შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნორვეგიული დღიური – სუნდის სახალხო სკოლა (Sund folkehøgskole)

 

(ნაწილი პირველი)

ბავშვობიდანვე მიტაცებდა სკანდინავიური ქვეყნები. გეოგრაფიის გაკვეთილზე განსაკუთრებით სკანდინავიის ნახევარკუნძულის შემოხაზვა მიყვარდა. მასწავლებელი ვეფხვს მას ამსგავსებდა და ამის გამო, კიდევ უფრო შთამბეჭდავად აისახა ჩემს მეხსიერებაში.

ზრდა-განვითარებასთან ერთად ყურადღებას იპყრობდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ვიკინგები, სახელმწიფო მოწყობა, ეკონომიკა, ბედნიერების ინდექსი თუ სხვა მაჩვენებლები. სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ, სკანდინავიური განათლების სისტემა ჩემი ინტერესის/თვალთახედვის სფეროში მოხვდა. ყოველთვის მქონდა კითხვები – როგორ ახერხებდნენ ფინელები, ნორვეგიელები, შვედები თუ დანიელები მაღალი შედეგების მიღწევას? როგორ მიაღწიეს ცხოვრების ისეთ დონეს, რომ ბედნიერების ინდექსში პირველობას არავის უთმობენ.

პირველად 2018 წელს მომეცა საშუალება ადგილზე გავცნობოდი დანიის განათლების სისტემას. მაშინ ნანახ-გაგონილი დღემდე მომყვება ემოციებისა თუ შთაბეჭდილებების სახით.

არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის“ და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ 2020 წლიდან ახორციელებენ პროექტს: „1+1 სინერგია დემოკრატიული კომპეტენციების სწავლებისთვის“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, 24-30 აპრილს, ნორვეგიას ვსტუმრობდით ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით.

ნორვეგიული დღიურის რამდენიმე სტატია მიეძღვნება სახალხო სკოლებს, ნორვეგიული განათლების სისტემასა და ზოგადად ამ ზღაპრულ ქვეყანას. ვეცდები, ჩვენი გაზეთის მკითხველამდე მივიტანო ის განცდები თუ ფიქრები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში მრავლად დამიგროვდა.

სახალხო სკოლების ისტორია/ისტორიული ექსკურსი

სახალხო სკოლების იდეა დანიიდან მოდის. მის ფუძემდებლად ითვლება თეოლოგი, მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, განმანათლებელი ნიკოლაი გრუნდტვიგი. მან აღმოაჩინა, რომ მუშათა კლასის წარმომადგენლებსა და ღარიბებს არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სწორედ ამიტომ, მან სახალხო სკოლა დააარსა. ამ ნაბიჯით გრუნდტვიგი დაეხმარა მოწყვლად ჯგუფებს, გამხდარიყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები და მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ პროცესებში. პირველი სახალხო სკოლა დანიაში 1840 წელს გაიხსნა.

ამავდროულად, გრუნდტვიგი სკოლაში ხალისისა და მხიარულების შემოტანას ემხრობოდა. ის თვლიდა, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს მხიარული. შედეგად შემეცნებამ ბავშვს სტრესისა და უსიამოვნო განცდების ნაცვლად, სიამოვნება უნდა მიანიჭოს.

სახალხო სკოლების იდეამ გაამართლა და თითქოს მეზობელ ქვეყნებშიც გადაიღვარა, მათ შორის ნორვეგიაში. მათი უმეტესობა დიდი ქალაქებისგან მოშორებით, რეგიონებში იხსნებოდა. ამ პრინციპით ის ინარჩუნებდა უმთავრეს დანიშნულებას, გამხდარიყო განათლება ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი ფერმერებს.

თავდაპირველად სახალხო სკოლებს არ ჰქონდათ ფიზიკური შენობები, ამიტომ განმანათლებლები დადიოდნენ დასახლებიდან-დასახლებაში, ფერმიდან-ფერმაში. XIX საუკუნეში სახალხო სკოლების როლს, იმავე პერიოდის საქართველოში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობას შევადარებდი…

დღევანდელობა

2022 წლის მდგომარეობით ნორვეგიაში სულ 83 სახალხო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ნორვეგიელი ახალგაზრდების დაახლოებით 10% იღებს განათლებას. აღნიშნული სკოლები არ წარმოადგენენ ზოგადი განათლების სისტემის ნაწილს (საჯარო სკოლებზე ვრცლად მომდევნო წერილებში ვისაუბრებ).

ნორვეგიული ზოგადი განათლების სისტემა საქართველოს მსგავსად სამსაფეხურიანია. განსხვავება იმაშია, რომ საბაზო საფეხურზე სწავლა მე-10 კლასში სრულდება, ხოლო საშუალო საფეხური ცამეტწლიანია. ნორვეგიაში მოქმედი 83 სახალხო სკოლიდან, ნაწილში იღებენ 16 წლის ახალგაზრდებს, ნაწილში კი, მხოლოდ სრულწლოვანებს.

სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური წელია. დღევანდელი გადმოსახედიდან, სახალხო სკოლებს ზემოთ ხსენებულ დანიშნულებასთან ერთად, ერთგვარი პროფორიენტაციის ფუნქცია აკისრია. მაგალითად X კლასის დასრულების შემდეგ, მოზარდი სწავლას აგრძელებს სახალხო სკოლაში, რათა უკეთ ჩამოყალიბდეს, რა მიმართულებით ისურვებდა განვითარებას.

სუნდის სახალხო სკოლა

ჩვენი მასპინძელი იყო სუნდის სახალხო სკოლა, რომელიც ნორვეგიის სიდიდით მესამე ქალაქ ტრონჰეიმიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე, ფიორდის სანაპიროზე მდებარეობს. სკოლაში ყოველწლიურად დაახლოებით 100-მდე სრულწლოვან ახალგაზრდას იღებენ.

XXI საუკუნის გადმოსახედიდან სკოლისთვის ღირებულია სამი მიმართულება:

  1. საერთაშორისო სოლიდარობა;
  2. გარემო და მდგრადი განვითარება;
  3. ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვა.

სწორედ ამ მიმართულებების გათვალისწინებით დღეს სკოლაში მოქმედებს შემდეგი სასწავლო პროგრამები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სოლიდარობის კურსი;
  • ფოტო/ვიდეო ხელოვნება;
  • ისტორიული ხელსაქმე;
  • სპორტული თევზჭერა;
  • ჯაზი;
  • სწრაფი კვება ქუჩაში (Street food).

სუნდის სახალხო სკოლის ისტორია მასწავლებელმა კრისტინ ბიორკემ გაგვაცნო. სკოლა ნორვეგიაში ყველაზე ძველია. ის 1868 წელს დაარსდა.

პირველი, რაც სუნდის სახალხო სკოლაში პედაგოგებს არ აქვთ გაწერილი – სასწავლო პროგრამა, იგივე კურიკულუმია. ერთწლიანი სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეთა ინტერესების მიხედვითაა აგებული.

მაგალითისათვის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მასწავლებელი და მისი სტუდენტები სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოყალიბდნენ, რაზე უნდა ემუშავათ, რა თემები აინტერესებდათ ყველაზე მეტად და ამის მიხედვით წარმართეს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს აინტერესებდათ თურქეთში მცხოვრები ქურთების პრობლემები, რის გამოც საკითხის უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესასწავლად ერთი თვე თურქეთში გაატარეს. მსგავსი პრინციპით იგეგმება ყოველი მომდევნო წელი ახალ სტუდენტებთან ერთად.

ყველა მოსწავლე წლის ბოლოს აბარებს ერთგვარ პროექტს, რომლის შედეგადაც იღებს სკოლის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სპორტული თევზაობის მიმართულება

თითოეული მიმართულება მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი სპორტული თევზჭერის მიმართულების მოსწავლეებს, რომლებმაც ზღვის კალმახზე სათევზაოდაც დამპატიჟეს.

სპორტული თევზჭერა ნორვეგიაში ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ჩადის ნორვეგიაში სათევზაოდ. ამიტომ ამ მიმართულებაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

სპორტული თევზჭერის კლასი სავსეა თეორიული მასალითა და პრაქტიკაში საჭირო აღჭურვილობით. სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება. ისინი ხელმძღვანელთან ერთად გეგმავენ სათევზაო გასვლებს განსხვავებული ამინდის, სეზონის, აღჭურვილობისა თუ სხვა პირობებში.

სპორტული თევზჭერის მიმართულების სტუდენტებმა მითხრეს, რომ მათ ძალიან მოსწონთ სუნდში სწავლა, რადგან უდიდესი ყურადღება ექცევა პრაქტიკას. თევზაობის დროს დიდხანს ვისაუბრე ახალგაზრდებთან. 19 წლის მანგემ მითხრა, რომ მასწავლებლები კონტაქტების დამყარებაში ეხმარებიან, რაც მათი შემდგომი დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია. მისმა მეგობარმა, 20 წლის ალექსმა ასევე დასძინა, რომ ეს ერთწლიანი კურსი გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მას მასწავლებლები ეხმარებიან სათევზაო ადგილების აღმოჩენაში და თევზაობის სხვადასხვა ტექნიკის სწავლაში.

სწავლა სუნდის სახალხო სკოლაში 15 მაისს სრულდება. ალექსმა კი სწავლის დასრულებამდე უკვე იპოვა კარგი სამსახური სპორტული თევზაობის ინსტრუქტორის პოზიციაზე, ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ამიტომ სწავლის გაგრძელებას აღარ ფიქრობს.

დაფინანსების სისტემა

როგორც უკვე აღვნიშნე, სახალხო სკოლები ნორვეგიული განათლების სისტემის მიღმაა, ამიტომ სწავლა უფასო არ არის. 18 წლის ახალგაზრდას ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე იაფ პროგრამაზე, სწავლის შემთხვევაში 114 000 ნორვეგიული კრონის, დაახლოებით 12 000 ევროს გადახდა უწევს.

საიდან უნდა ჰქონდეს 18-19 წლის ახალგაზრდას ამდენი თანხა?

პირველი რაც უნდა გაგიზიაროთ, არის ის, რომ ნორვეგიაში ახალგაზრდისთვის დიდ სირცხვილად ითვლება, თუ სწავლის საფასურს მშობელი ფარავს. ამაზე არაერთხელ ვიკითხე და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მშობლებმა მათი შვილების სწავლის საფასური არ უნდა გადაიხადონ…

სახალხო სკოლაში სწავლის საფასურის 40%-ს სახელმწიფო აფინანსებს სასწავლო გრანტის სახით. თანხის დანარჩენ ნაწილს ახალგაზრდები სპეციალურად შექმნილი არამომგებიანი/არაკომერციული ბანკისგან სესხულობენ. ბანკისთვის სესხის დაბრუნება იწყება მას შემდეგ, რაც ისინი მუშაობას დაიწყებენ. როგორც კრისტინმა გვითხრა, სესხის დაბრუნება 15-20 წელი გრძელდება და იმდენად უმნიშვნელო თანხის შეტანა უწევთ ყოველწლიურად, რომ ვერც კი იმჩნევენ.

მეორე წლიანები

სუნდის სახალხო სკოლას საინტერესო პრაქტიკა აქვს დანერგილი. არსებული ექვსი პროგრამის 6 გამორჩეულ სტუდენტს საშუალებას აძლევენ, კიდევ ერთი წელი გაატარონ სუნდის სახალხო სკოლაში უფასოდ. ისინი ირგებენ მაკოორდინირებელი თანამშრომლის როლს და ეხმარებიან ახალ სტუდენტებს ადაპტაციაში. ამაში ისინი მცირე ანაზღაურებასაც იღებენ.

დასკვნის მაგიერ

ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სახალხო სკოლის იდეა საქართველოში გადმოვიტანოთ ან რამე მსგავსი. ჩემი მიზანია, დაგროვილი გამოცდილება, მიღებული შთაბეჭდილებები და დაბადებული აზრები მივიტანო მკითხველამდე. თუმცა სუნდში იყო რამდენიმე დეტალი, რასაც, მაგალითად, ჩვენი განათლების სისტემა ბოლომდე ვერ აღწევს. მაგალითისათვის:

  • მოსწავლეებმა/სტუდენტებმა ზედმიწევნით იციან, თუ რატომ და რისთვის არიან იქ;
  • მოსწავლეებს/სტუდენტებს გააზრებული აქვთ სკოლის მნიშვნელობა და არსი;
  • მოსწავლეები/სტუდენტები შესაშური პასუხისმგებლობით უდგებიან ნებისმიერ საკითხს.

სუნდის სახალხო სკოლაში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტის დროს, ჩვენთვის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, კონცერტი თუ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. ამ დროს ვაკვირდებოდი, როგორი მოწესრიგებულები იყვნენ ახალგაზრდები. ისინი ყოველგვარი მითითებების გარეშე აორგანიზებდნენ სივრცეს და შეხვედრების დასრულების შემდეგ ყველა ნივთს თავის ადგილას ათავსებდნენ. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილემ გვითხრა, მსგავს დეტალებზე მხოლოდ ერთხელ, სწავლის დაწყებამდე, ახალ ნაკადთან გაცნობითი შეხვედრის დროს საუბრობენ და შემდეგ გამეორება აღარ უწევთ.

ვფიქრობ, ასეთი დეტალების სწავლითა და გააზრებით შევძლებთ, მეტად მორგებული და პროდუქტიული გავხადოთ სასწავლო პროცესი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი