სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

გაკვეთილის თემა – ინანიშვილის მორიგი ჯადოქრობა

პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ… ჩვენი ცხოვრება უკვე ასე დაიყო… დისტანციური გაკვეთილების მეხუთე სემესტრი მიმდინარეობს. არც კი მჯერა. მოსაწყენია ონლაინგაკვეთილები. მასწავლებლებიც დაძაბული ვართ და ბავშვებიც. ნელ-ნელა ერთმანეთს ვშორდებით. გვიჭირს კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ურთიერთგაგება. საშინელი გაუცხოება გამეფდა… უკვე აღარ ვიცი, დადგება კი ოდესმე პოსტპანდემიური პერიოდი? იმედი ძნელად მოსახელთებელ ტურასავით გარბის. თუკი მოგვიახლოვდება ეს ნანატრი დრო, დღის წესრიგში უთუოდ დადგება პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევის გზების ძიება. არ არის იოლი დასაგეგმი ის, რომ დისტანციურ გაკვეთილებზე 30-წუთიანი ჩართვა ინტერაქტიური და ნაყოფიერი იყოს. საკლასო ოთახის მერხებთან უამრავი ტიპის გაკვეთილსა და აქტივობას ვგეგმავდით. სპონტანურადაც გვიკეთებია საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები და კარგად გაწერილი სქემების მიხედვითაც. ბავშვები ყოველთვის იძლევიან იმპულსებსა და ინსპირაციას. მიგანიშნებენ, ითხოვენ საინტერესო პროცესს, გკარნახობენ და მასწავლებელიც სიამოვნებით ჰყვება ხოლმე ყველა გამოწვევას. მან იცის, როგორ მოაქციოს ქაოსი კალაპოტში, ოღონდ ისე, რომ პროცესი შემეცნებითიც გამოვიდეს, ინტერაქტიურიც, თანამშრომლობაზე დაფუძნებულიც, სახალისოც, სულიერად და გონებრივად გამამდიდრებელიც. და აი, ასე ვზრდით ერთმანეთს მოსწავლეები და მასწავლებლები. სახელმძღვანელო ძირითადი ინსტრუმენტია, მაგრამ უამრავი სხვა რესურსის ინსტრუმენტად ქცევაც შეიძლება და ამის მაგალითებს რა დაგვილევს?

მცირდება დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა კვირის განმავლობაში და გაკვეთილის ხანგრძლივობაც. ქართულ ენა-ლიტერატურას სკოლაში ვატარებდით 5 X 0,45 საათს, ანუ 2 საათი და 25 წუთი იყო ჩვენს განკარგულებაში (კვირაში). ონლაინრეჟიმის დროს კი გვაქვს კვირაში 3 X 0,30 საათი, ანუ მხოლოდ 90 წუთი გვეძლევა ვირტუალური კონტაქტისთვის. არ ვთვლი 2 ასინქრონულ გაკვეთილს, სადაც მოსწავლე-მასწავლებელი ერთმანეთს ვერ ხვდებიან, მასწავლებელი მხოლოდ დავალებებსა და რესურსებს ტვირთავს.

საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა უმრავლესობას უკვე გაცნობიერებული აქვს ცოდნის მიღების აუცილებლობა, ჩართული აქვს მეტაკოგნიციის  უნარები, ესმის მოცულობითი მასალის დამუშავების ტექნოლოგიები. ან არჩეული აქვს სწავლა და მიჰყვება მასწავლებლის მიერ მითითებულ გეზს, ან უარს აცხადებს სწავლაზე და… აქ აღარ გავაგრძელებ. ეს პრობლემა სხვა წერილის თემა და სხვა ტიპის კვლევების საგანია.

ძალიან ბევრს ვფიქრობ გაკვეთილის დაგეგმვაზე დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასებთან. მხოლოდ ერთი მეექვსე კლასი მყავს წელს დაწყებით საფეხურზე, დანარჩენი სამი კლასი საშუალო საფეხურზეა, მაგრამ ონლაინსწავლების პროცესში ამ ერთი კლასის აქტიურად ჩართვა, ბავშვების დაინტერესება და ნაყოფიერი გაკვეთილების ჩატარება ჩემთვის მუდამ დამღლელი ფიქრის საგანია. შევთანხმდით, რომ პარასკევს, ე.წ. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის გაკვეთილი გვექნებოდა. ბევრი ვიფიქრე, რა ამერჩია – რომელიმე უცხოელი თუ ქართველი  მწერლის ნაწარმოები? ხან რა მოვსინჯე, ხან – რა, ხან გავიფიქრე, რომ ეს ტექსტი უცხო და გაუგებარი იქნებოდა, ის – მოსაწყენი, ის – არააქტუალური და არაფრისმომცემი. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ისევ ინანიშვილის მოთხრობების კრებულს ჩავუყევი და გონებაც განათდა – „თოთიაურების კუნძული“. გიზიარებთ ცხელ-ცხელ ემოციას. გაკვეთილი ჩატარდა და საღამოს უკვე ამ წერილის წერას ვიწყებ, რომ კოლეგებს გაგიზიაროთ. თუ გინდათ, მოხიბლოთ მეექვსეკლასელები, გამოიწვიოთ მათში საყვარელი ბავშვური ჟივილ-ხივილით გაჯერებული ემოციები, დააფიქროთ, გული აუჩუყოთ, მოაგონოთ უამრავი ლამაზი ეპიზოდი თავიანთი თუ სხვების ცხოვრებიდან, ეს მოთხრობა უნდა წაუკითხოთ.

მოთხრობის ქრონოტოპი – კუნძული

ყველა დიდი მწერლის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ საკვირველი ოსტატობით ძერწავს თავისი ტექსტის სამყაროს. მოთხრობის ქრონოტოპი (დრო-სივრცე) უკვე მხატვრული ღირებულებაა. „თოთიაურების კუნძულის“ სამყარო სადა, იდილიური, სოფლურად უშფოთველი, მაგრამ საოცრად შთამაგონებელი, იდუმალი და მომაჯადოებელია. აი, წამით „მივუგდოთ ყური“: ძაღლუაანთ ხევის წყალი სამ სოფელს ჩამოივლის, ბოლოს ძველსოფელში ორად განიტოტება და სანამ ისევ გამთლიანდება, თოთიაურების სამოსახლო კუნძულს შექმნის. კუნძულზე ხოხონა თოთიაურის დაძველებული, თაღოვანსარკმლებიანი სახლი დგას, ხოლო მოშორებით, წყლის მარცხენა ტოტთან „ბუმბერაზული“ ვერხვი გადმომდგარა, კანდაშაშრული, ნუჟრებდაყრილი, დაგუმბათებული, ტოტებძირსჩამოწვდილი.

ხოხონა და მისი ცოლი თავთუხა ვერხვის ძირას ძელსკამზე ჩამოსხდებიან ხოლმე დასასვენებლად. სოფელში გასვლა არ უყვართ, წეწიკო თამარას რატრატში ხომ არ გავცვლით ამ წყლის რუკრუკსა და ვერხვის შრიალსო? თავთუხა ძაფს ართავს, თითისტარს აბზრიალებს, ძაღლი ფარეხა იქვე წევს, იშვიათად თუ დაიყეფებს, ხოლო ვერხვის ხეზე ჭოტი ბინადრობს და ეძახის კუნძულელებს: ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ! გაზაფხულობით ვერხვთან ფუტკრების საამური პუტუნი ისმის, ისინი სადინდგლე ღალას აქედან ეზიდებიან, ხოლო შემოდგომით ყვითელი ფოთლების ტკაპატკუპი ატკბობს სმენას.

სულ ესაა! ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ ეს სამყარო დაკვირვებული სულიერი თვალისთვის მთელი მისტიკაა, უნიკალურია თავისი ყოველი დეტალით.

როცა ხოხონას დაკრძალვაზე მისი შვილების ქალაქელი ახლობლები ჩამოვიდნენ, კუნძულმა ყველა გააოგნა და შვილებს ურჩევდნენ, აქაურობას ჩაეჭიდეთ, არ დაკარგოთო… ხოხონასა და თავთუხას ვერხვის ძირას ჯდომის სცენა დაუვიწყარი კინოკადრია, გნებავთ – უკვდავი ფერწერული ტილო. ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია ხატვის ნიჭი, ამ მოთხრობის წაკითხვისას მისი ილუსტრირების სურვილი გაუჩნდება. რამდენიმე სცენას დავხატავდი: 1. ძაღლუანთ ხევის მარცხენა ტოტის სანაპირო კუნძულზე, ცოლ-ქმარი ვერხვის ხის ძირას ძაღლის თანხლებით, ხეზე ჭოტი და ფუტკრების შემოსევა; 2. მეზობლების სტუმრობა ხოხონასთან და მისი სიკვდილი; 3. ვერხვის ძირას მარტო დარჩენილი თავთუხა და ფარეხა, თავთუხა – ჭოტის კივილით გაანჩხლებული; 4. სოფლის ბირჟის ბიჭებთან ჭოტის მოკვლის თხოვნით გამოსული თავთუხა; 5. წითური შოთას მიერ „ცენტრალკით“ ჭოტის ჩამოგდება; 6. დიდი ბიჭები დაჭრილ ჭოტს აძლევენ პატარა ბიჭებს, რომლებიც ფრინველს გოგონებისკენ მიარბენინებენ; 7. ბირჟაზე გამოსული მონანიე თავთუხა, დაშვებული ხელებით, მუხლებზე რომ ირტყამს სინანულის ნიშნად; 8. ჭოტის დაბრუნება და შაოსანი თავთუხას ძლივს გაღიმებული სახე.

საყვარელი გმირები და სახე-სიმბოლოები

რევაზ ინანიშვილს „პერსონაჟების კიდობანში“ მწერლის ჰუმანისტური იდეების ხორცშესასხმელად ყოველთვის მოიძებნება გმირი, რომელიც მკითხველს აოცებს თავისი ქცევით, მეტყველებით, სამყაროსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებით. სულიერი თუ უსულო აქ უჩვეულოდ „ცოცხალი“ და გამომსახველია. გაპიროვნების ხერხი ინანიშვილის კალმის წყალობით კეთილ ჯადოქრობად გარდაიქმნება ხოლმე. „თოთიაურების კუნძულის“ უსულო სახე-სიმბოლოებიც კი „გველაპარაკებიან“, სიყვარულით უცნაურად გამთბარ, საოცარ, ახალ სამყაროს ქმნიან. ბავშვებმა სათითაოდ მონიშნეს ისინი:  რუკრუკა ძაღლუაანთ წყალი, ძველსოფელი, ფოთოლშრიალა ვერხვი (კანდაშაშრული, ნუჟრებდაყრილი, დაგუმბათებული), ვერხვის ხესთან სადინდგლე ღალის მოპოვებით აფუსფუსებული ფუტკრები, ტკაპატკუპით ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები, ჭოტი, რომელიც სულში უძვრება ადამიანებს, თითქოს გრძნობს, როდის აბეზრებს მათ თავს და როდის მოისაკლისებენ, უწყინარი  ძაღლი ფარეხა, აჩრდილივით რომ დასდევს პატრონს.

შვიდივე სახე-სიმბოლო საოცარ ანსამბლს, ჰარმონიას ქმნის, სწორედ მათი დახმარებით აცოცხლებს ავტორი მოთხრობის იდუმალ, ქართულად მშობლიურ, თბილ და სიყვარულით გაჯერებულ გარემოს, ქართული სოფლების მომაჯადოებელ ხიბლს კიდევ ერთხელ განგვაცდევინებს. ყოველი მათგანი ცალ-ცალკე და ერთად ისეთ ანტურაჟს ქმნის, რომ მათ წიაღში უაღრესად დამაჯერებლად გამოიყურებიან ადამიანები, თითქოს ისინი ჩვენი ძველი ნაცნობები ყოფილიყვნენ, ძალიან ჰგვანან ჩვენს ნაცნობებს, გვემშობლიურებიან, გვამახსოვრდებიან. აი, ისინიც: ცოლ-ქმარი ხოხონა და თავთუხა თოთიაურები, წითური შოთა, წეწიკო თამარა – სოფლის ჭორიკანა და  მეტიკიანთ ბაბე – ჭოტს რომ ამსგავსებენ.

ეს ორი უკანასკნელი პასიური პერსონაჟია, მათ მხოლოდ თითოჯერ გაკვრით ახსენებენ, მაგრამ იმდენად მეტყველია მათი სახელები, რომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მათი გარეგნობაც და ხასიათის თვისებებიც კი.

აქტუალური პრობლემა და მისი გადაწყვეტა

რევაზ ინანიშვილის განუმეორებელი ხელწერის გენიალური მახასიათებელი უპირველესად ალბათ ისაა, რომ ამ ავტორს შეუძლია ერთი შეხედვით სრულიად უამბიციო, უწყინარ, უშფოთველ, ამბებსა და გმირებს უღრმესი მნიშვნელობა მიანიჭოს, მკითხველი დააფიქროს მარად აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე. წამოწიოს ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, მორალურ-ეთიკური პრობლემები, რომელთა გარშემო ფიქრიც გვაკეთილშობილებს, თვალს გვიხელს,  გვაფიქრებს, ჩხრეკა-განსჯის გუნებაზე გვაყენებს. „თოთიაურების კუნძულის“ კოლიზიებმა იმდენი საინტერესო სადისკუსიო კითხვა აღძრა ბავშვებში და ისეთი დასკვნები გამოიტანეს, რომ მათი მოსმენა დიდი სიამოვნება იყო. გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი პრობლემა:

  1. საქართველოს ლამაზი სოფლების დაცლა ახალგაზრდებისგან და უმწეო მოხუცების დაუცველი სიბერე;
  2. ადამიანის კავშირი ბუნებასთან და ფლორა-ფაუნის როლი ჩვენს ცხოვრებაში;
  3. სიკეთისა და სიყვარულის უძლეველობა.

სამივე ეს პრობლემა უწყვეტ კავშირშია თანამედროვეობასთან. ჩვენი დაცლილი სოფლები და თავკომბალად ქცეული დედაქალაქი საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემაა დღესაც. გაუკაცრიელებულია მთელი რიგი რეგიონები. იცლება მთიანეთი. ბავშვებმა აქტიურად გაშალეს ეს თემა და ჩაუღრმავდნენ პრობლემას. მიუხედავად მცირე ასაკისა, მათ მაინც მოახერხეს გააზრება იმისა, თუ რა სირთულეებს უქმნის სახელმწიფოს შიდა მიგრაცია სოფლებიდან დიდი ქალაქებისკენ.

რაც შეეხება ადამიანის მიმართებას ცხოველებისა და ფრინველებისადმი, ეს ჩვენი ბავშვების საყვარელი თემაა, მათი უმრავლესობა ცხოველთა და ფრინველთა მოყვარულია და ეკოსისტემის პრობლემებზე საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვთ. ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჭოტის სახეს ბავშვები მწერლობაში ასევე ფართოდ გავრცელებულ გველისა და ყორნის სახე-სიმბოლოებთან დააკავშირებდნენ და იმსჯელებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის ყოველი არსება. ბავშვების თქმით, ადამიანისგან უსამართლოდ შეძულებული ზოგიერთი სახეობა სულაც არ იმსახურებს ჩვენს ფობიას, ისინი განუმეორებელ როლს ასრულებენ და მათი გადაშენებისგან დაცვა გვმართებს.

სიკეთისა და სიყვარულის უალტერნატივობა – ეს ის თემა და იდეაა, რომელიც რევაზ ინანიშვილის მთელ შემოქმედებას გასდევს და ყოველ ნაწარმოებში ახლებური ხიბლით ცოცხლდება. ბავშვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ხოხონა თოთიაურის, ერთი შეხედვით არაკომუნიკაბელური, გულცივი, მკაცრი და პირქუში კაცის საოცარი სტუმართმოყვარეობა და სიკეთე, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე გმირი როგორი მზრუნველობით ეკიდებოდა თავის მნახველებს და როგორ სთხოვდა მეუღლეს, რომ სტუმრებზე ეზრუნა. ასევე სიკეთის განსახიერებაა თავთუხა თოთიაური, მისი სახელიც კი ასოციაციურად ატარებს სიკეთისა და ბარაქის მნიშვნელობას. მას ჭოტზე მალევე მოუბრუნდა გული, დააკლდება ის და დიდი სინანული შეიპყრობს იმის გამო, რომ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. არც სოფლის ბირჟის წინაშე შერცხვენია საკუთარი სინანულის გამჟღავნება და ცოდვის აღიარება. თითქოს ამ სიკეთის ჯილდო იყო ჭოტის დაბრუნება ვერხვის ხეზე, თითქოს ჭოტმაც იგრძნო, რომ მასპინძელს მოენატრა თავისი მიკროკოსმოსის ბინადარი.

მოთხრობამ ჩემს პატარა მკითხველებს მრავალი ასოციაცია აღუძრა, გავავლეთ უამრავი ლიტერატურული პარალელი. გაგვახსენდა ინანიშვილის ნოველა „გველი“, რომელიც გველს შეგვაყვარებს, ანა კალანდაძის ლექსი „ლოცულობს გველი“, გოდერძი ჩოხელის ნოველები: „ყორნები“ და  „ყვავი“, რომლებშიც ამ ორი „თვალბედითი“ (ბ. ბარათაშვილი) სიმბოლოს კეთილი საწყისია გამოკვეთილი. „თოთიაურების კუნძულის“ თემები საუკეთესო სადისკუსიო მასალაა საშუალო საფეხურის კლასებშიც და ლიტერატურული პარალელების რაოდენობაც ბევრად გაიზრდება. თუნდაც მეთერთმეტე კლასში ვაჟას „ბახტრიონის“ გმირი, ლუხუმის გადამრჩენელი გველი  იშვიათი სახეა ამ მიმართულებით.

ინანიშვილს ეხერხება, რომ უსასრულოდ ბევრი საფიქრალ-საჩხრეკი აღუძრას მკითხველს, გრძნობების ზღვაში ჩაძიროს ადამიანი, ასწავლოს ჰუმანიზმის მწვერვალებზე ასვლა. და იცით, ჩვენ რა დაგვემართა „თოთიაურების კუნძულის“ თემაზე გაკვეთილის მიმდინარეობისას? საერთოდ დაგვავიწყდა დრო და 30 წუთის ნაცვლად გაკვეთილმა რომ ერთ ასტრონომიულ საათს გადააჭარბა, მაშინ „გამოვფხიზლდით“… სამაგიეროდ კი ვიგრძენით არა დაღლა, არამედ – ფრენის სიმსუბუქე… თოთიაურების კუნძულის უჩვეულო ნათელი სამარადჟამოდ სულის უღრმეს კუნჭულებში ჩარჩა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი