ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ამბის მბობა – ცხოვრება და ლიტერატურა

მხატვრული ტექსტების კითხვისას ხშირად ვაიგივებთ საკუთარ თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან. ცოტა ხნის წინ მე-11 კლასელებს ვთხოვე, სპეციალური ჯილდო გადაეცათ „ვეფხისტყაოსნისთვის“, მოეფიქრებინათ ისეთი რამ, რისთვისაც ამ ტექსტს დააჯილდოებდნენ. საინტერესო პასუხები მივიღე. მათგან ორი კი სწორედ იმას გულისხმობდა, რაც შესავალში აღვნიშნე. ერთი მოსწავლე წერს „გადაეცეს ჯილდო რუსთაველს იმისთვის, რომ მან შექმნა მრავალფეროვანი, არაერთგვაროვანი პერსონაჟები, რომელთაგან ერთში მაინც აღმოაჩენ საკუთარ თავს“.

ამბის თხრობა თერაპიაა. ამბის მოსმენაც თერაპიაა. ამ მძლავრ ინსტრუმენტს ხშირად იყენებენ ჯგუფური ფსიქოთერაპიის დროს. ადამიანები ეძებენ სიტყვებს, აქცევენ თავიანთ ემოციებს, განცდებს, ტკივილს, გამოცდილებას წინადადებებად, წინადადებებს კრავენ ამბებად, ამბების გაზიარება – შვებაა, მოსმენა – მაკურნებელია. სულ რომ არაფერი, ხედავ, გესმის, რომ მარტო არ ხარ, სხვასაც განუცდია იგივე, სხვის ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი. იმან დაძლია ან ვერ. ეს გვიტოვებს საფიქრალს, გვაპოვნინებს ახალ არხს ჩვენი ამბის გადასატანად, გადმოსაცემად ან გადასასხვაფერებლად.

ბავშვობაში ძალიან ვიყავი მიჯაჭვული დედას. მასთან დაშორებისას მდიდარი ფანტაზია თავისით ირთვებოდა და ათას ხიფათს წარმოვიდგენდი. დედას გზა აებნა, მატარებელში ჩაჯდა და შორს წავიდა, ვეღარ დაბრუნდება და უამრავი ასეთი შფოთი. მახსოვს, როგორი შვება იყო ერთი მოთხრობის კითხვა, რომლის მთავარი პერსონაჟი, პატარა ბიჭი, ერთხელაც ეზოში მარტო დარჩენილი ელოდებოდა დედას, უკვე გვიანი იყო, ბნელდებოდა, ყველა ბავშვი შინ ავიდა, მხოლოდ მისი დედა არ ჩანდა და  იჯდა ეს ბიჭი ეზოში, იგონებდა ათას რამეს, სად შეიძლებოდა ყოფილიყო დედა.

ასე მგონია – ჩვენს ცხოვრებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიაზრებთ და ვიცხადებთ ამბების მეშვეობით. ყველაფრის დამახსოვრება, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, შეუძლებელია, ჩვენი მეხსიერება ფოტოგრაფიული სიზუსტით ვერ ირეკლავს და იტოვებს გარემომცველ სამყაროს, ამიტომ თითოეული ჩვენგანი დღის განმავლობაში „თხზავს“ ამბებს, ამ ამბებს ერთ ლოგიკურ „ჯაჭვზე“ ავაცვამთ და შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას – რა მოხდა დღეს.

ეს ისეთი საინტერესო რამაა…შეგიძლიათ სცადოთ და საკუთარ თავს გაეთამაშოთ. დასვით კითხვა საღამოხანს – რა მოხდა დღეს – და თქვენი წარმოსახვა ამბების ჯაჭვად შემოგთავაზებთ დღის მთავარ მოვლენებს, განცდებს, შთაბეჭდილებებს. საინტერესო თამაშია. სახალისო, შემეცნებითი. რას გამოიხმობს გონება გარდასული დღის მოვლენებიდან? რა ამბავს შეთხზავს „შემოქმედი-მე“? რას მივიჩნევთ საინტერესოდ და მნიშვნელოვნად? საკუთარ დღიურშიც როცა ვწერთ, გულწრფელები და დარწმუნებულები, რომ არავინ წაიკითხავს, მაინც გვყავს წარმოსახვითი „მკითხველი“ ან „მსმენელი“. არის შინაგანი განცდა ან რწმენა იმისა, რომ სამყაროში ეს ნაწერი რაღაც კვალს დატოვებს. ამბავი იპოვის „მიმღებს. ეს იქნება მომავალი მე? ვიღაც, ვინც დაუკითხავად მისწვდება დღიურს? ან სულაც, კონკრეტული ადამიანი…

ამბების შეთხზვა სახიფათო თამაშიცაა. ხშირად ისეთ ამბებს ვთხზავთ, რომლებიც კონკრეტულ რეალობას ქმნიან ან მოქმედებენ მასზე. თუ ხანგრძლივად შევთხზავ და მოვყვები ამბავს იმაზე, როგორი წარუმატებელი ან უხეირო ვარ, ამას თავადაც დავიჯერებ და სხვებსაც დავაჯერებ. ამიტომ ამბებში ჩაკეტვა არ შეიძლება. აქ ლიტერატურა გვევლინება მფარველ ანგელოზად და გვასწავლის, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უხეირო, სულ მუდამ ცუდი და სულ მუდამ უარყოფითი არაფერია. რომ ხედვის კუთხე აუცილებლად უნდა იყოს სხვა და კიდევ სხვა. ზევით ჯილდო ვახსენე, მეორე მოსწავლემ „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ იმისთვის დააჯილდოვა, რომ ის „დუალისტური არ არის“ და რომ მასში გმირები ისეთები არიან, როგორებიც ადამიანები, იქცევიან, როგორც ადამიანები, ცდებიან, როგორც ადამიანები და არ ცხოვრობენ, როგორც „სუპერგმირები“.

მაშ, საკუთარი ამბის, ნარატივის შეცვლა, სხვადასხვა რაკურსით წარმოდგენა, ალტერნატიული ამბების მოფიქრება, პარალელური სიუჟეტური ხაზების ძიება საკუთარ ცხოვრებაში აუცილებელია – ლიტერატურა ამასაც გვასწავლის.

მჯერა – ერთი მხრივ, ჩვენ ვქმნით ნარატივს, ამბავს. თავის მხრივ კი ეს ამბავი ნარატივი ქმნის რეალობას ან ზემოქმედებს მასზე. ცვლის მოვლენების მიმდინარეობას, ცხოვრების „სიუჟეტურ ხაზს“.

რა მნიშვნელოვანია და როგორი საინტერესოა, ვიქცეთ ჩვენი ცხოვრების „მთავარი სიუჟეტური ხაზის“ და ყველა „პარალელური შენაკადის“ მთავარ შემოქმედად. ამისთვის კი სიფხიზლე, დაკვირვება, დაკვირვებების სიტყვიერად გადმოცემა, ამბებად შეკვრა და ახლა უკვე მათი კვლევაა საჭირო.

ეს გახლავთ ერთ-ერთი პასუხი იმ მუდამ აქტუალურ კითხვაზეც, რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები. იმიტომაც, რომ ჩვენი მთავარი ამბის, ჩვენი ცხოვრების ავტორებად ვიქცეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი