ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ყველაზე კარგი ჩინური ჩაი -ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

მეორე ნაწილი

ჩინეთის ერთ იმპერატორს ჩაის შეფასებისას უთქვამს: „ფოთოლი რკინასავით მძიმე აქვს, ხოლო გემო – გუან-იინივით* მსუბუქიო“.

დაპირებისამებრ, გთავაზობთ ლეგენდას ლონგ-ჯინის გასაოცარ ჩაიზე. როგორც ყველა ჩინურ ლეგენდაში, აქაც შეხვდებით იმპერატორს, მთებს, დრაკონს, ჩაისა და გრძელ გზას…

ერთ მშვენიერ დღეს იმპერატორი ციანგ-ლონგი (Qianlong), რომელიც ჩინეთის დიდი და გამორჩეული მმართველი გახლდათ ცინის მანჯურიული დინასტიიდან, სამოგზაუროდ იყო დასავლეთის ტბის მიდამოებში, შანხაის სამხრეთით მდებარე ჰანგჟოუს პროვინციაში.

შენიშვნა: ციანგ-ლონგი უბრალო იმპერატორი არ გეგონოთ – მან ყველაზე მეტხანს იმეფა, ჩინეთის იმპერატორებს შორის ყველაზე ხანდაზმული გარდაიცვალა და XVIII საუკუნეში მისი მმართველობა ჩინეთის იმპერიის განვითარებასა და კეთილდღეობას უკავშირდება.

ეს ის ციანგ-ლონგია, რომელიც დღესაც ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს მმართველად ითვლება და რომელმაც 1755-1760 წლებში ჩინეთს თავიდან ააცილა თურქულ-მონღოლური ტომების მძლავრი შემოსევა და საბოლოოდ შეუერთა ჩინეთს დღევანდელი სინძიანის პროვინცია (Xinjiang), ჩინეთის უკიდურესი ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი და უდიდესი რეგიონი. სინძიან-უიღურთა ავტონომიური რეგიონი; ესაზღვრება დასავლეთით ავღანეთსა და ქაშმირს (ინდოეთ-პაკისტანის სადავო ტერიტორია), ჩრდილო-დასავლეთით – ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, ჩრდილოეთით – ყაზახეთსა და რუსეთს და აღმოსავლეთით – მონღოლეთს.

დავუბრუნდეთ ლეგენდას: დასავლეთის ტბის სანაპიროზე მდებარე ლომის მწვერვალის (ში-ფენგ-შანი) ჩრდილში მდებარე ჰუ გონგის მონასტრის მონახულების შემდეგ იმპერატორმა, ტბის გარშემო, მთის ზურმუხტოვან ფერდობებზე მომუშავე ხალხი დაინახა. ის ისე მოიხიბლა ახალგაზრდა ქალების გრაციოზული მოძრაობებითა და სილამაზით, რომ თვითონაც მოინდომა ჩაის მწვანე ყლორტების შეგროვება. ჩაის კრეფისას იმპერატორთან მოულოდნელად მისი პირადი საჭურისი მიიჭრა და შეატყობინა, რომ იმპერატორის დედა, ქვრივი დედოფალი, ავად გამხდარიყო. იმპერატორმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა თავისი ვიზიტი და პეკინში გაემგზავრა,

ქვრივი დედოფალი საგრძნობლად გამოკეთებული დახვდა. შვილთან მისალმებისას მან  უცნაური და საამო არომატი იგრძნო და იმპერატორს ჰკითხა: „ეს რა სურნელი მოიტანე? რა სასიამოვნო სუნია!“ იმპერატორს ახლაღა გაახსენდა დასავლეთის ტბის სანაპიროზე მოკრეფილი ჩაის ყლორტები, რომლებიც მან სიჩქარეში სახელოში ჩაიყარა. ათასკილომეტრიანი მოგზაურობის დროს ჩაის ფოთლები გამოშრა და თავისი განუმეორებელი, მოტკბო სუნელით აავსო დედა-დედოფლის ოთახი. დედოფალმა სასწრაფოდ მოამზადებინა ფოთლების ნაყენი. ჩაის საოცარი გემო და კიდევ უფრო გასაკვირი ეფექტი აღმოაჩნდა  – დედოფალმა ერთი ფინჯნის დალევისთანავე იგრძნო უკეთესობა. გახარებულმა იმპერატორმა, სასწარაფოდ გასცა განკარგულება, ლონგ-ჯინის ჩაისთვის საიმპერატორო ტიტული – „გონგ ჩა“ – ებოძებინათ, ხოლო ტბის პირას, მის სახელზე, ჩაის საიმპერატორო ბაღი გაეშენებინათ. ასე დაიწყო ლონგჯინის ჩაის ზეობის ხანა.

დასავლეთ ტბაზე, დღევანდელ ჰანგჟოუში, სოფელ ლონგ-ჯინში, ეს ბაღი დღესაც არსებობს. ამ ბაღის ჩაი ყოველწლიურად იყიდება აუქციონზე და მისი ერთი გრამი ოქროზე ძვირი ღირს.

ლონგ-ჯინის ჩაის ფოთლებს ხარისხის მიხედვით ექვს კატეგორიად ყოფენ: უმაღლესი ხარისხისა, რომელსაც მინგციან ჩა-ს ეძახიან (რადგან მინციანის დღესასწაულამდე, 7-8 აპრილამდე იკრიფება). ეს ყველაზე ძვირფასი და ნარჩევი ჩაი გახლავთ. მოკრეფის შემდეგ ჩაის ნაზი ყლორტები, რამდენიმე წუთით სპეციალურ ღუმელებში ან ტაფებზე ცხელდება ორას გრადუსამდე ფერმენტაციისა და დაჟანგვის პროცესების შესაჩერებლად და შემდეგ რამდენიმე დღე სიბნელეში ინახება საბოლოო გამოშრობისთვის და სწორი ტენიანობის მისაღებად. ჩაის პირველიდან მეხუთე ხარისხამდე გრადაცია ვიზუალურად ხდება და გადარჩევისას უპირატესობა ნაზ და არომატულ ყლორტებს ენიჭება.

 

ჩაის სმა ჩინურად

2007 წლის ნოემბერში, ცნობილი თბილისური საპროტესტო გამოსვლების დღეებში, სიჩუანში გახლდით ტელებაზრობაზე (მაშინ „ტელეიმედში“ ვმუშაობდი).

სიჩუანი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი პროვინციაა და ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ვისაც რუკაზე მისი წარმოდგენა გაგიჭირდათ, სხვაგვარად გეტყვით – სიჩუანი დასავლეთით ტიბეტს ესაზღვრება.

სიჩუანის დედაქალაქია მრავალმილიონიანი ჩენგდუ – მწვანე, თბილი, ხასხასა და წვიმიანი ქალაქი. მშვიდი და ხალისიანი ცხოვრების სტილის გამო ჩენგდუელებს ხშირად სიჩუანურ პანდებს ადარებენ (სწორედ სიჩუანში მდებარეობს ჩინური გიგანტური პანდების ნაკრძალი). ჩენგდუში მუდამ თან დაგდევს დაფნისა და მაგნოლიების სურნელთა ტკბილი ნაზავი, აი, ბათუმის ბულვარში რომ დგას ხოლმე დილაობით.

ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე ჩინური ჩაის სმაც მომიწია. ბატონმა ჟოუმ, რომელიც ტიპური ჩრდილოელი გახლდათ (საშუალოზე მაღალი, ძვალმსხვილი და თეთრსახა), ქალბატონ დირექტორთან (ასე ეძახდა თავის უფროსს) შეხვედრაზე დამპატიჟა კალიფორნია სტარ ჰოუტელში (ამ ტიპურ ჩინურ სასტუმროს რატომღაც ასე ერქვა – ალბათ „კალიფორნიის“, როგორც მოდური სახელის გამო), სადაც ერთი ერთობლივი ქართულ-ჩინური სერიალის პროექტს განვიხილავდით. ქალბატონი დირექტორი მხოლოდ ჩინურად საუბრობდა და ჩაის სვამდა.

ჩინური ჩაისთვის მაღალი, გამჭვირვალე ჭიქები მოგვიტანეს (ნახევარლიტრიანი ლუდის ჭიქების მსგავსი). შემდეგ ჩამოიარა ოფიციანტმა და თითოეულს ჭიქაში მწვანე ჩაის ხმელი ფურცლები და გამხმარი ჟასმინი ჩაგვიყარა. ამის შემდეგ კვლავ გამოჩნდა დიდი, გრძელცხვირიანი ჩაიდნით ხელში და ოსტატურად ჩაგვისხა გამჭვირვალე ჭიქებში ქაფქაფა წყალი. ეს ჩაი მომეწონა, სურნელოვანი და ცოტა მწარეც იყო. წყალში გაშლილი გრძელი, ხასხასა მწვანე ფოთლები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა – ჩინურ ფერწერას ჰგავდა.

ეს ჩაი რომ მივირთვით, ჭიქებში ცხელი წყალი დაგვიმატეს და ჩინელები გულმოდგინედ შეუდგნენ ე.წ. „ვტარიაკის“ (მეორედ გამოყენებულის) სმას. მეც ავყევი და ჰოი, საოცრებავ! ამ ჩაის პირველზე უკეთესი გემო აღმოაჩნდა: ნაზი, დამჯდარი არომატით და სიმწარის გარეშე. ესეც შენი ვტარიაკი – ეს ყოფილა ნამდვილი ჩაის გემო…

მეორე ჭიქაც რომ გამოვცალეთ, ოფიციანტმა კვლავ ჩამოიარა და კიდევ ჩამოგვისხა ქაფქაფა წყალი. „ტრეტიაკს“ (მესამედ გამოყენებულს) ჩაის გემო უკვე აღარ ჰქონდა, არომატიზებული წყალივით იყო, თუმცა მაინც ძალიან სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა სიჩუანის ნესტიან და ცხელ კლიმატში… ჩინელებთან ნამდვილი საუბარიც სწორედ მესამე ჭიქა ჩაის შემდეგ დაიწყო. მანამდე ბევრი არ გვისაუბრია საქმეზე, პირველი შეხვედრის უხერხულობა სიტყვიერ რევერანსებსა და სიჩუანის ამინდზე საუბარში გავატარეთ.

 

————

* გუან-იინი – ჩინურ ტრადიციულ რელიგიაში: მოწყალების, სიკეთისა და თანაგრძნობის უმთავრესი ქალღმერთი; ბუდისტური ტრადიცია გუან-იინს უთანაბრებს ავალოკიტეშვარა ბოდჰისატვას, ანუ წმინდა ქმნილებას, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა ბუდას თანაგრძნობას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი