ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მშობლები, რომლებიც საკუთარ თავს და შვილებს ვნებენ

გინახავთ ერთნაირი მშობლები? ალბათ, არა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბევრი მშობელი იდენტურ შეცდომას უშვებს. საშიში ეს სულაც არაა, თუკი შევძლებთ ხანდახან მაინც დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დროულად აღმოვფხვრათ შეცდომები.

ბავშვს მიწებებული მშობელი – ორსული ქალი მჭიდროდაა დაკავშირებული ჯერ არდაბადებულ შვილთან. მაგრამ ხდება ისე, რომ დედა ბავშვს დაბადებიდან კარგა ხნის მერეც არ სცილდება. ის თითქოს შესისხლხორცებულია მასთან და სხვანაირად არ შეუძლია.

ალბათ გსმენიათ ახალგაზრდა დედა რომ მრავლობითში ამბობს: „ჩვენ ვჭამეთ, ჩვენ გვეძინა, ჩვენ მუცელი გვტკიოდა“. სინამდვილეში, ის მხოლოდ ბავშვს გულისხმობს, მაგრამ მის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია.

დედა-შვილს ფიზიკური დისტანცირებისთვის დრო სჭირდება. თუმცა, ეს დრო თუ გაიწელა, მანკიერ ფორმებს მიიღებს. სამი წლის ასაკიდან ბავშვი ნელ-ნელა დამოუკიდებლობის სწავლას იწყებს. ის შორდება დედას. მან თავი ცალკე სოციალურ არსებად უნდა იგრძნოს. მნიშვნელოვანია, რომ დედამაც უნდა დაიწყოს ბავშვის ცალკე ადამიანად აღქმა და შესაბამისად მოქცევა. დედის შვილზე მიჯაჭვულობამ ორივეს ცხოვრება არ უნდა დაანგრიოს.

დაგვეთანხმებით, საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება დედა, რომელიც წამითაც არ ტოვებს შვილს: კუდში დასდევს, უკრავს ფეხსაცმლის თასმებს, მასთან ერთად ბეჯითად სწავლობს, დაჰყვება სტუმრად. რატომ იქცევა ის ასე? იმიტომ, რომ, მისივე განმარტებით, შვილს აკლია დამოუკიდებლობა, ცოტა უპასუხისმგებლოა, ცოტა გულმავიწყი, ცოტა უინიციატივო. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ არ ეძლევა საკუთარი თავის გამოხატვის, გამოჩენის საშუალება. სახლში დაბრუნებულ შვილს დედა ჩანთას უჩხრეკს, უმოწმებს, რა აქვს დავალება; დეტალურად ეკითხება, რომელმა მასწავლებელმა რა უთხრა. დედა თავის ჭკუაზე უწყობს ბავშვს სამეცადინო კუთხეს, უთვლის კალმებსა და რვეულებს, არწმუნებს, რომ დედა შვილის ერთადერთი საუკეთესო მეგობარია. ასეთ პირობებში ძნელია, ბავშვმა თავი დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნოს, მით უფრო პიროვნებად, რომელიც რაიმე ინიციატივასა და პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

მშობელიც წყვეტს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. მისი „მე“ გაიგივებულია ბავშვის „მესთან“. ასეთი მშობელი არ აძლევს შვილს გასაქანს არც 17 და არც 35 წლის ასაკში. ის დაჟინებით ითხოვს მისგან ყველა საქმის კურსში ყოფნას, სად არის, ვისთან, რატომ, მოუყვეს – აქვს თუ არა ყველაფერი რიგზე, ის სულ აიძულებს მას სატელეფონო „ანგარიშის ჩაბარებას“.

რეკომენდაციები და კითხვები მშობლებს:

  • დააკვირდით, ხშირად მოიხსენებთ მრავლობითში საკუთარ თავს? თუ – კი, რა სიტუაციებში? როგორ ფიქრობთ, რატომ გიჩნდებათ ეს სურვილი?
  • შეეცადეთ ფორმულირება გაუკეთოთ თქვენს ნათქვამს და ნაცვალსახელი „ჩვენ“ შეცვალოთ და თქვა „მე“ ან „ის“.

ინტროექცირებული მშობელი – ინტროექცირებული ადამიანი არაკრიტიკულია გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ. ის პასიურად იღებს იმას, რასაც გარემო სთავაზობს, საკუთარი სურვილებისა და მოსაზრებების გაცნოებიერების გარეშე. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთქმედების ინტროექტული ფორმა კი იმაში გამოიხატება, რომ მშობელი ბავშვში სხვადასხვა მზა გზავნილს „დებს“ და უკეტავს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.

ინტროექცირებული მშობლები მკაცრი წესების მიხედვით მოქმედებენ. მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა და რა – არა, მათ ზუსტად იციან, როგორ არის მოწყობილი სამყარო.

თუმცა, სხვადასხვა მზა გზავნილის ნაკადში მშობლების სასარგებლო შეტყობინებებიც მოიძებნება. მაგალითად: „ფეხმავლისთვის გზის გადაკვეთა წითელ შუქზე არ შეიძლება“ ან „კბილების გახეხვა საჭიროა დღეში ორჯერ“. ამ შეტყობინებებით ბავშვი სწავლობს, როგორ მოიქცეს გარკვეულ სიტუაციაში. თუმცა, ამ შეტყობინებებს ბავშვი ხშირად ხმამაღალი გაჟღერების გარეშეც მშვენივრად, დაკვირვების გზით ითვისებს, რადგან ეს ის ქცევაა, რომელსაც ყოველდღიურად იმახსოვრებს. მაგალითად, სახლში მისული მშობელი ხელებს იბანს. ბავშვი უყურებს და იმეორებს.

თუმცა არსებობს სხვა შეტყობინებებიც: „სადილზე ყოველთვის უნდა გქონდეს წვნიანი“, „ბიჭი არ უნდა ტიროდეს“, „თუ არ ისწავლი, დამლაგებლად იმუშავებ“ და სხვ. ბავშვი, რომელიც რეგულარულად ისმენს მსგავს მესიჯებს, მომავალში ვერ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ის მიჰყვება პოსტულატებს, რომლებსაც არ აუხსნიან, თუ რატომ არ უნდა იტიროს ბიჭმა ან რა არის იმაში ცუდი, თუკი ბიჭი ატირდა?..

ინტროექცირებული მშობლების შვილებს უჭირთ, ისწავლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ხშირად ისინი ცხოვრობენ ისე, „როგორც საჭიროა“, ავიწყდებათ თავიანთი მოთხოვნილებები და სურვილები და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

რეკომენდაციები და კითხვები მშობლებს:

  • თქვენ რა გზავნილი გადმოგცეს მშობლებმა? როგორი გავლენა მოახდინეს მათ თქვენს ცხოვრებაზე? როგორ გრძნობთ თავს, როცა გახსენდებათ ეს გზავნილები?
  • შეადგინეთ თქვენი საკუთარი ინტროექტიური შეტყობინებების სია, რომლებსაც სთავაზობთ თქვენს შვილს. რომელია სასარგებლო? იქნებ უარი თქვათ ზოგიერთზე?
  • „სცადეთ“ თითოეული ინტროექტული მესიჯის მორგება საკუთარ თავზე. მაგალითად, შვილს თუ ეუბნებით: „აუცილებლად უნდა ჭამო ყველაფერი, რაც თეფშზეა“, საკუთარ თავსაც იგივე უთხარით: „აუცილებლად უნდა ვჭამო ყველაფერი, რაც ჩემს თეფშზეა“. რას იგრძნობთ?

პროექციულ მშობელი – როგორც წესი, ადამიანი თავის მოტივებს, სურვილებს, ინტერესებს გარე სამყაროს მიაწერს. მაგრამ პროექციული მშობელი სხვაგვარად იქცევა. პროექციის უმარტივესი მაგალითია: სეირნობისას გაყინული დედა თბილ სამოსს ბავშვს აცმევს, თუმცა ბავშვს არ სცივა, მაგრამ რადგან დედას სცივა, ის დარწმუნებულია, რომ ბავშვიც დისკომფორტშია.

ასევე, პროექციულ მშობელს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის: როდის შია ბავშვს, როდის იწყენს, როდის ეძინება, როდის უნდა იმხიარულოს და რა არის მისთვის საინტერესო. მაგრამ, სინამდვილეში, მშობელი თავის საკუთარი გრძნობებით, სურვილებითა და მოთხოვნილებებით ხელმძღვანელობს.

მაგალითად, ბავშვი დიდი მონდომების გარეშე დადის ცეკვაზე, დედამისი კი ყველას ეტრაბახება: „ჩემი გოგო გიჟდება ცეკვაზე, ისე ძალიან მოსწონს“. დედა არც კი ეკითხება შვილს, მართლა სიამოვნებს თუ არა მას ცეკვა, რადგან ის თვითონ მოსწონს და ფიქრობს, რომ შვილსაც უნდა მოსწონდეს.

კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი: ბებია ხშირად „თანაუგრძნობს“ შვილიშვილს: „ჩემო საბრალო, სწავლა ძალიან რთულია, ვიცი, ძალიან იღლები“. სინამდვილეში, შვილიშვილი კარგადაც სწავლობს და სულაც არ იღლება. ბებია საკუთარ თავზე ლაპარაკობს – მას, ხანდაზმულ ადამიანს, შვილიშვილის დაკავებულობა ტანჯვად ეჩვენება. ეჩვენება, რომ ბავშვი იღლება. ის კი თანდათან უკლებს სწავლას. ბავშვი რეგულარულად უსმენს ბებიას გამონათქვამებს/პროექციებს და იჯერებს, რომ სწავლა მართლა რთული და დამქანცველია.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებს:

  • შეგიძლიათ, გაიხსენოთ თვენი მშობლების პროექციული განცხადებები? რას ფიქრობთ ახლა ამ განცხადებებზე?
  • გაიხსენეთ თქვენი განცხადებები, რომლებიც გავლენას მოახდენდნენ თქვენს შვილებზე?

დეფლექსირებული მშობელი – დეფლექსია გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი თავის ენერგიას არ მიმართავს იმ ობიექტზე, რომლისთვისაც ის თავდაპირველად იყო განკუთვნილი, არამედ გადაამისამართებს მას, ანდა მიმართავს მას სხვა რამეზე. დეფლექსია კონტაქტისგან გაქცევის, მისთვის თავის არიდების მიზნით სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანაა. დეფლექსიას ახასიათებს ბევრი საუბარი სხვადასხვა თემაზე, შორიდან შემოვლა, ზედაპირული ინფორმაციის გაცემა. დეფლექსიაში მყოფი ადამიანი ისხლეტს პირდაპირი კონტაქტის მცდელობას.

დეფლექსირებულ მშობელს სურს, ჩაერთოს ბავშვის განვითარებაში, თუმცა თვითონ არ ერთვება ბავშვთან ერთად ძერწვის, ხატვის, წიგნების კითხვისა თუ სხვა საქმიანობაში. ის დიდ დროს ხარჯავს აღმზრდელობით-მეთოდოლოგიური ლიტერატურის ძიებასა და კითხვაზე. ის იმდენად დიდ დროს უთმობს ამ ყველაფერს, რომ შვილთან ერთად მეცადინეობის თავი აღარ აქვს.

დეფლექსირებული მშობელი კითხულობს უამრავ სტატიას და წიგნს პედაგოგიკაზე, წაუკითხავს არ ტოვებს საგანმანათლებლო საიტებს. ხშირად ეჩვენება, რომ სწორედ ახლა ისწავლის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და ამის შემდეგ გახდება იდეალური მშობელი.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • ნუ ეცდებით, იყოთ იდეალური მშობელი. ბავშვს სჭირდება ჩვეულებრივი მოსიყვარულე და გვერდით მყოფი მშობელი.
  • არ დაგეგმოთ ბევრი გრანდიოზული აქტივობა. ჯობია უბრალოდ ერთად ითამაშოთ, დახატოთ ან პარკში გაისეირნოთ.
  • ესაუბრეთ თქვენს შვილს საკუთარ თავზე, თქვენს გრძნობებსა და გამოცდილებაზე. ნოტაციების კითხვას ეს ნამდვილად სჯობს.

მშობელი, რომელიც აუფასურებს საკუთარ თუ შვილის დამსახურებებს. ჩვენ გვხვდება ორი ასეთი ტიპის მშობელი – პირველი აუფასურებს თავის, როგორც მშობლის დამსახურებებს, მეორე – აუფასურებს შვილის დამსახურებებს.

მშობელი, რომელიც საკუთარ დამსახურებებს აუფასურებს, ცხოვრობს პრინციპით „მე ვარ ცუდი დედა/მამა“. მას მიაჩნია, რომ ძალიან ცოტას აკეთებს ბავშვისთვის, რომ სხვა მშობლები ბევრად მეტს ცდილობენ. ამასთან, საკუთარი თავისკენ მიმართული ყველა ბრალდება, როგორც წესი, დაუსაბუთებელია. ასეთი მშობელი ბავშვს ზიანს არ აყენებს, ყოველ შემთხვევაში ხილულად, მაგრამ ის არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას იცხოვროს მშვიდად, რადგან მუდმივად გრძნობს თავს „ყველაზე ცუდ“, „არასრულფასოვან“ მშობლად.

მშობელი, რომელიც შვილის დამსახურებებს აუფასურებს, ბავშვისგან არნახულ წარმატებას მოელის და მისით გამუდმებით უკმაყოფილოა. მშობელი ბავშვს ძალიან ბევრს სთხოვს. მას არ ახარებს მისი წარმატება, ის მას სულ ახალ-ახალ მიზნებს უსახავს. ასეთ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვს ქება ვნებს. ის უკმაყოფილოდ უყურებს სხვა მშობლებს, რომლებიც, მისი აზრით, შვილებს შექებით „აფუჭებენ“.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • შეადგინეთ სია, რასაც აკეთებთ თქვენი შვილისთვის, რაც შეიძლება არ გააკეთოთ (არ ხართ ვალდებული გააკეთოთ). სხვა მშობლები ამ სიის ყველა პუნქტს ასრულებენ?
  • რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს?

ჩაკეტილი მშობელი – ეს არის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იკეტება სხვებისგან და არავისთან სიახლოვეს არ ეძებს. მას არ სურს ბავშვთან ახლო კონტაქტში შესვლა. მშობელი ყინულის დედოფალივით ცივია. სინამდვილეში, ასეთი მშობელი ისწრაფვის იდეალისკენ და სურს, ჰყავდეს იდეალური შვილი: კეთილგანწყობილი, ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, მშვიდი, თავაზიანი.

იმის თქმა, რომ ასეთ მშობელს არ აინტერესებს ბავშვი, დაუშვებელია. უბრალოდ, მას ურჩევნია ბავშვთან სტრუქტურირებული და შუამავლობითი კომუნიკაცია იქონიოს. მაგალითად, მოსწონს კულტურული პროგრამის შემუშავება – მუზეუმში, კინოში, თეატრში, ზოოპარკში, პლანეტარიუმში ბავშვთან ერთად სიარული. ის მზად არის წაუკითხოს, ეთამაშოს სამაგიდო თამაშები, ასწავლოს მათემატიკა, მაგრამ მას არ მოსწონს ბავშვის სპონტანური სწავლება, სპონტანური თამაშები და მასთან გულწრფელი საუბრები.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებს:

შეეცადეთ, არ უპასუხოთ კითხვას კითხვით. უპასუხეთ ბავშვის შეკითხვას და მხოლოდ ამის შემდეგ დაუსვით კითხვა.

მოუსმინეთ ბავშვს. თუ გაგიჭირდებათ ხანგრძლივი დიალოგი (და ზოგიერთ ბავშვს უყვარს გაუთავებელი ლაპარაკი), მაშინ შემოიფარგლეთ დამხმარე სიტყვებით. საკმარისია ხანდახან თავი გააქნიოთ და თქვათ „ასეა“, „ეს რა ყოფილა“, „საინტერესოა“. ეს არის პირველი ნაბიჯი დიალოგური კომუნიკაციისკენ.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი