პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თედო სახოკია – ბავშვობის წლები

იყო დრო, არ მესმოდა მათი, ვისაც რომანების კითხვას მოგონებების, სამოგზაურო ჩანაწერების, ათწლეულების წინანდელი მიმოწერის კითხვა ერჩიათ. გამონაგონის სილამაზეს, ჩემს თვალში, ვერაფერი შეედრებოდა. იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ ზღვარი, ფაქტობრივად, არ არსებობდა და ვინც გვარწმუნებდა, ცხოვრების ამბავი უცვლელად გადმოვეცი, ავიც, კარგიც კეთილსინდისიერად აღვწერეო, შეგნებულად იტყუებოდა. ორ წინადადებასაც ვერ დაწერ, ფიქრი სხვაგან რომ არ გაგექცეს, ხელმა თავისი სიტყვა რომ არ ჩაამატოს.

თედო სახოკიას „მოგონებანი“ (არტანუჯი, 2021), რომელიც ორ წიგნს აერთიანებს: „როგორ ვიზრდებოდით ძველად“ და „ჩემი საუკუნის ადამიანები“ – გატაცებით წავიკითხე. როგორც კი შესვენებას მოვინდომებდი და საკითხავს გვერდზე გადავდებდი, ვხვდებოდი, რომ რაღაცას ვაშავებდი – თითქოს მთხრობელს მოურიდებლად ვაწყვეტინებდი. გამორჩეულად დასამახსოვრებელი ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელშიც ავტორის ბავშვობაა აღწერილი – მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლის მძიმე წლები, გამუდმებული შიმშილი, დამცირება… და ყმაწვილური ოცნებები.

სასწავლებლის მოგონებიდან: „სხვადასხვა პედაგოგიური ხერხების მაგიერ უმთავრესად მიემართნათ ფიზიკური შთაგონებისათვის: ცემა-ტყეპით უნდა შეეთვისებინათ ცოდნა. იმის შიში, რომ გაკვეთილების უცოდინარობისათვის გაწკეპლვა, სხვადასხვა სახის სასჯელი მოელოდა, მოწაფეს ჭკუაზე შლიდა. თუთიყუშივით ზეპირობას ფართო გასავალი ჰქონდა. მოწაფენი მასწავლებლებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრებს, მათს საწამებლად მოვლენილთ, ხოლო სასწავლებელს – როგორც საშუალო საუკუნეების ინკვიზიციის დაწესებულებას“.

საბჭოთა სკოლაშიც მსგავსი სურათი დამხვდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. არა, არ ვაჭარბებ. უმცროსკლასელმა სიტყვა „გოლგოთა“ არ ვიცოდი და მხოლოდ ამიტომ იყო, რომ ამ ჩანაწერების ავტორისაგან განსხვავებით, ენაზე არ მადგებოდა. სხვა მხრივ კი, სწორედ მასავით ვიტანჯებოდი, სკოლის დაწვა-დანაცრებას ვნატრობდი.

„მასწავლებელი ერთი გაცინებული არ გვინახავს, – ვითხულობთ თედო სახოკიას მოგონებების წიგნში, – ჩვენთან მოქცევაში ყველას პირქუშად ეჭირა თავი. ჩვენ თვითონ ისე ვუცქეროდით, როგორც მტრებს და ჩვენი ავის მდომთ. რომ დავინახავდით გზაში, თითქოს ალალმა დაგვქროლაო, გავრბოდით სადმე დასამალავად, რომ თვალში არ ვჩვენებოდით“.

როგორც ჩანს, რაღაც მაინც შეცვალა ასმა წელმა – გაუცინარი მასწავლებლების, მოსწავლის ცემით თუ წამებით ნასიამოვნები მასწავლებლების მეტი რა მინახავს, მაგრამ სხვები, სხვანაირებიც მხვდებოდნენ – უდაბნოს ვარდები, კლდის შროშანები.

თედო სახოკიაც ახსენებს ორ მასწავლებელს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მოულოდნელად გაანათეს სასოწარმკვეთი წყვდიადი და შესაძლებელი გახადეს, რომ რაღაც დაენახა, რაღაც მართლაც შეემეცნებინა. ერთი ქართულის მასწავლებელი პოლიევკტოს კვიცარიძე იყო, რომელმაც „გააცოცხლა წინა მასწავლებლის ხელში უსულგულო საგანი“ და „სახალისოდ, სატრფიალოდ გახადა“. მეორე კი, არც მეტი, არ ნაკლები, ვასილ ბარნოვი გახლდათ.

საუბედუროდ, ეს მხოლოდ ხანმოკლე გაელვებებია ბნელ ცაზე. არსებითად არც არაფერი იცვლება, რადგან ძალადობა ურთიერთობის ერთადერთ ფორმადაა მიჩნეული. გაუსაძლის დღეში მყოფი მოზარდების ბრაზიც ადრე თუ გვიან გზას პოულობს: „ზოგჯერ მაღალი კლასების მოწაფენი საცემრად გაიმეტებდნენ საძულველ მასწავლებელს. ასეთი შემთხვევა არა ერთი და ორი ყოფილა“. სასოწარკვეთა იმდენად დიდია, რომ სასულიერო სემინარიის მოსწავლეები წიგნებსაც არ ინდობენ: „გამოცდას რომ ჩააბარებდნენ, ჯირკვზე დასდებდნენ და ამხანაგების თანდასწრებით, საჯაროდ ცულით დასჭრიდნენ და თან დაატანდნენ წყევლას: „წმინდა გიორგიმ ამოაგდოს იმის ძე და მომავალი, ვინც შენ შეგადგინაო“. ამხანაგებიც „ამინს“ ეტყოდნენ გაგრძელებით“. ცულით დაკეპილ წიგნებს ბოლოს წვავენ, ნაცრად აქცევენ.

ზოგიერთი მოგონება თავბრუდამხვევად ლამაზია, დიდი მწერლისაა. ვკითხულობ და ვკითხულობ ერთსა და იმავე წინადადებებს: „თვალის დახამხამებაზე სულ მაღლი ხეების კენწეროებს მოვექეცით, რომ იქიდან დაგვენახა ხანძრი ადგილი: თან გულში წმინდა გიორგისა ვთხოვდით, აესრულებინა ამდენი ხნის ნატვრა: დამწვარიყო ჩვენი მაწვალებელი შენობა. მართლაც, დავინახეთ, რომ ცეცხლი სწორედ სასწავლებელს ეკიდებოდა. რა ლამაზად გვეჩვენა შეწითლებული ცა, ზეცად ამავალი დახვეული, გველის მსგავსი ალი, ბოლქვა-ბოლქვად კვამლიანი!.. მას თან მიჰქონდა ჩვენი წამება, ჩვენი უძილო, შფოთიანი ღამეები, მარხულობა“.

ძნელად თუ გაიხსენებთ უკეთესად დაწერილს ბავშვობის წლებზე. მეტი გულწრფელობით, მეტი გულმოდგინებით დაწერილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი