პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნორვეგიული დღიური – ფოსენის სახალხო სკოლა (Fosen Folkehøgskole)

(ნაწილი მეორე)

ნორვეგიული დღიურის მეორე წერილში (პირველი ნაწილის წასაკითხად დააჭირეთ აქ) ფოსენის სახალხო სკოლაზე მოგიყვებით, რომელიც აგრეთვე ტრონჰეიმის ფიორდის სანაპიროზე, ღრმად შეჭრილ ხეობაში  მდებარეობს. მის მოსანახულებლად სუნდის სახალხო სკოლიდან ავტობუსით გავემგზავრეთ. გზად მოგვყვებოდა შთამბეჭდავი ნორვეგიული პეიზაჟები, ხეობები, ტბები, მდინარეები თუ ტყეები.

ადრეული ბავშვობიდან  მოყოლებული ჩანაწერებს ვაკეთებ, ვინიშნავ საინტერესო ფაქტებს, მოვლენებს, ემოციებს. წიგნაკი ჩემი კარგი მეგობარია. აქტიურად საერთაშორისო პროექტების დროს ვიყენებ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ წიგნაკშია თავმოყრილი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი გაზეთის მკითხველს ვუზიარებ.

ფოსენის სახალხო სკოლაში კიდევ უფრო შესამჩნევია ფილოსოფიური განსხვავება ჩვეულებრივ საჯარო სკოლებს, თუნდაც კოლეჯებსა და სახალხო სკოლების კონცეფციას შორის. აქ მთავარია ერთი ინდივიდი, მისი პიროვნება, ინტერესები, მოთხოვნილებები თუ საჭიროებები. ხოლო საჯარო სკოლები უფრო მეტად ჯგუფზე არიან ორიენტირებულნი.

სახალხო სკოლების კიდევ ერთი მახასიათებელია ქვეყნის საჭიროებაზე მაქსიმალური მორგება. რაც იმაში გამოიხატება, რომ ნორვეგიულ შრომის ბაზარზე რა მოთხოვნაც არსებობს, სწორედ იმ სეგმენტების ათვისება ხდება სკოლების მიერ.

ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ცხადია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნავმშენებლობასა და ნაოსნობაზეა. ამასთან ერთად, ფოსენის სახალხო სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება:

  • ბიო პროდუქციის მოყვანაზე;
  • ველურ პირობებში გადარჩენისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე;
  • ხის სახლების აგებაზე;
  • ძველი ნორვეგიული სამკერვალო ტრადიციების შენარჩუნებასა და ისტორიულ ხელსაქმეზე.

თითოეულ პროგრამაზე ფოსენის სახალხო სკოლას მხოლოდ 12-12 მოსწავლის მიღება შეუძლია. საერთო ჯამში სკოლაში 75-მოსწავლე და 10-მდე პედაგოგია.

ფოსენის სახალხო სკოლაშიც სწავლა ერთწლიანია. იწყება აგვისტოს ბოლოს და სრულდება მაისში. სწავლის დაწყებისას თითოეული მოსწავლე, ფიქრობს პროექტზე, რომელიც უნდა ჩააბაროს მაისში. ნავმშენებლობის მიმართულების მოსწავლისთვის პროექტია ძველი ვიკინგური ნავის აგება, ნაოსნობის მიმართულების მოსწავლისთვის იალქნის თუ სხვა საჭირო ინვენტარის დამზადება, სხვა მიმართულების სტუდენტისთვის სახლების აგება, ბოსტნის გაშენება, ტრადიციული ნორვეგიული სამკაულის შექმნა თუ სამოსის ქსოვა. თითოეულ პროექტზე მოსწავლეები მთელი 9 თვე მუშაობენ.

როგორ იწყება ყოველი ახალი სასწავლო წელი ფოსენის სახალხო სკოლაში?

ყოველი წლის სექტემბერში, როდესაც სკოლას დასრულებული აქვს ახალი ნაკადის მიღება, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გადიან საველე სამუშაოებზე, რაც გულისხმობს ნავებისთვის საჭირო მასალის შერჩევას, მათ მოჭრას და ტრანსპორტირებას.

წარმოიდგინეთ XXI საუკუნეში ნორვეგიელი ახალგაზრდები, ფოსენის სახალხო სკოლაში, სწავლობენ ნავების ისე აგებას, როგორც აგებდნენ საუკუნეების წინ ვიკინგები. ამასთან ერთად, ითვისებენ როგორ დაამზადონ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით საღებავები,  რომლითაც იღებება ნავები და სახლები.

საველე სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპი გაზაფხულზე ტარდება. ამ დროს სკოლის მოსწავლეებს ნავები უკვე აშენებული აქვთ და საღებავებისთვის საჭირო მცენარეების შესაგროვებლად გადიან. ჩვენი ფოსენის სკოლაში ექსკურსია სწორედ საღებავების ხარშვის პერიოდს დაემთხვა. გვაჩვენეს თუ როგორ მზადდება საღებავი, რომელიც დალპობისგან და დაზიანებისგან წლების მანძილზე იცავს ნავებსა და პატარა სახლუკებს.

დარწმუნებული ვარ ფოტოებში გინახავთ ზღვების, ფიორდებისა თუ ტბების გარშემო ჩამწკრივებული ფერადი ხის სახლები. მათი უმეტესობა სწორედ ნორვეგიაშია გადაღებული. მოსახლეობა მათ ძირითადად საზაფხულო აგარაკებად იყენებს და ძალიან პოპულარულია. ფოსენის სახალხო სკოლის კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება სწორედ ასეთი სახლების დამზადებაა. სკოლის ხელმძღვანელის თქმით, ასეთ სახლებზე დიდია მოთხოვნა, რის გამოც ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურს ამ მიმართულებაზე სწავლა.

სტუდენტები სწავლობენ შეცდომებზე

ძალიან საინტერესო და საყურადღებო იყო ნაოსნობის მიმართულების პედაგოგთან გასაუბრება. მან გვითხრა, რომ მასწავლებლები ნაკლებად ერევიან მოსწავლეების სამუშაო პროცესში და ძირითადად ფასილიტაციით შემოიფარგლებიან. პედაგოგების ჩართულობა შედარებით დიდია სწავლის დასაწყისში, როდესაც ხდება თეორიული მასალის დამუშავება და პროექტების შერჩევა. შემდეგ ეტაპებზე მათი ჩართულობა თანდათან კლებულობს. ეს არის თვითმართული სწავლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.

ბუნებრივია, ასეთ დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები შეცდომებს უშვებენ.  პედაგოგები აძლევენ საშუალებას, რომ სტუდენტებმა თვითონ აღმოაჩინონ მათ მიერ დაშვებული შეცდომა. ამის გამო ხშირია შემთხვევები, რომ მოსწავლეები სწავლის ოფიციალურად დასრულების შემდეგაც რჩებიან სკოლაში, რათა გამოასწორონ მათ მიერ დაშვებული შეცდომა და დაასრულონ პროექტი.

ქსოვა და ტრადიციული ნორვეგიული ხელსაქმე

ძალიან მიყვარს ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამოსი. ფოსენის სახალხო სკოლაში ჩემი ყველაზე დიდი აღფრთოვანება სწორედ ამ მიმართულებამ გამოიწვია. 16-18 წლის ახალგაზრდები როგორი რუდუნებითა და მონდომებით ამზადებენ სხვადასხვა ნივთებს, მუშაობენ თიხაზე, ხეზე, თექაზე და ა.შ. თითოეულ დეტალში იგრძნობა კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის. მნიშვნელოვანია, რომ წარსულიდან კარგის დატოვებას, უკვე ნასწავლის არდავიწყებას დიდი ენერგია ეთმობა, თანაც ნაყოფიერად.

სახალხო სკოლებში გატარებული ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავინახე თუ რა არის ნამდვილი ტრადიციების შენარჩუნება და არა ფსევდოპატრიოტული მოტივებით ანგაჟირება. სახალხო სკოლების პერსონალს, მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული ძველი ტრადიციების არსი და ყოველდღიურად ცდილობენ მათ დაცვასა და შენარჩუნებას.

როგორ გადავრჩეთ ველურ პირობებში?

საქართველოში კავშირი ბავშვსა და გარემოს შორის გაწყვეტილია. ჩვენი მოსწავლეები მათ საცხოვრებელ გარემოს ნაკლებად იცნობენ. ჩვეულებრივი ექსკურსიები შედარებით შორ მანძილზე იგეგმება და ამ დროს ყურადღების მიღმა გვრჩება „ჩვენი ღობის ძირში ამოსული პატარა ყვავილები“.

აი ნორვეგიელები პირიქით, ახლო მიდამოების შესწავლით არიან დაკავებულნი. სწორედ ამის გამოძახილია ფოსენის სახალხო სკოლის კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს ველურ პირობებში გადარჩენისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზეა მიმართული.

სასწავლო წლის დასაწყისში, პროგრამის მონაწილე სტუდენტები, თავდაპირველად თეორიულად სწავლობენ გარემოში არსებულ საშუალებებს, მცენარეებს, ცხოველებს, თევზებს და ა.შ. ამის შემდეგ კი პრაქტიკაში ასრულებენ სხვადასხვა სირთულის დავალებას. მაგალითისათვის, ჩვენი ვიზიტის დროს 9 კაციანი გუნდი ემზადებოდა ზღვაზე გასასვლელად, სადაც მათ უნდა გაეტარებინათ ერთი კვირა ყოველგვარი საკვების გარეშე. მსგავსი გასვლები ტარდება ზამთარში, როდესაც თოვლის საფარი 2 მეტრამდე, ხოლო ტემპერატურა კი -20°C-ია.

ცხადია, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული და ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში იგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

სამწუხაროდ, დროის ფაქტორის გამო ვერ მოვასწარით სკოლის ბიო-მეურნეობის დათვალიერება. თუმცა, როგორც სკოლის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სკოლის სამზარეულოს მომარაგება სწორედ მათი სტუდენტების მიერ მოყვანილი ბოსტნეულით (მათ შორის ძროხისა და ღორის ხორცი) ხდება.

სკოლაში ეკომეგობრული გარემოა. იყენებენ ყველაფერს და ყრიან ფაქტობრივად არაფერს. ფერმაში დაკლული ძროხის ტყავსაც ამუშავებენ და იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით. ამგვარი მიდგომით, ყოველგვარი აფიშირებისა და ძალდატანების გარეშე ხორციელდება მდგრადი განვითარების მიზნები.

ფოტოები გადმოწერილია სკოლის ფეისბუქ გვერდიდან.

სახალხო სკოლებში მოსწავლეებს ინდივიდუალიზმის წარმოჩენის სრული საშუალება აქვთ. ისინი მთელი წლის განმავლობაში პასუხისმგებელნი არიან საკუთარ პროექტზე, თუმცა არ ივიწყებენ გარშემო მყოფებსაც. ინდივიდუალიზმისა და გუნდურობის საოცარი ჰარმონიით აღწევენ წარმატებას – ასრულებენ სახალხო სკოლას. აღნიშნულის შემდეგ ზოგი პირდაპირ მუშაობას იწყებს, ზოგი კი უფრო სიღრმისეული ცოდნის მისაღებად სწავლას უნივერსიტეტში აგრძელებს.

აქვე გთავაზობთ ფოსენის სახალხო სკოლაში ვიზიტის ამსახველ ვიდეო კოლაჟს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი