შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„ხომ არ აფრენ?“

ფრანგულ ენაზე ბევრ სხვადასხვა ფრაზას მოისმენ, რომელიც სათაურში გამოტანილ მნიშვნელობას ატარებს. მაგ. თუ თანამოსაუბრეს ვეტყვით – დღეს მექუდესავით ხომ არ ხარო, იგულისხმება, – შემთხვევით, ხომ არ აფრენო.

მექუდეები მეფე-მზის, ლუდოვიკო მეთოთხმეტის ეპოქაში ქუდებს კერავდნენ და საღებავს მინერალ სინგურიდან იღებდნენ, ისე, რომ შიგნით მერკურის არსებობასა და მის ორთქლზე ოდნავი ეჭვიც არ ჰქონდათ. ჰოდა, დადიოდნენ, ანცობდნენ და აფრენდნენ.

თუმცა, ამჯერად, წერილის სათაურად კინომსახიობთა თეატრის ახალი სპექტაკლის სახელწოდება გამოვიტანე, რადგან ცოტა ხნის წინ სწორედ მის პრემიერაზე გახლდით.

ამ თეატრთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ბავშვობის წლებს მახსენებს და თავისი აურით, სწორედ იმ დროში მაბრუნებს, როცა… ყოველი კვირის ბოლოს დედას მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მივყავდი სპექტაკლზე. არ იცით, რა ბედნიერი ვიყავი. ეს ბედნიერების მწვერვალი იყო. ოღონდ მთელი კვირა კარგად უნდა მოვქცეულიყავი, ბეჯითობა გამომეჩინა, ტელევიზორისთვის ზედმეტად არ მეყურებინა და მოკლედ, კარგი ბავშვი ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებდი, მაგრამ კვირის ბოლოს ორი სპექტაკლის ყურება ძალიან დამატებითი სტიმული იყო.

ჰოდა, ახლა გულმა კვლავ ამ თეატრისკენ გამიწია, რომ ისევ ის სიხარული ვიგრძნო, რომელსაც მაშინ განვიცდიდი.

სპექტაკლის რეჟისორი რუსუდან ბოლქვაძე გახლდათ, რომლის პირვანდელი პროფესია მსახიობობაა. ჰმ… და მერე როგორი მსახიობობა. გინახავთ მისი „იანგაროზა“, „ჩემი პატარა ქალაქიდან“? არა? ბევრი დაგიკარგავთ. მთელი ხელოვნება გახლდათ, როგორ ასრულებდა ასაკში შესულ მარტოხელა იანგაროზას სრულიად ახალგაზრდა გოგონა.

ჰოდა, მოკლედ „ხომ არ აფრენ?“ კომედიაა, ოღონდ, რომ ჩაგაფიქრებს და მწარედ გაგაცინებს გარშემო გამეფებულ ქაოსსა და რეალური ბედნიერების არ/ვერდანახვაზე. ერთ სცენაში სცენაზე პირდაპირ დარბაზიდან შემოვარდნილი მსახიობი პატარა ბურთს ათამაშებს და გაჰკივის, კაუჩუკისაა განაო!

ხომ გახსოვთ, სულ სტატიების თემატიკას, რომ ვარ ჩადარაჯებული. ამჯერადაც მშვენიერ სპექტაქლთან ერთად თემაც ვიპოვე.

რეზინზე, კაუჩუკსა და მსგავს რამე-რუმეზე წლების წინაც დამიწერია, მაგრამ გამეორება ხომ ცოდნის დედაა.

მაშ ასე…

ბუნებრივ კაუჩუკს მისივე შემცველი მცენარეებიდან იღებენ. ესენია – ბრაზილიური ჰევეა, ქოქსაღიზი, ტაუ-საღიზი. ზოგიერთი მონაცემით, კაუჩუკის შემცველ წვენს ბაბუაწვერაც შეიცავს. ჰევეას თუ დავსერავთ, სითხე წამოვა, რომელსაც ლატექსს უწოდებენ. ლატექსი 20-60% კაუჩუკს შეიცავს. მის წვენში კაუჩუკი ემულსირებულ მდგომარეობაშია. ლატექსზე ძმარმჟავას მოქმედებით კაუჩუკი კოაგულაციას განიცდის. შედედებულ კაუჩუკს წყლით რეცხავენ და შემდეგ ამუშავებენ.

ევროპაში კაუჩუკი მეცხრამეტე საუკუნიდან შემოვიდა. ძირითადად საწვიმარი ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებდნენ. თუმცა კაუჩუკის ტანსაცმელი მოსახერხებელი არ იყო, ყინვაში სკდებოდა, სიცხეში დნებოდა. ასე რომ, მის შესახებ მალევე დაივიწყებდნენ, ამერიკელი ჩარლზ ნელსონ გუდიერი რომ არ გამოჩენილიყო. 1839 წელს მრავალწლიანი ძიების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ თუ კაუჩუკს დაუმატებდა გოგირდს და გააცხელებდა, მისი მდგრადობა, ელასტიკურობა, სითბო და ყინვაგამძლეობა გაუმჯობესდებოდა. ამ პროცესს ვულკანიზაცია უწოდეს. ალბათ იმიტომ, რომ გოგირდს ჩამქრალი ვულკანების ტერიტორიიდან მოიპოვებდნენ. ანუ რეზინი მიიღეს. რეზინი წყალგაუმტარი, გაზგაუმტარი, ელასტიკურია. რეზინის გამოყენება ყველა მიმართულებით დაიწყეს, მათ შორის მედიცინაშიც, მანქანების ბორბლების წარმოებაში, სათამაშოებსა და კიდევ ვინ მოთვლის.

ვულკანიზაციის პროცესს თუ უფრო ჩავუღრმავდებით… რეზინი კაუჩუკის გოგირდთან ურთიერთქმედებით მიიღება. ამ დროს გოგირდის ატომები „გადაკერავენ“ კაუჩუკის წრფივ (ორგანზომილებიან) მოლეკულებს და მიიღება სივრცითი (სამგანზომილებიანი) სტრუქტურა.

თუ გოგირდის შემცველობა მაღალია (25-40%), მიიღება მყარი ნივთიერება ებონიტი, რომელიც კარგი ელექტროიზოლატორია.

ბუნებრივი კაუჩუკის მოლეკულური მასა საშუალოდ 350000-ის ტოლია. ის 1,4-პოლიიზოპრენის ცის ფორმას წარმოადგენს. ტრანს 1,4-პოლიიზოპრენი არის გუტაპერჩა, რომელსაც შეიცავს მცენარე palaquium gutte-ს ლატექსი. ეს მცენარე ხარობს მალაიზიასა და ინდონეზიაში. გუტაპერჩა კაუჩუკთან შედარებით ნაკლებად ელასტიკურია.

ბუნებრივი კაუჩუკის აგებულება დადგენილ იქნა ოზონირების რეაქციით. ოზონი უერთდება იქ, სადაც ორმაგი ბმებია და წარმოიქმნება ოზონიდი. ის წყლის მოქმედებით იშლება და მიიღება ლევულინის ალდეჰიდი.

ვულკანიზაციის ბუმის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აუცილებელი იყო სინთეზურად შექმნილი კაუჩუკის მოშველიება, თორემ ბუნებრივ, გაზრდილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა. სინთეზური კაუჩუკის მისაღებად ძვირფას მონომერებად ნახშირწყალბადები დივინილი და იზოპრენი აღმოჩნდა.

სინთეტიკური რეზინები, სხვა პოლიმერების მსგავსად, ყველაზე ხშირად წარმოებულია პოლიმერული ჯაჭვის საფეხურებრივი პოლირეაქციების საშუალებით.

საბოლოოდ, რამდენიმე ტიპის სინთეზური რეზინი შეიქმნა.

ბუტადიენური რეზინი (Butadiene Rubbers-BR) ზოგადი მიზნებისთვის გამოიყენება. მათი წარმოება ბუტადიენის პოლიმერიზაციით მიმდინარეობს. პოლიმერის მაკრომოლეკულაში შეიძლება იყოს ცის-1.4, ტრანს-1.4 და 1.2 სტრუქტურული ერთეულებით. 1.2 ერთეულები ვინილის ჯგუფს შეიცავს, შესაბამისად, შეუძლიათ იზომერული ფორმების წარმოქმნა. პოლიბუტადიენს ცის-1.4 სტრუქტურული ერთეულების დიდი რაოდენობით, საუკეთესო ელასტიკური თვისებები აქვს.

ქლოროპრენული რეზინი მონომერი ვინილაცეტატზე ქლორწყალბადის მოქმედებით მიიღება. ამ ტიპის რეზინი ტრანსპორტირების ლენტების დასამზადებლადაც გამოიყენება. ზოგიერთი თვისებით ის ბუნებრივ კაუჩუკზე უკეთესიცაა.

თუ ბუთადიენთან თანაპოლიმერად აკრილის მჟავას ნიტრილს გამოვიყენებთ, მიიღება ბუთადიენ-ნიტრილის კაუჩუკი. ამ კაუჩუკზე ბენზინი და ნავთობის სხვა პროდუქტები ნაკლებად მოქმედებენ. ის მაღალ ტემპერატურასაც უძლებს.

სილიციუმორგანული ნაერთებიდან მიღებულ კაუჩუკს სილიკონური კაუჩუკი ეწოდება. სილიკონური კაუჩუკი მიიღება მონომერ დიმეთილდიქლორსილანისგან. ამ სახის კაუჩუკი საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს დაბალ ტემპერატურაზე. მისგან დამზადებულ დეტალებს იყენებენ იქ, სადაც სხვა კაუჩუკის ნაწარმი უვარგისი ხდება. გამოიყენება მედიცინაშიც.

გაკვეთილზე შეიძლება ჩატარდეს მარტივი ცდები.

მაგალითად, აიღეთ ნებისმიერი სინთეზური რეზინი და შეადარეთ ლაბორატორიაში ჩასაცმელ რეზინის ხელთათმანს. სახლში შეგიძლიათ აიღოთ ჩასაცმელი მრავალჯერადი მოხმარების შედარებით სქელი რეზინიც.

თითოეული რეზინის მცირე ნაჭერი მოათავსეთ სინჯარებში ან ქიმიურ ჭიქებში. თითოეულ მათგანს მორიგეობით დაასხით კონცენტრირებული მარილმჟავა, აზოტმჟავა და გოგირდმჟავა. ჯერ ოთახის ტემპერატურაზე დააკვირდით, რა მოხდება. შემდეგ ელექტროქურაზე გააცხელეთ და შეხედეთ მაღალი ტემპერატურა, როგორ იმოქმედებს. ასევე, შეგიძლიათ აიღოთ სპირტი (როგორც სამედიცინო, ასევე ეთილენგლიკოლი), აცეტონი, ამიაკი.

ამ მარტივი ექსპერიმენტების შემდეგ, მოსწავლეები თავად გამოიტანენ დასკვნას, რომელი რეზინი უფრო გამძლეა. ყველაფერი ამწოვ კარადაში ან ღია ფანჯარასთან გააკეთეთ, რადგან საკმაოდ არასასიამოვნო სურნელი წარმოიქმნება.

ამ კვირას კიდევ ერთ პრემიერას დავესწარი. ამჯერად რუსთაველის თეატრში. აქაც კომედია იყო, სახელად „ძუნწი“. თავდაპირველად, მოლიერის „ძუნწი“ მეგონა, მაგრამ თბილისელი სომეხი ვაჭრის კარაპეტას სიძუნწის ამბავი იყო გადმოცემული. ბევრი სიმღერისა და ცეკვის ფონზე დაახლოებით „ქეთო და კოტეს“ სცენარი იყო გათამაშებული. ოღონდ, აქ უიღბლო წყვილი თავადი ლევანი და კარაპეტას გოგო ჰამფერა გახლდათ, რომელიც ყველას არწმუნებდა, ჩემი სახელი ხათუნააო.

სიყვარულს ისევ ჰანუმამ უშველა, კარაპეტამ კი სიძეს რეზინის ჩექმები უსახსოვრა.

ოღონდ… რეზინის ჩექმები რამდენად გამძლეა, ამას მხოლოდ ექსპერიმენტებით თუ გავიგებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი