ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წარმოსახვითი მეგობარი – ნორმა თუ პათოლოგია?

ერთხელ ოთხი წლის გოგონას დედამ შემომჩივლა: „მგონი, ჩემს შვილს რაღაც სჭირს, ვშიშობ, რამე სერიოზული არ იყოს. რამდენიმე დღის წინ, მის ოთახში შესული, უცნაური სცენის მოწმე გავხდი: მეგონა, უკვე ეძინა, ის კი ემოციურად ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა. შევშფოთდი, რადგან ოთახში არავინ იყო. როცა ვკითხე, ვის ელაპარაკები–მეთქი, მიპასუხა, ჩემს მეგობარს, ლიკასო. გაოგნებულმა, იქვე სკამზე ჩამოჯდომა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა – არ დაჯდე, მაგ სკამზე ლიკა ზისო. საგონებელში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე“.

ეს ქალბატონი არ არის გამონაკლისი. ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად უცხადებენ მშობლებს, რომ მეგობარი ჰყავთ და ის ყველაზე უკეთესია. თავდაპირველად დედას უხარია, რომ მისი შვილი ვიღაცასთან მეგობრობს, რადგან იცის, რომ მეგობრობა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მაგრამ მის სიხარულს მალე დაბნეულობა ცვლის, მერე კი შიში, რადგან აღმოაჩენს, რომ მეგობარი ნამდვილი კი არა, გამოგონილია.

მართლა საშიშია თუ არა წარმოსახვითი მეგობრის ყოლა?

წარმოსახვითი მეგობრები ყველაზე ხშირად 3-დან 5-წლამდე ასაკის პატარებს ჰყავთ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, ამა თუ იმ ფორმით სკოლამდელი ასაკის თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაში შეინიშნება და პირდაპირ კავშირშია შემოქმედებითი უნარებისა და წარმოსახვის განვითარებასთან. ბავშვის განვითარებაში არსებულ გადახრებსა და დარღვევებზე ის არ მიუთითებს. უბრალოდ, პატარები ცხოვრობენ ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მათივე ფანტაზიის ნაყოფია. ამასთან, წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის მუდამ თამაშის ნაწილს წარმოადგენს. ის შეიძლება იყოს როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე თანატოლიც, სუპერგმირი, პრინცესა, ნებისმიერი ცხოველი თუ ჯადოსნური არსება.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს?
უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზზე დავფიქრდეთ.
მიზეზი, გარდა ბავშვის მდიდარი ფანტაზიისა, შესაძლოა იყოს:

• მარტოობა და ურთიერთობის დეფიციტი – წარმოსახვითი მეგობრები უმეტესად იმ ბავშვების ცხოვრებაში ჩნდებიან, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. მაგალითად, იმის გამო, რომ ოჯახში მეორე ბავშვი გაჩნდა და მშობლები მასზე არიან გადართულნი, ან თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი და შვილისთვის ვერ იცლიან. წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის ალბათობა მკვეთრად იზრდება, თუ ბავშვი დედისერთაა. პატარა შესაძლოა უფრო მეტად გახდეს დამოკიდებული თავის წარმოსახვით მეგობარზე, თუ რეალობაში თავისი ასაკის მეგობრების პოვნა გაუჭირდა.

• განუხორციელებელი სურვილები – ხშირად წარმოსახვითი მეგობრის საშუალებით ბავშვი თავისი იმ სურვილების რეალიზებას ახდენს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ აისრულა. მაგალითად, უნდა, ჰყავდეს ძაღლი, მაგრამ მშობლები ვერაფრით დაიყოლია, ამიტომ მას თავის გამოგონილ სამყაროში „იღებს“.

• გადაჭარბებული მეურვეობა, ჰიპერმზრუნველობა, ზეწოლა – თუ მშობლები ყველაფერს უკრძალავენ და მცირე გადაცდომისთვისაც კი სჯიან, ბავშვი შესაძლოა კუთხეში აღმოჩნდეს მომწყვდეული და საკუთარი თავის სხვაგვარად გამოხატვა ვერ შეძლოს, გარდა იმისა, რომ გაიჩინოს წარმოსახვითი მეგობარი. მასთან „ურთიერთობაში“ ის მშობლის როლს ირგებს და ზუსტად იმეორებს თავისი დედ–მამის ქცევას – კიცხავს და სჯის გამოგონილ მეგობარს. უფროსებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა, შორიდან შეხედონ საკუთარ თავს და გარკვეული დასკვნები გამოიტანონ.
• დანაშაულის გრძნობა – ბავშვს შესაძლოა აშინებდეს თავისი საქციელის შედეგები, მშობლების უკმაყოფილება, გაუგონრობისთვის მოსალოდნელი სასჯელი. დანაშაულის გრძნობით გამოწვეული დაძაბულობა სუსტდება, როდესაც პატარა თავდავიწყებით გადაეშვება წარმოსახვით სამყაროში და სასჯელის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს წარმოსახვით მეგობარს გადააბრალებს.

• ერთფეროვანი ცხოვრება და შთაბეჭდილებების ნაკლებობა – რეალურ სამყაროში შთაბეჭდილებების ნაკლებობის დროს ბავშვი ქმნის წარმოსახვით სამყაროს, რომელშიც თავის გამოგონილ მეგობრებთან ერთად გამუდმებით ხვდება რთულ სიტუაციებში, მოგზაურობს საინტერესო ადგილებში და ა.შ. მას უჩნდება სურვილი, მოგვიყვეს ჯადოსნურ სამყაროზე, ზღაპრულ არსებებზე, წარმოუდგენელ თავგადასავლებზე.

• მატრავმირებელი მოვლენები – საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მშობლების დაშორება, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება ასევე შეიძლება გახდეს ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის მიზეზი.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი გაუჩნდა?
ასეთ დროს უფროსების სწორი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. დაუშვებელია ბავშვის გაკიცხვა, დასჯა, მისი ფანტაზიის დაცინვა და უპატივცემულობა, ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „შეწყვიტე ბოდვა!“; „რა სისულელეა!“; „ასეთი მეგობრები არ არსებობენ“. წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის სრულიადაც არ არის სისულელე, ჩვენ კი ასეთი ქცევით შეგვიძლია, უწყინარი ფანტაზია მარტივად გადავაქციოთ პათოლოგიად ან მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვმა ჩვენდამი ნდობა დაკარგოს. ჩვენი არასწორი რეაქციის კიდევ ერთი შედეგი ის იქნება, რომ ბავშვი დაივიწყებს ოცნებას და თავს დაანებებს ფანტაზიორობას.

კარგი იქნება, თუ ვთხოვთ, მეტი გვიამბოს თავისი „ახალი“ მეგობრის შესახებ. უფრო უკეთესი იქნება, თუ მას აღმზრდელობითი მიზნებისთვის გამოვიყენებთ, მაგალითად, წარმოსახვითი მეგობრის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, რას ფიქრობს სინამდვილეში ბავშვი საბავშო ბაღზე, აღმზრდელებზე, მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა და თავად მშობლებზე. იმას, რისი თქმაც ბავშვს პირადად არ შეუძლია, აუცილებლად გვეტყვის თავისი წარმოსახვითი მეგობრის დახმარებით.

ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, როდესაც ის თავის წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, შეიძლება გავიგოთ ისეთი რამ, რაზეც ეჭვიც არასოდეს გაგვჩენია. ასეთ თამაშებში როგორც თავად ბავშვის, ისე მთელი ოჯახის შინაგანი, დაფარული პრობლემები აისახება. წარმოსახვით მეგობართან ბავშვის „ურთიერთობაზე“ დაკვირვებამ შესაძლოა დაგვანახოს, რა აწუხებს ბავშვს და თავიდან აგვაცილოს პრობლემის შემდგომი პროგრესირება.

თუ ბავშვი წარმოსახვით მეგობარს გვიმალავს, ეს ჩვენდამი მის შიშსა და უნდობლობაზე მეტყველებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ჩვენს ურთიერთობაზე.

ამრიგად, თუ ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობარი გაჩნდა, ნუ ატეხთ განგაშს. 3-4 წლის ასაკში მისი არსებობა გადახრაზე კი არა, ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე მეტყველებს. ხშირად წარმოსახვითი მეგობარი ეხმარება პატარას, თავი გაართვას ამა თუ იმ პრობლემას და შეიძინოს სოციალური ჩვევები. წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობის წყალობით ბავშვს უვითარდება საკომუნიკაციო უნარები: ის სწავლობს თანამოსაუბრის მოსმენას და მის კითხვებზე პასუხის გაცემას.

სკოლაში შესვლის შემდეგ წარმოსახვითი მეგობარი ხშირად თავისთავად ქრება. უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ის ისევე მოულოდნელად მიდის ბავშვის ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. ამიტომ მივუდგეთ მის გამოჩენას, როგორც ბავშვის განვითარების ბუნებრივ ეტაპს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი