პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რამდენიმე რჩევა მშობლებს

მომზადებულია ნიკოლ პრაუზისა და ლუმანლანის სტატიის მიხედვით.

ადრე თუ გვიან ყველა მშობელი შეიძლება დადგეს რეალობის წინაშე, როდესაც შვილი პირდაპირ ჰკითხავს, საიდან ჩნდებიან ბავშვები, რას ნიშნავს  კოცნა და რას ნიშნავს სიტყვა „სექსი“, რომელიც ასე ხშირად გვესმის ფილმებიდან, რომლებსაც ჩვენი ხელით ვუწერთ შვილებს.

ჩავთვალოთ, რომ ეს იდეალური შესაძლებლობაა, შვილს დელიკატურად, მაგრამ ჯანსაღად მივაწოდოთ ინფორმაცია, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით, შესაძლოა, ეს სხვამ გააკეთოს, თანაც ძალიან მახინჯი ფორმით.

თანამედროვე ბავშვს ვერ დაარწმუნებ, რომ ჩვილები წეროს მოჰყავს ან კომბოსტოში პოულობენ (ზოგ ბავშვს კომბოსტოს ნათესი არც კი უნახავს). არც კოცნის დანახვისას აიფარებს თვალებზე ხელს და არც ასეთ „ახსნას“ დაიჯერებს, მოგეჩვენა, სინამდვილეში ერთი მეორეს სულს უბერავსო.

თანამედროვე ბავშვებს კითხვებზე პასუხები სჭირდებათ და ეს პასუხები ჩვენი მოსაფიქრებელია.

ფსიქოლოგებმა ამ საკითხზე ბევრი იფიქრეს, იმსჯელეს, ატარეს ექსპერიმენტები და რაღაც რჩევები გაგვიზიარეს, რომლებიც შესაძლოა მკითხველსაც გამოადგეს.

ტეხასელი სექსოლოგისა და მკვლევარის გუდი ჰოვარდის აზრით, საზოგადოებამ ამ მეტად დელიკატურ თემას დადებითი მხრიდან უნდა შეხედოს და ეს ტერმინებით დაიწყოს.

 

სექსპოზიტიურობა ტერმინია, რომელიც კონსერვატიულ შტატებში დაიბადა.

ამ მიდგომის უკან ძალიან ღრმა და დელიკატური ამბავი დგას: სანამ სხვას დაველაპარაკებით, თავად როგორ აღვიქვამთ საკითხს, რომელზეც უნდა ვიფიქროთ? რა მოვლენაა სექსი? ეს ტაბუა თუ მასზე ლაპარაკი დანაშაული არ არის? დადებითი მოვლენაა ის თუ უარყოფითი? რასთან ასოცირდება? სირცხვილთან, შიშთან, სასჯელსა და უსიამოვნო შეგრძნებებთან თუ მხნეობასთან, სიხარულთან, სიახლოვესა და სასიამოვნო განცდებთან?

თუ ჩვენი დამოკიდებულება ამ სავსებით ბუნებრივი ინსტინქტის მიმართ უარყოფითია, ცხადია, მათაც, ვისაც ამ საკითხზე უნდა ვესაუბროთ, იმავე გრძნობებს გადავცემთ, მაგრამ თუ ეს საკითხი სირცხვილთან არ ასოცირდება და ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი, განუყოფელი ნაწილია, იქნებ სპეციფიკური სამეტყველო ტერმინოლოგიაც მოვიფიქროთ, რომლითაც უმცროსი ასაკის ადამიანების კითხვებს ვუპასუხებთ, რადგან როდესაც ჩნდება კითხვა, მას აუცილებლად სჭირდება პასუხიც. თუ თავს მოვიტყუებთ, რომ პატარას „დაავიწყდება“, შევცდებით – ბავშვები ძალიან ინტერესიანები არიან იმ საკითხების მიმართ, რომელთა ახსნაც ხელისგულზე არ უდევთ.

სექსპოზიტიურობა გულისხმობს საკუთარ სხეულთან, სურვილებსა და განცდებთან იმგვარ თანაცხოვრებას, რომ ამის გამო სირცხვილი არ ვიგრძნოთ, რაც მთავარია, საკუთარ სხეულზე, სურვილებსა და ნებაზე თავად ვფლობდეთ ექსკლუზივს და არ მივანდოთ ის სხვას, გარეშე პირს.

სექსზე ღიად საუბარი არ ნიშნავს, რომ მშობელი უბიძგებს ან უფლებას აძლევს მოზარდს, ნაადრევად დაიწყოს სექსუალური ცხოვრება. პირიქით: კვლევები, რომლებიც ამერიკის პედიატრთა აკადემიამ (AAP) ჩაატარა, მოწმობს, რომ ბავშვები, რომლებიც კითხვების დასმისთანავე იღებდნენ სწორ, წრფელ პასუხებს ინტიმურ ცხოვრებაზე, გაცილებით მომზადებულები იყვნენ ინტიმური ურთიერთობების საკითხში, ვიდრე ისინი, ვინც პასუხებს სოციალური მედიიდან, ტელევიზიიდან, თანატოლებისა და, ყველაზე უარეს შემთხვევაში, პედოფილებისგან იღებდნენ.

თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მთელ მსოფლიოში, ყველაზე უფრო დაცულ საზოგადოებებშიც კი, 9-დან 1 გოგო და 50-დან 1 ბიჭი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური კონტაქტი ან სხვა ტიპის ინციდენტი. სექსუალურ განათლებაზე საუბრისას ფსიქოლოგთა უმეტესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ შვილებს თავად უნდა ავუხსნათ ერთი უმთავრესი ჭეშმარიტება: მათი სხეული მათი საკუთრებაა და არავის, ამქვეყნად არავის აქვს უფლება მასაზე პრეტენზია განაცხადოს, ცოლი იქნება ეს, ქმარი, მშობელი თუ უცხო ადამიანი. ამის შემდეგ, მოსაფიქრებელია ასაკის შესაფერისი ენა, რომლითაც ყველაზე რთულ, მაგრამ აუცილებელ კითხვებს თამამად გავცემთ პასუხებს.

 

სწორი ტერმინები

მრავალ მშობელს აინტერესებს, როგორ და როდიდან შეიძლება შვილებთან ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა ვაგინა, პენისი, ანუსი, მკერდი და ასე შემდეგ. ან რა ჯობია გამოვიყენოთ – სამედიცინო ტერმინოლოგია თუ ევფემიზმები?

განურჩევლად იმისა, „პენისს“ ვიტყვით თუ „ჩიტუნას“ ან „სარცხვინელს“, შინაარსი არ შეიცვლება და ის, რაც ჩვენ „შერბილება“ გვგონია, საპირისპირო ეფექტს ახდენს.

ამავე დროს, ფსიქოლოგ ნიკოლ პრაუზს თუ დავუჯერებთ, ძალიან საფრთხილოა, მშობელმა არ გადაამლაშოს, არ მოჰყვეს ნატურალისტურ ახსნა-განმარტებებს და ასაკის შესაბამისად აუხსნას შვილს ის უმთავრესი დეტალები, რომლებიც მის კითხვებს პასუხობს.

მაგალითად, კითხვაზე, რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბიოლოგიურად კაცი და ქალი და რა არის „ის“, რაც ძმას აქვს და დას – არა, მშობელი დელიკატურად, სპეციფიკური ტერმინოლოგიით შეიძლება ესაუბროს 7-8 წლის ბავშვს ბიოლოგიურ თავისებურებებზე, რომლებიც ბუნებამ მოგვმადლა. ასევე შეგვიძლია, პატარებს ავუხსნათ (მაგრამ არ ვეჩხუბოთ, რადგან ამან შესაძლოა საკითხზე ფიქსაცია გამოიწვიოს), რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც, არ არის საჭირო, ხმამაღლა და ყველგან ვილაპარაკოთ.

ოფიციალური სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია მოზარდს განვუმარტოთ, როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა და როგორ მშობიარობს ქალი.

კიდევ ერთი სექსოლოგი, ლუმანლანი, გვირჩევს, ბავშვებთან არ გამოვიყენოთ უარყოფითი შინაარსის ფრაზები: „სექსი არ ვარგა“, „არ აკოცო“, „არ შეხედო“, „არ შეეხო“ და სხვა. უმჯობესია, ბავშვებს ავუხსნათ, რომ „სექსი სირცხვილი არ არის, ოღონდ ადამიანი ამისთვის უნდა მომწიფდეს“; „შეხება ნებაყოფლობითია, არავის აქვს უფლება, დაუკითხავად, მისი სურვილის გარეშე შეეხოს სხვას“; „მოვა დრო და ვინმეს აკოცებ, მაგრამ ნუ აჩქარდები. დაე, ეს იყოს შენი საუკეთესო დღე. ეს სირცხვილი არ არის, მაგრამ ნუ იჩქარებ!“

იგივე სექსოლოგი ურჩევს მშობლებს, თინეიჯერებთან ასეთი ფრაზები გამოიყენონ: „მოუფრთხილდი საკუთარ სხეულს, ის შენ გეკუთვნის და ეცადე, სრულყოფილად გაიზარდო, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ“; „დათანხმდი მაშინ, როდესაც ეს ნამდვილად გინდა და თქვი „არა“, თუ ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი. ნუ შეგრცხვება საკუთარი აზრის გამოთქმის, არავის აქვს უფლება, განგსაჯოს“.

და მაინც, ერთია რჩევის მიღება იმის თაობაზე, როგორ დაველაპარაკოთ ინტიმურ საკითხებზე თინეიჯერებს და მეორეა ამის გაკეთება, თუ თავად არ გვაქვს მსგავსი გამოცდილება მშობლებთან.

ასეთ დროს საუკეთესო გზაა არა მზა ფორმულების, სიტყვების, ფრაზების, სიტუაციური კონსტრუქციების გამოყენება, არამედ ინდივიდუალური მიდგომა. ყველა მშობელმა საუკეთესოდ იცის (ან უნდა იცოდეს) საკუთარი შვილის ბიოლოგიური და მენტალური ასაკი, ამიტომ აჯობებს, თუ წინასწარ ჩამოწერს გარკვეულ სიტყვებს, რომლებითაც შვილს უნდა ესაუბროს. ის უნდა გახდეს სექსოლოგიც, თერაპევტიც და ქოუჩიც, დაელაპარაკოს თავის უმთავრეს „პაციენტს“, მსმენელს და მეგობარს ისე, როგორც თავად ისურვებდა დალაპარაკებოდნენ პატარაობისას.

და თუ მშობელი თავს მაინც საკმარისად არაკომპეტენტურად მიიჩნევს მსგავსი საუბრის გასამართავად, კითხვები კი გაჩნდება, ის მაინც დავიმახსოვროთ, რისი გაკეთება არ შეიძლება.

არ შეიძლება, წავუყრუოთ კითხვებს, რადგან ისინი არსად გაქრება და ბავშვები პასუხების ძებნას სხვაგან დაიწყებენ.

სთხოვეთ ოჯახის სხვა, სანდო წევრს, დაგეხმაროთ საუბარში, მიმართეთ სპეციალიტს და გაიარეთ კონსულტაცია, მაგრამ აუცილებლად გაეცით პასუხები კითხვებს, რომლებიც, საბედნიეროდ, სწორედ თქვენ, მშობელს დაგისვათ შვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი