთ, რომ სწავლის დროს მას შეუძლია ყოველთვის მოგმართოთ დახმარებისთვის.

თუ ბავშვი ახალ სკოლაში გადადის ან იმავე სკოლაში კლასს იცვლის და თქვენ გრძნობთ, რომ ეს აწუხებს, ესაუბრეთ ამაზე. ზოგჯერ შფოთვა მხოლოდ ახლისაგან თავდაცვის მექანიზმია. აუხსენით, რომ გონივრულ შფოთვაში ცუდი არაფერია და ის დროთა განმავლობაში გაივლის. მიეცით ბავშვს საშუალება, ისაუბროს და განიხილოს თავისი შიშები. აი, აქ კი შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილების მოშველიება – მოუყევით, როგორ მოგიწიათ ახალ სამსახურში გადასვლა, როგორ განიცდიდით ამას, მაგრამ ყველაფერი დალაგდა.

არდადეგების დროს ბევრი ბავშვი დიდ დროს უთმობდა ტელეფონებსა და გაჯეტებს. ახლა კი ზუსტად ის დროა, როდესაც უნდა განიხილოთ მათზე დახარჯული დროის შემცირება. სწავლის დაწყებამდე დარჩენილი დღეები გარდამავალ პერიოდად უნდა ვაქციოთ და ბავშვებს ნელ-ნელა უნდა შევუზღუდოთ ტელეფონებსა და გაჯეტებზე ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ეს რთულია, თანამედროვე ბავშვი ხომ ტელეფონთან ერთად იღვიძებს და იძინებს, მაგრამ მცდელობად ღირს. სკოლაში მას ტელეფონით გართობის დრო ნაკლებად ექნება.

ამავდროულად, გაჯეტების სრულად აკრძალვაც წარმოუდგენელია. უბრალოდ, ბავშვს უნდა შეუთანხმდეთ გონივრულ დროზე.

ზედმეტად მშფოთვარე მშობლები ზოგჯერ აიძულებენ ბავშვებს, წინასწარ გაიარონ ერთი თვის სასკოლო პროგრამა. ისინი აიძულებენ მეცადინეობას და ამით საკუთარ თავს იმშვიდებენ, ბავშვებს კი უვითარდებათ ნევროზი. დასვენების ნაცვლად, ბავშვები „ცოდნის მონები“ ხდებიან. თუ ბავშვს თავად აინტერესებს, რას ისწავლის მომავალ წელს, მაშინ ეს სხვა საქმეა.

კარგი იქნებოდა, რომ ზაფხული ბავშვებს დასვენებისა და აქტივობის მონაცვლეობით ჩაემთავრებინათ. მაშინ ისინი ნაკლებად იგრძნობდნენ არდადეგებიდან სამუშაო დღეებში გარდამავალ პერიოდს. როგორც აღვნიშნეთ, არ არის აუცილებელი ბავშვის ზედმეტად გადატვირთვა. ეფექტიანი ისიც იქნება, თუ ბავშვი ადრე ნასწავლ მასალას გაიმეორებს. თუმცა, თუ შევამჩნიეთ, რომ ესეც კი ქანცავს მას, ნურაფერს დავაძალებთ. მისთვის ხომ ზაფხული ნანატრი თავისუფლება იყო, ჰოდა, შევარგოთ!

სასწავლო წლის პირველ დღეებში ან უქმეებზე შესაძლებელია ფიზიკური აქტივობების შენარჩუნება: ეზოში სეირნობა, მარტივი საშინაო საქმეების შესრულება. მშობლების კომპეტენტური და მგრძნობიარე ქცევა მნიშვნელოვანი პირობაა ბავშვის სასკოლო ყოველდღიურობასთან დროული ადაპტაციისთვის. თუმცა, ვიღაცისთვის სახლის დალაგებაც შეიძლება დატვირთვა იყოს და, თქვენი დაკვირვებით, თუ საჭიროა, პირიქით, ცოტა ხნით შეგიძლიათ გამოათავისუფლოთ ბავშვი სახლის საქმეებისგან.

ასევე, არ არის ცუდი პოზიტიური დატვირთვის შეზღუდვა სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეგრევე ნუ გავამწესებთ ბავშვებს წრეებსა და სექციებში. ნებიერი ზაფხულის შემდეგ ბავშვს გაუჭირდება ყველაფრის ერთად კეთება – გაკვეთილები, ფეხბურთი, ცეკვა, მუსიკა… ჩვეული ცხოვრების წესს ისინი თანდათანობით უნდა დაუბრუნდნენ.

შეგიძლიათ სკოლაში წასვლამდე შვილთან ერთად სასიამოვნო შოპინგი მოიწყოთ; ერთად განიხილოთ, რა უნდა იყიდოს სკოლისთვის, რა სჭირდება. ეს შეიძლება იყოს სასკოლო ტანსაცმელი, რვეულები, ზურგჩანთა, საკანცელარიო ნივთები. მიეცით ბავშვებს არჩევანის თავისუფლება, დაე, აირჩიონ ის, რაც მოსწონთ. ახალი ტანსაცმელი და სასკოლო აქსესუარები დაეხმარება ბავშვს, მეტი სიხარულით წავიდეს სკოლაში, იყოს მეტად თავდაჯერებული. დამოუკიდებელი არჩევანი – ბავშვის მოტივაციის დიდი წყაროა.

სწავლის დასაწყისში ნუ გაკიცხავთ ბავშვს, თუ ვერ დაიმსახურა მაღალი შეფასება. ეცადეთ, ხშირად შეაქოთ. ასე უფრო იგრძნობს პასუხისმგებლობას. გვახსოვდეს, რომ ოჯახური სითბოთი და ზრუნვით გარშემორტყმულ ბავშვს შეუძლია ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს.

ნელ-ნელა ბავშვი დაუბრუნდება ჩვეულ რიტუალებს: საღამოს ჩანთის ჩალაგებას, გარკვეულ დროს საშინაო დავალების შესრულებას და სხვ. რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლის სიმშვიდე და ბავშვის რეჟიმის კონტროლი. შემდეგ, როდესაც ყველაფერი ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, მშობელი თავის კონტროლს შეამცირებს.

მშობლის განწყობა ბავშვს ყოველთვის გადაეცემა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შვილი თქვენგან გრძნობდეს სიმშვიდეს, პოზიტიურ დამოკიდებულებას სასწავლო წლის დასაწყისის მიმართ. ბავშვის თანდასწრებით სხვა უფროსებთან საუბრისას არ არის აუცილებელი ახალი სასწავლო წლის მიმართ შიშისა და უარყოფითი ემოციების, სკოლის ან მასწავლებლის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, მით უმეტეს, აურზაური და პანიკა. გაატარეთ ეს დრო სტაბილურად, ალიაქოთის გარეშე.

სკოლაში წასვლამდე სასურველია, ბავშვებს მხედველობა შეუმოწმოთ. თანამედროვე სკოლის მოსწავლეები ხშირად ძალიან ახლოდან უყურებენ გაჯეტებს და ტელეფონებს, რაც აზიანებს მხედველობას.

ასევე, დაჯავშნეთ პროფილაქტიკური შეხვედრა სტომატოლოგთან, განსაკუთრებით თუ ბავშვმა მთელი ზაფხული სოფლად გაატარა და ბევრ ხილსა და კენკრას მიირთმევდა – ის მინანქრისთვის საზიანო მჟავებს შეიცავს. იქნებ ბავშვს არც არაფერი აწუხებს, მაგრამ თუ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენთ რაიმე პრობლემას, მისი გადაწყვეტა მარტივი იქნება.

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის მომზადება სასკოლოდ. ეს მოითხოვს სათანადო კვებას. ქოლინი და ლეციტინი ნერვული სისტემის დამცავია. ისინი გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა თევზი, რძე, ღვიძლი და ითვლება „ტვინის საკვებად“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვებში იყოს მაგნიუმი. ის გვხვდება თხილში, წიწიბურაში, კარტოფილში, ბანანში, მწვანილში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი