პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

შოთა ნიშნიანიძის ლირიკა

გულწრფელად რომ ვთქვა, შოთა ნიშნიანიძე ჩემი საყვარელი პოეტი არასოდეს ყოფილა. ბავშვობაშიც კი, როცა ჩამოუყალიბებელი გემოვნებით გამოწვეული დეზორიენტირებულობის გამო ნიშნიანიძეს კი არა, უსუსტეს პოეტებსაც ვკითხულობდი, მისი პოეზიისგან რამე განსაკუთრებული არასდროს მიგრძნია. ვერც მერე, როცა ჩემს ცნობიერებაში გარკვეული პოეტური ორიენტირები და პრიორიტეტები გამოიკვეთა და მთლად უვარგისი ავტორების კითხვას შევეშვი, მისი პოეზია ესთეტიკური ტკბობის საგანი ვერ გახდა ჩემთვის. მისი ზოგიერთი ლექსი ზეპირადაც ვიცოდი, ზოგი – სახლში და ზოგიც სკოლაში მასწავლეს, რაღაცები დღემდეც მახსოვს, მაგრამ ისეთ სასიამოვნო განცდებს არ იწვევს ჩემში, როგორც ბავშვობაში ნასწავლი სხვების ლექსები. იმ სხვების ლესებს რაღაც მწარეც ახლავს თან, რადგან ძალით მასწავლიდნენ, ნიშნიანიძის ლექსებთან მიმართებაში კი სრულიად ფლეგმატური ვარ.

ვერ ვიტყვით, რომ მის პოეზიას დღეს აღარ კითხულობენ, სოციალურ ქსელში არცთუ იშვიათად იდება მისი ისტორიულ-პატრიოტული და სატრფიალო თემატიკის ლექსები, ასევე პოპულარულია მურმან ჯინორიასეული დეკლამაციები სხვადასხვა ტელეგადაცემებიდან.

რამდენიმეწლიანი შუალედებით არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ამას წინათ ისევ ვცადე ნიშნიანიძის პოეზიას მივბრუნებოდი და რამე ჩემთვის საინტერესო მეპოვა შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მახსოვრობაში ჩარჩენილი მისი ლექსების მახასიათებლები ჩემს, მკაცრად კონსტრუირებულ, პოეტურ მრწამსთან და გემოვნებასთან სრულ ანტაგონიზმშია, მაინც გადმოვიღე თაროდან 1990 წელს გამოცემული ორტომეულის პირველი, ოთხასგვერდიანი ტომი და ბოლომდე პატიოსნად, ყოველგვარი ხალტურის გარეშე წავიკითხე. ვერდიქტი ისეთი იყო, როგორსაც ველოდი: ესაა, ამ ქრონოსკოპული დისტანციიდან, რელევანტურობას სრულიად მოკლებული პოეზია თავისი “მოკრძალებული” მხატვრულ-გამომსახველობითი მახასიათებლებით.

თემატურად და პროსოდიულად შოთა ნიშნიანიძის ლექსები სრულად თავსდება მაშინდელ ლიტერატურულ კონიუნქტურაში (არ ვიტყვი, პოლიტიკურ კონიუნქტურაშიც-მეთქი, რადგან ე. წ. „პარაოზ” ლექსებს ყველა წერდა მაშინ): პრევალენტური თემატური ხაზი – ისტორიულ-პატრიოტული მოტივი; პროსოდიული ხაზი – არსებული საზომების, ინტონაციურ ინდივიდუალიზმს და ოკაზიონიზმს მოკლებული, დაუსრულებელი რეპრეზენტირება.

ზოგადად პოეტს, რომელსაც ლიტერატურაში დარჩენაზე აქვს პრეტენზია, ორად ორი არჩევანი აქვს: 1. აღმოაჩინოს, შექმნას ახალი პროსოდიული და რიტმული არსენალი; 2. უკვე არსებული პოეტური საზომები და რიტმული სქემები ინდივიდუალური ინტონაციით აამეტყველოს. ამათგან ერთ-ერთის მოხერხების შემთხვევაში პოეტური კოინე (ანუ საყოველთაო პოეტური ენა, რომელიც პოეტურ კლიშეებს, გაცვეთილ პოეტიზმებს, გაცვეთილ ტროპულ სისტემას თუ ენობრივ კონსტრუქციებს გულისხმობს), დოზირებულად გამოყენების შემთხვევაში, ერთგვარ უტილიზაციურ მასალად გარდაიქმნება და ვიღებთ ახალ, თვითკმარ პოეტურ კოსმოსს. ქართული პოეზიის არსებობის მანძილზე პირველი ტიპის პოეტი ჩვენ ცოტა გვყავს, სამაგიეროდ არაერთი გვყავს მეორე ტიპის პოეტი. ნიშნიანიძის თაობაში მეორე ტიპის რამდენიმე დიდი პოეტი იყო და სწორედ ინტონაციური თვითკმარობის და ინდივიდუალიზმის გამო მათ შემოქმედებაში საყოველთაო პოეტური მოტივები და, მათ შორის, ისტორიულ-პატრიოტული თემატიკა უკიდურესად შთამბეჭდავად წარმოჩინდა, რასაც შოთა ნიძნიანიძეზე და, ზოგადად, მისი დონის სხვა პოეტებზე ვერ ვიტყვით: სამშობლოსადმი ზოგიერთი მათგანის (განსაკუთრებით – შოთა ნიშნიანიძის) სიყვარულში მე ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, პოეტური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათი ისტორიულ-პატრიოტული ლირიკა ერთგვარ იმიტაციად, ერზაცად ჩანს ჩემთვის, ანუ რაც შთამბეჭდავია, მაგალითად, მუხრან მაჭავარიანთან, ინერციას ჰგავს შოთა ნიშნიანიძესთან.

შოთა ნიშნიანიძე, როგორც კონვენციური ლექსის ადეპტი, აქტიურად იყო ჩაბმული სამოცდაათიან წლებში თავისუფალი ლექსის გამო გამართულ პოლემიკაში. არასწორი პოზიციის მიუხედავად, რომ თითქოს შოთას და გალაკტიონის მერე ქართველი მკითხველი თავისუფალ ლექსს ვერ მიიღებს, ზოგადად თავისუფალ ლექსს ის პატივს სცემდა, რთულად დასაძლევ ფორმად მიიჩნევდა და თვითონაც წერდა შიგადაშიგ. ამ ერთტომეულშიც, კლიშეებისა და ბანალიზმების გაუვალ უღრანებში, აქა-იქ გამოანათებენ ხოლმე ვერლიბრად დაწერილი სასიამოვნო ლექსები, სადაც ავტორი სრულიად თავისუფალია რითმის ვალდებულებისგან და მხოლოდ რიტმულ ჩარჩოში, ენის გამაღიზიანებელი პოეტიზაციის გარეშე, ოსტატურად გადმოსცემს სათქმელს. მას ასევე დაწერილი აქვს სპორადულად გარითმული, ტრანზიციული სახის ვერლიბრები, მაგრამ მათ, დიდი ალბათობით, კონვენციური ლექსის ნაირსახეობად მიიჩნევდა.

წიგნი სრულდება ვრცელი ეპიკური პოემით, რომელსაც „აქილევსის ქუსლი და ფარი” ჰქვია, საინტერესო კომპოზიციური და გამომსახველობითი დეტალები აქაც მთლიანად იკარგება ინტონაციურ ინდივიდუალურობას მოკლებულ, გაცვეთილ პოეტიკაში. თუმცა, დასაფასებელია, რომ ის ეპიკურ პოემებს მაშინ წერდა, როცა ჩვენში ლირიკული პოემის ნამდვილი ბუმი იყო. ზოგი მიიჩნევს, რომ ეპიკურმა პოემამ თავისი დრო მოჭამა, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნებოდა თანამედროვე მაღალმხატვრული რომანი-პოემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი