ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მხატვრული წერის გაკვეთილები – ნაწილი პირველი

მწერალი სრულიად შემთხვევით გავხდი. ეს გრძელი, მოსაწყენი ამბავია, მე მინდა, სხვა რამ მოგიყვეთ:

როდესაც ჯერ სკოლაში, მერე კი  „აზროვნების აკადემიაში“ საავტორო კურსის წაყვანა დავიწყე, მივხვდი, რომ უამრავ ბავშვს აქვს თავისი სათქმელი, სათქმელი, რომელიც სრულიად უნიკალურია.

რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით მეტად შორდება თავის ამ უნიკალურობას და ემსგავსება სხვას, რომელიც, თავის მხრივ, ვიღაც სხვის ანარეკლია.

მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ არ მქონდა უფლება, მოსწავლეებისთვის არ მიმეცა შანსი, მათაც დაეწყოთ წერა, მხატვრული წერა, როგორც ნამდვილ ავტორებს.

წერილების ეს ციკლი თვითმასწავლებელია და ყველას, ვისაც საკუთარი მხატვრული ტექსტის შექმნაზე უფიქრია, გამოადგება. გამოადგებათ პედაგოგებსაც, რადგან დაეხმარებიან პატარებს, თავიანთი უნიკალური და საინტერესო სამყარო შექმნან.

გამოადგებათ მშობლებსაც, რათა დაინახონ, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რა აწუხებთ ან უხარიათ მათ შვილებს.

რამდენიმე თვეში ამ თვითმასწავლებელს წიგნად გამოვცემ, რომელიც პედაგოგებისთვის შეიძლება ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო გახდეს, ბავშვებისთვის კი ერთგვარი სათამაშოც. მანამდე, გადავწყვიტე, ჟურნალ „მასწავლებლის“ აუდიტორიას გავუზიარო გამოცდილების ნაწილი, როგორ ასწავლონ მოზარდებს მხატვრული წერა.

ტექსტის ინსტრუქცია მარტივია: მოზარდი იღებს კონკრეტულ დავალებას, რომლის შესრულებაც გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ევალება. პედაგოგი ამოწმებს ამ ნაწერს და ცალკეული სავარჯიშოების პარალელურად დამატებით დავალებასაც არ იშურებს მოსწავლისთვის.

ტექსტში მეტი სიცხადის შესატანად გადავწყვიტე, დავალებების ნაწილი ჩემი 10 წლის შვილისთვის, მათესთვის მიმეცა. შინაარსობრივ და მხატვრულ მხარეში არ ჩავრეულვარ, მხოლოდ მცირედი კორექტურა გავაკეთეთ ერთად (ეს ცალკე სავარჯიშოა, როდესაც მისივე შექმნილ „ნაწარმოებზე“ ასწავლი ბავშვს გრამატიკის ძირითად წესებს).

მხატვრული წერის გაკვეთილები რამდენიმე ნაწილად გამოქვეყნდება ჟურნალ „მასწავლებლის“ გვერდზე. პირობითობა რომ დავიცვათ, თითო ჯერზე თითო თავს შემოგთავაზებთ.

პირველი თავი

სავარჯიშო პირველი

მოდი, მოვიფიქროთ ნამდვილი პერსონაჟი

 

იმისთვის, რომ დავწეროთ ჩვენი წიგნი, უპირველესად საჭიროა გამოვიგონოთ პერსონაჟი, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი იქნება.

როგორ შევქნათ ასეთი გმირი?

საამისოდ საჭიროა, თვითონ ვიცნობდეთ მას, ვისზეც დავწერთ. გასაცნობად რამდენიმე კითხვას უნდა ვუპასუხოთ გუნებაში, მერე კი ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით დავწეროთ პირველი სავარჯიშო, რომელიც მოგვიანებით ძალიან, ძალიან გამოგვადგება.

 

რა ჰქვია და რა გვარია თქვენი გმირი? მეტსახელი თუ აქვს?

რა ასაკისაა?

როგორი გარეგნობა აქვს? (დეტალურად აღწერეთ გარეგნობა)

რა მიზნები აქვს?

რა სურვილები?

რაზე ოცნებობს?

რა უყვარს, რას ვერ იტანს?

რისი ეშინია? (ამ კითხვას ბევრი გაურბის, მაგრამ აუცილებელია, რადგან თუ გვეცოდინება, რისი ეშინია გმირს, ადვილად მოვუფიქრებთ განსაცდელებსაც, რაც თავგადასავლისთვის მნიშვნელოვანი მომენტია)

რა საიდუმლოს მალავს?

დაწერეთ ერთი მნიშვნელოვანი (დიახ, მნიშვნელოვანი და არა უბრალო) ამბავი თქვენი გმირის ცხოვრებიდან.

 

მაგალითი (ამ და ყველა სხვა მაგალითის ავტორია მათე მეგრელიშვილი, 10 წლის):

იყო ერთი 12 წლის ბიჭი, სახელად ბუსი, რომელსაც შავი, ტალღოვანი თმა, წაბლისფერი თვალები, გარუჯული კანი, ღონიერი ხელ-ფეხი და ოდნავ წვრილი, სასაცილოდ წვრილი ხმა ჰქონდა.

ბუსის გველების ეშინოდა. არასოდეს ენახა, მაგრამ წარმოდგენაზეც კი აკანკალებდა, ამიტომ ისეთ ადგილებს უფრთხოდა, სადაც ქვეწარმავლები ბუდობენ ხოლმე. სიმართლე რომ ვთქვათ, ლომების, ზვიგენების და სხვა მტაცებლებისაც ეშინოდა, მაგრამ ისე არა, როგორც გველების, რომელთა ხსენებაზეც ენაზე იკბენდა ხოლმე.

ბუსის საყვარელი საქმიანობა ვარჯიში, ვიდეოთამაშები და კითხვა იყო. ოცნებობდა გამხდარიყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და მერე სხვებს დახმარებოდა, ამისთვის კი ცდილობდა, კარგად ესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მოსწონდა სწავლის პროცესი.

ბუსი ვერ იტანდა, როდესაც რამეს უსამართლოდ აბრალებდნენ. ამ დროს ძალიან ბრაზდებოდა და თავის მართლებას იწყებდა, რაც არც თვითონ და არც მის მეგობრებს არ მოსწონდათ.

ბუსის ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც არ უზიარებდა, მაგრამ ამაზე სხვა თავებში მოგიყვებით.

მანამდე კი მინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო ისტორია, რაც ბუსის გადახდა თავს: როდესაც ის 10 წლის იყო, ბიძაშვილებთან ერთად აგარაკის უკან მდებარე უღრან ტყეში სოკოს მოსაგროვებლად წავიდა. მოულოდნელად ცა მოიქუფრა, გაწვიმდა და ბავშვებს გზა აებნათ. რამდენიმე საათი ტყეში გაატარეს, გაცივებას კი გადაურჩნენ. იკითხავთ, როგორ? ტანზე გაიხადეს და ტანსაცმელი დიდი ქვის ქვეშ დაალაგეს, რადგან ბუსის სადღაც წაეკითხა, რომ წვიმის დროს ტანსაცმელს თუ დამალავ, სხეული მალე გაშრება და მშრალ სამოსში აღარ გაცივდები.
როდესაც წვიმამ გადაიღო, მზემ გამოანათა, მაგრამ სახლისკენ მიმავალი ბილიკი დაკარგეს. ბავშვებს შეეშინდათ და ის-ის იყო, ტირილი უნდა მოერთოთ, რომ ბუსიმ აქაც იმარჯვა და სიხარულით თქვა: მოდი, ნაკადული ვიპოვოთ. რაკი წყალი თავდაღმართზე მიდის, სოფლამდე ჩავალთ და იქ უფროსები სახლის მოძებნაში დაგვეხმარებიანო. მართლაც, მოძებნეს პატარა მდინარე და გაუყვნენ გზას. ჩავიდნენ მეზობელ სოფელში და მერე სახლამდეც მშვიდობით მივიდნენ.

 

შეავსეთ თქვენი სურვილისა და ფანტაზიის მიხედვით, სულ ბოლოს კი შეაჯერეთ ინფორმაცია და მიეცით თხრობითი ფორმა, როგორც მაგალითშია ნაჩვენები.

 

რა ჰქვია და რა გვარია თქვენი გმირი?

 

რა ასაკისაა?

 

როგორი გარეგნობა აქვს? (დეტალურად აღწერეთ გარეგნობა)

 

რა მიზნები აქვს?

 

რა სურვილები?

 

რაზე ოცნებობს?

 

რა უყვარს, რას ვერ იტანს?

 

რისი ეშინია? (ამ კითხვას ბევრი გაურბის, მაგრამ აუცილებელია, რადგან თუ გვეცოდინება, რისი ეშინია გმირს, ადვილად მოვუფიქრებთ განსაცდელებსაც, რაც თავგადასავლისთვის მნიშვნელოვანი მომენტია)

 

რა საიდუმლოს მალავს? (ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც საიდუმლო. ეს საიდუმლო უნდა ჰქონდეს თქვენს გმირსაც, რომელიც იცის მან, თქვენ და მალე ჩვენც, მკითხველებიც გავიგებთ. თუ ეს საიდუმლო კიდევ ვინმეს მოეხსენება, ესეც აღნიშნეთ, ამასაც გამოვიყენებთ ქვევით, როდესაც წიგნის წერას შევუდგებით).

 

დაწერეთ ერთი მნიშვნელოვანი (დიახ, მნიშვნელოვანი და არა უბრალო) ამბავი თქვენი გმირის ცხოვრებიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი