პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლაჟვარდის დრო

***

სკოლას რომ ვამთავრებდი, ერთი კაბა მქონდა, თეთრი წითელი ზოლებით. მაშინ ასე აღვიქვამდი. პირველად ამ კაბით მივხვდი, რომ ჩემი ფიქრები და სხეული ერთმანეთს გაუტოლდა. მას შემდეგ, როგორც კი დავინახავ წითელს თეთრი ზოლებით (ახლა ასე აღვიქვამ), წონასწორობა მიბრუნდება, დროებით, მაგრამ მაინც. ზოლებად დაფერილი ნიჟარის საყურეებიც ასე წამლად ვიყიდე.

***

ერთხელ სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილი პრაქტიკანტმა ჩაგვიტარა. იმ გოგოს ეცვა მწვანე ჯემპრი ღამურასახელოებით და დიდი, იასამნისფერი საყურეები ეკეთა. მთელი 45 წუთი ამ ორი ფერის შეხამებას ვაკვირდებოდი და სიგიჟემდე მომწონდა. ასეთი აკვიატებები დღემდე შემომრჩა. შეიძლება გეგონოთ, რომ ყურადღებით გისმენთ, მაგრამ ფიქრი ფერების დაწყვილებისკენ გამექცეს.

***

დედაჩემის ატრაქციონი: იატაკის ჯოხზე ჩამოცმული ძველი, მწვანე კაბა, სახლის ლაგებისას ტილოზე დასკუპება და დიდ ოთახში კისკისით სრიალი. ბავშვობის მოგონებებში მსგავს ამბებს ვეძებთ მე და ელენე.

***

ერთ ზაფხულს პრიზი მოვიგე სანაყინისგან – ცივი ამარეტო ლატეთი. მისვლისას გამყიდველისთვის მხოლოდ პაროლი უნდა მეთქვა – წითელი ველოსიპედი.

***

რაღაც სამაჯური მომეწონა. წითელი მოვისინჯე, კონსულტანტმა თეთრიც გვაქვსო. წითელი იყოს, გულის გადახალისება მინდა-მეთქი. ვერ მოვირგე და აღარ ვიყიდე. იმის მერე, ყოველდღე მეკითხება მატასი – დე, გულის გადახალისება რომ გინდოდა?

***

ერთ ჩემს მეგობარს ჰქონდა ნარინჯისფერი თავშალი, რომელიც ძალიან მომწონდა. იმან, ახლახან მაჩუქეს, ცოტა ხანს ვატარებ და მერე შენი იყოსო. მომეცა დარდი – სადმე თუ მიაგდებდა, ვიღებდი და ვკეცავდი. ყავას თუ სვამდა, ვაფრთხილებდი, არ გადაესხა. ხშირად თუ ეკეთა, ვბრაზობდი. ამასობაში მაღაზიაში გადავაწყდი იმდაგვარს და ვიყიდე. დიდხანს ვატარე, მერე მომბეზრდა. ახლა კარადაში მიდევს, დავხედავ და ეს ამბავი მახსენდება.

 

***

თითქმის ათი წლის მერე ანტრესოლიდან ჩამოვიღეთ „მონოპოლი“. დაფასაც და ბარათებსაც შერჩენილი აქვს წითელი ღვინის ლაქები და კარგი დროის მოგონებები – როცა მეგობრებთან ერთად გათენებამდე ვთამაშობდით.

***

დათოვლილი მთების ფოტო მინდოდა დამედო. მერე ვიფიქრე, აბა, რის ჩვენებაც გინდოდა, ის დაწერე-მეთქი. სულაც არ გამოვიდა თოვლიანი პეიზაჟი. სულ პირიქით შემობრუნდა მზერა – ლევანი დაფიფქულ შეშას აბინავებს, მე მწვანილს ვჭრი ლობიოსთვის, თან წითელი კომბოსტოს მწნილი მახსენდება და ლურჯ გრაფინს გავყურებ, არაყი თუ ჩარჩა-მეთქი, ისევ ლევანისთვისთვის, თორემ ჩემი მხოლოდ თვალი ჭამს და თვალი სვამს. აი, ამ ფერებით რომ დავნაყრდები, მერე დესერტისთვის ისევ დათოვლილ მთებს გავხედავ ფანჯრიდან.

 

***

ნიჩბისში ისეთი ქარია, წითელი ტაშტი გაიტაცა და მე ცისფერი კიმონოთი გავედევნე. გარედან შევხედე და ფერები მომეწონა, თორემ ისე ძაან შემცივდა.

***

მაინც მძიმე სანახავია ნიჩბისის ქვის კარიერები – ტექნიკის ხმასთან ერთად როგორ ჩნდება თეთრი ლაქები მთის მწვანე ფერდობზე.

***

ახლა მინდა იმერული საღამო, ჭიშკარს რომ ჩაუვლიან მინდვრიდან დაბრუნებული ბატები და წითლად ჩამავალი მზისკენ გაფრინდებიან.

***

ახალ წელს ვხვდები ძველი კაბით, ასაკს არ გავამხელ (კაბისას). მახსოვს, დედაჩემმა საზამთრო კაბა ვიყიდეო და ველოდებოდით, რომ მრგვალ, მწვანე, ზოლებიან კაბაში გამოეწყობოდა. საზამთრო კაბა კი აღმოჩნდა შინდისფერი, თეთრი გულებით.

***

სართული ისევ შემეშალა, მაგრამ ოთახი – არა. ის ნომერიც ზუსტად ლიფტთან იყო. კარის ჯაჯგურზე ისევ ის ქალი გამოვიდა, დიდი, ყვითელი მძივით და წინა დღეებში თუ თავაზიანად მიხსნიდა, თქვენ აქ არ ცხოვრობთო, ახლა უკვე წარბშეკრულმა შემომიბღვირა. მერე ლიფტში სიცილი ამიტყდა ამის გამო. არადა, ლიფტი იყო ჩუმად სამგზავრო – კარი როგორც კი იხურებოდა, თოლიების ხმა ირთვებოდა.

***

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პოეტური ფოტო „პრაჟსკი“ შემოდგომისა, ერთ მშვენიერ დღეს ყვითელი ფოთლის ამოცნობით დასრულდებოდა და ვიტყოდი – ეს ბოსტონის სურო უნდა იყოს.

***

„აქეთ შავი დათვი იცის, ეს ეტყობა გადაფერდა“, – ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრში თეთრი დათვის ფიტულთან შევჩერდით მე და ჩემი მასპინძელი.

***

ფანჯრიდან გავიხედე, კაცი მომესალმა მანქანიდან. არ მეცნო, ალბათ ხშირად დადის ამ გზაზე. როდესაც წითელი ანთია, მეც ყოველდღე ვაკვირდები მძღოლების ჟესტებს უნებისყოფოთა ამოსაცნობად. ისინი კიდევ ჩვენი კორპუსისკენ იყურებიან, თითქოს უმისამართო მზერით. ზოგი ისე გაერთობა ხოლმე, უკან მდგომის სიგნალი აფხიზლებს. ასეთია შუქნიშანთან ცხოვრება.

***

„ნაყოფის აღწერა მხოლოდ ფერის მიხედვით და ისიც მხოლოდ „წითელის”აღნიშვნით სრული არაა, რადგან წითელი შეიძლება იყოს ძოწეული წითელი, მუქი წითელი, კაშკაშა წითელი, მკრთალი წითელი და სხვა,“ – ნიკო კეცხოველის წიგნიდან ამომიწერია ჩვენებურ კოწახურებზე.

 

***

ერთმა მცოდნე კონსულტანტმა თვალისთვის ყავისფერი ფანქარი მირჩია, შავთან შედარებით უფრო ბუნებრივად გამოიყურება და მეტ სიღრმესაც აჩენსო. ახლა მეტი რა უნდა მოეთხოვებოდეს ერთ კოსმეტიკურ ფანქარს-მეთქი, ვიფიქრე და ჩვეული ყოყმანის გარეშე ვიყიდე. რამდენიმე დღის მერე შესადარებლად ერთი თვალი შავი ფანქრით მოვიხატე, მეორე ყავისფრით. განსხვავება აშკარაა – რაც კონსულტანტმა მითხრა, სარკეში ამიხდა, მაგრამ ახლა ჩემი კეთილი რჩევა მრჩეველს: მელანქოლიურ ქალებს არასოდეს შესთავაზოთ ყავისფერი ფანქარი, თორემ კომპლიმენტის ნაცვლად გარდაუვალია შეკითხვა: „რა გჭირს, მოხდა რამე?”

 

***

დღეს ქუჩაში პატარა გოგოებმა ჩამირბინეს და სიჩქარეში ერთს შარფი დაუვარდა, ლურჯი ყვავილებით. წარმოვიდგინე, როგორ დამწყდებოდა გული, მე რომ ასეთი ლამაზი შარფი დამეკარგა. ავიღე და გავეკიდე. ისე გარბოდნენ, ვერ ვეწეოდი, მაგრამ მაინც ავედევნე. ჩქარი ნაბიჯით მივაფრიალებდი აბრეშუმს და გზაჯვარედინზე, საითაც ნარინჯისფერ ჟაკეტს დავლანდავდი, მეც იქით ვაგრძელებდი გზას. მომატარეს მთელი უბანი, ბოლოს შუქნიშანთან დავიჭირე. ისეთი გულამოვარდნილი ვიყავი, იმის თქმის თავიც არ მქონდა, საიდან ვდიე. დაგივარდათ-მეთქი და უი, ჰო, ჩემია, მადლობაო. ალბათ ეგონა იმ წუთის ამბავი იყო. არადა, არა.

 

***

ხანდახან მხოლოდ ერთ ფერს აღვიქვამ გამძაფრებულად. მაგალითად, ახლა ლურჯს ვხედავ შინ და გარეთ. მანამდე იყო ჟოლოსფერი, იქამდე – მწვანე. ტყუილად არასოდეს ჩაუვლია ამ ეიფორიას, ბოლოს ახალი საყურე შემრჩება ხოლმე. ახლა ლაჟვარდის დროა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი